ბავშვები, რომლებიც მშობლებს მუსიკის გაკვეთილებზე რეგულარულად დაჰყავთ, ხშირად უკმაყოფილებას ღიად და დაუფარავად გამოხატავენ. როგორც წესი, პატარებს მუსიკალურ ინსტრუმენტებთან ურთიერთობა ნაკლებად ხიბლავთ და გაკვეთილებზე სიარულიც არ სიამოვნებთ. მათ არ იციან, რომ რეგულარულ ვარჯიშსა და პრაქტიკას, მათთვის უამრავი სარგებლის მოტანა შეუძლია.
თანამედროვე მკვლევარები ბავშვის განვითარებაზე მუსიკის ზეგავლენას დღემდე აქტიურად იკვლევენ. გერმანიაში ჩატარებული უახლესი კვლევებით დგინდება, რომ მუსიკა ბავშვის კოგნიტურ უნარებს 2-ჯერ მეტად ავითარებს, ვიდრე სპორტი, ცეკვა ან თეატრი. კვლევებით ასევე დასტურდება, რომ ბავშვებს, რომლებიც მუსიკის გაკვეთილებზე რეგულარულად დადიან, სკოლაში მაღალი აკადემიური მოსწრება აქვთ, ისინი გონიერები და ამბიციურები არიან. ჩვენს სტატიაში იმ უნარ-ჩვევებზე გესაუბრებით, რომელთა განვითარებაში მუსიკას უდიდესი წვლილი მიუძღვის.
• კითხვისა და ვერბალური უნარების გაუმჯობესება
უამრავი კვლევით დასტურდება, რომ მუსიკალური უნარების განვითარებასა და ვერბალური უნარების გაუმჯობესებას შორის ძლიერი კავშირი იკვეთება. ენის უკეთ აღსაქმელად ადამიანს 5 მნიშვნელოვანი უნარი ესაჭიროება: ფონოლოგიის ცოდნა, საუბრის ტონის დაბალანსება, რიტმის შეგრძნება, სმენითი მეხსიერება და ხმოვანი მოდელების დასწავლის უნარი. მოვლენების თანმიმდევრული შესწავლის საფუძველზე დადგინდა, რომ თითოეული ზემოთ დასახელებული უნარი მუსიკის გაკვეთილების დახმარებით იხვეწება და უმჯობესდება. ბავშვები, რომლებიც კითხვის დასწავლის პარალელურად მუსიკის გაკვეთილებსაც ესწრებოდნენ, გაცილებით უკეთეს შედეგებს აჩვენებდნენ, ვიდრე ის პატარები, რომლებსაც მუსიკალური ცოდნა არ ჰქონდათ. აღსანიშნავია ისიც, რომ ბავშვები, რომლებიც ხატვის ან თეატრალური ხელოვნების წრეებზე დადიოდნენ, კითხვის უნარებით თავიანთ თანატოლებს არ აღემატებოდნენ.
• დროით-სივრცითი აღქმისა და მათემატიკური აზროვნების გაუმჯობესება
მუსიკას მათემატიკასთან ძალიან ბევრი რამ აერთიანებს. ორივე მათგანი ბუნებით ერთმანეთის მსგავსია. მათემატიკური ანგარიშისთვის შკალაზე არსებული დანაყოფებისა და რიცხვთა თანმიმდევრობის აღქმა უნდა შეგეძლოთ. კვლევებით დგინდება, რომ ბავშვები, რომლებიც მუსიკის გაკვეთილებს მაღალკვალიფიციური პედაგოგებისგან იღებენ, მათემატიკურ უნარებს მნიშვნელოვნად იუმჯობესებენ. დამწყები მუსიკოსები აბსტრაქტული, დროით-სივრცითი აღქმის გაუმჯობესებას მარტივად ახერხებენ, რაც მათ მათემატიკური, არქიტექტურული, საინჟინრო და სხვა ხასიათის მრავალფუნქციური ამოცანების გადაჭრის საშუალებას აძლევს. მათემატიკური, ვერბალური და კითხვითი უნარების გაუმჯობესება ბავშვებს ნებისმიერ სფეროში წარმატების მიღწევაში ეხმარება.
