Baby Bag

ბავშვის აღზრდის ოთხი მნიშვნელოვანი ეტაპი ტიბეტური სიბრძნის მიხედვით

ბავშვის აღზრდის ოთხი მნიშვნელოვანი ეტაპი ტიბეტური სიბრძნის მიხედვით

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ტიბეტში ბრძენი, გაწონასწორებული და მშვიდი ადამიანები ცხოვრებენ, რომლებსაც უნიკალური მსოფლმხედველობა აქვთ. ისინი სამყაროს განსხვავებულად ხედავენ და ნებისმიერ მნიშვნელოვან საკითხზე საკუთარი თვალსაზრისი აქვთ. ბავშვის აღზრდას ტიბეტელები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ. ისინი პატარებს მშობლების პატივისცემას, დამოუკიდებლობას და გონივრული გადაწყვეტილებების მიღებას ადრეული ასაკიდანვე ასწავლიან.

ტიბეტური სიბრძნის თანახმად, ბავშვის აღზრდის ოთხი მნიშვნელოვანი ეტაპი არსებობს. თითოეულ ეტაპზე მშობლებმა განსხვავებული მეთოდები და მიდგომები უნდა გამოიყენონ, რათა შვილების ღირსეულად აღზრდა შეძლონ.

1. ხუთ წლამდე ასაკის ბავშვები

ტიბეტური სიბრძნის მიხედვით, მშობლებმა ხუთ წლამდე ასაკის ბავშვები მეფეებივით და დედოფლებივით უნდა აღზარდონ. ამ ასაკში ბავშვისთვის ზედმეტი აკრძალვების დაწესება ან მისი დასჯა საჭირო არ არის. ხუთ წლამდე ასაკის ბავშვები ძალიან ცნობისმოყვარეები და აქტიურები არიან. ისინი სამყაროს ყოველდღიურად შეიმეცნებენ. მათ ლოგიკური დასკვნების გაკეთება ჯერ კიდევ არ შეუძლიათ, რადგან საამისოდ გამოცდილება არ ჰყოფნით. თუ ხუთ წლამდე ასაკის ბავშვი მიუღებელ ან საშიშ ქცევას ახორციელებს, თქვენ შეშინებული ან შეშფოთებული სახე უნდა მიიღოთ, შემდეგ კი ბავშვის ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოთ. ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებს ემოციების გაგება კარგად შეუძლიათ. თუ მათთვის რაიმეს სწავლება გსურთ, ეს ემოციების გამოხატვით, მიმიკებით უნდა გააკეთოთ. ნუ შეზღუდავთ ბავშვს და მას ბევრ რამეს ნუ აუკრძალავთ. თუ ბავშვს აკრძალვებით სულს შეუხუთავთ, მას კონფორმისტ ადამიანად აქცევთ, რომელიც არასდროს ფიქრობს და ყოველთვის სხვების მიბაძვით მოქმედებს.

2. ხუთიდან ათ წლამდე ასაკის ბავშვები


ტიბეტური სიბრძნის თანახმად ხუთიდან ათ წლამდე ასაკის ბავშვებს „მონებივით“ უნდა მოექცეთ. ცხადია, ამაში ნამდვილ მონობას არ ვგულისხმობთ. მშობელი ბავშვის მიმართ სასტიკი და უხეში არ უნდა იყოს. ხუთი წლის ასაკიდან ბავშვი ლოგიკურ აზროვნებას ეჩვევა და მისი ხასიათი ფორმირებას იწყებს. ამ ეტაპზე მას მიზნები უნდა დაუსახოთ და მათი მიღწევის გზები ასწავლოთ. თქვენს შვილს უნდა აუხსნათ, რა მოხდება, თუ ის დასახული მიზნების მიღწევას ვერ შეძლებს. ბავშვმა საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღება უნდა ისწავლოს. ხუთიდან ათ წალმდე ბავშვებს , შეგიძლიათ, ბევრი დავალება მისცეთ. ისინი თქვენი დავალებების შესრულებას აუცილებლად შეძლებენ. თუ „მეფობის“ ხანიდან „მონობის“ ეტაპზე არ გადაინაცვლებთ, თქვენი შვილი უპასუხისმგებლო ადამიანად ჩამოყალიბდება, რომელიც საკუთარ ქმედებებზე პასუხს თავად არასდროს აგებს.

