Baby Bag

,,არ ეჩვევიან ამას, მეგობრებო, ექიმები. ისინი, უბრალოდ, უძლებენ...'' - პედიატრი თამარ ობგაიძე

,,არ ეჩვევიან ამას, მეგობრებო, ექიმები. ისინი, უბრალოდ, უძლებენ...'' - პედიატრი თამარ ობგაიძე
,,ვიზიტზე მხიარული ოზურგეთელი გოგო მეწვია 3 თვის ჩვილით. დედაც ახლდა. შემოვიდა თუ არა, მაშინვე გურული კილოთი მომაყარა, თქვენთან მომასწავლესო, აუცილებლად გიშველითო, იცით, რა იმედით ჩამოვედი თქვენთანო.

პატარა გავსინჯე, ჩატარებული კვლევის შედეგებიც ვნახე. თავის ტვინის თანდაყოლილი ანომალია აღმოჩნდა.

შორიდან დავიწყე. თავის ტვინის ანატომია სურათებზე ავუხსენი, მერე საკუთარი ჩვილის ანომოალიაც ვაჩვენე და ნორმალურ თავის ტვინს შევუდარე. ყურადღებით მისმენდა გოგო.

- მაგრამ ეს განკურნებადია, არა, ექიმო? - მისი ასაკისთვის დამახასიათებელი გულწრფელი ტონით მკითხა და იმედიანი თვალებით ჩამხედა სულში.

პასუხი დავაგვიანე. აი, ასეთ დროს ჩემი პროფესია მეზიზღება.

- არა, ეს განკურნებადი არაა - შევეცადე ღიმილით მეთქვა, მაგრამ უნდა შევეცადოთ, რომ ხელი შევუწყოთ ბავშვის განვითარებას, რათა მკვეთრი უნარშეზღუდულობა თავიდან ავიცილოთ - მუყაითი მოსწავლესავით დამაჯერებელი, თუმცა აღელვებული ტონით ვუთხარი.

- ყველაფერს ვიზამ, რასაც მეტყვით!- სიძნელეს არ შეეპუა ჩემი გურული გოგო.

კონსულტაცია რომ დასრულდა, მხიარულად დამემშვიდობა, შვილი მზრუნველად ჩაიხუტა გულში და ოთახიდან გავიდა.

ბებია შემობრუნდა უკან, კარი დახურა და ჩემთან ახლოს მოსწია სკამი.

- ეს არ იკურნება. - ეს შეკითხვა არ იყო. მკაცრი ხმით ნათქვამი ეს წინადადება განაჩენი იყო, რომელზეც მე ასევე გარკვევით უნდა მეპასუხა -დიახ ან არა.

- ეს არ იკურნება. - გავიმეორე მისი სიტყვები.

ბებია ატირდა. ტიროდა ცხელი ცრემლებით, გახეთქილი გულით. ტიროდა მხიარული გურული გოგოს მაგივრადაც. და მე გული მომეწურა. გამახსენდა და ძალიან მომინდა, გამელანძღა ერთი ჩემი ნაცნობი, რომელმაც ერთხელ მითხრა: " თქვენ, ექიმები ყველაფერს ეჩვევით,სხვის ტკივილსაც, ავადმყოფობასაც, მძიმე განაჩენსაც და სიკვდილსაც. და ყველაფრის მიუხედავად, ჩვილი ბავშვით უდრტვინველად გძინავთ ღამითო"."

არ ეჩვევიან ამას, მეგობრებო, ექიმები. ისინი, უბრალოდ, უძლებენ...'' - პედიატრი თამარ ობგაიძე. 

შეიძლება დაინტერესდეთ

რატომ არ უნდა ჩავაცვათ ახალშობილს შინ ხელთათმანები და რატომ უნდა ვუყიდოთ წითელი სათამაშოები? - პედიატრ თამარ ობაგიძის რჩევები

რატომ არ უნდა ჩავაცვათ ახალშობილს შინ ხელთათმანები და რატომ უნდა ვუყიდოთ წითელი სათამაშოები? - პედიატრ თამარ ობაგიძის რჩევები

რატომ არ უნდა ჩავაცვათ ახალშობილს შინ ხელთათმანები და რატომ უნდა ვუყიდოთ წითელი სათამაშოები? - ამ თემაზე პედიატრი ​თამარ ობგაიძე საკუთარ ბლოგზე წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„თუ ფიქრობ, რომ ახალშობილი ვერ ხედავს, არც ესმის და სამყაროს ვერ აღიქვამს, ძალიან ცდები. მისი გრძნობათა ორგანოები ფუნქციონირებას ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში იწყებს.

