Baby Bag

2020 წლის 5 ტრენდული საზაფხულო ფეხსაცმელი

2020 წლის 5 ტრენდული საზაფხულო ფეხსაცმელი
ზაფხული გვიახლოვდება, რაც ყველას ძალიან გვაბედნიერებს. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის გამო დროის უმეტეს ნაწილს ჯერ კიდევ სახლში ვატარებთ, სოციალური დისტანციის დაცვით გარეთ გასვლა და სეირნობაც შეგვიძლია.
ლამაზად ჩაცმა და საკუთარი გარეგნობით თავის მოწონება თუ მოგენატრათ, 2020 წლის ზაფხულში ამის შესაძლებლობა ნამდვილად მოგეცემათ. გთავაზობთ 5 ტრენდულ საზაფხულო ფეხსაცმელს, რომელიც თქვენს გარდერობს ნამდვილად გაახალისებს. მნიშვნელობა არ აქვს რომანტიკულ შეხვედრაზე მიდიხართ, თუ მაღაზიაში პროდუქტების შეძენას გეგმავთ, ლამაზად ჩაცმა ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა, რათა ამაღლებულ განწყობაზე იყოთ და სტრესისგან გათავისუფლება შეძლოთ.

ბრჭყვიალა ელემენტებით გაფორმებული საზაფხულო ფეხსაცმელი

ცხოვრებაში კაშკაშა და ნათელი ფერები ყველას გვჭირდება. მნიშვნელობა არ აქვს საგანგებო რეჟიმში ვცხოვრობთ თუ არა, კარგი განწყობის შექმნა აუცილებელია. ბრჭყვიალა ელემენტებით გაფორმებული საზაფხულო ფეხსაცმელი თქვენს ყოველდღიურობას ხალისს და ბრწყინვალებას შესძენს. თუ შაბათ საღამოს პაემანზე წასვლას გეგმავთ, შეგიძლიათ ბრჭყვიალა კრისტალებით გაწყობილი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ჩაიცვათ, საყიდლებზე კი კაშკაშა და ეფექტური კედებით იაროთ. აუცილებელი სულაც არ არის, რომ ტრენდული ფეხსაცმელი მაღაზიაში შეიძინოთ. შეგიძლიათ, თქვენი ძველი ფეხსაცმელი ბრჭყვიალა ელემენტებით მორთოთ და გაახალისოთ. ინტერნეტში სპეციალური ვიდეორგოლების ნახვა შეგიძლიათ, რომელთა დახმარების ტრენდული ფეხსაცმლის შექმნას დამოუკიდებლადაც შეძლებთ.

კლასიკური ლოფერი

ბალთიანი ან ქამრიანი ფეხსაცმელი იდეალური არჩევანია, როდესაც სახლიდან სწრაფად გასვლა გსურთ და ბევრი დრო არ გაქვთ. ტყავის ან ზამშის მასალისგან დამზადებული ლოფერი ძალიან კომფორტულია და მისი ჩაცმა ნებისმიერ ვითარებაში შეგიძლიათ. ლოფერი ძალიან უხდება ჯინსებს და ქვედაბოლოებს. მისი ჩაცმა საზაფხულო კაბა-შორტებთანაც თამამად შეგიძლიათ. ლოფერი სამსახურში წასასვლელადაც გამოგადგებათ. დატვირთული დღის შემდეგ კი მეგობრებთან ერთად დასალევად ან გასართობად წასვლაც თამამად შეგიძლიათ. ამისთვის ფეხსაცმლის გამოცვლა ნამდვილად არ დაგჭირდებათ. ლოფერები 70-იანი წლების ნოსტალგიასაც აღვიძებს, რაც მათ დამატებით ხიბლს სძენს. უპირატესობას შავ ტანისამოსს თუ ანიჭებთ, შეგიძლიათ ჩაცმულობის გასახალისებლად უპირატესობა ყვითელ ლოფერს მიანიჭოთ.

