Baby Bag

ახალი ჭკვიანი საფენი მშობლებს გამოცვლის საჭიროების შესახებ გამაფრთხილებელ შეტყობინებას გაუგზავნის

ახალი ჭკვიანი საფენი მშობლებს გამოცვლის საჭიროების შესახებ გამაფრთხილებელ შეტყობინებას გაუგზავნის
საფენები არამხოლოდ ჩვილ ბავშვებს, არამედ საწოლს მიჯაჭვულ ან მძიმე დაავადებების მქონე ზრდასრულ ადამიანებსაც ყოველდღიურად ესაჭიროებათ. ძიძებს, მშობლებსა და მძიმე დაავადებების მქონე პაციენტების მომვლელებს ახალი ჭკვიანი საფენი შრომას მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს. მისი დახმარებით ბავშვებისა და პაციენტების მომვლელები საფენის გამოცვლის აუცილებლობის შესახებ შეტყობინებას დროულად მიიღებენ.

ბაზარზე ჭკვიანი საფენები მალე გამოჩნდება. როგორც ცნობილია, გამოცვლის საჭიროების შემთხვევაში მომვლელები მობილურზე სპეციალურ შეტყობინებას მიიღებენ. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარებმა ახალი ტიპის საფენი გამოიგონეს, რომელსაც ტენიანობის სპეციალური სენსორი აქვს მიმაგრებული. აღნიშნული სენსორის დახმარებით საფენის ტენიანობის მაჩვენებლის დადგენა მარტივდება. საჭიროების შემთხვევაში სენსორი ახლომდებარე მიმღებს სპეციალურ სიგნალს უგზავნის, რომელიც მშობლებს და მომვლელებს საფენის გამოცვლის აუცილებლობაზე მიანიშნებს.
მკვლევარებმა საფენებში საკმაოდ დაბალფასიანი სენსორი გამოიყენეს, რათა მათი შეძენა მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის შესაძლებელი იყოს. როდესაც საფენი სველდება, ის ფართოვდება და სიგნალის გამტარუნარიანობა მატულობს, რის გამოც სენსორი ახლომდებარე მიმღებს მარტივად უკავშირდება. ეს ყოველივე სპეციალური ელემენტების გამოყენების გარეშე ხდება.
მკვლევარების ინფორმაციით, სენსორის წარმოება და დამონტაჟება მხოლოდ 2 ცენტი ჯდება, რის გამოც ახალი ჭკვიანი საფენი საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასში გაიყიდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ჭკვიანი საფენები არამხოლოდ ოჯახებისთვის არის განკუთვნილი, არამედ მათ საავაადმყოფოებშიც გამოიყენებენ, სადაც მომვლელებს რამდენიმე პაციენტის ერთდროულად მოვლა უხდებათ.
ჭკვიანი საფენები ბაზარზე სიახლეს ნამდვილად არ წარმოადგენს. მშობლებს და პაციენტების მომვლელებს მსგავსი ტიპის საფენების შეძენა აქამდეც შეეძლოთ, თუმცა ბაზარზე დღემდე არსებული ჭკვიანი საფენები ძალიან ძვირადღირებულია და მათ შესაძენად საკმარისი თანხა ყველა ოჯახს არ აქვს. გარდა ამისა, ბაზარზე არსებულ ჭკვიან საფენებს სპეციალური ბლუთუზ სენსორი აქვს დამაგრებული, რომელიც რეგულარულ წმენდას და ყოველდღიურ კვების წყაროს საჭიროებს. ახალი ჭკვიანი საფენები კი ძალიან მარტივად მოსახმარი, დაბალფასიანი და პრაქტიკულია. 
მომზადებულია teche​xplorist.com-ის მიხედვით

​თარგმნა ია ნაროუშვილმა

შეიძლება დაინტერესდეთ

„მადლიერება თურმე წამალია, ადამიანი თუ მადლიერია, შეიძლება მისი ფიზიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს,“ - მარინა კაჭარავა

„მადლიერება თურმე წამალია, ადამიანი თუ მადლიერია, შეიძლება მისი ფიზიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს,“ - მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ მადლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მადლიერება ორგანიზმში ენდორფინების გამოყოფას უწყობს ხელს:

​მადლობის თქმის და მადლიერების დროს, თავის ტვინში აქტიურდება მადლიერების ცენტრი, რომელიც არის ლიმფური სისტემა. ის ჩვენს ემოციურ სფეროს აკონტროლებს. ამ დროს იწყება ენდორფინების, სიამოვნების ჰორმონის გამოყოფა. ადამიანი თუ მადლიერია, მასში ხდება ენდორფინების გამოყოფა. ამ შემთხვევაში, შესაძლოა, რომ ადამიანის ფიზიკური მდგომარეობაც კი გაუმჯობესდეს.“

მარინა კაჭარავას თქმით, მადლიერება წამალია და ის ადამიანს უკეთ ხდის:

„ბევრი მეცნიერი მიხვდა ამას, რომ მადლიერება თურმე წამალია. მე რომ მადლიერი ვარ, ჩემთვის არის კარგი და არა მისთვის, ვისი მადლიერიც ვარ. დილას ვიწყებ მადლობით და საღამოს ვამთავრებ მადლობით, იმიტომ, რომ ეს დღე მშვიდობიანად დამთავრა, ყველა სახლშია, ყველა ჯანმრთელია,მადლობა ღმერთს ამისთვის!“

„ადამიანს აქვს რესურსი.​ არასდროს არ გეძლევა ისეთი სიმძიმე, რომელსაც ვერ ასწევ. უბრალოდ იმ რესურსს ვერ პოულობ იმ კონკრეტულ სიტუაციაში, რომ ასწიო ის პრობლემა. თუ ამ რესურსს მოიძიებ, მისი აწევაც შესაძლებელია. უფალი ამ რესურსს ყოველთვის გაძლევს. ვისაც ამის არ სწამს, ადამიანურ რესურსებსაც რომ ჩაუღრმავდეს, საკუთარ თავში ძალიან ბევრს დაინახავს. ადამიანი მადლობელი უნდა იყოს ყოველდღე, რომ კიდევ ერთი დღე გათენდა,“ - აღნიშნულ საკითხებზე მარინა კაჭარავამ ტელეკომპანია „პულსის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​„პულსი“

წაიკითხეთ სრულად