Baby Bag

„ბავშვთან ენის მოჩლექით საუბარი არ არის კარგი სამეტყველო აპარატის სწორად ჩამოყალიბებისთვის,“ - ფსიქოლოგი ეკატერინე ბურკიაშვილი

ფსიქოლოგი ეკატერინე ბურკიაშვილი გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ბავშვის განვითარებაში მეტყველების როლზე საუბრობს:

„ჩვენ ვართ მოდელები ბავშვისთვის. ის ლაპარაკს მიბაძვით სწავლობს. თუ ჩვენი სიტყვები იქნება მკაფიო და წინადადებები არ იქნება რთული, თუ შევეცდებით მოკლე წინადადებებით ვესაუბროთ, ის უფრო მარტივად დაიწყებს საუბარს. თუ ჩვენ შევამჩნიეთ, რომ ორი წლის ასაკში ბავშვს არ შეუძლია მარტივი წინადადებების აწყობა, ურთულდება სიტყვის მიზანმიმართულად გამოყენება, მითითება, კომუნიკაცია, სჯობს ადრევე მივმართოთ ფსიქოლოგს და მეტყველების თერაპევტს. ორიდან სამ წლამდე ის პერიოდია, როდესაც მშობელი აუცილებლად მიხვდება, მისი შვილი რამდენად ფლობს ენას.“

„მშობელს შეუძლია, რომ ბავშვს ყურადღება გაუმახვილოს ყველაფერზე, რასაც გარემოში ვხედავთ. უთხრას შვილს: შეხედე, ახლა დავინახეთ ჩიტი. მშობლებმა ხშირად იციან ბავშვთან ენის მოჩლექით საუბარი, რაც არ არის კარგი სამეტყველო აპარატის სწორად ჩამოყალიბებისთვის. თუ შევამჩნევთ, რომ ბავშვისთვის მნიშვნელოვანია ვიზუალური მასალა, შევეცადოთ, ამაზე გავუმახვილოთ ყურადღება, გამოვიყენოთ ეს სურათ-ხატები იმისთვის, რომ მასთან დავამყაროთ კომუნიკაცია და ავამუშაოთ მისი სამეტყველო აპარატი,“ - აღნიშნავს ეკატერინე ბურკიაშვილი

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედები

შეიძლება დაინტერესდეთ

„ასეთ ბავშვს ტყვიით მოწამვლა არ განუვითარდება. ტყვია ვერ ჩაჯდება მის ორგანიზმში,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე

„ასეთ ბავშვს ტყვიით მოწამვლა არ განუვითარდება. ტყვია ვერ ჩაჯდება მის ორგანიზმში,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე

პედიატრმა თემურ მიქელაძემ ბავშვებში ტყვიით მოწამვლის მზარდი შემთხვევების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ამ მხრივ ქვეყანაში მდგომარეობა საყურადღებოა, თუმცა საგანგაშო არ არის:

„მე არასდროს მიმითითებია პაციენტისთვის, რომ ტყვიის შემცველობა განსაზღვროს სისხლში. თვითონ იკეთებენ ანალიზს. არ უნდა ავყვეთ პანიკას. საყურადღებოა, საგანგაშო სიტუაცია არ გვაქვს. ათი პაციენტიდან მყავდა ორი ბავშვი, ერთს ჰქონდა 120, მეორეს - 122. აღმოჩნდა, რომ სახლში ჰქონდათ დიდი რაოდენობით სათამაშოები. ​მათ არანაირი კლინიკური გამოვლინება არ ჰქონდათ, თვითონ გაუკეთა მშობელმა ანალიზი. რა უნდა ვურჩიო ამ დროს? ერთადერთი სიმინდს გააჩნია ტყვიის გამომძევებელი ეფექტი, მჭადი, ღომი შევთავაზე. სისხლის ანალიზი გავაკეთე, რკინა განვსაზღვრე, ორივე იყო ნორმა. რკინაც მაღალი იყო, ჰემოგლობინიც, სისხლში არანაირი პარამეტრი არ იყო პრობლემა, კალციუმი იყო ნორმა. ასეთ ბავშვს ტყვიით მოწამვლა არ განუვითარდება. ტყვია ვერ ჩაჯდება მის ორგანიზმში, თუ სწორად იკვებება. მეორე პრობლემა შეიძლება იყოს სიმსუქნე. ასეთ პაციენტთან ექვსი თვის სწორი კვების შემდეგ ტყვიამ უნდა დაიწიოს. ეს არ არის კატასტროფა.“