• აკადემიური მოსწრების გაუმჯობესება
უახლესი კვლევებით დგინდება, რომ იმ სკოლებში, სადაც მუსიკის გაკვეთილებს სერიოზული ყურადღება ეთმობა, ბავშვები მათემატიკისა და ინგლისურის გაკვეთილებზე გაცილებით მაღალ ქულებს იღებენ, ვიდრე იმ სკოლებში, სადაც მუსიკა სერიოზულ საგნად არ მიიჩნევა. მუსიკალური განათლების მქონდე ბავშვები 20-22 %-ით მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევიან, ვიდრე ამ მხრივ ნაკლებად განვითარებული მოსწავლეები. ბავშვები, რომლებიც არჩევითი საგნებიდან უპირატესობას მუსიკას ანიჭებენ. აკადემიურ მოსწრებას მნიშვნელოვნად იუმჯობესებენ. ხოლო ის პატარები, რომლებიც სხვა თავისუფალ საგნებს ირჩევენ, ამ მხრივ მნივნელოვან წინსვლას არ განიცდიან. აღნიშნული საკითხის კვლევისას რამდენიმე კვლევა ჩატარდა. თითოეული მათგანი მუსიკის გაკვეთილებსა და გაუმჯობესებულ აკადემიურ მოსწრებას შორის ძლიერ კორელაციას ავლენდა.
• ინტელექტის კოეფიციენტის ზრდა
საოცარია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მუსიკა ემოციურ ხელოვნებად ითვლება, ის თქვენს აკადემიურ IQ-ს მეტად ამაღლებს, ვიდრე ემოციური ინტელექტის კოეფიციენტს. უამრავი კვლევით დასტურდება, რომ მუსიკოსებს ბევრად მაღალი ინტელექტის კოეფიციენტი აქვთ, ვიდრე ნაკლებად მუსიკალურ ადამიანებს. ცხადია, მუსიკის გაკვეთილებზე სიარული იმის გარანტიას ვერ მოგცემთ, რომ სხვებზე გონიერი და წარმატებული იქნებით, მაგრამ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ მუსიკის დახმარებით ინტელექტის კოეფიციენტს მნიშვნელოვნად გაიუმჯობესებთ.
• უცხო ენების მარტივად ათვისება
ბავშვები, რომლებიც მუსიკის შესწავლას ადრეული ასაკიდანვე იწყებენ ლინგვისტურ უნარებს მნიშვნელოვნად ხვეწენ. მათი ვერბალური IQ მაღლდება, ისინი გრამატიკის შესწავლისას უმნიშვნელო დეტალებსაც ამჩნევენ და იმახსოვრებენ, გარდა ამისა მათ ლექსიკონის გამდიდრებაც არ უძნლედებათ. ისინი მარტივად ითვისებენ ნებისმიერ უცხო ენას და მშობლიურ ენასაც. კოლოკვიალიზმების, გრამატიკისა და ლექსიკის მარტივად ათვისება მათ ენის შესწავლას უმარტივებს. ადამიანები, რომლებიც ბავშვობაში მუსიკას ეუფლებოდნენ, უცხო ენებს ზრდასრულობის ასაკშიც მარტივად ითვისებენ.
• მოსმენის უნარის განვითარება
მუსიკის გაკვეთილების დახმარებით ბავშვები გაცილებით მგრძნობიარე მსმენელები ხდებიან, რაც მათ ასაკის მატებასთან ერთად ძალიან დიდ დახმარებას უწევს. მუსიკის დახმარებით ადამიანები ყურადღების კონცენტრაციას ძლიერ ხმაურშიც ახერხებენ. მათ პერიფერიული ხმების არიდება და მათთვის საინტერესო საუბრის მოსმენა მარტივად შეუძლიათ. მუსიკალური განათლების მქონე პირები სასურველი ხმებისა და არსასურველი ხმაურის ერთმანეთისგან განცალკევებასა და იზოლაციას მარტივად ახერხებენ.
• ასაკის მატებასთან დაკავშირებული პრობლემების შემცირება
ასაკის მატებასთან ერთად ადამიანებს კოგნიტური უნარები ქრონიკულად უქვეითდებათ. მუსიკის გაკვეთილების დამხარებით კი მსგავსი უსიამოვნებების პრევენცია შეგიძლიათ. კვლევებით დასტურდება, რომ მუსიკა დემენციის განვითარებას მნიშვნელოვნად აფერხებს. მუსიკოსები, რომლებიც ასაკში თავიანთ საქმიანობას თავს ანებებენ, ბავშვობაში შეძენილი ცოდნისა და გამოცდილების წყალობით საგნების სახელდების, ვიზუალური მეხსიერების და სწრაფად აზროვნების უნარებს მაინც არ კარგავენ. კვლევებით დგინდება, რომ ასაკის მატებასთან დაკავშირებული პრობლემების შემცირება თუ გსურთ, მუსიკის გაკვეთილებით რეგულარულად 10 წლის მანძილზე მაინც უნდა დაკავდეთ.
