Baby Bag

​20 ქვეყანა, სადაც ყველაზე ბედნიერი ბავშვები ცხოვრობენ

​20 ქვეყანა, სადაც ყველაზე ბედნიერი ბავშვები ცხოვრობენ

გაეროს ბავშვთა ფონდი ყოველწლიურად იკვლევს სხვადასხვა ქვეყანაში ბავშვთა განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის პრობლემებს, ჯანდაცვის სისტემაში არსებულ ხარვეზებს. ამ და სხვა ფუნდამენტური საკითხების სისტემური კვლევებით გაეროს ბავშვთა ფონდმა იმ 20 ქვეყნის ნუსხა შეადგინა, სადაც ყველაზე ბედნიერი ბავშვები ცხოვრობენ.

1. ნიდერლანდები

სიის სათავეში ნიდერლანდები მოექცა. კვლევებით დგინდება, რომ ნიდერლანდებში ბავშვებს მაღალი ხარისხის განათლების მიღების შესაძლებლობა აქვს. ისინი ჯანსაღ სოციალურ გარემოში იზრდებიან და მატერიალური პრობლემები ნაკლებად აწუხებთ. ბავშვების ბედნიერებას ნაკლებად სტრესულ და არაკონკურენტულ სასკოლო გარემოში სწავლა განაპირობებს. ნიდერლანდებში მშობლებს საკმაოდ მოქნილი სამუშაო გრაფიკი აქვთ, რის გამოც ისინი შვილებთან დიდ დროს ატარებენ, რაც ბავშვების განწყობაზე ძალიან დადებითად აისახება. 
2. ნორვეგია
ნორვეგიელი ბავშვები სიაში მეორე ადგილს იკავებენ. გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ნორვეგიაში პატარები უსაფრთხო გარემოში იზრდებიან, მათ მატერიალური პრობლემები ნაკლებად აქვთ, განათლებაზე ხელი მიუწვდებათ, ჯანდაცვის სისტემა მოწესრიგებულად და გამართულად მუშაობს. ბავშვები სტაბილურ ოჯახებში იზრდებიან. ნორვეგიაში საკმაოდ მკაცრი ბუნებრივი პირობებია, რის გამოც იქ მცხოვრები ადამიანები ერთმანეთის გვერდით ყოფნას და მხარდაჭერას ძალიან აფასებენ. ურთიერთთანამშრომლობა და ერთმანეთზე ზრუნვა ბავშვების ბედნიერების კიდევ ერთი უმთავრესი მიზეზია.
3. ისლანდია
ისლანდია გაეროს ბავშვთა ფონდის ნუსხაში მესამე ადგილს იკავებს. ჯანდაცვისა და უსაფრთხოების დარგებში ის მსოფლიოს ქვეყნებს შორის პირველობას არავის უთმობს, თუმცა განათლების მხრივ მხოლოდ მეათე ადგილს სჯერდება. ისლანდიას მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი აქვს. ცნობილია, რომ ისლანდიელებს ძალიან უყვართ წიგნების კითხვა. ისლანდიაში ძალიან ბევრი ქალია დასაქმებული. ქალბატონებს დასაქმებაში ოჯახის წევრები ეხმარებიან. ისლანდიაში ბავშვების აღზრდაში მთელი სანათესაოა ჩართული. ერთიანობის განცდა ოჯახებს პატარების აღზრდასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში ძალიან ეხმარება.
4. ფინეთი
გაეროს ბავშვთა ფონდის ნუსხაში ფინეთი მეოთხე ადგილს იკავებს. ბავშვთა მატერიალური კეთილდღეობის თვალსაზრისით ის მსოფლიოში მეორე ადგილზეა, ხოლო განათლების კუთხით - მეოთხეზე. ფინეთის წარმატებას ამ ქვეყნის საგადასახადო სისტემის თავისებურებები განაპირობებს. მდიდრებსა და ღარიბებს სახელმწიფო გადასახადების გადახდა განსხვავებულად უხდებათ. ღარიბები გაცილებით ცოტას იხდიან, ვიდრე შეძლებული ადამიანები. ბავშვების აბსოლუტური უმრავლესობისთვის განათლება ხელმისაწვდომია. ჯანდაცვის სისტემაც გამართულად მუშაობს. ფინეთში ქალი და მამაკაცი ერთმანეთის თანასწორია. ბედნიერებისთვის სხვა რა არის საჭირო?!
5. შვედეთი
შვედეთი უსაფრთხოების მხრივ მეორე ადგილს იკავებს, ხოლო ბავშვთა განათლების კუთხით მსოფლიოში მე-11 ადგილზეა. შვედეთში სკოლებისა და ბავშვთა ჯანდაცვის დაფინანსება პრიორიტეტულია. შვედური კულტურა ბავშვების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე ზრუნვას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.
6. გერმანია
გერმანელი მშობლები ბავშვთა აღზრდას განსაკუთრებული მეთოდებით ცდილობენ. ისინი საკუთარ შვილებს რისკზე წასვლის საშუალებას აძლევენ. გერმანელ ბავშვებს ძალიან დიდი თავისუფლება აქვთ. ისინი დამოუკიდებლობას ადრეული ასაკიდანვე ეჩვევიან. გერმანია ბავშვთა ჯანდაცვაზე ძალიან დიდ ხარჯებს წევს. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბავშვთა განათლებისა და უსაფრთხოების საკითხებსაც.
7. ლუქსემბურგი
ლუქსემბურგი ბავშვთა განათლების დონით მსოფლიოს მასშტაბით გამორჩეული ქვეყანა ნამდვილად არ არის, თუმცა ბავშვთა ჯანდაცვა და უსაფრთხოება ამ ქვეყანაში საკმაოდ მაღალ დონეზეა. ლუქსემბურგი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პატარა სახელმწიფოა, თუმცა ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ქვეყნად არის მიჩნეული.