3. ათიდან თხუთმეტ წლამდე ასაკის ბავშვები


ათიდან თხუთმეტ წლამდე ასაკის ბავშვს თანასწორივით უნდა ესაუბროთ. თქვენ იცით, რომ შვილთან შედარებით მეტი გამოცდილება და ცოდნა გაქვთ, მაგრამ ბავშვის აზრი ყოველთვის უნდა მოისმინოთ. მან საკუთარი შეხედულებები თავისუფლად უნდა გაგიზიაროთ. ამ ასაკში შვილს რჩევა ხშირად უნდა ჰკითხოთ და მისი თავისუფლება წაახალისოთ. ბავშვს რჩევები თავადაც უნდა მისცეთ. მას არასდროს არაფერი უბრძანოთ ან აუკრძალოთ. ათიდან თხუთმეტ წლამდე ასაკში მოზარდი თავისუფალ აზროვნებას სწავლობს. თუ შვილს ბევრ რამეს აუკრძალავთ, თქვენი ურთიერთობა გაფუჭდება. შესაძლოა, ის ცუდ გარემოცვაში მოხვდეს და ბევრ უსიამოვნებას გადაეყაროს. ჭარბი მზრუნველობა ბავშვს დამოუკიდებლობას წაართმევს და სუსტ ადამიანად აქცევს.

4. თხუთმეტ წელს გადაცილებული ბავშვები

თხუთმეტი წლის ასაკში ბავშვის ხასიათი უკვე ჩამოყალიბებულია. ამ ეტაპიდან მის მიმართ პატივისცემა ხშირად უნდა გამოხატოთ. შვილისთვის რჩევის მიცემა კვლავ შეგიძლიათ, თუმცა მას ამიერიდან ვერაფერს ასწავლით. თუ აღზრდის ყველა ეტაპზე სწორ მიდგომებს გამოიყენებთ, თქვენი თხუთმეტი წლის შვილი დამოუკიდებელი, თავისუფალი და ზრდილობიანი ადამიანი იქნება, რომელიც მშობლებსა და გარშემომყოფებს პატივისცემით ეპყრობა.

მომზადებულია ​brightside.me - ს მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა


არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედები

შეიძლება დაინტერესდეთ

„სასურველია, რომ ამ აპლიკაციას ყველა მშობელი იყენებდეს,“- ფსიქოლოგი ნინო ფირცხალაიშვილი

„სასურველია, რომ ამ აპლიკაციას ყველა მშობელი იყენებდეს,“- ფსიქოლოგი ნინო ფირცხალაიშვილი

ფსიქოლოგმა ნინო ფირცხალაიშვილმა საპატრიარქოს ტელევიზიის ეთერში ინტერნეტსივრცეში არსებული საფრთხეების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მშობელმა შვილი ამ საფრთხეებისგან უნდა დაიცვას:

„გავლენა, რაც არის ინტერნეტსივრცეში ნამდვილად სახიფათოა. სასურველია, რომ მშობელმა არ დაკარგოს კონტაქტი ბავშვთან. ეს არის მასთან ერთად ყოფნა. რა გარემოშია ბავშვი? რა ინტერესი აქვს? ვინ არიან მისი მეგობრები? ინტერნეტში დიდ დროს თუ ატარებს, რით არის დაკავებული? ვისთან აქვს მას კომუნიკაცია? თუ ჰყავს ინტერნეტ მეგობრები? როგორი ურთიერთობა აქვთ მათ?

ძალიან კარგი აპლიკაციაა „უსაფრთხო მშობელი,“ რომელსაც სასურველია, რომ ყველა მშობელი იყენებდეს. ეს გარკვეული კონტროლის საშუალებას იძლევა, თუ რა საიტებს, რა ვებ-გვერდს სტუმრობს ბავშვი, რა ხანგრძლივობით? თუ არის მის პირად შეტყობინებაში რაიმე უხამსი? ან ფოტო, ან სიტყვიერი შეურაცხყოფა. ეს არის ხელმისაწვდომი მშობლისთვის. მცირე ასაკიდანვე არის ეს შესაძლებელი. გარდატეხის ასაკში, როდესაც ბავშვები იზრდებიან, ამ ტიპის ურთიერთობა რთული დასამყარებელია, თუმცა მცირე ასაკში ეს მისაღებია. ცხადია, ეს უნდა მოხდეს თანამშრომლობითი დამოკიდებულებით. ამით ბევრი რამის გაკეთება შეიძლება და ბევრი უსიამოვნებისგან შეგვიძლია დავიცვათ საკუთარი შვილი,“ - აღნიშნულ საკითხზე ნინო ფირცხალაიშვილმა საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ზღვარი მარინა კაჭარავასთან ერთად“ ისაუბრა.

წყარო: ​„ზღვარი მარინა კაჭარავასთან ერთად“ 

წაიკითხეთ სრულად