Baby Bag

6 საუკეთესო საჩუქარი თქვენი შვილებისთვის, რომელიც მატერიალურ ხარჯებთან არ არის დაკავშირებული

6 საუკეთესო საჩუქარი თქვენი შვილებისთვის, რომელიც მატერიალურ ხარჯებთან არ არის დაკავშირებული
დედები გადაღლილობის გამო ხშირად საკუთარ ცხოვრებას დაუსრულებელ გამოცდას ​ადარებენ. იმის ნაცვლად რომ ტკბილად გეძინოთ, ბავშვი ღამით ტირილს იწყებს, თქვენ კი ვერ ხვდებით როგორ მოიქცეთ. არ იცით, რა იქნება მისთვის უკეთესი. ვერ გაგირკვევიათ, უნდა მიხვიდეთ და გაართოთ თუ აცადოთ, რომ თავად დამშვიდდეს. თქვენი სკოლამდელი ასაკის შვილი გამომწვევი ქცევებით თქვენს გაღიზიანებას ცდილობს. როგორ უნდა მოიქცეთ ამ შემთხვევაში? ბავშვს სწორი ქცევის წესები ხელახლა უნდა გააცნოთ თუ არასასურველი ქცევის გამო დასაჯოთ? ამ და სხვა ამოცანების გადაწყვეტისას დედებს შიშის გრძნობა იპყრობთ. მათ არასწორი ნაბიჯის გადადგმა არ სურთ, რადგან ეშინიათ, რომ საკუთარი შვილების ფსიქიკას მნიშვნელოვნად დააზიანებენ.

დედებო, უმჯობესია დამშვიდდეთ და ზედმეტ სტრესს ერიდოთ. ყველა პატარა დრამა ბავშვის ფსიქიკაზე დამანგრევლად ნამდვილად არ მოქმედებს. თუმცა არსებობს გარკვეული ფაქტორები, რომლებიც თქვენი შვილის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. ბავშვების გაბედნიერება და მათთვის საუკეთესო საჩუქრების გაკეთება თუ გსურთ, ამისთვის არა დიდი თანხების დახარჯვა, არამედ მეტი სითბოსა და ყურადღების გამოჩენა დაგჭირდებათ.

• ბავშვის უნარები და შესაძლებლობები უნდა აღიაროთ

კარგი დედები ბავშვის თვითშეფასების გაზრდის ნამდვილი ექსპერტები არიან. ისინი მათ თბილი სიტყვებით, კომპლიმენტებითა და გამამხნევებელი ფრაზებით ანებივრებენ. თუმცა ეს ყველაფერი არ არის, რისი გაკეთებაც თქვენი შვილისთვის შეგიძლიათ. ბავშვის უნარებისა და შესაძლებლობების აღიარება თუ გსურთ, მას გამოწვევებთან გამკლავების საშუალება უნდა მისცეთ. თქვენი შვილი სირთულეებს დამოუკიდებლად უნდა გაუმკლავდეს. ბავშვები, რომლებიც დამოუკიდებლობას ეჩვევიან, გაცილებით გამბედავები არიან. მათ სიახლეები ნაკლებად აშინებთ და რისკზე წასვლას არასდროს გაურბიან. როგორც წესი, ისინი ეფექტურად აგვარებენ პრობლემებს და ამ უნარს არც ზრდასრულობისას კარგავენ.

თქვენი შვილისთვის სიკეთის გაკეთება თუ გსურთ, მას მეტი თავისუფლება მიეცით. როდესაც ხედავთ, რომ ბავშვს საშინაო დავალების შესრულება უძნელდება ან დაშლილი სათამაშოს აწყობას ვერ ახერხებს, მის დახმარებას ნუ იჩქარებთ. ბავშვს საკუთარი პრობლემის მოგვარების შესაძლებლობა მიეცით. როდესაც თქვენი 4 წლის შვილი ღელავს, რადგან მისი სათამაშო სატვირთო მანქანა ქვიშის ზიდვას ვერ ახერხებს, იმის ნაცვლად, რომ მანქანიდან ზედმეტი ქვიშის გადმოტვირთვა სცადოთ, ბავშვს სასარგებლო რჩევა მიეცით. უთხარით თქვენს შვილს, რომ მანქანაში არსებული ტვირთის შემსუბუქება, შესაძლოა, პრობლემის მოგვარებაში დაეხმაროს.