• მოტორული უნარების გაუმჯობესება
ნებისმიერ მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრას თითების მოქნილობა და სიძლიერე ესაჭიროება. მუსიკის დახმარებით თქვენი მოტორული უნარები მნიშვნელოვნად უმჯობესდება. ბავშვები, რომლებიც მუსიკის შესწავლას 7 წლის ასაკამდე იწყებენ, მოტორული განვითარებით თავიანთ თანატოლებს ბევრად აღემატებიან.
• სამუშაო მეხსიერების განვითარება
მუსიკის გაკვეთილებზე სიარული სამუშაო მეხსიერებას მნიშვნელოვნად ავითარებს. რაც უფრო მეტს ვარჯიშობს ადამიანი მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრისას, მით მეტად იუმჯობესებს სამუშაო მეხსიერებას. ადამიანები, რომლებიც მუსიკით რეგულარულად კავდებიან, უკეთ აზროვნებენ, სწრაფად იაზრებენ მიღებულ ინფორმაციას და არც მისი დამახსოვრება უჭირთ. მათ ლექციების მოსმენისას სიტყვების აღქმა არ უძნელდებათ და არც სიტყვით გამომსვლელთა მიერ ნათქვამი ფრაზები რჩება მათი მეხსიერების მიღმა.
• ვიზუალურ სტიმულებზე სწრაფი რეაგირება და მათი ხანგრძლივად დამახსოვრების უნარი
სამუშაო მეხსიერების გაუმჯობესების გარდა, რომელიც მოკლევადიან მახსოვრობაზეა ორიენტირებული, მუსიკა მეხიერებას ხანგრძლივი ვადითაც გიუმჯობესებთ. მუსიკოსები, რომლებსაც 15 წლიანი პრაქტიკა აქვთ, ვიზუალურ სტიმულებზე სწრაფად რეაგირებენ და მათ დიდი ხნის მანძილზე იმახსოვრებენ. აღნიშნული სარგებლის მიღება მხოლოდ იმ მუსიკოსებს შეუძლიათ, რომლებიც ნოტების გამოყენებით უკრავენ და მათი წაკითხვის უნარი აქვთ.
6-18 წლის მოზარდებზე დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ მუსიკა დეპრესიის, შფოთვის, აგრესიისა და კონცენტრაციის პრობლემების დაძლევაში ძალიან გეხმარებათ. ის შფოთვის გაკონტროლებას უწყობს ხელს და დეპრესიის განვითარებისგანაც გიცავთ. თუ მუსიკით რეგულარულად კავდებით, შეამჩნევდით, რომ შესაშური ნერვული სისტემა გაქვთ.
• თავდაჯერების და ღირსების გრძნობის ამაღლება
უამრავი კვლევით დასტურდება, რომ მუსიკა ბავშვების თავდაჯერებასა და ღირსების გრძნობას მნიშვნელოვნად ამაღლებს. მეოთხე კლასელ მოსწავლეებზე დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ ბავშვები, რომლებიც მუსიკის გაკვეთილებს რეგულარულად ესწრებიან, გაცილებით მეტი თავდაჯერებით გამოირჩევიან, ვიდრე ის პატარები, რომლებსაც მუსიკის გაკვეთილებზე არასდროს უვლიათ. მუსიკა ბავშვებს განვითარების და თავმოყვარე პიროვნებებად ჩამოყალიბების შესაძლებლობას აძლევს, რაც მათ აკადემიურ და საზოგადოებრივ სივრცეში ადაპტაციასა და თავის დამკვიდრებაში ეხმარება.
• კრეატიული უნარების განვითარება
კრეატიულობის მეცნიერულად გაზომვა საკმაოდ რთულია, მიუხედავად ამისა, კვლევებით დგინდება, რომ მუსიკა კრეატიულობის განვითარებას უწყობს ხელს. მუსიკის შესასრულებლად ბავშვებს იმპროვიზაციის უნარი ესაჭიროებათ. კვლევებით დასტურდება, რომ მუსიკალური პრაქტიკის წყალობით ტვინის ის უბნები ვითარდება, რომლებიც ადამიანის კრეატიულ უნარებზეა პასუხისმგებელი. მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა ტვინის მარჯვენა და მარცხენა ჰემისფეროებს შორის კავშირის გაუმჯობესებასაც უზრუნველყოფს. კვლევებით ასევე დასტურდება, რომ მუსიკოსებს რთულად აღსაქმელ ტექსტებთან მუშაობაც უადვილდებათ, რადგან მათ ინფორმაციის კომბინირებისა და გაანალიზების საოცარი უნარი აქვთ.
მომზადებულია mic.com-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა
არ დაგავიწყდეთ !!!
Moms.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)