Baby Bag

ნარცისი დედა - დიდებული მანიპულატორი, რომელიც შვილების ცხოვრებას ანგრევს

ნარცისი დედა - დიდებული მანიპულატორი, რომელიც შვილების ცხოვრებას ანგრევს

ბავშვები სამყაროს დედასთან ურთიერთობის გზით შეიმეცნებენ. დედის შვილისადმი დამოკიდებულება, მისი მზრუნველობა და ემპათია, პატარას გარესამყაროსადმი დადებითად განაწყობს. დედა ქმნის ბაზისს, რომელზეც შვილის მომავალი და მისი პიროვნული მახასიათებლები შენდება. თუ მშობელი შვილისადმი ვერბალურ, ფსიქოლოგიურ ან ფიზიკურ ძალადობას ახორციელებს, ბავშვი ასაკის მატებასთან ერთად დეპრესიულ, დაბალი თვითშეფასების მქონე, ნერვული აშლილობებით დატანჯულ ადამიანად ყალიბდება.

დედები, როგორც წესი, შვილის ზიანისგან დაცვას და მისი თვითშეფასების ამაღლებას ცდილობენ. ნარცისი დედები კი ყოველთვის საპირისპიროდ იქცევიან. მათი შვილები ეჭვით და უნდობლობით სავსე ადამიანები არიან, რომლებსაც სამყარო ძალიან აშინებთ.

ჩვენს სტატიაში ნარცისი დედებისთვის დამახასიათებელ თვისებებს გაგაცნობთ, რომელთა დახმარებით ისინი საკუთარი შვილების მომავალს ანგრევენ და მათ ემოციურ სტაბილურობასაც აკარგვინებენ.

  • ბავშვის გრძნობების გაუფასურება

ნარცისი დედა შვილს უხეში ქცევითა და სიტყვით გულს ატკენს, შემდეგ კი მისგან საყვედურს არ მოისმენს. ის ბავშვის განცდებს გააუფასურებს და მის სენტიმენტებს დასცინებს. თუ ბავშვი ატირდება, დედა მას მეტისმეტად მგრძნობიარედ ჩათვლის და შვილის ტკივილს სერიოზულად არ აღიქვამს. როდესაც სხვები ბავშვს კარგი ქცევისთვის აქებენ, ნარცისი დედა მას აუცილებლად შეახსენებს, რომ ის არც ისე კარგია, როგორც ეს სხვებს ჰგონიათ, რაც ბავშვის თვითშეფასებას ანადგურებს. ნარცისი დედები დიდებული მანიპულატორები არიან, რის გამოც ისინი ბავშვის გრძნობებს ყოველთვის აუფასურებენ, თუ შვილის ქცევა მათ მოთხოვნებს არ პასუხობს. ნარცისი დედის შვილებს საკუთარ გრძნობებში გარკვევა უჭირთ. ისინი ვერ იგებენ, როგორ მოიქცნენ ან რა გააკეთონ, რადგან ყველაფერში ეჭვი ეპარებათ. საბოლოოდ, ისინი ყველაფერს ისე აკეთებენ, როგორც ამას ნარცისი დედა მოისურვებს.

  • უკმაყოფილება და გამუდმებით შვილის ნაკლის ძიება

ნარცისი დედა შვილისგან ყოველთვის იმაზე მეტს ითხოვს, ვიდრე ეს ბავშვს შეუძლია. თუ შვილი მისი მოთხოვნისამებრ მოქმედებს და სკოლაში მაღალ ქულებს იღებს, ის ბავშვს მიღწევებისთვის არასდროს აქებს. ნარცისი დედა შვილს ეუბნება, რომ ეს საკმარისი არ არის. ნარცისი დედა არასდროს მოიწონებს შვილის მიერ შერჩეულ საჩუქარს. ის ბავშვს დაუფიქრებლად ატკენს გულს და ეტყვის, რომ ასეთი ნივთი მას უკვე აქვს. ნარცისი დედა არასდროს არის კმაყოფილი. ის შვილს ყოველთვის რაღაცაში ადანაშაულებს. ბავშვი გამუდმებით ეჭვებშია, ვერ იგებს, რატომ არის წარუმატებელი. ნარცისი დედა ბავშვის პიროვნულ ზრდას გამუდმებით აფერხებს და მას ხაფანგში აბამს, რათა შვილი ყოველთვის მის გავლენას დაემორჩილოს.