მართალია, ბავშვის შექებაში ცუდი არაფერია, მაგრამ მხოლოდ კომპლიმენტებით მას თავს დამოუკიდებელ და ძლიერ ადამიანად ვერ აგრძნობინებთ. თუ ხედავთ, რომ თქვენი შვილი ქვიშის მაღალ კოშკებს აგებს, იმის ნაცვლად, რომ მისი შედევრები დაუსრულებლად ადიდოთ, ბავშვს საინტერესო კითხვები დაუსვით. ჰკითხეთ თქვენს შვილს, როგორ მოახერხა მაღალი კოშკის იმგვარად აგება, რომ მისი მთლიანობის შენარჩუნება შეძლო.

ბავშვს აუცილებლად უნდა აუხსნათ, რომ ახალი წამოწყებები ყოველთვის წარმატებით არ სრულდება, მაგრამ მიზნის მისაღწევად ბრძოლა აუცილებელია. თქვენმა შვილმა უნდა იცოდეს, რომ წარმატებული ადამიანები არასდროს ნებდებიან. ბავშვს შეცდომების დაშვების არ უნდა ეშინოდეს. აუხსენით თქვენს შვილს, რომ ადამიანები სწორედ შეცდომების წყალობით იძენენ ახალ ცოდნას.

• ბავშვს თქვენი ღირებულებები და ფასეულობები უნდა გაუზიაროთ

თქვენს მეუღლესთან ერთად განსაზღვრეთ, თუ რა ფასეულობების მიხედვით გსურთ თქვენი შვილების აღზრდა. სიკეთე, ტოლერანტობა, პასუხისმგებლობა, გულწრფელობა და სიმტკიცე ის უმთავრესი თვისებებია, რომლებიც ბავშვს უნდა განუვითაროთ. იმისთვის, რომ თქვენი შვილი ღირსეულ ადამიანად აღზარდოთ, მას ღირებულებებზე კი არ უნდა ესაუბროთ, ამ ღირებულებების მიხედვით უნდა იცხოვროთ. ტელევიზორის ყურებისას თქვენი შვილების თანდასწრებით შეაქეთ ფილმის ის პერსონაჟები, რომლებიც ღირსეულად იქცევიან. თქვენს მეუღლეს ხმამაღლა ესაუბრეთ ამა თუ იმ გმირის მოსაწონ ქცევაზე. თუ ფილმის რომელიმე პერსონაჟი სხვა ადამიანს თავის საკვებს უწილადებს, თქვენს შვილს აუხსენით, რომ ის მისაბაძ ქცევას ახორიელებს, რადგან ქველმოქმედი და ხელგაშლილი ადამიანია. მშობელი ბავშვისთვის მთავარი როლური მოდელია, რის გამოც მათი თანდასწრებით არაგულწრფელი ქცევა არ უნდა გამოავლინოთ. თუ თქვენი შვილი ხედავს, რომ ნათესავებთან ვიზიტის თავიდან ასაცილებლად ცრუობთ, ის თქვენგან ცუდ მაგალითს იღებს.

