Baby Bag

თუ ბავშვი მაღაზიაში ისტერიკას გიწყობთ, სიმშვიდე შეინარჩუნეთ და მისი მოთხოვნები არ შეასრულოთ

თუ ბავშვი მაღაზიაში ისტერიკას გიწყობთ, სიმშვიდე შეინარჩუნეთ და მისი მოთხოვნები არ შეასრულოთ

ბავშვები ყველაზე ხშირად სწორედ სასურსათო მაღაზიებში ჭირვეულობენ. ზოგიერთი მათგანი იწყენს, ნაწილი კი განათებებისა და ხმაურის გამო ძალიან აღგზნებულია. მთავარი მიზეზი, რის გამოც პატარები მაღაზიებში კონტროლს კარგავენ, დახლებზე მოთავსებული პროდუქტებია, რომლებიც მათ ძალიან უყვართ.

მშობლების დიდი ნაწილი, შვილის მხრიდან ისტერიკის მოწყობის შიშით, ბავშვს სასურსათო მაღაზიებში აღარ ატარებს, რაც დიდი შეცდომაა. იმისთვის, რომ ბავშვმა მაღაზიაში ისტერიკების მოწყობა სამუდამოდ შეწყვიტოს, მშობლებმა გარკვეული რეკომენდაციები უნდა დაიცვან. შვილის სახლში დატოვება გამოსავალი არ არის და პრობლემის მოგვარებაში ვერ დაგეხმარებათ.

ბავშვის საჯარო სივრცეში გაყვანამდე გარკვეული წესები შეიმუშავეთ. პატარებმა უნდა იცოდნენ, რა სახის ქცევებია მისაღები, როდესაც ისინი მაღაზიაში იმყოფებიან. თქვენს შვილს აუხსენით, რომ სათამაშო მოედანზე ყვირილი და სირბილი სავსებით ნორმალური მოვლენაა, თუმცა სურსათის მაღაზიაში მსგავსი ქცევა მოსაწონი არ არის. ბავშვს განუმარტეთ, რომ მაღაზიაში ყოველთვის თქვენთან ერთად უნდა იყოს, არ ირბინოს და თაროებიდან პროდუქტები დაუკითხავად არ აიღოს. თქვენს შვილს აუხსენით, რა შედეგები მოჰყვება მის დადებით და უარყოფით ქცევას.

ნეგატიური ქცევის პრევენციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ვიდრე ბავშვს მაღაზიაში წაიყვანთ, დარწმუნდით, რომ ის კარგად არის გამოძინებული და დანაყრებული. თუ ბავშვი დაღლილი ან გაღიზიანებულია, მასთან ერთად პროდუქტების შესაძენად ნუ წახვალთ.

მაღაზიაში რომ შეხვალთ, ბავშვი აუცილებლად რამით დაასაქმეთ. თუ ის თავს დაკავებულად იგრძნობს, აღარ იჭირვეულებს. თაროებიდან აღებული პროდუქტები თქვენს შვილს მიაწოდეთ და უთხარით, რომ კალათაში ჩაალაგოს.

ბავშვის ნეგატიურ ქცევას ყოველთვის ერთი და იმავე მეთოდებით უნდა უპასუხოთ. თუ ბავშვი სირბილს დაიწყებს, გარეთ გამოიყვანეთ და უთხარით, რომ შესვენება გაქვთ. მას მაღაზიაში დაბრუნების უფლება მანამ არ უნდა მისცეთ, სანამ არ დამშვიდდება. თუ თქვენი შვილი ისტერიკას გიწყობთ და მოითხოვს, რომ მისთვის გარკვეული პროდუქტი შეიძინოთ, მის ქცევას ყურადღება არ მიაქციოთ. ბავშვების უდიდესმა ნაწილმა იცის, რომ ყვირილით და ტირილით მშობლებს საჯარო სივრცეში უხერხულ მდგომარეობაში აყენებენ, რის გამოც ისტერიკას ისინი იარაღად იყენებენ. არასდროს უყიდოთ ბავშვს პროდუქტი, როდესაც ის ამას დაჟინებით მოითხოვს. მან უნდა იცოდეს, რომ ტირილით ან ყვირილით ვერასდროს მიიღებს იმას, რაც სურს.

ბავშვი აუცილებლად წახალისეთ, როდესაც კარგად იქცევა. თუ ის მაღაზიაში მშვიდად დაგყვებათ, არ ტირის და არაფერს ითხოვს, საჩუქრად საყვარელი ტკბილეული უყიდეთ ან კარგი ქცევისთვის შეაქეთ.

ბავშვი მაღაზიაში ხშირად ატარეთ, მაშინად კი, როდესაც მხოლოდ ერთი ან ორი პროდუქტის შესაძენად მიდიხართ. თქვენი შვილის ქცევას დააკვირდით და მას მაღაზიაში მისაღები ქცევის წესების შესწავლაში დაეხმარეთ.

მომზადებულია​ verywellfamily.com-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა 

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედები

შეიძლება დაინტერესდეთ

„ამ ფრაზებით ბავშვებს შეიძლება ტყუილებს ვასწავლიდეთ,“- ფსიქოლოგ პაატა ამონაშვილის რეკომენდაცია მშობლებს

„ამ ფრაზებით ბავშვებს შეიძლება ტყუილებს ვასწავლიდეთ,“- ფსიქოლოგ პაატა ამონაშვილის რეკომენდაცია მშობლებს

ფსიქოლოგმა პაატა ამონაშვილმა უფროსებს ურჩია, არ გამოიყენონ ისეთი ფრაზები, რომელიც ბავშვებს ტყუილს აჩვევს:

„ტყუილს ბავშვები ეჩვევიან ჩვენს მაგალითებზე. ბავშვებთან მიმართებაში ნათქვამი ტყუილების მაგალითები რომ გავიხსენოთ: „დროზე თუ არ დაწვები, პოლიცია მოვა და წაგიყვანს,“ ან „ამ თეფშს თუ არ მოასუფთავებ, უშნო ცოლი გეყოლება.“ ტუილებს ბავშვებს შეიძლება ვასწავლიდეთ უკვე ამ ფრაზებით. ბავშვი მიხვდება, რომ არ დაიძინებს და არც პოლიციელი წაიყვანს, ე.ი. ყველა ატყუებდა. ეს უკვე მოდელი და ნიმუშია, როგორ მოიტყუოს.“

„მატყუარა ადამიანი ბედნიერი ვერასდროს ვერ იქნება. ადამიანს აქვს სინდისი. სინდისი ყოველთვის არსებობს ჩვენში. ლიტერატურის და ფილოსოფიის ყველაზე დიდი ნაწილია, თუ როგორ მიმართებაში მოდის ჩვენი ქცევები და მოქმედებები სინდისთან. დოსტოევსკი ამის მეტს არაფერს არ წერდა, რატომ გვაწუხებს სინდისი. მოდი, გავასუფთავოთ ჩვენი ურთიერთობები ყველა ადამიანთან, წმინდა გავხადოთ, ის უფრო ზრუნვაზე დავაფუძნოთ, ვიდრე გამორჩენაზე. უფრო ბედნიერები ვხდებით ამის მერე ყველანი,“- აღნიშნულ საკითხზე პაატა ამონაშვილმა „მთავარი არხის“ გადაცემაში „შენი დილა“ ისაუბრა.

წყარო:​ „შენი დილა“

წაიკითხეთ სრულად