  • პარალელების გავლება და შედარებების გაკეთება

ნარცისი დედა შვილებს ყოველთვის ერთმანეთს ადარებს და მათ შორის შუღლს აღვივებს. ის ხან ერთი შვილის უპირატესობებს გამოკვეთს, ხან მეორეს მიიჩნევს უფრო წარმატებულად. ბავშვები ერთმანეთს ეჯიბრებიან და ცდილობენ დედის ყურადღება, მოწონება და სიყვარული დაიმსახურონ. სამომავლოდ ნარცისი დედის გაზრდილი შვილები ერთმანეთს შორდებიან და მათ ახლო ურთიერთობები არ აკავშირებთ. ნარცისი დედა საკუთარ შვილებს სხვების ბავშვებს ადარებს და ყოველთვის უკმაყოფილოა. მას არასდროს მოსწონს საკუთარი შვილების ქცევა და თვლის, რომ სხვა ბავშვები ყველაფერს უკეთ აკეთებენ, რითაც შვილების თვითშეფასებას ანადგურებს.

  • ნარცისი დედა მოითხოვს, რომ შვილების ფიქრები და განცდები მისას სრულად ემთხვეოდეს

ნარცისი დედა შვილს თავისუფლებას საერთოდ არ აძლევს. ის ცდილობს ბავშვი მისი ფიქრით ფიქრობდეს და ყველაფერს მის მსგავსად განიცდიდეს. მსგავსი დამოკიდებულების წყალობით, ნარცისი დედის შვილები თავისუფლად სუნთქვასაც ვერ ახერხებენ.

  • ნარცისი დედა საკუთარ შვილებს ეჯიბრება

არ აქვს მნიშვნელობა, როგორი მიღწევები აქვთ ნარცისი დედის შვილებს, ის თვლის, რომ თავად უფრო წარმატებულია. რა სირთულეებიც არ უნდა გაიაროს ნარცისი დედის შვილმა, მისი ცხოვრების გზა უფრო რთულია. ნარცისი დედები განსაკუთრებით ქალიშვილებს ეჯიბრებიან, მათ გარეგნობას აკრიტიკებენ და საკუთარ თავს უფრო ლამაზად წარმოაჩენენ. ნარცისი დედები შვილების ხარჯზე ცდილობენ თავად უფრო წარმატებულები, განსაკუთრებულები და ძლიერები წარმოჩინდნენ.

  • საჯაროდ ნარცისი დედა იდეალურია, ხოლო განცალკევებით - მოძალადე

ნარცის დედას საჯაროდ საოცნებო იმიჯი აქვს. ის იდეალური ცოლი, დედა და ქალია, რომელიც ყველაფერს უშეცდომოდ აკეთებს. მას აღმერთებენ და ეთაყვანებიან. ნარცისი დედა მეზობლებს, მეგობრებს და ნათესავებს თავს მარტივად აწონებს. ის მათ ყურადღებას და სითბოს არასდროს აკლებს, რითაც მათი გულის მოგებას მარტივად ახერხებს. სახლში ნარცისი დედა აგრესიული, უხეში, მოუთმენელი, მანიპულატორი და მკაცრია. ის ყოველთვის მართალია და არასდროს არაფერი ეშლება. იმიჯი და სტატუსი მისთვის ყველაფერს ნიშნავს. ნარცისი დედა ყოველთვის ზრუნავს იმაზე, რომ სხვებს თავი მოაწონოს. შვილებმა მისი საიდუმლო იციან. ისინი კარგად ხედავენ, რომ ნარცისი დედის მზრუნველობა და ყურადღება, რომელსაც ის სხვა ადამიანებისადმი ავლენს, მოჩვენებითია. ნარცისი ადამიანები ზურგს უკან ყოველთვის ჭორავენ მეგობრებსა და ახლობლებს, რომლებიც, ერთი შეხედვით, ძალიან უყვართ.

  • ემოციური არასტაბილურობა

ნარცისი დედა გამუდმებით იცვლის ხასიათს. ერთი წუთის წინ ის კრიტიკის ქარცეცხლში გატარებდათ, რადგან უხასიათოდ იყო, მეორე წუთას კი სიყვარულის შემოტევა აქვს და კომპლიმენტებით გავსებთ. ნარცის დედას სტაბილური ხასიათი არ აქვს. მისი შვილები მუდმივ დაძაბულობაში ცხოვრობენ და დედის რისხვის ძალიან ეშინიათ.

