Baby Bag

სხვა მშობელს და მისი აღზრდის მეთოდებს სანამ გააკრიტიკებთ, დაფიქრდით, თავად ხართ თუ არა იდეალური მშობელი

სხვა მშობელს  და მისი აღზრდის მეთოდებს სანამ გააკრიტიკებთ, დაფიქრდით, თავად ხართ თუ არა იდეალური მშობელი

ადამიანები წინასწარ გეგმავენ, როგორი მშობლები იქნებიან, რას გააკეთებენ ან არ გააკეთებენ, როდესაც შვილების აღზრდას დაიწყებენ. ბევრი ქალბატონი დედობის გამოცდილების მიღებამდე ხმამაღლა აცხადებს, რომ მისი შვილი ისტერიკას არასდროს მოაწყობს, რომ ის ყოველთვის მოუსმენს მშობელს. ადამიანები ვერ ვხდებიან, რომ მშობლობისთვის წინასწარ მომზადება შეუძლებელია. არავინ იცის, რა გადაწყვეტილების მიღება მოუწევს ცხოვრებაში შვილების გაჩენის შემდეგ.

მშობლები ძალიან ღიზიანდებიან, როდესაც მათ ისეთი ადამიანები აკრიტიკებენ, რომლებსაც შვილები უკვე ჰყავთ. ყველა მშობლისთვის ცნობილია, რამდენ სირთულესთან არის დაკავშირებული ბავშვის აღზრდა. როდესაც მშობლებს დასაოჯახებელი ადამიანები აკრიტიკებენ, მათი ნეგატიური შეფასებები შედარებით მისაღებია, რადგან გამოცდილების არქონის გამო ისინი ძალიან ბევრ რამეს ვერ ხვდებიან.

სხვა მშობელს და მისი აღზრდის მეთოდებს სანამ გააკრიტიკებთ, გირჩევთ კარგად დაფიქრდეთ, რა მიზეზები შეიძლება იდგეს მშობლის კონკრეტული ქცევის ან გადაწყვეტილების მიღმა. არ შეიძლება ადამიანის გაკრიტიკება, როდესაც მის შესახებ ბევრი არაფერი იცით.

  • ბავშვის აღზრდის ერთადერთი სწორი გზა არ არსებობს

ბავშვები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან. მათ სხვადასხვაგვარი დისციპლინა და ყურადღება ესაჭიროებათ. ბავშვს მშობელზე უკეთ არავინ იცნობს. როდესაც ხედავთ, რომ სხვა მშობელი თქვენგან განსხვავებულ აღზრდის მეთოდებს იყენებს, მისი გაკრიტიკება არ უნდა დაიწყოთ. მან თქვენზე უკეთ იცის, როგორ მოიქცეს საკუთარ შვილთან.

  • მშობლის შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ გაქვთ

მაღაზიაში ატირებულ ბავშვს თუ ხედავთ, რომლის ქცევასაც მშობელი ყურადღებას არ აქცევს და შვილის მიმართ გულგრილობას ავლენს, მისი გაკრიტიკება საჭირო არ არის. თქვენ არაფერი იცით ამ ადამიანის შესახებ. წარმოდგენა არ გაქვთ, რა ხდება მის ცხოვრებაში, რატომ იქცევა ის ასე და არა სხვაგვარად. თქვენი კრიტიკა უკანასკნელია, რაც ატირებული ბავშვის მშობელს სჭირდება.

  • სხვა მშობლების შვილები თქვენი შვილები არ არიან

სხვა მშობლების აღმზრდელობითი მეთოდები და მიდგომები თუ არ მოგწონთ, თქვენი ნეგატიური ფიქრები ღიად არ უნდა გამოხატოთ. ისინი თქვენს შვილებს არ ზრდიან. მათ უკეთ იციან, რა უფრო სწორია საკუთარ შვილებთან მიმართებაში. შესაძლოა, თქვენი აღზრდის მეთოდები მათთვის მოსაწონი სულაც არ იყოს. ნუ იფიქრებთ, რომ მხოლოდ თქვენ ხართ იდეალური მშობელი.

  • ნუ გააკრიტიკებთ სხვას იმის გამო, რასაც თავად აკეთებთ

არასდროს გქონიათ შემთხვევა, როდესაც ადამიანი გარკვეული ქცევისთვის გააკრიტიკეთ, შემდეგ კი თავადაც ასე მოიქეცით? რა თქმა უნდა, მსგავსი რამ ყველა ადამიანის ცხოვრებაში ხდება. თქვენ წინასწარ არასდროს იცით, რისი გაკეთება მოგიწევთ ხვალ. სწორედ ამიტომ, გირჩევთ, დაუფიქრებელი კრიტიკისგან თავი შეიკავოთ.