8. შვეიცარია
შვეიცარია ევროპის ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა. შვეიცარიაში გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევების მიხედვით, ბავშვებისთვის საუკეთესო საოჯახო გარემოა. ბავშვთა განათლების მხრივ შვეიცარია მსოფლიოში მხოლოდ მეთექვსმეტე ადგილს სჯერდება. აქ ჯანდაცვა ხელმისაწვდომია და მის განვითარებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან ძალიან დიდი თანხები იხარჯება. შვეიცარიის საოცარი ბუნება და თავისუფალი გარემო ბავშვობის წლების ბედნიერად და მშვიდად გატარების საშუალებას ნამდვილად იძლევა.
9. ბელგია
ბელგიელი ხალხის ბედნიერების მაჩვენებელი ძალიან ბევრი გამოკითხვით საკმაოდ მაღალია. როგორც ჩანს, ამ ქვეყანაში არამხოლოდ უფროსი ადამიანები, არამედ პატარებიც ძალიან კარგად გრძნობენ თავს. მართალია, ბელგია ევროპის სხვა სახელმწიფოებთან შედარებით არც ისე მდიდარია, მაგრამ ამ სახელმწიფოში ბედნიერი ოჯახები მრავლად გვხვდება.
10. ირლანდია
ირლანდია მატერიალური კეთილდღეობისა და ბავშვთა განათლების კუთხით მსოფლიოში მე-17 ადგილს იკავებს, თუმცა საერთო ჯამში აქ ძალიან ბედნიერი ბავშვები ცხოვრობენ. ბავშვთა ბედნიერების მაჩვენებლის მიხედვით ირლანდია მსოფლიო ქვეყნების ათეულში შედის. ირლანდიელ ბავშვებს განსაკუთრებით კარგი ურთიერთობა აქვთ მშობლებთან. ამ ქვეყანაში მოზარდები ძალიან იშვიათად ეწევიან და ძალიან ბევრს ვარჯიშობენ.
11. დანია
დანიელი ბავშვები ძალიან ბედნიერები არიან. როგორც წესი, მათ მშობლებს არასდროს აწუხებთ მატერიალური პრობლემები. დანიაში ოჯახები ბუნებაში საკმაოდ დიდ დროს ატარებენ. დანიელ მშობლებს და შვილებს ერთმანეთისადმი უდიდესი პატივისცემის გრძნობა აკავშირებთ.
12. სლოვენია
სლოვენიაში ძალიან ბედნიერი ბავშვები ცხოვრობენ. სლოვენიელი ხალხი ცდილობს მომავალი თაობა მაქსიმალურად თავდაჯერებული და დამოუკიდებელი იყოს. სლოვენია შესანიშნავი ქვეყანაა, ლამაზი ბუნებითა და შრომისმოყვარე ხალხით. აქ შობადობის კოეფიციენტი საკმაოდ დაბალია, თუმცა მშობლები საკუთარ შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნავენ და მათ მეტისმეტ ყურადღებას აქცევენ.
13. საფრანგეთი
საფრანგეთი ბავშვთა მატერიალური კეთილდღეობის, ჯანდაცვისა და უსაფრთხოების მაჩვენებლებით მსოფლიოში მე-10 ადგილს იკავებს. ფრანგი ბავშვები ადრეული ასაკიდანვე ეჩვევიან ჯანსაღად კვებას. ისინი თავისუფლები და დამოუკიდებლები არიან. ფრანგი მშობლები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ზრდილობას. ისინი შვილებს საზოგადოებაში ქცევის წესებს ადრეული ასაკიდანვე ასწავლიან.
14. ჩეხეთი
ჩეხეთში ცხოვრება საკმაოდ იაფი ჯდება. ჩეხი მშობლები სამსახურსა და ოჯახურ ცხოვრებას ერთმანეთს ძალიან მარტივად უთავსებენ. ამ ქვეყანაში ძალიან კარგი სამუშაო პირობებია. მატერიალურად უზრუნველყოფილი მშობლები, რომლებსაც შვილებისთვის საკმაოდ ბევრი დრო რჩებათ, ბავშვებს ბედნიერ და ჯანსაღ ატმოსფეროს მარტივად უქმნიან.
15. პორტუგალია
პორტუგალია უსაფრთხოების მხრივ მსოფლიოში მერვე ადგილზეა, ხოლო ბავშვთა მატერიალური კეთილდღეობის კუთხით მხოლოდ 21-ე ადგილს იკავებს. პორტუგალიაში ცხოვრების საკმაოდ კარგი პირობებია. აქ მცხოვრებ ადამიანებს ძალიან ბევრი თავისუფალი დრო აქვთ. ჯანდაცვა საკმაოდ ხელმისაწვდომია და სადაზღვევო სისტემა მოწესრიგებულად მუშაობს.
16. დიდი ბრიტანეთი
დიდი ბრიტანეთი ბავშვთა ბედნიერების მაჩვენებლით მსოფლიოში მე-16 ადგილს იკავებს. გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის შედეგებმა ბევრი ადამიანი გააოცა, რადგან ბრიტანეთი მოწინავე პოზიციებს თმობს. როგორც კვლევის ორგანიზატორები აღნიშნავენ, ბრიტანელ ხალხს პრიორიტეტად კარიერა და მატერიალური კეთიდლღეობა ესახება, რაც ცხოვრებით ტკბობის შესაძლებლობას ნაკლებად იძლევა.
17. კანადა
კანადაში ბავშვთა ბედნიერების ხარისხი განსაკუთრებით მაღალი არ არის, რის მიზეზადაც სოციალური უთანასწორობა, მშობლების მოუცლელობა და ოჯახური მიკუთვნებულობის გრძნობის ნაკლებობა სახელდება.