• დააკვირდით თქვენს სიტყვებსა და საუბრის ტონს

რიგ შემთხვევებში წონასწორობის შენარჩუნება ყველაზე მომთმენ და მოსიყვარულე მშობლებსაც კი უჭირთ. თუ თქვენს შვილზე ბრაზდებით, ეცადეთ თავი მაქსიმალურად შეიკავოთ. მასთან ისე უნდა ისაუბროთ, როგორ თქვენს მეგობართან ისაუბრებდით. ბავშვს თავი თქვენს თანასწორად აგრძნობინეთ. როგორც წესი, მსგავს შემთხვევაში ბავშვები გაცილებით ყურადღებით გისმენენ და თქვენთან საუბარი სიამოვნებას ანიჭებთ. თუ თქვენს შვილთან გულახდილად და მეგობრულად ისაუბრებთ, ის რჩევისთვის თავადვე მოგმართავთ. თქვენი შვილები მომავალში სწორედ ისე დაგელაპარაკებიან, როგორც თქვენ ელაპარაკებით მათ. მოვლენები ბავშვის პერსპექტივიდან უნდა დაინახოთ. თუ თქვენი შვილი თავის საყვარელ სათამაშოს ვერ პოულობს, მას მხარდაჭერა უნდა გამოუცხადოთ. იმის ნაცვლად, რომ ბავშვს უკმაყოფილოდ უთხრათ: „ოჰ, დამშვიდდი, შენი სათამაშო არსად დაიკარგება,“ უმჯობესია დაკარგული ნივთის ძებნა მასთან ერთად დაიწყოთ, რათა იგრძნოს, რომ თქვენ მისი განსაცდელი გულთან ახლოს მიგაქვთ და მის სატკივარს იზიარებთ.

• მეუღლესთან ურთიერთობას მეტი დრო დაუთმეთ

მზრუნველი მშობლები ბავშვებს თავს უსაფრთხოდ და დაცულად აგრძნობინებენ. თუ თქვენი შვილები მოულოდნელად კონცის დროს შემოგისწრებენ, მათ თბილად და მეგობრულად გაესაუბრეთ. ამ გზით ბავშვებს სამომავლოდ ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში დაეხმარებით. მეუღლესთან ურთიერთობას ყოველდღიურად გარკვეული დრო დაუთმეთ. ბავშვების დაძინების შემდეგ 15 წუთი მაინც უნდა გქონდეთ ერთმანეთთან სასაუბროდ. თქვენს მეუღლესთან ერთად სახლიდან მარტო ხშირად უნდა გახვიდეთ. შეყვარებულობა გაიხსენეთ და პაემნები მოიწყვეთ. ბავშვები იგრძნობენ, რომ თქვენ ერთად ყოფნა ძალიან გსიამოვნებთ. ბავშვების ჯანსაღი მომავლისთვის ბედნიერ ოჯახში ცხოვრება აუცილებელია. თუ თქვენ ქორწინებაში უბედური ხართ, ეს თქვენი შვილის ფსიქიკაზე დამანგრევლად მოქმედებს. უმჯობესია, თუ შვილების თანდასწრებით მეუღლესთან არასდროს იჩხუბებთ, მაგრამ თუ მსგავსი რამ მოხდება, მათივე თანდასწრებით უნდა შერიგდეთ. ამგვარად, ბავშვები იგრძნობენ, რომ თქვენი ურთიერთობა მყარია, რის გამოც ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვა შეგიძლიათ.