  • ბავშვის აღზრდის საკითხში ექსპერტები არ არსებობენ

შეუძლებელია, რომ რომელიმე ადამიანმა ზუსტად იცოდეს, როგორ აღზარდოს თითოეული ბავშვი, რომელიც სამყაროს ევლინება. ყველა პატარა ინდივიდუალურია და მათთან ერთნაირ მიდგომებს ვერ გამოვიყენებთ. შესაძლოა, თქვენ ბავშვთა აღზრდის სწორი მეთოდების შესახებ უამრავი წიგნი წაიკითხოთ, ყველა რჩევა გაითვალისწინოთ, მაგრამ მაინც უამრავი შეცდომა დაუშვათ. იდეალური ბავშვის აღზრდის ოქროს წესი არ არსებობს.

მშობლის მთავარ მიზანს ბავშვისთვის იდეალური როლური მოდელის შექმნა წარმოადგენს. სხვა მშობლების კრიტიკა ყველაზე მარტივი და ამავე დროს მიუღებელი ქცევაა. სხვების აღმზრდელობითი მეთოდების შეფასების ნაცვლად საკუთარი შვილების აღზრდაზე კონცენტრირდით. დისციპლინა, მატერიალური კეთილდღეობა ან მზრუნველობა ღირსეული ბავშვის აღზრდის გარანტი ვერ იქნება. თუ სხვების აღზრდის წესების შეფასებას მეტისმეტად დიდ დროს დაუთმობთ, შესაძლოა, აღმოაჩინოთ, რომ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვით და ისეთი შვილები ვერ აღზარდეთ, როგორებზეც მთელი ცხოვრება ოცნებობდით.

მომზადებულია ​chicagonow.com - ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა 

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედები

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვები ძალიან ცოტას მოძრაობენ და ამის გამო არ შივდებათ,“- ენდოკრინოლოგი ირაკლი ფაღავა უმადობის გამომწვევ მიზეზებზე

„ბავშვები ძალიან ცოტას მოძრაობენ და ამის გამო არ შივდებათ,“- ენდოკრინოლოგი ირაკლი ფაღავა უმადობის გამომწვევ მიზეზებზე

ენდოკრინოლოგმა ირაკლი ფაღავამ ბავშვების უმადობის ერთ-ერთი სავარაუდო მიზეზი დაასახელა და აღნიშნა, რომ ბავშვები ფიზიკურად ნაკლებად იტვირთებიან:

„ბავშვებს პირადი მაგალითიც უნდა ვუჩვენოთ. თუ ბავშვი ხედავს, რომ მშობელი კარტოფილის, მაკარონის, ხაჭაპურის მეტს არაფერს არ მიირთმევს, ნაკლები ალბათობაა, რომ თვითონ სხვა პროდუქტები გასინჯოს. ჩემი დაკვირვებებით, დღეს და უკვე ათწლეულებია ასეა, რომ ბავშვები ძალიან ცოტას მოძრაობენ და ცოტას რომ მოძრაობენ არ შივდებათ. აბა რეალურად ფიზიკურად დაღლილი, მოქანცული, ნარბენი ბავშვი მოვიდეს, ის ყველაფერს გადასანსლავს. თუ ყველაფერს არა, ბევრ რამეს გასინჯავს. მეტი ალბათობაა, რომ იგივე ტოლმა შეჭამოს ან სხვა რამე.

ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია ბავშვის ასაკსა და წონაზე. ჩემი დაკვირვებებით, ბავშვები უფრო ხშირად ეტანებიან პურს. მათ უყვართ პური, იმიტომ, რომ ის ნახშირწყალია, ტკბილია. ის, რომ ბავშვი არ ჭამს პურს, ეს უფრო მეტად არის მშობლისა და ბებია-ბაბუის ახირება. ერთი პურის ნაჭერი იმდენ კალორიას შეიცავს, რომ ჰყოფნით ბავშვებს. საქართველოში საკმაოდ გავრცელებულია ცელიაკია. ცელიაკია ეს არის ხორბლის, ჭვავის, ქერისა და შვრიის აუტანლობა. მადაც ეკარგება აქ ბავშვს და თუ ჭამს, არ ერგება, ვერ იმატებს წონაში და არის გამხდარი,“- მოცემულ საკითხზე ირაკლი ფაღავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

წაიკითხეთ სრულად