18. ავსტრია

ავსტრიის ყოველი 5 მოქალაქიდან მხოლოდ 1 ადამიანი თვლის თავს ბედნიერად. დიდ ქალაქებში მცხოვრები ავსტრიელები განსაკუთრებით დეპრესიულები არიან, რაც ბავშვებზეც აისახება. ავსტრიაში ჯანდაცვა ნაკლებად ხელმისაწვდომია. მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებს სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა აკლიათ. ურბანიზაციის ზრდასთან ერთად ბედნიერების ხარისხი იკლებს.
19. ესპანეთი
ესპანეთის მეცხრამეტე ადგილიც ბევრი ადამიანის გაოცებას იწვევს. სავარაუდოდ, ესპანელთა წარუმატებლობის მიზეზი გახშირებული ეკონომიკური ჩავარდნებია. ესპანეთი ვერც განათლების სისტემის სიძლიერით დაიკვეხნის. ესპანური ოჯახები სიმყარით ნაკლებად გამოირჩევიან.
20. ამერიკის შეერთებული შტატები
ამერიკის შეერთებული შტატები ვერც ბავშვთა განათლების, ვერც უსაფრთხოების, ჯანდაცვის ან მატერიალური კეთილდღეობის მაჩვენებლით პირველ ათეულში ვერ გვხვდება. ის მატერიალური კეთილდღეობის მხრივ მსოფლიოში 26-ე ადგილს იკავებს, ბავშვთა განათლების მაჩვენებლით 27-ეა, ჯანდაცვისა და უსაფრთხოების მაჩვენებლით კი მხოლოდ - 25-ე. როგორც ჩანს, ამერიკის შეერთებული შტატები ბავშვთა ბედნიერების თვალსაზრისით მსოფლიოს ლიდერებს შორის გამორჩეული ადგილის დაკავებას ჯერჯერობით ვერ ახერხებს. 

​მომზადებულია ​mom.com-ის მიხედვით

​თარგმნა ია ნაროუშვილმა