• სტრესთან გამკლავება ისწავლეთ

ბავშვები სირთულეებთან გამკლავებას თქვენგან სწავლობენ. ისინი გაკვირდებიან და ყველაფერს ამჩნევენ. მათ აინტერესებთ, როგორ აგვარებთ პრობლემებს და როგორ ამარცხებთ შიშს. თუ ბავშვი ხედავს, რომ მშობლები დაბრკოლებების გადალახვას წარმატებით ახერხებენ და ნებისმიერი სახის ზეწოლას უძლებენ, მას დაცულობის და სიმშვიდის განცდა ეუფლება. მისთვის სახლი მყუდრო ადგილად იქცევა, სადაც თავს უსაფრთხოდ იგრძნობს. თქვენ დროის სწორად გადანაწილება უნდა ისწავლოთ. თუ ბავშვი ექსკურსიაზე მიდის და მას საგზლისთვის გემრიელი მაფინების გამოცხობას დაპირდით, მიცემული პირობა ზედმეტი ალიაქოთის გარეშე უნდა შეასრულოთ. დრო ისე გადაანაწილეთ, რომ ექსკურსიის წინა დღე თავისუფალი გქონდეთ, რათა მაფინების გამოცხობა მარტივად და აუღელვებლად შეძლოთ. თუ ზაფხულში ოჯახთან ერთად დასასვენებლად წასვლას გეგმავთ, თანხის შეგროვებაზე წინასწარ იზრუნეთ. დანაზოგის შესაგროვებლად თანხები რაციონალურად გადაანაწილეთ. ბავშვებმა არ უნდა იგრძნონ, რომ მათთან ერთად დასასვენებლად წასვლა თქვენთვის სერიოზულ ფინანსურ გამოწვევას წარმოადგენს.

ზედმეტი სტრესის თავიდან ასაცილებლად სახლი ყოველთვის წესრიგში უნდა გქონდეთ, რათა ნივთების ძებნაში დიდი დრო არ დაგეხარჯოთ. თუ სამსახურითა და ბავშვებზე ზრუნვით მეტისმეტად გადაიღლებით, რელაქსაციის ტექნიკები გამოიყენეთ. შეგიძლიათ იოგას გაკვეთილებზე სიარული დაიწყოთ, სუნთქვით ვარჯიშებს მიმართოთ ან პროფესიონალ ფსიქოლოგს გაესაუბროთ. ცხადია, ისიც უნდა გახსოვდეთ, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ვგეგმავთ. თქვენი შვილისთვის ყურადღების დათმობა თუ გსურთ, საკუთარ პრობლემებზე ზედმეტად ბევრს ნუ იფიქრებთ. სტრესს აუცილებლად უნდა გაუმკლავდეთ, რადგან ბავშვის ჯანსაღად აღზრდისთვის სიმშვიდე და ენერგია გესაჭიროებათ.

• ხშირად აკოცეთ თქვენს შვილს და ნურც სასიამოვნო სიტყვების თქმა დაგენანებათ

უამრავი კვლევით დასტურდება, რომ ბავშვები, რომლებსაც მშობლები სათუთად ეპყრობიან, მეტად თავდაჯერებულები და ძლიერები არიან, ვიდრე ისინი, ვისაც მშობლის მხრიდან სითბო და ყურადღება აკლია. როდესაც ბავშვს ეფერებით, მის ორგანიზმში დიდი რაოდენობით სიყვარულის ჰორმონი გამომუშავდება, რაც მას უარყოფით მოვლენებთან და შეგრძნებებთან გამკლავებაში ძალიან ეხმარება. ბავშვს ყოველდღიურად უნდა უთხრათ, რომ ის ძალიან გიყვართ. შვილი სკოლაში ყოველთვის თბილი სიტყვებით უნდა გააცილოთ და დაძინების წინაც აუცილებლად უთხარით: „მე შენ მიყვარხარ.“ ზამთრის ცივ დღეებში ბავშვთან ერთად თბილ პლედში გაეხვიეთ და მისი საყვარელი წიგნები წაიკითხეთ. როდესაც თქვენი შვილი სადმე მიდის, აუცილებლად უთხარით, რომ მოგენატრებათ და ერთი სული გაქვთ, როდის დაგიბრუნდებათ.

ბავშვი დილით მოფერებითა და კოცნით უნდა გააღვიძოთ. ხშირად ჩაეხუტეთ თქვენს შვილებს და მათთან ერთად ბევრი იცინეთ. გახსოვდეთ, რომ მსგავს სიამოვნებას ცხოვრებაში სხვა ვერაფერი მოგანიჭებთ. 

