Baby Bag

„მეშინოდა, რომ მეუღლე მიმატოვებდა, საკუთარ თავს ყოველდღიურად ვებრძოდი“ - სექსუალური პრობლემები მშობიარობის შემდგომი დეპრესიის დროს

„მეშინოდა, რომ მეუღლე მიმატოვებდა, საკუთარ თავს ყოველდღიურად ვებრძოდი“ - სექსუალური პრობლემები მშობიარობის შემდგომი დეპრესიის დროს

ყველასთვის ცნობილია, რომ ადამიანები ტრავმულ გამოცდილებაზე ერთმანეთისგან განსხვავებულად რეაგირებენ. ზოგიერთები საკუთარ თავში იკეტებიან, ნაწილს დეპრესია ტანჯავს, არიან ისეთებიც, ვისაც ყველაფრის მარტივად გადალახვა შეუძლია. ხშირად ხდება, რომ ტრავმული გამოცდილება და ხშირი უსიამოვნებები ადამიანებს სექსისადმი ინტერესს აკარგვინებს ან მისადმი სიძულვილით განაწყობს. ჩვენს სტატიაში ერთ-ერთი ქალბატონის ისტორიას გაგაცნობთ, რომელსაც მშობიარობის შემდგომი დეპრესიის გამო სექსის დროს უსიამოვნო ფსიქოსომატური სიმპტომები და ტკივილები აღენიშნებოდა. სექსუალური ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვანმა დაქვეითებამ მას მეუღლესთან ურთიერთობაში სერიოზული პრობლემები შეუქმნა. ქალბატონის თქმით, ის განქორწინებაზეც ხშირად ფიქრობდა. საბოლოოდ მან მეუღლესთან ერთად აღნიშნულ პრობლემასთან წარმატებით გამკლავება და ჯანსაღი ოჯახური ურთიერთობების აღდგენა შეძლო.

„წარმოდგენა არ მქონდა, როგორ შეცვლიდა ბავშვის გაჩენა ჩემს ცხოვრებას. მეგონა, ყველაფერი არაჩვეულებრივად იქნებოდა, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ ამის წინასწარ პროგნოზირება შეუძლებელია.

ჩემი პირველი მშობიარობა რთული ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა დიდხანს გაგრძელდა. ბავშვის გაჩენიდან მალევე საცხოვრებელი ადგილი შევიცვალეთ და მეუღლის ოჯახთან ახლოს დავსახლდით. მე ყველა ჩემს ახლო მეგობარს დავშორდი და თავს მარტოსულად ვგრძნობდი, თუმცა, იმედი მქონდა, რომ ეს მალე გაივლიდა. როდესაც ჩვენი ვაჟი თვენახევრის გახდა, ჩემი მეუღლე სექსზე პირველად ალაპარაკდა. მე ამისთვის მორალურად მზად არ ვიყავი, თუმცა მისი სურვილი გავითვალისწინე და დავთანხმდი. ძალიან ვღელავდი, რის გამოც პროცესი ძალიან მტკივნეული იყო. მეუღლემ განიცადა, რომ ყველაფერი ასე ცუდად დასრულდა. რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ექიმთან წავედი. მან მითხრა, რომ ყველაფერი რიგზე იყო. ექიმის თქმით, ტკივილი, შესაძლოა, ჯერ კიდევ შეუხორცებელ ნაკერებთან ყოფილიყო კავშირში. თუმცა, დამარწმუნა, რომ ძალიან მალე ყველაფერი გაივლიდა.

დრო გადიოდა, თუმცა სექსის დროს ტკივილი ისევ მაწუხებდა, რის გამოც ქმართან ურთიერთობას გავურბოდი. სექსუალური კავშირისთვის თავის ასარიდებლად ათასგვარ მიზეზს ვიფიქრებდი, დასაძინებლად ადრე ვწვებოდი, ბავშვს ვუვლიდი, სახლს ვალაგებდი. ჩემი მეუღლე ძალიან მიყვარდა, მაგრამ სექსი ტკივილს მაყენებდა, რის გამოც თავს საშინლად ცუდად ვგრძნობდი. ვხედავდი, რომ ჩვენი ქორწინება საფრთხის ქვეშ იყო. ჩვენს ვაჟზე ვღელავდი, რომელსაც, სავარაუდოდ, განქორწინებული მშობლები ეყოლებოდა. მეშინოდა, რომ მეუღლე მიმატოვებდა. საკუთარ თავს ყოველდღიურად ვებრძოდი.

მეუღლე ყველაფერს მოთმინებით იტანდა და ჩემს პრობლემას გაგებით ეკიდებოდა, თუმცა ერთ დღეს ჩვენ ერთმანეთთან საუბარი საერთოდ შევწყვიტეთ. თავს დამნაშავედ ვგრძნობდი. განვიცდიდი, რომ მას განწყობას ვუფუჭებდი. ყველაფერზე ვბრაზობდი და საკუთარ თავში ჩავიკეტე. ჩემთვის ყველა და ყველაფერი უცხო გახდა. პანიკური შეტევები დამეწყო. როდესაც ჩემი შვილი 3 წლის გახდა, ექიმთან წავედი და მის კაბინეტში ქვითინი დავიწყე. ვამბობდი, რომ არ ვიცოდი, ვინ ვიყავი. ექიმს ვუთხარი, რომ ვერ შევძელი დედისა და ცოლის ღირსეული როლის შესრულება. ჩემი მდგომაროების შეფასების შემდეგ ანტიდეპრესანტები დამინიშნეს და ფსიქოთერაპევტთან გამგზავნეს. ექიმმა მირჩია, რომ თერაპიის კურსებზე მეუღლესთან ერთადაც უნდა მევლო და მის გარეშეც. მე და ჩემმა ქმარმა გავაცნობიერეთ, რომ საქმე მშობიარობის შემდგომ მძიმე დეპრესიასთან გვქონდა, რომელიც ჩემზე, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქიკურად ზემოქმედებდა და სექსუალური ცხოვრების ხარისხსაც მიქვეითებდა.

