Baby Bag

„არ აქვს მნიშვნელობა, რა გზა გამოიარეთ და როგორ ცხოვრობთ, ერთმანეთისგან განსხვავებულ ოჯახებს და მშობლებს ძალიან ბევრი საერთო სატანჯველი, სირთულე და ოცნება აქვთ" - ქეით მიდლტონის გულახდილი ინტერვიუ

„არ აქვს მნიშვნელობა, რა გზა გამოიარეთ და როგორ ცხოვრობთ, ერთმანეთისგან განსხვავებულ ოჯახებს და მშობლებს ძალიან ბევრი საერთო სატანჯველი, სირთულე და ოცნება აქვთ" - ქეით მიდლტონის გულახდილი ინტერვიუ
ჯოვანა ფლეტჩერთან 35 წუთიან ინტერვიუში ქეით მიდლტონმა საკუთარი ორსულობებისა და დედობის რთული გამოცდილების შესახებ გულახდილად ისაუბრა. კემბრიჯის ჰერცოგინიამ აღიარა, რომ ის გამუდმებით განიცდის დანაშაულის გრძნობას, როდესაც შვილებთან ერთად არ არის. ქეით მიდლტონის თქმით, მსგავს ვითარებაში შვილების წინაშე ნებისმიერი დედა თავს დამნაშავედ გრძნობს და ვინც ამას არ აღიარებს, ცრუობს.

კემბრიჯის ჰერცოგინიამ, რომელიც სამი შვილის დედაა, ასევე აღნიშნა, რომ მან გამოცდილი დედების, ბებიაქალების და მეცნიერების დახმარებით ძალიან ბევრი რამ ისწავლა. ქეით მიდლტონი კარგად აცნობიერებს, თუ რა ზეგავლენას ახდენს დედის ფიზიკური და ფსიქიკური სიჯანსაღე შვილების კეთილდღეობაზე.

„ის, რაც უკანასკნელი წლების მანძილზე ვისწავლე, გასაოცარია. შესაძლებლობა რომ მქონდეს, ბევრ რამეს სხვანაირად გავაკეთებდი, მათ შორის, ორსულობების დროსაც. ახლა, როდესაც ვაცნობიერებ, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ბავშვის ცხოვრების პირველ წლებს მისი შემდგომი განვითარებისთვის, ყველაფერს სხვაგვარად ვუყურებ.“ - გულახდილად აღიარა ქეითმა.

არ დაგავიწყდეთ !!!

Moms.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

ქეით მიდლტონის ინიციატივით დიდი ბრიტანეთის მასშტაბით ფართომასშტაბიანი კვლევა ტარდება სახელწოდებით: „5 მთავარი შეკითხვა ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.“ გამოკითხვა ანონიმურია და მიზნად ისახავს მშობლების მთავარი გამოწვევების გამოვლენას მცირეწლოვან შვილებთან ურთიერთობაში. ქეით მიდლტონი იმედოვნებს, რომ აღნიშნული კვლევის დახმარებით დიდ ბრიტანეთში მომავალი თაობებისთვის ბედნიერი მომავლის შექმნა შესაძლებელი გახდება.

„სამივე ორსულობის დროს ძალიან მაწუხებდა ორსულთა ტოქსიკოზი, ვერ ვიტყვი, რომ ამ მხრივ ძალიან გამიმართლა. თუმცა ბევრ ქალს გაცილებით მძიმე სიმპტომები აქვს. ორსულობის ეტაპზე ძალიან დასუსტებული და გამოფიტული ვიყავი, რაც ჩემთვის და ჩემი ახლობლებისთვის საკმაოდ სერიოზული გამოწვევა იყო.“ - აღნიშნა კემბრიჯის ჰერცოგინიამ.

საკუთარ ორსულობებზე რეფლექსიისას ქეით მიდლტონი თავის მძიმე მდგომარეობას გადაჭარბებით ნამდვილად არ აფასებს. ცნობილია, რომ მას ექიმებმა ორსულთა ჰიპერემეზისის დიაგნოზი დაუსვეს. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის განმარტებაში ვკითხულობთ: „ორსულთა ჰიპერემეზისი ძლიერი და განმეორებადი პირღებინებითა და გულისრევით ხასიათდება. როგორც წესი, მას ბევრად მწვავე სიმპტომები ახასიათებს, ვიდრე ორსულთა ტოქსიკოზს. ორსულთა ჰიპერემეზისი წონის კლებასა და დეჰიდრატაციას იწვევს.

„ჰიპერემეზისი იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც ჰიპნომშობიარობა ვცადე. მჯეროდა, რომ გონებას სხეულზე უდიდესი გავლენის მოხდენა შეუძლია. მე ყველაფერი უნდა მეცადა, რათა საკუთარი თავი მძიმე მდგომარეობიდან გამომეყვანა.“- განაცხადა ქეით მიდლტონმა. Parents.com-ის მიხედვით, ჰიპნომშობიარობა საგანმანათლებლო კურსის გავლას გულისხმობს, რომელიც მომავალ დედებს თვითჰიპნოზის ტექნიკების დასწავლაში ეხმარება. აღნიშნული ტექნიკების გამოყენებით მშობიარე ქალები ტკივილისა და შიშის დაძლევას მარტივად ახერხებენ.