მომზადებულია parents.com-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა 

შეიძლება დაინტერესდეთ

,,აივ-ინფიცირებული ვარ, მყავს სამი სრულიად ჯანმრთელი შვილი და ახლა მეოთხე ბავშვს ველოდები'' - 37 წლის თამუნა გახოკიძე

,,აივ-ინფიცირებული ვარ, მყავს სამი სრულიად ჯანმრთელი შვილი და ახლა მეოთხე ბავშვს ველოდები'' - 37 წლის თამუნა გახოკიძე

37 წლის თამუნა გახოკიძე ერთადერთი ქალია საქართველოდან, რომელიც ღიად აივ-ინფიცირებულია. წაიკითხეთ მისი ისტორია, რომელსაც თავად ჰყვე​ბა:

„მე ვარ ერთადერთი ქალი საქართველოში, რომელიც ღიად აივ-ინფიცირებული ვარ. 12 წელია ამ დიაგნოზთან ერთად ვცხოვრობ. მყავს სამი სრულიად ჯანმრთელი შვილი და ახლა მეოთხე ბავშვს ველოდები. ჩემი ოცნება იყო ყოველთვის, მყოლოდა ბევრი შვილი და ბედნიერი ვარ, რომ ეს ოცნება ავიხდინე.

2008 წლის დეკემბერში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, დაკავებიდან მეოთხე წელს გავიგე, რომ აივ-ვირუსით ვიყავი ინფიცირებული.

მანამდე, 2001 წელს, როცა პირველ შვილზე ვიყავი ორსულად, ჩამიტარდა ორსულთათვის სავალდებულო აივ-ტესტი და პასუხი უარყოფითი იყო. დაკავების შემდეგ, ყოველ წელს მიტარდებოდა ტესტირება არა მარტო აივ-ვირუსზე, არამედ B და C ჰეპატიტზე და ყოველ ჯერზე უარყოფითი პასუხი მოდიოდა. მხოლოდ 2008 წლის ნოემბერში გაკეთებულმა ტესტმა დაადასტურა, რომ ვირუსით ინფიცირებული ვიყავი. ამ დიაგნოზისთვის სულ ორი სარისკო ქცევა მქონდა ციხეში: ერთი, როცა ბრმა ნაწლავის ოპერაცია გამიკეთეს და "არამიანცის" კლინიკაში გადამიყვანეს და მეორე, როცა გართულებული კბილის ამოსაღებად ქირურგიული ჩარევა დამჭირდა და ციხის „ერბეში“ წამიყვანეს. მაინც მგონია, რომ სწორედ აქ დავინფიცირდი. ჩემს მიყვანამდე, სტომატოლოგს ეჯდა პაციენტი - პატიმარი კაცი, რომელიც ჩემი შემოსვლისთანავე საჩქაროდ გაიყვანეს, რადგან არ შეიძლებოდა ქალი და კაცი პატიმრების ერთ სივრცეში მოხვედრა. ალბათ, იქ მოხდა შეცდომა, შესაძლოა, იარაღები აერია ექიმს. ამ ამბიდან 1 წლის თავზე გავიგე ჩემი დიაგნოზი.

იმ დროს 25 წლის ვიყავი.