  • უდანაშაულობის სინდრომი

ნარცისი დედა საკუთარ დანაშაულს არასდროს აღიარებს. ის საკუთარ იმიჯს იმდენად უფრთხილდება, რომ მას არასდროს დააზიანებს. თუ შვილი ნარცის დედას შეცდომაზე მიუთითებს, ის მისგან დაუნდობელ საყვედურებს მიიღებს. ბავშვს დედა უმადურ, უპატივცემულო და მიუღებელ ქცევაში დაადანაშაულებს. ნარცის დედას ეშინია, რომ შვილებზე აბსოლუტურ კონტროლს დაკარგავს, თუ საკუთარ შეცდომას აღიარებს.

მართალია, დედებს საკუთარი შვილები ყველაზე მეტად უყვართ, მაგრამ ისინიც ადამიანები არიან, რომლებსაც გარკვეული ნაკლოვანებები აქვთ. ნარცისი დედები გაუცნობიერებლად ანგრევენ შვილების მომავალს, რასაც ისინი, რა თქმა უნდა, არასდროს აღიარებენ.

მომზადებულია ​blogs.psychcentral.com - ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედები

შეიძლება დაინტერესდეთ

ნუ დაელოდებით, როდის გაიზრდება ბავშვი... დისციპლინაზე ადრეული ასაკიდანვე უნდა იზრუნოთ

ნუ დაელოდებით, როდის გაიზრდება ბავშვი... დისციპლინაზე ადრეული ასაკიდანვე უნდა იზრუნოთ

დისციპლინის უამრავი განსხვავებული მეთოდი არსებობს, რომლებსაც მშობლები აქტიურად იყენებენ. დისციპლინის ტიპი, რომელსაც მშობელი ირჩევს, იმის მიხედვით განსხვავდება, თუ რა უფრო მუშაობს მათი შვილების შემთხვევაში. მიუხედავად ამისა, ცხადია, რომ საზღვრების დაწესება და დისციპლინის ძლიერი სტრატეგიების შემუშავება ადრეული ასაკიდანვე უნდა მოხდეს. მშობლები მცირეწლოვან ბავშვებზე ფიქრობენ, რომ ისინი დისციპლინისთვის მეტისმეტად პატარები არიან და მათ გაზრდას ელოდებიან, რაც, შესაძლოა, შეცდომა იყოს.

ბავშვის პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარება მას თვითდისციპლინას აჩვევს, რაც მას სწავლაში ძალიან ეხმარება. რაც უფრო ადრე დავიწყებთ ამაზე ზრუნვას, მით უკეთეს შედეგს მივიღებთ. ასაკის მატებასთან ერთად ბავშვისგან მეტი წინააღმდეგობა შეგვხვდება და ქცევის შეცვლაც მეტად გაგვიჭირდება. როდესაც ბავშვი დისციპლინით იზრდება, ეს მისი ცხოვრების წესი ხდება და რადიკალური ცვლილებების განხორციელება საჭირო აღარ არის.

ხშირად, როდესაც დისციპლინაზე ვფიქრობთ, ოჯახში არსებულ წესებს განვიხილავთ, თუმცა მასში ბევრად მეტი რამ უნდა მოვიაზროთ. დისციპლინას, რომელსაც ბავშვებს ვუნერგავთ, ისინი მთელი ცხოვრება თან დაატარებენ და საზოგადოებაში ყოფნისას იყენებენ. დისციპლინა გავლენას ახდენს ბავშვის ქცევაზე სათამაშო მოედანსა და სკოლაში. თუ ბავშვს დისციპლინას ადრეული ასაკიდანვე არ მივაჩვევთ, სკოლაში წასვლისას მათ არ ექნებათ ქცევის წესები შემუშავებული, რის გამოც ქცევა პრობლემური გახდება. ისინი ისეთ გარემოში აღმოჩნდებიან, სადაც განსაზღვრული წესები მოქმედებს. ბავშვს არ ექნება გამოცდილება, როგორ მოერგოს ამ წესებს.

ვინც თვლის, რომ ადრეულ ასაკში დისციპლინა ბავშვისთვის ზედმეტი ტვირთია, ხშირად დისციპლინას და დასჯას ერთმანეთთან აიგივებს. დისციპლინა საზღვრების დაწესებაა, რაც 2-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვისთვის გასაგებია. საზღვრების დადგენა ბავშვს კარგისა და ცუდის გარჩევას ასწავლის, რაც მას ადრეული ასაკიდანვე უნდა ჩაუნერგოთ.

წყარო: ​Moms.com

წაიკითხეთ სრულად