მხედველობა

თუ გსურს, ახალშობილმა კარგად დაგინახოს და აღგიქვას, მას 25 სმ-ზე უნდა მიუახლოვდე.
იცით, რომ სწორედ ეს მანძილია თქვენსა და შენი შვილის თვალებს შორის, როცა მას ძუძუს აწოვებ? გაიხსენე და დაკვირდი, როგორ შემოგყურებს ძუძუს წოვის დროს თვალებში, გათვალიერებთ, გეალერსება. ხომ სასწაულია?
თუ საწოლთან წითელი ფერის სათამაშოს დაუკიდებ, აუცილებლად მიაქცევს განსაკუთრებულ ყურადღებას. და იცი რატომ? მუცლადყოფნის პერიოდში ნაყოფი მხოლოდ წითელს ხედავს.
საშვილოსნო ხომ უხვად მარაგდება სისხლძარღვებით და გარემოც სრულიად წითელია. ამიტომ ის ახალშობილისათვის ერთგვარად მშობლიური ფერია.

სმენა

ძლიერი ხმაურისას შენი პატარა კრთება. მას მშობლების ხმაც ახსოვს, გულისცემაც იმ 9 თვის მანძილზე, რაც დედის წიაღში გაატარა. და თუ ამ ხნის მანძილზე ესაუბრებოდით, ეალერსებოდით, ის დედიკოს და მამიკოს ხმასაც იცნობს და მისი გაგონება ამშვიდებს.
აუცილებლად ესაუბრე ბავშვს დაბადებისთანავე, არ აქვს მნიშვნელობა ზღაპარს მოუყვები, უმღერებ თუ უბრალოდ, დღის ამბებს უამბობ, მის სმენას ეს აუცილებლად ეამება და განავითარებს.

გემოვნება

გემოვნების რეცეპტორები ასევე მუცლადყოფნის პერიოდში ყალიბდება. სანაყოფე წყლის ჩაყლაპვისას ნაყოფი გემოებს ანსხვავებს.
წარმოდიგინე, მას მომდევნო ცხოვრების მანძილზე ის საკვები უფრო მოსწონს, რასაც მისი დედიოკო ორსულობის დროს მიირთმევდა. ამას უამრავი კვლევა ადასტურებს!
თუ ახალშობილს მოულოდნელად ხელოვნურ საკვებს მისცემ ძუძუს ნაცვლად, ის აუცილებლად გააპროტესტებს - მისთვის საუკეთესო გემო სწორედ დედის რძის გემოა!

ყნოსვა

განვითარება ყნოსვასაც სჭირდება! თუმცა არ გეგონოს, ახალშობილი სუნს ვერ გრძნობს.
მისთის მშობლიური და საყვარელი თქვენი სხეულის და რძის სუნია. ამიტომ გაჭირვეულებული ბავშვის დამშვიდების მცდელობა არავის გამოსდის ისე კარგად, როგორც დედიკოს. სხეულთან შეხებაც საკმარისია ხშირად! ახალშობილმა შენი სუნიც კი იცის!

შეხება

ეს გრძნობა ახალშობილს ყველაზე განვითარებული აქვს და ს წორედ ტაქტილური რეცეპტორებით ცდილობს, უკეთ შეიცნოს საყარო.
მისი ხელისგულები ადვილად პოულობენ სიახლეს ირგვლივ.
ამიტომ არასოდეს ჩააცვა შინ პაწაწინა ხელთათმანები გასათბობად, მიეცი საშუალება უფრო აქტიურად შეიმეცნოს სამყარო შეხებით.
დააჭერი ფრჩხილები, რომ არ დაიკაწროს სახე.
ხელთათმანები კი მხოლოდ გარეთ გასვლისას გამოიყენე.
და კიდევ, აუცილებლად მოეფერე სხეულზე ახალშობილს. მშობლების შეხება მას ძალიან სიამოვნებს!“

წაიკითხეთ სრულად