„თუ მკურნალობას დაიწყებ და თავს კარგად მიხედავ, 10 წელი იცოცხლებ“. „ბავშვების გაჩენა დაივიწყე, ისინიც შენნაირად დაინფიცირებული გაჩნდებიან“ . „ისინი მხოლოდ 3 წელი იცოცხლებენ“. ამ მითებით მაცხოვრეს ექიმებმა საპატიმროში. მთელი დღეები ეს „დარჩენილი 10 წელი“ მიტრიალებდა თავში. კადრებივით გადიოდა წარსული, თუ რა ვიცხოვრე და მომავალი, თუ რა დამრჩა, რას მოვასწრებ. რადგან დამარწმუნეს, რომ შვილის გაჩენას ვეღარასდროს შევძლებდი, ვფიქრობდი, როცა საპატიმროს დავტოვებდი, ბავშვს ვიშვილებდი. მაგრამ ჩემი ბიოგრაფიით ამას ვერასდროს შევძლებდი და ეს ოცნებაც დავივიწყე. დაღამების მეშინოდა, მინდოდა, დიდი ხანი ვყოფილიყავი მღვიძარე. გათენებისაც მეშინოდა იმიტომ, რომ ვფიქრობდი, ეგებ მეორედ აღარ დაღამებულიყო ჩემთვის. ასე ვიჯექი გისოსებიან ფანჯარასთან და ვუყურებდი, როგორ თენდებოდა. მინდოდა, კიდევ ბევრჯერ მომესწრო გათენების ნახვა. ფსიქოტროპული წამლები დამინიშნეს, რომ არ შევრყეულიყავი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ეს მედიკამენტები უფრო მეტად დამოკიდებულს მხდიდა. ამიტომ, გადავწყვიტე, ჩემი თავი რამენაირად ხელში ამეყვანა და გავძლიერებულიყავი. ამისთვის 3 თვე დამჭირდა.

გადავწყვიტე, ჩემი დიაგნოზი იმ ქალებისთვის გამენდო, ვისთანაც შეხება მქონდა. შემეძლო საკუთარი კონფიდენციალობა დამეცვა, მაგრამ არ მინდოდა, მათი ჯანმრთელობა დამეყენებინა რისკის ქვეშ. ვუთხარი, რომ არ მეწყინებოდა, თუ მომერიდებოდნენ. ზუსტად ნახევარ საათში მთელმა დაწესებულებამ იცოდა ჩემი დიაგნოზის შესახებ. უფრო მეტად ადმინისტრაციისგან იგრძნობოდა არაკეთილგანწყობა. ესეც სტიგმის ბრალია. ადამიანები დღემდე ტოლობის ნიშანს სვამენ შიდსის დიაგნოზსა და ე.წ. გარყვნილი ქმედებისგან მიღებულ სასჯელს შორის. არაერთხელ უთქვამთ დამცინავად, წასულიყავი აფთიაქში და დაგეცვა თავიო. არადა, ზუსტად მათ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დავინფიცირდი მათივე თანამშრომლის დაუდევრობით, რისგანაც არავინაა დაცული. თუმცა იყვნენ ისეთი თანამშრომლებიც, ვისაც გულთან ახლოს მიჰქონდა ჩემი მდგომარეობა და მამხნევებდნენ. თითქმის ბავშვი ვიყავი, იქ რომ მივედი.

21 წლის დამიჭირეს.

არ ვიცი, რა გითხრათ. ალბათ, სამართლიანი იყო პასუხი მეგო იმისთვის, უფლისგან ნაჩუქარი სიცოცხლე ვიღაცას რომ წავართვი. მე, როგორც ადამიანს, არ მქონდა ამის უფლება. მეორეს მხრივ, რომ არა ის რაღაც „შამფურისმაგვარი რკინა“, როგორც განაჩენშია მოხსენებული, რომელიც იქვე ეგდო, დღეს მე არ ვიქნებოდი ცოცხალი. თავი დავიცავი იმ ადამიანისგან, რომელიც წლების განმავლობაში სისტემატურად ძალადობდა ჩემზე. ათგზის ტვინის შერყევა, ხერხემლის დაზიანება, ყბის მოტეხილობა, სისხლჩაქცევები - ეს იმ დაზიანებების ჩამონათვალია, რომელიც ამ ძალადობის შედეგად მქონდა. ძალადობისგან თავს ვერ ვიცავდი, რადგან არანაირი საკანონმდებლო მექანიზმი არ არსებობდა იმ დროისთვის და მეც ვითმენდი ამ ყველაფერს, რომ ცოცხალი მაინც დავრჩენილიყავი.

