გენიოსი შვილის აღზრდაზე ბევრი დედა ოცნებობს. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებთან ურთიერთობის შესახებ უამრავი საინტერესო რჩევის მოსმენის შესაძლებლობა გვაქვს, არ არსებობს სახელმძღვანელო, რომელიც გენიოსის აღზრდაში დაგვეხმარება. ებრაელი მშობლები ფსიქოლოგიურ ნაშრომებს თითქმის არასდროს ეცნობიან, ისინი არც მშობელთა ფორუმებს სტუმრობენ, რათა საინტერესო რჩევები მოისმინონ, თუმცა გენიოსების აღზრდას მაინც წარმატებით ახერხებენ. ჩვენს სტატიაში მათი წარმატების საიდუმლოს გარკვევას შევეცდებით და აღზრდის იმ პრინციპებს გაგაცნობთ, რომლებსაც ებრაელი მშობლები ერთგულად იცავენ.
1. დამოუკიდებლობის წახალისება
ოჯახები, როგორც წესი, ბავშვების წახალისებას ცდილობენ. მშობლები შვილებს არწმუნებენ, რომ ისინი მომავალში წარმატების მიღწევას აუცილებლად შეძლებენ. ებრაელი მშობლები შვილებს ასწავლიან, რომ მათ წარმატების მიღწევა დამოუკიდებლად, საკუთარი ძალებით შეუძლიათ. ებრაელმა პატარებმა ადრეული ასაკიდანვე იციან, რომ მომავალი თავად უნდა შექმნან და დინების მიმართულებით ცურვას არ დასჯერდნენ.
2. შთამაგონებელი ფრაზა: „დასაწყისი ყოველთვის რთულია“
ბავშვები დამოუკიდებლები რომ გახდნენ, მათი წამოწყებები და ინიციატივები მშობლებმა აუცილებლად უნდა წაახალისონ. აუცილებელია, რომ პატარების ნებისმიერი ჰობი უფროსებმა სერიოზულად აღიქვან. როდესაც ბავშვები სირთულეებს ცხოვრებაში პირველად ეჯახებიან, ებრაელი მშობლები მათ შემდეგი სიტყვებით ამშვიდებენ: „დასაწყისი ყოველთვის რთულია.“
3. ნდობა, როგორც საუკეთესო ჯილდო
როგორ უნდა დავაჯილდოვოთ ბავშვები, როდესაც ისინი კეთილი საქმის გაკეთებას ცდილობენ? ებრაელი მშობლები თვლიან, რომ ბავშვისთვის ნდობა საუკეთესო ჯილდოა. როდესაც უფროსები ბავშვს საქმის დამოუკიდებლად გაკეთების შესაძლებლობას აძლევენ, ის თვლის, რომ კარგ საქმეს აკეთებს, რაც მის თვითშეფასებაზე დადებითად აისახება.
4. გარეგნულ იერსახეზე ნაკლები ზრუნვა
მომავალი გენიოსები გარეგნულ იერსახეზე განსაკუთრებულად არასდროს ზრუნავენ. როდესაც მშობლები ცდილობენ, რომ გარეთ ყოფნისას ბავშვები მოწესრიგებულები იყვნენ და სუფთად გამოიყურებოდნენ, ისინი ამისთვის უდიდეს ენერგიას ხარჯავენ. ეს ყოველივე კი ბავშვსაც ძალიან აწუხებს. ებრაელი მშობლები გარეგნულ იერსახეზე გამუდმებით ზრუნვას ბავშვის ზრდისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვან ფაქტორად არ მიიჩნევენ. ეზოში თამაშისას პატარები საერთოდ არ ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ გამოიყურებიან.
5. უწესრიგობასთან შეგუება
ბავშვებს წესრიგი არ უყვართ. ებრაელი მშობლები უწესრიგობის გამო პატარებზე არასდროს ბრაზობენ. მათ კარგად ესმით, რომ ბავშვებისთვის წესრიგი მოსაწყენია. ებრაელი მშობლები შვილებს მოუწესრიგებელი ოთახის გამო არ საყვედურობენ. ისინი პატარებს კომფორტულად ცხოვრების შესაძლებლობას აძლევენ. სისუფთავისა და წესრიგის მნიშვნელობას კი დროთა განმავლობაში ასწავლიან.
6. ბავშვების სურვილების პატივისცემა
მშობლების ნაწილი ბავშვებს მთელი დღის განმავლობაში შენიშვნებს აძლევს, სირბილს, ხტუნვას და ხმამაღლა საუბარს უკრძალავს. ებრაელი მშობლები შვილებს მეტ თავისუფლებას აძლევენ. ისინი ბავშვებს ჭარბი ენერგიისგან გათავისუფლებაში ხელს არ უშლიან. ასეთი ბავშვები თავდაჯერებულ და მიზანდასახულ ზრდასრულებად ყალიბდებიან. ისინი არასდროს ნებდებიან და დასახული მიზნისთვის ბოლომდე იბრძვიან.
7. თავისუფლებისადმი ბრძნული დამოკიდებულება
თანამედროვე ბავშვებს მშობლები თავისუფლად ზრდიან და მათ უფლებებს არავინ ზღუდავს. ებრაელი მშობლებისთვის არსებობს ზღვარი, რომელსაც ბავშვმა არ უნდა გაადააბიჯოს. ბავშვს უფლება არ აქვს მშობელს ან ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენოს. ასეთ შემთხვევაში მას მკაცრი სასჯელი ელის.
8. მშობლების პატივისცემა
ებრაელმა ბავშვებმა ადრეული ასაკიდანვე იციან, რომ მშობლები ოჯახის წინამძღოლები არიან. ისინი დედას და მამას ძალიან დიდ პატივს სცემენ. მიუხედავად ამისა, ებრაელი ბავშვი არასდროს არის მშობელზე დამოკიდებული. თუ მას რაიმე საქმის გაკეთება სურს, ყველაფერს თავად აკეთებს. ებრაელი მშობლები შვილს დათვურ სამსახურს არასდროს უწევენ. მან ყველაფერი დამოუკიდებლად უნდა გააკეთოს.
9. განსაზღვრული წესების დამკვიდრება
ებრაელი მშობლები ბავშვებს შეცდომების გამო იშვიათად სჯიან. ისინი პატარების კარგ ქცევას აჯილდოვებენ. ოჯახში ყოველთვის არსებობს განსაზღვრული წესები, რომელთა შესრულება ბავშვს ჯილდოს მიღებაში ეხმარება. ამ გზით ბავშვი შეცდომების გამოსწორებას სწავლობს და საკუთარ ქცევას გარედან აკვირდება.
10. ბავშვის ხშირი დაჯილდოვება და წახალისება
ფსიქოლოგები თვლიან, რომ ბავშვები კარგი ქცევის გამო ყოველთვის არ უნდა შევაქოთ. ებრაელი მშობლები ამ მოსაზრებას არ იზიარებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ პატარების დადებითი ქცევები შეუმჩნეველი არ უნდა დარჩეს. ებრაელი მშობლები შვილებს რეგულარულად აჯილდოვებენ. თუ ბავშვი დედას გაურკვეველი ფიგურებით მოხატულ ხელსახოცს საჩუქრად მიართმევს, ის მშობლისგან მოწონებას და ქებას დაიმსახურებს. დედა შვილს აუცილებლად აგრძნობინებს, რომ მას საჩუქარი ძალიან მოეწონა, რათა ბავშვის მოსაწონი ქცევა წაახალისოს.
„არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშალოთ ბავშვს სირბილი, წყალთან ურთიერთობა, ხეზე აძრომა,“ - ნინო კანდელაკი
ფსიქოთერაპევტმა ნინო კანდელაკმა ბავშვის განვითარებისთვის ზაფხულის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ბავშვი მთელი წლის მანძილზე ზაფხულის შთაბეჭდილებებით საზრდოობს:
„ზაფხული არის დღესასწაული ბავშვისთვის. ის შთაბეჭდილებები, რომელსაც ბავშვი მიიღებს ზაფხულში მთელი წელი უნდა ეყოს, ამით უნდა საზრდოობდეს მთელი წლის განმავლობაში. შემდგომ მთელი ცხოვრება ეს, როგორც რესურსი მოჰყვება ადამიანს. ბავშვს სჭირდება ბუნებასთან ურთიერთობა, შეხება, განსაკუთრებით პატარებს ხშირი შეხება, ცხოველებთან ურთიერთობა. ყველაფერი ამის საშუალება არის ზაფხულში. მოძრაობა, სირბილი სასიცოცხლოდ აუცილებელია. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშალოთ ბავშვს სირბილი, წყალთან ურთიერთობა, ხეზე აძრომა.“
ნინო კანდელაკმა მშობლებს ურჩია ბავშვებს მოძრაობაში მაქსიმალურად შეუწყონ ხელი:
„სასურველია, მშობელმა წაიღოს ჰულა-ჰუპი, სახტუნაო, ბურთი. ყველანაირი მოძრაობა საჭიროა. ამ დროს ბავშვი სწავლობს საკუთარ თავს. ზაფხული ისეთი დროა, როდესაც ბავშვს აქვს ბუნებრივად, ინსტინქტურად ისეთი მექანიზმი, რომლითაც იცავს თავს. ქართველ მშობლებს და მით უმეტეს, ძიძებს ცოტა ზედმეტად ახასიათებთ სიფრთხილე. ძიძებს ჩაბარებული ბავშვი რომ ჰყავთ, არ აძლევენ არაფრის საშუალებას ბავშვს, არ გაიქცე, არ წახვიდე, არ ჩამოხტე. ზაფხულში მაინც ცოტა თავი შევიკავოთ, რომ ბავშვმა მოსინჯოს თავისი ძალები.“
ნინო კანდელაკის თქმით, ბავშვისთვის ცხოველებთან და ბუნებასთან ურთიერთობა აუცილებელია:
„აუცილებელია ბუნებასთან და ცხოველთან ურთიერთობა. ერთი ცხოველიც რომ იყოს, თუნდაც კუ ეზოში, ისიც იმხელა რესურსს აძლევს ბავშვს. სტრესის დროს დიდისთვისაც და ბავშვისთვისაც ძალიან კარგია წყალთან ურთიერთობა და მიწაზე ფეხშიშველი სიარული. ნეგატიურ ინფორმაციას შლის წყალი. დიდი რაოდენობით უნდა დავლიოთ წყალი და ნებისმიერი წყლის პროცედურა, ეს იქნება შხაპი, მდინარეში ბანაობა თუ ა.შ. კარგია. ფეხშიშველა სიარული ბალახზე, მიწაზე ძალიან კარგია, კარგია თიხის ზელვაც.“
„ბავშვმა ყოველ ზაფხულს უნდა შეიძინოს ახალი უნარები. მან უნდა მოსინჯოს თავისი ძალები, გაიფართოვოს შესაძლებლობები, ახალ ტერიტორიაზე უნდა გავიდეს ყოველ ზაფხულს. მთელი ცხოვრება მერე ამითი უნდა მიაღწიოს მიზნებს. ვთქვათ ეშინია წყალში შესვლა, უნდა შევიდეს, პირველად ავიდეს ხეზე. ფსიქოლოგიურად გადამწყვეტია თავისუფლების ის ხარისხი, რომელიც არის ზაფხულში და არ არის ბეტონის გარემოში. ძალიან დიდ ნახტომს აკეთებს განვითარებაში ბავშვი,“ - აღნიშნულ საკითხებზე ნინო კანდელაკმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.