საკუთარ მშობიარობაზე საუბრისას ქეითმა გულახდილად აღნიშნა: „არ გეტყვით, რომ უილიამი ჩემთან ერთად იყო და ტკბილი სიტყვებით მანუგეშებდა. მე მინდოდა, რომ ეს თავად გამეკეთებინა. ვიგრძენი, რომ ეს მნიშვნელოვანი იყო. მშობიარობის დროს მივხვდი, რომ შემეძლო ბევრი რამ გამეკონტროლებინა, რამაც უდიდესი ძალა მაგრძნობინა.“ ჰერცოგინიამ ასევე აღნიშნა, რომ მძიმე ორსულობების შემდეგ მას მშობიარობა მარტივად ეჩვენებოდა და მოსწონდა კიდეც, რადგან სირთულეების დასასრული ახლოვდებოდა.

ქეით მიდლტონმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად ცხოვრებისეული სირთულეებისა, ადამიანის საოცარი ორგანიზმი ყველაფერს უძლებს. კემბრიჯის ჰერცოგინიამ ის დაუვიწყარი წუთებიც გაიხსენა, როდესაც პატარა ჯორჯი პირველად დაიჭირა ხელში. მისი თქმით, მან და უილიამმა ბავშვის სქესი არ იცოდნენ, რის გამოც ჯორჯის დაბადება მათთვის ნამდვილი სიუპრიზი იყო. მიუხედავად დიდი ბედნიერებისა, მშობიარობას საკმაოდ სტრესული დღეები მოჰყვა. ქეით მიდლტონის თქმით, ის გაოცდა, როდესაც გაიგო, რომ ახალშობილთან ერთად საავადმყოფოს კიბეებზე სპეციალურ ფოტოსესიაში უნდა მიეღო მონაწილეობა. „ყველა ძალიან დიდ მხარდაჭერას გვიცხადებდა. მე და უილიამი ვაცნობიერებდით, რომ ადამიანებს გულწრფელად აღაფრთოვანებდათ ის, რაც ხდებოდა. ჩვენ დღემდე მადლიერები ვართ იმ თანადგომისთვის, რომელიც საზოგადოებისგან ვიგრძენით. მართალია, ეს ყველაფერი ჩვენც აღგვაფრთოვანებდა, მაგრამ ახალშობილი შვილი გვყავდა და გამოუცდელი მშობლები ვიყავით, რაც ორივესთვის სტრესული იყო.“ - აღნიშნა კემბრიჯის ჰერცოგინიამ.

ქეით მიდლტონისთვის 2013 წლის ივლისის იმ დღის გახსენება, როდესაც პრინცი ჯორჯი ქვეყანას მოევლინა, საკმაოდ ამაღელვებელია. ჰერცოგინიას თქმით, ჯორჯის დაბადების დღე საკმაოდ ქაოსური იყო, რადგან მას ერთდროულად ბევრი განსხვავებული ემოცია დაატყდა თავს. „საავადმყოფოში ყოფნა არ მინდოდა, რადგან ყველა ის დღე მახსენდებოდა, რომელიც იმავე გარემოში ცუდად ყოფნის გამო გავატარე. სახლში დაბრუნებაზე ვოცნებობდი. ცხოვრების ჩვეულ რიტმში გაგრძელება მსურდა.“ - განაცხადა ქეით მიდლტონმა.

„მე და უილიამი ვერ ვაცნობიერებდით, თუ რამდენად შეცვლიდა ჩვენს ცხოვრებას ბავშვის დაბადება. ჩვენ მშობლობისთვის აქტიურად ვემზადებოდით, მაგრამ ყველაფერი ისე არასდროს ხდება, როგორც ჩვენ ველით.“ - ღიმილით აღნიშნა კემბრიჯის ჰერცოგინიამ.

მიუხედავად იმისა, რომ ქეით მიდლტონი ძალიან ბევრ მშობელს და ექსპერტს ესაუბრებოდა ორსულობისა და მშობიარობის შესახებ, ინტერვიუში მან დარწმუნებით განაცხადა: „ყველა ორსულობა ერთმანეთისგან განსხვავებულია, არც ერთი მშობიარობა ერთმანეთს არ ჰგავს.“ ჰერცოგინიას თქმით, მშობლები შვილებთან ურთიერთობაში წინასწარ განწყობას იქმნიან და ცდილობენ ყველაფერი ისე იყოს, როგორც მათ სურთ, რაც იმედგაცრუებას იწვევს. ქეითმა აღნიშნა, რომ მშობლობის მძიმე ტვირთთან გასამკლავებლად სიმარტივე საუკეთესო გზაა. „თანამედროვე ცხოვრება ისეთი გადატვირთული და დამთრგუნველია. მე წვიმიან ამინდში ცეცხლის ყურებაც კი მამშვიდებს და განტვირთვაში მეხმარება. ყოველთვის ძალიან მიყვარდა მარტივი აქტივობები. ბავშვობაში მშობლებთან ერთად ფეხით სეირნობა ძალიან მაბედნიერებდა.“ - განაცხადა ქეით მიდლტონმა.

