Baby Bag

ყურძნის მარცვალი მცირეწლოვანი ბავშვებისთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს

ყურძნის მარცვალი მცირეწლოვანი ბავშვებისთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს

ექიმები მშობლებს კატეგორიულად აფრთხილებენ, რომ ყურძნის მარცვლები მცირეწლოვანი ბავშვებისთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს. სამედიცინო დაწესებულებებში ყოველწლიურად არაერთი ბავშვი მიჰყავთ, რომლებიც ყურძნის მირთმევის გამო სასიკვდილო საფრთხის წინაშე დგებიან.

ხუთი წლის ბიჭი სკოლაში ყურძნის მირთმევის შემდეგ გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ მას პირველადი დახმარება სწრაფად აღმოუჩინეს, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, ბავშვს გულის შეტევა დაემართა. 17 თვის ბიჭი, რომელიც ყურძენს ოჯახის წევრებთან ერთად მიირთმევდა, გაიგუდა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მედიკოსებმა სასუნთქი გზებიდან ყურძნის მარცვლის ამოღება მოახერხეს, მაგრამ ის მაინც გარდაიცვალა.

ხუთი წლის ბიჭი პარკში ყოფნისას ყურძენს მიირთმევდა, მას მარცვალი გადასცდა, რის შედეგადაც გონება ორჯერ დაკარგა. საავადმყოფოში გატარებული მძიმე ხუთი დღის შემდეგ ბავშვი, საბედნიეროდ, გადარჩა.

ბავშვების დახრჩობის გამომწვევ მიზეზებს შორის საკვები ერთ-ერთი მოწინავეა. პატარების ნახევარზე მეტი სწორედ საკვების გადაცდენის შედეგად იღუპება. ყურძენი ყველაზე საშიშ საკვებ პროდუქტებს შორის მესამე ადგილს იკავებს.

ყურძენი მისი ზომისა და ფორმის გამო ბავშვის სასუნთქ გზებში მარტივად ხვდება და მას სრულად კეტავს. ყურძენს საკმაოდ გლუვი ზედაპირი აქვს, რის გამოც პირველადი დახმარების ჩატარებისას მისი სასუნთქი გზებიდან ამოტანა ძალიან რთულია. მცირეწლოვანი ბავშვები ყურძნის მირთმევისას უდიდესი საფრთხის წინაშე არიან, რადგან:

  • არ აქვთ კარგად განვითარებული კბილები, რის გამოც საკვების სრულფასოვნად ღეჭვას ვერ ახერხებენ.
  • მათი ყლაპვის რეფლექსი ჯერ კიდევ ვითარდება.
  • ბავშვის სასუნთქი გზები ძალიან ვიწროა.

მშობლებმა მცირეწლოვან ბავშვს ყურძენი შუაზე გაჭრილი ან ოთხ ნაწილად დაჭრილი უნდა მიაწოდონ. ეს პრაქტიკული რჩევა ყველა მშობელმა უნდა გაითვალისწინოს, რათა ბავშვი დახრჩობისგან დაიცვან.

მომზადებულია ​www.capt.org.uk-ს მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედები

რატომ არის გასაბერი აუზი ბავშვის სიცოცხლისთვის სახიფათო?
ზაფხულში მშობლები ბავშვების გასაგრილებლად გასაბერ საცურაო აუზებს ხშირად ყიდულობენ. პედიატრები ფიქრობენ, რომ პატარა აუზები ბავშვების სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია და უფროსებს ურჩევენ მათი შეძენისგან...
რატომ არის ბუშტი ბავშვისთვის ყველაზე სახიფათო სათამაშო?
​რთული წარმოსადგენია, მაგრამ ბუშტებით თამაში ბავშვის სიცოცხლისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. ბუშტი სათამაშოებს შორის ყველაზე ხშირად ხდება ბავშვთა სიკვდილიანობისა და უეცარი გარდაცვალების მიზეზი. მ...

შეიძლება დაინტერესდეთ

იცის თუ არა გულმა პრობლემის დროს ტკივილი?

იცის თუ არა გულმა პრობლემის დროს ტკივილი?

კარდიოქირურგმა, ლევან ქარაზანაშვილმა ისაუბრა გავრცელებულ მოსაზრებაზე, რომლის მიხედვითაც გულმა ტკივილი არ იცის პრობლემის დროს:

„გულმა ტკივილი იცის სისხლძარღვების დაზიანების შემთხვევაში. მას აქვს მოჭერითი ხასიათის ტკივილი, გადადის ხელზე, ამოდის ყბის დონეზე ან გადაეცემა კუჭს“.

მისი თქმით, აუცილებელია კუჭის ტკივილის შემთხვევაში მივმართოთ ექიმს, გულის პრობლემების გამოსარიცხად:

,,ყოფილან პაციენტები, რომელებიც მეუბნებოდნენ, რომ ერთი წელი სვამდნენ ბორჯომს, წყალში ურევდნენ სოდას და ეს უმშვიდებდა კუჭის ტკივილს, რეალურად კი ჰქონდათ სისხლძარღვის შევიწროვება.

რაც შეეხება, სხვა პათოლოგიებს, იქიდან გამომდინარე, რომ გული კუნთოვანი ორგანოა, მას აქვს ადაპტაციის, შეგუების უნარი. ჩემს პაციენტებს უკვირდათ ხოლმე, არასდროს არ მაწუხებდა და რატომ მაქვს აორტის სარქვლის შევიწროებაო“.

კარდიოქირურგმა აღნიშნა, რომ ხშირად, გულის აჩქარების მიზეზი შეიძლება სითხის ნაკლებობა იყოს. ჩვენი გულსისხლძარღვთა სისტემა უნდა იყოს შევსებული. გააჩნია ადამიანის წონას, მაგრამ 1,5 - დან 2 ლიტრამდე წყალი ეს ის აუცილებლობაა, რომელიც ჩვენმა ორგანიზმმა უნდა მიიღოს დღის განმავლობაში, რათა სწორად იფუნქციონიროს.

წყარო: „სხვა შუადღე“

წაიკითხეთ სრულად