საჭრელ დაფაზე დიასახლისები უამრავ პროდუქტს ჭრიან. როდესაც დაფა არაჯანსაღი მასალისგან არის დამზადებული, მასზე დაჭრილი პროდუქტებიც ზიანდება. სწორედ ამიტომ, ამ სამზარეულოს აქსესუარის შეძენისას უდიდესი ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. ქალბატონები უპირატესობას პლასტმასის საჭრელ დაფას ანიჭებენ, რადგან ხე ხშირი ხმარების შემდეგ ლპობას იწყებს და უსიამოვნო შეფერილობას იღებს.
ექსპერტები დიასახლისების აზრს კატეგორიულად არ ეთანხმებიან. ისინი გვარწმუნებენ, რომ ხე გაცილებით დიდხანს ინარჩუნებს სისუფთავეს და სიჯანსაღეს, ვიდრე პლასტმასი. ქალბატონები ფიქრობენ, რომ ხის ფოროვანი აგებულობის გამო, მასში ბაქტერიები ადვილად აღწევენ და შესანიშნავ თავშესაფარსაც პოულობენ. ამასთან, ისინი თვლიან, რომ პლასტმასის ნაწარმი ბაქტერიებისთვის შეუვალია.
დიასახლისებს ავიწყდებათ, რომ პლასტმასი ადვილად იკაჭრება და ფუჭდება. ის ბაქტერიებისთვის ნამდვილად საიმედო თავშესაფარს წარმოადგენს. კვლევებით დადგინდა, რომ სალმონელას ბაქტერიისადმი ხის შეუვალობა გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე პლასტმასის. ექსპერტების თქმით, ბაქტერიები ხის ფორებში აღწევენ და ზედაპირზე არ ჩერდებიან. შიგნით შესვლის შემდეგ ისინი მალევე იღუპებიან, რადგან გამრავლებისთვის ხელსაყრელი გარემო არ აქვთ. ამასთან პლასტმასის ზედაპირზე ბაქტერიები ფეხს მარტივად იკიდებენ. ისინი ნაკაწრებსა და ღრმულებში აღწევენ და სწრაფად მრავლდებიან.
რეგულარული წმენდისა და საგულდაგულოდ რეცხვის შემთხვევაში, ხანგრძლივი გამოყენებისას პლასტმასის დაფაც ისეთივე უსაფრთხოა, როგორიც ხის. ინფიცირებისა და დაავადების რისკების მინიმუმამდე დასაყვანად, გირჩევთ, უმი ხორცის, შემწვარი პროდუქტების, ხილისა და ბოსტნეულის გასაჭრელად სხვადასხვა საჭრელი დაფა გამოიყენოთ.
მომზადებულია cookist.com-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედები