Baby Bag

„მგზავრობის დროს ბავშვის ცუდად გახდომას მძაფრი სუნი, არასწორი კვება და ელექტრო მოწყობილობების გამოყენება იწვევს,“ - პედიატრი ნინო თოთაძე

პედიატრი ნინო თოთაძე გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ მგზავრობის დროს ბავშვის ცუდად გახდომის პრობლემის შესახებ საუბრობს:

„მგზავრობასთან დაკავშირებით ბავშვებს გარკვეული თავისებურებები ახასიათებთ. მშობლებისთვის ნამდვილად დისკომფორტია, როდესაც ბავშვებისთვის პრობლემურია მგზავრობის პროცესი, ამასთან ეს არ არის ერთჯერადი და ყოველი მგზავრობის დროს მეორდება. ამას ბრჭყალებში შეგვიძლია ვუწოდოთ „მგზავრობის ავადმყოფობა.“ აღნიშნული პრობლემა სამედიცინო თვალსაზრისით ახსნადია. პირველ რიგში, ვისაუბროთ სიმპტომებზე. მნიშვნელობა არ აქვს მგზავრობა ხდება ავტომობილით, თვითმფრინავით თუ ზღვაზე გემით. ზოგადი სიმპტომატიკა არის ის, რომ ბავშვს მგზავრობის პერიოდში ეწყება სისუსტე, ძილიანობა, გარკვეული დისკომფორტი, ფერმკრთალდება, აქვს გულისრევა და ფიქსირდება ღებინებინების ეპიზოდი. ამ შემთხვევაში ეს დისკომფორტი იხსნება, თუმცა გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ კვლავ ბრუნდება.“

ნინო თოთაძის თქმით, აღნიშნული პრობლემა გენეტიკურია:

„პრობლემა,შესაძლოა, არსებობდეს გენეტიკური ფაქტორიდან გამომდინარე. ბოლომდე ახსნილი არ არის, რატომ ხდება ზოგიერთი ბავშვი ცუდად მგზავრობის დროს, უმრავლესობა კი - არა. მეცნიერება გვეუბნება, რომ თუ ერთ მშობელს მაინც ჰქონდა მსგავსი პრობლემა ბავშვობაში, 50 %-იანი ალბათობით შვილსაც ექნება. მშობლები ხშირად შფოთავენ და აინტერესებთ, რატომ ხდება ბავშვი ცუდად მგზავრობის დროს. პრობლემა წლებთან ერთად ქრება, შესაძლოა, გარკვეული სიმპტომატიკა დარჩეს. ძირითადი სიმპტომები 2-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ვლინდება. ბავშვებისთვის უკვე აღქმადია მოგზაურობა და ეს სიმტპომატიკაც ვლინდება, თუ პრობლემა ბავშვისთვის დამახასიათებელია. როდესაც ბავშვი მგზავრობს, სიგნალი მიდის ტვინში როგორც მხედველობიდან, სმენიდან, ასევე საყრდენ-მამოძრავებელი სისტემიდან. ამ შემთხვევაში არის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემიდან და მხედველობიდან აღქმული პროცესების დისბალანსი. მაგ. ბავშვი ზის უკანა სავარძელში, ის უყურებს ფანჯრიდან მოძრავ ავტომობილებს, მისი თვალი მოძრაობას აღიქვამს, მაგრამ საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა ამას ვერ გრძნობს. ეს არაბალანსირებული შეგრძნებები იწვევს დისონანსს ტვინში და ბავშვი გრძნობს დისკომფორტს.“

ნინო თოთაძე მშობლებს პრობლემასთან გამკლავების გზებს სთავაზობს:

„ერთ-ერთი რეკომენდაცია არის ის, რომ ბავშვი იჯდეს წინ და ჰორიზონტს ხედავდეს. თუმცა მცირეწლოვანი ბავშვების წინა სავარძელზე დასმა რეკომენდებული არ არის. თუ მოზარდს ვასეირნებთ ნავით, უმჯობესია, თუ მას შუაში დავსვამთ და ჰორიზონს დავანახებთ. ავტომობილით როდესაც ვმგზავრობთ, ბავშვს ყურადღება ფანჯრისკენ არ უნდა გადავატანინოთ, უმჯობესია მან წინ იყუროს.“

„მგზავრობის დროს ბავშვის ცუდად გახდომას რამდენიმე მაპროვოცირებელი მიზეზი აქვს, ერთ-ერთია ელექტრო მოწყობილობის გამოყენება, ფილმის ყურება, მძაფრი სუნი, მაგ. სუნამოს სურნელი, თამბაქოს სუნი, ასევე კვება. როდესაც ბავშვს ვაჭმევთ ცხიმიან საკვებს მგზავრობის წინ, ვტვირთავთ მის ორგანიზმს. მგზავრობისას კვება უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ წყლით და კრეკერით. ეს ბავშვისთვის მსუბუქი კვებაა. ყურადღება ბავშვა უნდა გადაიტანოს არა ელექტრო მოწყობილობებზე, არამედ ადამიანებზე, რომლებთან ერთადაც მგზავრობს. შესაძლოა, სიმპტომები მგზავრობის დასრულებიდან რამდენიმე საათის მანძილზე გაგრძელდეს, რაც არ არის საშიში, რადგან მგზავრობის პრობლემასთან არის დაკავშირებული. ასაკის მატებასთან ერთად პრობლემა იკლებს, თუმცა თუ სიმპტომები რჩება, ბაზარზე არსებობს მედიკამენტები, რომლებიც მის დაძლევაში გვეხმარება. მთავარია, რომ ბავშვს მედიკამენტი პედიატრთან შეთანხმებით მისცეთ,“ - აღნიშნავს ნინო თოთაძე. 

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედები

შეიძლება დაინტერესდეთ

„დედა ყოველთვის გრძნობს, როდესაც შვილი გასაჭირშია... სამედიცინო ენით დედაშვილობა საოცრებაა,“- გიორგი ღოღობერიძე

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ დედაშვილობის ფენომენის შესახებ ისაუბრა და იმ განსაკუთრებულ კავშირს გაუსვა ხაზი, რომელიც დედა-შვილს შორის არსებობს:

„სამედიცინო ენით დედაშვილობა საოცრებაა. დედის სხეული ყველაფრისთვის არის მზად, რომ ბავშვი იყოს კარგ მდგომარეობაში. არაფერს ვამბობ დედის რძეზე. ისედაც ცნობილი ფაქტია, რომ დედის რძეში იმდენი ანტისხეულია, იმდენი დამცავი ნივთიერებაა, რომ როგორც კი პირველივე წვეთს ჩავყლაპავთ, ავტომატურად ჩვენი კუჭ-ნაწლავის სისტემა ამ დამცველობითი მოლეკულებით ამოიფინება, რომ არაფერი ჩვენს სხეულში არ შემოიჭრას.

ჭიპლარის გადაჭრის შემდეგ მაინც არ წყდება დედასა და ბავშვს შორის კავშირი. დედა ყოველთვის გრძნობს, როდესაც შვილი გასაჭირშია. იგივე შეიძლება ითქვას შვილზე. რამდენი კილომეტრითაც უნდა იყოს შორს, დედა გრძნობს, რომ შვილს სჭირდება. დედის ორგანიზმი ვერ გველევა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვტოვებთ დედის სხეულს და აღარ ვართ მისი ნაწილი, ჩვენი უჯრედების საკმაოდ დიდი ნაწილი დედის სხეულში რჩება. ჩვენი უჯრედები მთელი ფეხმძიმობის განმავლობაში ეტაპობრივად გადადის დედის სხეულში. ის ყველაზე დიდი რაოდენობით არის კანში, ასევე თავის ტვინში. არსებობს ვარაუდი, რომ ნაყოფის ნეირონები როდესაც სახლდება დედის თავის ტვინის ქსოვილში, შესაძლოა, ის იცავდეს დედას ალცჰაიმერის დაავადებისგან. ჩვენ დავტოვეთ დედის სხეული, მაგრამ რაღაც ჩვენი ნაწილი დედის სხეულში მაინც დარჩა,“- მოცემულ საკითხზე გიორგი ღოღობერიძემ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ერთსულოვნების დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ერთსულოვნების დილა“

წაიკითხეთ სრულად