Baby Bag

ბავშვი არ უნდა დავარწმუნოთ, რომ ის ყველასგან გამორჩეულია და სხვებს აღემატება. თუ ასე მოვიქცევით, მას ამპარტავან ადამიანად აღვზრდით

ბავშვი არ უნდა დავარწმუნოთ, რომ ის ყველასგან გამორჩეულია და სხვებს აღემატება. თუ ასე მოვიქცევით, მას ამპარტავან ადამიანად აღვზრდით

თანამედროვე მშობლების ნაწილი შვილების მიმართ ხშირად მეტისმეტი გულახდილობით გამოირჩევა. ისინი დაუფარავად აქებენ ბავშვს, რითაც მას ქედმაღლობისკენ უბიძგებენ. ბავშვები, რომლებსაც ზედმეტად აქებენ, სხვა ადამიანებთან ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებას ვერ ახერხებენ. მშობლებს ძალიან ეშინიათ, რომ მათი შვილები ჩვეულებრივი ადამიანები არიან. ნებისმიერი მშობლისთვის რთული წარმოსადგენია, რომ მისი შვილი სხვებისგან არ განსხვავდება. სწორედ ამიტომ უფროსები ბავშვებს ეუბნებიან, რომ ისინი განსაკუთრებულები არიან.

მშობლის მხრიდან ბავშვის შესაძლებლობების სწორად დანახვა ძალიან მნიშვნელოვანია. მან უნდა შეამჩნიოს მისი შვილი გონიერია, ინტუიციურია, სულიერად მდიდარია თუ იუმორის განსაკუთრებული ნიჭით არის დაჯილდოვებული. მშობელი შვილის წინამძღოლი უნდა იყოს და ის ბავშვს ყოველდღიურად უნდა გადასცემდეს ცოდნას, რომელსაც თავად იძენს ბავშვის უნარებზე დაკვირვების შედეგად. პიროვნების ჩამოყალიბება მისი უნარების აღიარებით იწყება. თანამედროვე კონკურენტულ გარემოშო წარმატების მისაღწევად აუცილებელია, რომ სხვებზე მეტი პოტენციალი და შესაძლებლობები გვქონდეს.

ბავშვის უნარების აღიარება მნიშვნელოვანია, თუმცა, როდესაც გამუდმებით ჩვენი შვილის განსაკუთრებულობაზე ვფიქრობთ და ვსაუბრობთ, ამით მას ქედმაღლობისკენ ვუბიძგებთ. ბავშვს უნდა ვუთხრათ, თუ რა შესაძლებლობები აქვს მას, რაშია ის განსაკუთრებული, მაგრამ ჩვენი შვილი არ უნდა დავარწმუნოთ, რომ ის ყველასგან გამორჩეულია და ყველას აღემატება. თუ ასე მოვიქცევით, მას ამპარტავან ადამიანად აღვზრდით, რომელიც შინაგანად სუსტია და რომელსაც ნებისმიერი წარუმატებლობა აშინებს. ქედმაღალი ადამიანი მაშინვე კარგავს ყოველგვარ ძალას, როდესაც აღმოაჩენს, რომ ის სხვებზე უკეთესი არ არის.

ბავშვის განსაკუთრებულობის ხაზგასმა გადაჭარბებების გარეშეც შეგვიძლია. ამისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო, რასაც თანამედროვე მშობლები იშვიათად აკეთებენ. მშობელი მხოლოდ შვილის ძლიერ მხარეებზე არ უნდა იყოს კონცენტრირებული, მან ბავშვს სხვა ბავშვების განსაკუთრებული უნარების შემჩნევა უნდა ასწავლოს. შვილს მხოლოდ მის ნიჭიერებაზე არ უნდა ვესაუბროთ. მან უნდა იცოდეს, რომ სხვა ადამიანებთან უამრავი საერთო აქვს. ბავშვი მორალურ, ჰუმანურ ადამიანად ვერ ჩამოყალიბდება, თუ არ ეცოდინება, რომ ადამიანები ერთნაირები არიან და მათ უამრავი რამ აქვთ საერთო.

მშობლები წარმატების უმთავრეს ნიშნად შვილის საზოგადოებისგან გამოყოფას და გამორჩევას მიიჩნევენ. მათ სურთ, რომ ბავშვი სხვებს ყველაფერში აღემატებოდეს. მშობლის წარმატება სულ სხვა კომპონენტებით უნდა იზომებოდეს. მშობელი წარმატებულია, თუ მისი შვილი ისე იქცევა, როგორც კარგი ადამიანები უნდა იქცეოდნენ, თუ ის პასუხისმგებლიანი მოქალაქე, კარგი მოსწავლე, ერთგული მეგობარი და მოსიყვარულე ადამიანია. ეს ის უნარებია, რომელთა დეფიციტი თანამედროვე საზოგადოების უმთავრესი პრობლემაა, სწორედ ამიტომ, მშობლების უმთავრესი საზრუნავი ბავშვში კეთილშობილური თვისებების განვითარება უნდა იყოს, რაც თანამედროვე სამყაროს ასე ძალიან აკლია.

მომზადებულია ​psychologytoday.com - ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა 


არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედები

შეიძლება დაინტერესდეთ

„ყველა ურთიერთობაში ყველაზე მთავარი არის პატივისცემა,“- ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ურთიერთობებში ერთმანეთისადმი პატივისცემის გამოვლენის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„როდესაც სრული უპატივცემულობაა და არის ის, რომ რაც გინდა აკეთე და მე რასაც მინდა იმას ვაკეთებ, ეს არ არის ოჯახი უკვე. შეიძლება მეზობელთან იყო ასეთ ურთიერთობაში ან ვიღაცასთან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანს არ ჰქონდეს განმარტოების, მეგობრებთან წასვლის, ცუდ ხასიათზე ყოფნის უფლება და მეორე მოითხოვდეს, რომ ის მუდამ საქმის კურსში უნდა იყოს, რა ხდება მის თავს.

ყველა ურთიერთობაში ყველაზე მთავარი არის პატივისცემა. ხომ ვამბობთ: „სიყვარული, სიყვარული...“ ზოგჯერ გასარკვევია, რა არის ეს სიყვარული, ვიცით ეს სიყვარული? სიყვარულს ხომ მთელი ცხოვრება ვსწავლობთ. შეიძლება, ეს სიყვარული იყოს დამანგრეველი სხვისთვის. შეიძლება მე მიყვარდეს ადამიანი და დავანგრიო. უფრო მნიშვნელოვანია, რომ მე მას ვცემდე პატივს, მის აზრს, მის არსებობას, მის პიროვნებას. ადამიანს პატივს უნდა ვცემდე არა მაშინ, როდესაც უკვე გაიზრდება, არამედ, როდესაც ჩაისახება ბავშვი და ჯერ კიდევ ნაყოფის სახით არის მუცელში, მე მას პატივს უნდა ვცემდე და ცალკე პიროვნებად აღვიქვამდე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შემდეგ ის ბავშვი არის გამართული, არის ლაღი და ადეკვატური,“- მოცემულ საკითხზე მარინა კაჭარავამ საპატრიარქოს ტელევიზიის ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“ 

წაიკითხეთ სრულად