თემურ მიქელაძის თქმით, ყველაზე რთულია ბავშვების ტყვიით მოწამვლის გამომწვევი წყაროს მიგნება:

„მთავარი და ​ყველაზე რთული ეტაპი არის წყაროს მიგნება, თუ რა გვწამლავს. ეს არის საკმაოდ დიდი სამუშაო. თუ გახსოვთ, სუნელებზე იყო საუბარი. აღმოჩნდა, რომ სუნელები დიდი რაოდენობით ტყვიას შეიცავს. აღმოჩნდა, რომ თუ მაღალმთიან რეგიონებში, მაგ. სვანეთში იქნება ეკოლოგიურად სუფთად დამზადებული ეს სუნელები, არანაირ ტყვიას არ შეიცავს. ტყვიას შეიცავდა კუსტარულად წარმოებული სუნელები. ამ სუნელებში სხვადასხვა საღებავია დამატებული, რომ მოცულობა გაიზარდოს. ქართული წარმოების სუნელი, რომელიც არის ფერმერის მიერ კეთილსინდისიერად მოყვანილი, არასდროს არ შეიცავს ტყვიას.“

თემურ მიქელაძემ ტყვიით მოწამვლის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სათამაშოები დაასახელა:

„ბავშვებში ტყვიით მოწამვლის ძირითადი მიზეზი არის სათამაშოები, ეს არის გარემო, სადაც ისინი ცხოვრობენ. განსაკუთრებით ორიდან შვიდ წლამდე ბავშვები არიან სოციალურად აქტიურები, ბაღში მიდიან, სკოლაში იწყებენ სიარულს. მათ უფრო მეტი შეხება აქვთ ამ მავნე, მომწამვლელ ნივთებთან. თქვენ თუ შეხვალთ სათამაშოების მაღაზიებში, სპეციფიკურ სუნს იგრძნობთ. მე სულ ვეუბნები იქ მომსახურე პერსონალს, თქვენ როგორ ჩერდებით აქ-მეთქი. ეს არ არის მარტო ტყვიის შემცველობა, იქ არის სხვა მავნე, მომწამლავი ნივთიერებები. ეს ყველა სათამაშოების მაღაზიას არ ეხება, რა თქმა უნდა. შევსულვარ ისეთი სათამაშოების მაღაზიებში, რომლებიც ორჯერ მეტი ღირს და იქაც შეიძლება იყოს ეს სუნი. იქ არის სხვა მავნე ნივთიერებები, რომლებიც უფრო სწრაფად იწვევენ მოწამვლას.“

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საყურადღებო სიტუაცია გვაქვს, მაგრამ საგანგაშო მდგომარეობა არ გვაქვს. ეს არ უნდა მივუშვათ, არ უნდა გამოგვრჩეს ჩვენი თვალთახედვიდან. იმისთვის, რომ არ განვითარდეს ტყვიით მოწამვლა, მაქსიმალურად ბავშვები უნდა გვყავდეს ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. წელიწადში ორჯერ უნდა გავიყვანოთ ბავშვი ქალაქიდან. ​არ არის აუცილებელი ეს იყოს მაღალფასიანი კურორტი, შეიძლება სოფელში წახვიდე. ადრეული ასაკის ბავშვი ზამთარში უნდა წავიყვანოთ ზამთრის კურორტზე, ზაფხულში ზაფხულის კურორტზე. ოქროს სტანდარტი ბავშვთა კვებაში არის დედის რძე. მაქსიმალურად უნდა მივიღოთ მაღალხარისხიანი საკვები პროდუქტები. სჯობს სათამაშოში საერთოდ არაფერი გადავიხადოთ და ის თანხა გადავიხადოთ ჯანსაღ საკვებში.​ ჯანსაღი საკვები არამარტო ტყვიით მოწამვლას, არამედ სხვა პათოლოგიებსაც აგვაცილებს,“ - აღნიშნულ თემაზე თემურ მიქელაძემ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.

წყარო: ​„განთიადი“

წაიკითხეთ სრულად