„უბრალო, ყოველდღიურ მოვლენებს ყველაფრის შეცვლა შეუძლია. შვილებთან ერთად დროის ხარისხიანად გატარება ძალიან მნიშვნელოვანია. აუცილებელი არ არის, რომ ყველაფერი თქვენს თავზე იტვირთოთ. მთავარია, რომ შვილებს ყურადღებით მოუსმინოთ და მათთან ერთად დაუვიწყარი დრო გაატაროთ.“ - აღნიშნა კემბრიჯის ჰერცოგინიამ.


ქეით მიდლტონის თქმით, ადამიანებისთვის ერთიანობის განცდას საოცარი ძალა აქვს. „არ აქვს მნიშვნელობა, რა გზა გამოიარეთ და როგორ ცხოვრობთ. ერთმანეთისგან განსხვავებულ ოჯახებს და მშობლებს ძალიან ბევრი საერთო სატანჯველი, სირთულე და ოცნება აქვთ.“ - განაცხადა ქეით მიდლტონმა. კემბრიჯის ჰერცოგინია სხვა მშობლებს ხშირად ხვდება, მათ ყურადღებით უსმენს და მათთან ერთად რთული გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლას აქტიურად ცდილობს. 

მომზადებულია ​today.com-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა

შეიძლება დაინტერესდეთ

ძროხის რძე მკერდის კიბოს განვითარების რისკს ზრდის - უახლესი კვლევების შედეგები

ძროხის რძე მკერდის კიბოს განვითარების რისკს ზრდის - უახლესი კვლევების შედეგები

მკერდის კიბო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დიაგნოზირებადი სიმსივნეა. ბევრ ქვეყანაში ის სიმსივნეასთან დაკავშირებული ქალთა გარდაცვალების ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია.

მართალია მკერდის კიბოს ჩამოყალიბების რისკს გენეტიკური ფაქტორები ყველაზე მეტად ზრდის, თუმცა ქალის ცხოვრების წესი, ალკოჰოლის მოხმარება და ჭარბწონიანობა მის ჩამოყალიბებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. 2020 წელს ორმა განსხვავებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ძროხის რძე მკერდის სიმსივნის განვითარების რისკ-ფაქტორია.

პირველმა კვლევამ, რომელიც 33 780 შვედ ქალს 1997 წლიდან აკვირდებოდა, აღმოაჩინა, რომ დღის განმავლობაში 300 მილილიტრი ძროხის რძის მიღება სამჯერ ზრდიდა ძუძუს კიბოს განვითარების რისკებს იმ ქალბატონებთან შედარებით, რომლებიც ძროხის რძეს საერთოდ არ სვამდნენ.

მეორე კვლევამ, რომელიც აშშ-ში ჩატარდა და რომელშიც 52 795 ქალი რვა წლის მანძილზე დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა, დაადგინა, რომ ქალებს, რომლებიც დღეში 300 მილილიტრ ძროხის რძეს იღებდნენ, მკერდის სიმსივნის განვითარების 50%-ით მაღალი რისკი ჰქონდათ იმ ქალებთან შედარებით, რომლებიც ძალიან ცოტა ძროხის რძეს მიირთმევდნენ.

​ორივე კვლევამ აჩვენა, რომ რძის მიღება გავლენას ახდენდა მხოლოდ პოსტმენოპაუზურ პერიოდში ესტროგენით სტიმულირებული ძუძუს კიბოს ჩამოყალიბებაზე.

კვლევების დიზაინის გამო, მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ რძის მიღებასა და ძუძუს კიბოს ჩამოყალიბებას შორის კავშირი არსებობს, თუმცა არ დაუდასტურებიათ, რომ ძროხის რძის მიღება მკერდის სიმსივნის გამომწვევი უშუალო მიზეზია.

ძროხის რძე ბუნებრივად შეიცავს უჯრედების ზრდისა და გაყოფის სტიმუალტორებს. აღნიშნული სტიმულატორები ორგანიზმში ზრდის ფაქტორი IGF1-ის დონის მატებას უწყობს ხელს. კვლევებით დასტურდება, რომ იმ ადამიანებში, ვისაც ზრდის ფაქტორი IGF1-ის მაღალი დონე აქვთ, მკერდის სიმსივნის განვითარების რისკი მაღალია, სწორედ ამიტომ, ძროხის რძის ჭარბი რაოდენობითი მიღება, შესაძლოა, მკერდის კიბოს განვითარების რისკს ზრდიდეს.

წყარო:​ theconversation.com

წაიკითხეთ სრულად