განზრახ მკვლელობის მუხლით გამასამართლეს. მე ჩემი ქმარი მოვკალი. 6 წელი მომისაჯეს. წელიწადნახევარი მობილურის პოვნისთვის დამიმატეს. კიდევ წელიწადნახევარი, 2009 წლის ე.წ. "ციხის ბუნტში" მონაწილეობისთვის.

ჩემი ოჯახის, მშობლების და ძმების მხარდაჭერა მაძლებინებდა ციხეში. ერთადერთი, რაც მიჭირდა, ის იყო, რომ არ მქონდა საშუალება, შვილი მენახა. შუშის მიღმა კი შვილის მოფერება ძალიან რთულია. იმ დროს ბებია-ბაბუაც ცოცხალი მყავდა. ბაბუა პენსიის ნახევარს მირიცხავდა, რომ ციხეში არაფერი მომკლებოდა. თუმცა ჩემი გამოსვლისთვის არცერთი დამხვდა ცოცხალი.

ძალიან გამიჭირდა ოჯახისათვის ჩემი დიაგნოზის შესახებ თქმა. ძალიან დაბალი იყო მათი ცნობიერება, მათაც მითების სჯეროდათ, რომ თითქოს ეს დიაგნოზი მხოლოდ ნარკომომხმარებლებს და სექს-მუშაკებს ჰქონდათ. ვიცოდი, გაუჭირდებოდათ აღქმა. ერთ დღეს, ციხის ადმინისტრაციას შიდსის შესახებ ბროშურები გამოვართვი და მამას ვთხოვე ერთ-ერთ პაემანზე, სახლში მისვლისას წაეკითხა. საღამოს დავურეკე და მოვიკითხე. წაკითხვით კი წაეკითხა, მაგრამ მაინც ვერ გაიგო, ამით რისი თქმა მსურდა. პირდაპირ ვუთხარი, რომ აივ-ინფიცირებული მე თავად ვიყავი. გაშეშდა, ვეღარ ლაპარაკობდა. დედას უფრო მძაფრი რეაქცია ჰქონდა. პაემანზე ისე ტიროდა, საკუთარ პანაშვიდზე მეგონა თავი. ასეთ დროს ხომ თითოეული ადამიანის რეაქცია განადგურებს. საბოლოოდ, შეეგუვნენ ჩემს დიაგნოზს და მიხვდნენ, რომ ეს არ არის სასიკვდილო განაჩენი.

ციხიდან 2012 წლის 10 ნოემბერს გამოვედი. გამოვედი ორმაგი სტიგმით - ვიყავი ნასამართლევი და აივ-ინფიცირებული. ფაქტობრივად, მეორე დღესვე დავიწყე მკურნალობა. მაშინდელი პროტოკოლით, მკურნალობას მხოლოდ ის პაციენტები ექვემდებარებოდნენ, რომლებსაც იმუნიტეტი 250-ზე დაბალი ჰქონდათ, ამიტომ ციხეში მკურნალობის რეკომენდაცია არავის მოუცია. ახლანდელი პროტოკოლით, მკურნალობას ექვემდებარება ყველა, ვისაც კი ეს დიაგნოზი დაუდასტურდება, რომ არ მოხდეს გართულება და აივ-ინფექციის უფრო მძიმე სტადიაში, შიდსში გადასვლა. მკურნალობის დასაწყისში მქონდა ინფორმაცია გვერდითი მოვლენების შესახებ, მაგრამ ეს ვერ გახდებოდა მკურნალობაზე უარის თქმის მიზეზი. მე მინდოდა სიცოცხლე და მინდოდა სიცოცხლე კიდევ სხვებისთვის მეჩუქებინა. ხანგრძლივი მკურნალობის შედეგად, ჩემი ვირუსი სუპრესირდა, ანუ განულდა, იმუნიტეტის დონემ აიწია. ამის შემდეგ კიდევ 2 შვილი გავაჩინე, ორივე ჯანმრთელი. ახლა მეოთხეს ველოდები.
ყოველი მაისის ბოლო კვირა შიდსით გარდაცვალებულთა ხსენების დღეა. ამ დღეს ასოციაცია „ბროწეულთან“ ერთად აღვნიშნავთ. სიმბოლურად, ბროწეული სისხლის წვეთს გულისხმობს. გვინდა, ხალხმა გაიგოს, რომ ჩვენ, აივ-ინფიცირებულები არ ვართ გასარიყი ადამიანები. ჩვენი დიაგნოზი არ არის სასიკვდილო განაჩენი და საფრთხის შემცველი სხვებისთვის. ის ახლა მკურნალობას ექვემდებარება და მასთან ერთად ცხოვრება, ისევე როგორც სხვა ქრონიკულ დაავადებასთან, შესაძლებელია.