ქალის ღია ფეხსაცმელი მაღალ ქუსლზე

მაღალქუსლიანი ქალის ღია ფეხსაცმელი ნებისმიერ სეზონზე ტრენდულია. შეგიძლიათ, ის ბრჭყვიალა დეტალებით გაახალისოთ, რათა კიდევ უფრო ტრენდული გახდეს. კლასიკური ფეხსაცმელი აქტუალობას არასდროს კარგავს და ის ქალბატონების გარდერობში ყოველთვის საპატიო ადგილს იკავებს. ზაფხულში ჯინსებთან და კაბასთან მაღალქუსლიანი ღია ფეხსაცმლის ჩაცმა არამარტო კომფორტული, არამედ ძალიან ეფექტურიც არის. მაღალქუსლიანი ღია ფეხსაცმელი განსაკუთრებით კოჭამდე სიგრძის ჯინსის შარვალს უხდება. პარკში სეირნობას თუ გადაწყვეტთ, უპირატესობა დაბალქუსლიან ღია ფეხსაცმელს უნდა მიანიჭოთ. 2020 წლის ზაფხულში განსაკუთრებით ტრენდულია ისეთი ღია ფეხსაცმელი, რომელსაც ზედა ნაწილზე ქსოვილის დამატებითი ზოლი გასდევს და ბოლომდე ღია არ არის. შეგიძლიათ, ასეთი სტილის ფეხსაცმელი დაბალ ქუსლზეც ატაროთ ან უპირატესობა მაღალქუსლიანს მიანიჭოთ. ეს უკანასკნელი გაცილებით უფრო ეფექტური, ტრენდული და კლასიკურიც არის, რის გამოც, ქალბატონების უდიდესი ნაწილი არჩევანს სწორედ მასზე აკეთებს.

ასიმეტრიული ფეხსაცმელი

უნიკალური ტანისამოსი ან ფეხსაცმელი საინტერესო საუბრის წამოსაწყებად ერთ-ერთი საუკეთესო საბაბია. ასიმეტრია ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო გზაა, რომლის დახმარებითაც უნიკალური და მოდური გახდებით. 2020 წელს ასიმეტრიული სტილი განსაკუთრებით ტრენდულია. თუ ფეხსაცმლის მაღაზიაში განსხვავებული სტილის, არაორდინალურ ფეხსაცმელს გადააწყდებით, აუცილებლად შეიძინეთ. ასიმეტრიული ფეხსაცმელი ძალიან უხდება ზოლიან მაისურებსა და ქვედაბოლოებს. მისი ტარება ჯინსებთან ერთადაც შეგიძლიათ. მეტი ეფექტურობისთვის კოპლებიანი პერანგი და ასიმეტრიული ფეხსაცმელი ერთმანეთს შეუხამეთ. თქვენი უნიკალური სტილი გულგრილს არავის დატოვებს.

კედი

კედი მოდიდან არასდროს გადადის. დედებს კომფორტული სპორტული ფეხსაცმლის ტარება განსაკუთრებით უყვართ. გადაადგილებისთვის კედი ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალებაა. გასულ წელს თეთრი კედები ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ქალბატონები მას ყველა ტიპის ტანისამოსს უხამებდნენ. ბოლო თვეებში თეთრი კედი პირველობას შავი ფერის სპორტულ ფეხსაცმელს უთმობს. ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ვინტაჟური სტილის კედებიც. თუ არჩევანის გაკეთება გიჭირთ, შეგიძლიათ, უპიარესობა კონვერსს მიანიჭოთ, რომელიც ნებისმიერ სეზონზე ტრენდულია. კონვერსის კედები ნებისმიერი სტილის ტანსაცმელს უხდება, გარდა ამისა, ის მარტივად ხელმისაწვდომი და კომფორტულია.

მომზადებულია ​moms.com-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა 

22 წლის ქალი, რომელმაც ფილერის ინექციის 20 პროცედურა ჩაიტარა და ტუჩის მოცულობა ოთხჯერ გაიზ...
ახალგაზრდა ქალი, რომელმაც ფილერის ინექციის გამოყენებით საკუთარი ტუჩის მოცულობა 4-ჯერ გაზარდა, გაჩერებას არ აპირებს. ბულგარელი ანდრეა ემილოვა ივანოვა მსოფლიოში ყველაზე დიდი ტუჩების ქონაზე ოცნებობს. მან...