თერაპიის დროს მივხვდი, რომ ჩემს ქმარს არამხოლოდ სექსი სურდა ჩემთან, მას ჩვენი ჩვეული სიახლოვე და ურთიერთობა ძალიან ენატრებოდა. ჩვენ ღამით პაემნებზე სიარული დავიწყეთ. ერთად ბევრ დროს ვატარებდით, თუმცა სექსი არ გვქონდა. მეუღლესთან ერთად ხშირად ვიცინოდი, საინტერესო თემებზე ვსაუბრობდით, საკუთარ ემოციებს და განცდებს ღიად გამოვხატავდით. ერთი წლის შემდეგ ვიგრძენი, რომ ნელ-ნელა საკუთარ თავს ვუბრუნდებოდი. მე და ჩემი მეუღლე არსებულ ვითარებას ერთად ვაფასებდით. ანტიდეპრესანტის დოზების შემცირების გადაწყვეტილებაც ერთობლივად მივიღეთ და მეორე ბავშვის ყოლაზეც დავფიქრდით. ჩვენი სექსუალური ცხოვრება კვლავ არაჩვეულებრივი გახდა.

ფიზიკური ჯანმრთელობა ჩვენს გონებასთან ძალიან ძლიერ კავშირშია. უსიამოვნო გამოცდილება ორგანიზმზე მრავალმხრივ ზემოქმედებს. ხშირად მტკივნეული ფიზიკური შეგრძნებების ნამდვილი მიზეზის დადგენა გვიჭირს. მეორე ბავშვის გაჩენის შემდეგ მე და ჩემს მეუღლეს პირველი სექსის ძალიან გვეშინოდა, თუმცა ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ჩვენ იმაზე უკეთესი სექსუალური ცხოვრება გვქონდა, ვიდრე წლების წინ, როდესაც ორივენი ბევრად ახალგაზრდები და ენერგიულები ვიყავით. სექსი კვალვ ჩვენი ცხოვრების განუყრელ და მნიშვნელოვან ნაწილად იქცა, რაც ძალიან მაბედნიერებს.

მომზადებულია​ Cosmo.ru​-ს მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ნიუ ჰოსპიტალსში“ კორონარული პროცედურები ამერიკული წარმოების სტენტებით ჩატარდება

„ნიუ ჰოსპიტალსში“ კორონარული პროცედურები ამერიკული წარმოების სტენტებით ჩატარდება

„ნიუ ჰოსპიტალსში“ გეგმიური და გადაუდებელი ჩარევები გულის სისხლძარღვებზე მხოლოდ ამერიკული წარმოებისკომპანია Abbott-ის („ებოტი“) სტენტებით ჩატარდება. ზემოაღნიშნული აქცია ამერიკული კომპანიის წარმომადგენლობასთან მრავალმხრივი თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმებით და სპეციალური ფასების მიღებით გახდა შესაძლებელი.

გულის მკვებავ (კორონარულ) არტერიებზე ჩარევები დახშული მონაკვეთების გახსნის ან შევიწროებული მონაკვეთების გაფართოების მიზნით ტარდება. პროცედურის დროს არტერიაში სპირალური ბადის, ე.წ. სტენტის ჩადგმა ხდება, რომელიც მუდმივად რჩება სისხლძარღვში, რათა სისხლის ნაკადის თავისუფლად მოძრაობა და გულის კუნთის ჟანგბადით მომარაგება შეუფერხებლად უზრუნველყოს.

„ნიუ ჰოსპიტალსის“ კარდიოლოგიისა და კარდიოქირურგიის ცენტრში ულტრათანამედროვე ინფრასტრუქტურის მქონე კათეტერიზაციის ლაბორატორია ფუნქციონირებს, სადაც პაციენტებს შესაძლებლობა ეძლევათ სხვადასხვა სირთულის კორონარული და სარქვლოვანი ინტერვენციები ნაკლებად ინვაზიური მეთოდების გამოყენებით ჩაიტარონ.

„ნიუ ჰოსპიტალსი“ ევროპული სტანდარტების დაცვით აშენებული, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც 2011 წლიდან უმაღლესი ხარისხის სტაციონარულ და ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობს პაციენტებს. კარდიოლოგიისა და კარდიოქირურგიის ცენტრის მაღალკვალიფიციური გუნდი უახლესი აპარატურის და მაღალი ხარისხის სამედიცინო მასალების გამოყენებით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფს გულის დაავადებათა სრული სპექტრის დიაგნოსტირებასა და მკურნალობას.

R.

წაიკითხეთ სრულად