„არავინ დატოვო სამედიცინო სერვისების მიღმა“ - ეს სლოგანი ჩვენი კამპანიის მთავარი მოწოდებაა. არსებული სტიგმის გამო, აივ-ინფიცირებულებს ხშირად უარს ეუბნებიან სამედიცინო მომსახურებაზე. ექიმებშიც კი დაბალი ცნობიერებაა ამ ინფექციის მიმართ. ვირუსზე მკურნალობას კი აფინანსებს სახელმწიფო პროგრამები, მაგრამ თავად შიდსის ცენტრი სულ ოთხია ქვეყანაში, არ არის საკმარისი. ცენტრში სამკურნალოდ მისული პაციენტების კონფიდენციალურობა ირღვევა, რადგან წამლის მისაღებად რიგში დგომისას, უამრავი ნაცნობი შეიძლება შეგხვდეს და შენი დიაგნოზის შესახებ ინფორმაცია სწრაფად გავრცელდება. რეგიონებში განსაკუთრებით მწვავედ დგას ეს პრობლემა და ამის გამო ბევრი ადამიანი წყვეტს მკურნალობას. ასევე, პრობლემაა ის, რომ აღმოსავლეთ საქართველოში მხოლოდ თბილისშია ასეთი ცენტრი და რეგიონებიდან დიდი მანძილის გავლა უწევთ პაციენტებს. ამიტომ აუცილებელია, მუნიციპალურ ამბულატორიებს ჰქონდეთ ტესტირებისა და მკურნალობის შესაძლებლობა. პაციენტებს უნდა ჰქონდეთ არჩევანის შესაძლებლობა - პოლიკლინიკას მიმართოს თუ ინფექციურ დაწესებულებას. ახლა ამის შესაძლებლობა არ არსებობს. ძალიან ცუდ მდგომარეობაშია შიდსის ცენტრი თბილისში. ეს ცენტრი ავერსის კლინიკის ბაზაზეა და ყურადღებას არავინ აქცევს. აქ ისეთი ანტისანიტარიაა, რომ პრაქტიკულად, სტაციონარული მკურნალობა პაციენტებისთვის გაუსაძლისია.

ჩვენი კამპანიის გზავნილიც ესაა სახელმწიფოსთვის, რომ ყურადღება მიაქციოს აივ-ინფიცირებულებს და უზრუნველყოს მათთვის ღირსეული სამედიცინო სერვისები და ამ სერვისებზე ხელმისაწვდომობა მუნიციპალურ დონეზე.

ჩემმა ახალმა ოჯახმა ჩემი დიაგნოზის შესახებ ყველაფერი იცის. ჩემი შვილები, მიუხედავად იმისა, რომ პატარები არიან, ჩართული არიან ჩემი მკურნალობის პროცესში. აივ-ინფექციაზეც საკმაოდ ბევრი ინფორმაცია აქვთ და იციან გადადების გზებისა და მკურნალობის აუცილებლობის შესახებ. თავადაც კი მეხმარებიან, რომ წამლის დალევა არ დამავიწყდეს და კიდევ მრავალი წელი ვიყო მათთან ერთად.“

ავტორი: მაიკო ჩიტაია
ფოტო: გედა დარჩია

წაიკითხეთ სრულად