Baby Bag

ბევრი სათამაშო ბავშვის განვითარებას აბრკოლებს

ბევრი სათამაშო ბავშვის განვითარებას აბრკოლებს
ბავშვებისთვის სათამაშოების ყიდვისას მშობლები ზომიერების გრძნობას ხშირად ​კარგავენ. ყველაფერი კი უმანკო და უწყინარი სურვილით იწყება: თქვენი შვილი გიყვართ, მისთვის სიხარულის მინიჭება გინდათ, რის გამოც მას სათამაშოებით ხშირად ანებივრებთ. ერთ დღეს კი აღმოაჩენთ, რომ ბავშვის ოთახში ოქროსთმიან ბარბებსა და ასაწყობ კუბიკებში მუხლებამდე ჩაფლული დგახართ. თქვენს შვილს სათამაშოებით გართობა დიდი ხანია მობეზრდა, სახლში სრული განუკითხაობა სუფევს და რაც მთავარია, ბედნიერი არავინაა. თუ აღნიშნული პრობლემის წინაშე დგახართ, მარტო არ ხართ.

მშობლების უმეტესი ნაწილი ბავშვისთვის იმაზე მეტ სათამაშოს ყიდულობს, ვიდრე საჭიროა, რაც ძალიან დიდი შეცდომაა. რაც უფრო მეტი სათამაშო აქვს ბავშვს, მით ნაკლებად არის ის თამაშის განწყობაზე. ბავშვებს არჩევანის გაკეთება არ უყვართ. ისინი სწრაფად იღლებიან. ვერ გადაუწყვეტიათ, რომელ სათამაშოს მიანიჭონ უპირატესობა, საბოლოოდ კი თამაშის სურვილი უქრებათ. თანამედროვე სამყაროში იაფფასიანი პლასტმასის სათამაშოების სიუხვემ ბავშვები პასიურ მოთამაშეებად აქცია. პატარები თოჯინებთან ერთად თამაშის ნაცვლად მათი ყურებით ერთობიან. სათამაშოები, რომლებიც თავად მოძრაობენ, მღერიან და ცეკვავენ, ბავშვს თამაშში ჩართვის სურვილს უკარგავს. პატარები თავიანთი თოჯინებისგან ჯადოსნურ სანახაობებს ელიან. როგორც წესი, პასიურ დამკვირვებლად ყოფნა ბავშვს ძალიან მალე ბეზრდება. 5 წუთის შემდეგ ახალი სათამაშო მას მოძველებულად და მოსაწყენად ეჩვენება. უკეთეს შემთხვევაში თოჯინა თავის ყუთს უბრუნდება, უარეს შემთხვევაში კი ბავშვი მას იატაკზე დაანარცხებს და სამუდამოდ დაივიწყებს.

თანამედროვე მშობლები აღნიშნული ვითარებიდან თავის დაღწევის მიზნით ცდილობენ ბავშებისთვის რაც შეიძლება ცოტა სათამაშო შეიძინონ. მთავარია, სათამაშო, რომელსაც თქვენი შვილისთვის ყიდულობთ ხარისხიანი იყოს. თუ გსურთ, რომ თქვენს შვილს სიცოცხლის ხალისი დაუბრუნდეს და თოჯინებით თამაში ახარებდეს, ჩვენს სტატიაში შემოთავაზებულ საინტერესო და სასარგებლო რჩევებს ყურადღებით გაეცანით.

ბავშვის ოთახი ზედმეტი სათამაშოებისგან გაათავისუფლეთ

თუ გსურთ, რომ თქვენი შვილის სათამაშო ოთახი მოაწესრიგოთ, პირველ რიგში მისი ოთახიდან ის სათამაშოები უნდა გაიტანოთ, რომლებიც ბავშვს აღარ სჭირდება. თუ თქვენმა შვილმა წერა-კითხვა უკვე იცის, სათამაშო ანბანი ან სპეციალური ხმოვანი თოჯინები, რომლებიც ბავშვს ბგერების ათვისებაში ეხმარება, აღარ დაგჭირდებათ. მოზრდილ ბავშვს ღძილის მასაჟორები და საჩხრიალო სათამაშოებიც აღარ დააინტერესებს. ყველაფერი, რაც ზედმეტია, ოთახიდან აუცილებლად გაიტანეთ. თოჯინები, რომლებიც ბავშვის განვითარებისთვის გამოსადეგი აღარ არის, ოთახში სივრცეს ამაოდ იკავებს. თუ მეხსიერების გასავითარებელი სათამაშოების ბევრი ვარიაცია გაქვთ, მათ შორის ყველაზე განსაკუთრებული შეარჩიეთ, დანარჩენები კი ოთახიდან გაიტანეთ.

გატეხილი სათამაშოები, ფაზლები და კუბიკები, რომლებიც თქვენს შვილს აღარ მოსწონს, მის ოთახში არ უნდა დატოვოთ. როდესაც ყველა არასაჭირო სათამაშოს დაემშვიდობებით, ოთახში დარჩენილ სათამაშოებს ყურადღებით დააკვირდით. დაფიქრდით, რომელი უყვარს თქვენს შვილს ყველაზე მეტად. ბავშვებს ყოველთვის აქვთ ფავორიტი სათამაშო, რომლითაც ყოველდღიურად თამაშობენ. ცხადია, ისინი დრო და დრო სხვა სათამაშოებითაც ერთობიან, მაგრამ ერთის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ. თქვენი შვილის რჩეული სათამაშოები მის ოთახში დატოვეთ, დანარჩენებისადმი კი „დაუნდობლობა“გამოიჩინეთ და ყველა მათგანს დაემშვიდობეთ.

სათამაშოები გამოსაჩენ ადგილას მოათავსეთ

თუ ბავშვები სათამაშოებს კარგად ვერ ხედავენ, მათ თამაშის სურვილი ნაკლებად უჩნდებათ. თოჯინების ყუთებსა და კალათებში მოთავსება სწორი საქციელი არ არის. უმჯობესია თუ მათ გამოსაჩენ ადგილზე დააწყობთ, რათა ბავშვს მათი დანახვის შესაძლებლობა ჰქონდეს. ბავშვს ოთახში რამდენიმე თემატური სათამაშო სივრცე უნდა მოუწყოთ. საოჯახო სივრცეში სათამაშო სამზარეულო მოათავსეთ, ხელოვნების სივრცეში ასაწყობი სათამაშოები და ფერადი ფურცლები, საკითხავი სივრცე პატარა სკამ-მაგიდითა და წიგნებით გაამდიდრეთ.
ბავშვს კრეატიული და მრავალფეროვანი თამაშის შესაძლებლობა რომ მისცეთ, მას სათანადო უნარ-ჩვევების შეძენაშიც უნდა დაეხმაროთ. აუხსენით თქვენს შვილს, რომ ერთი სათამაშო სივრციდან მეორეზე გასასასვლელად, პირველი საგულდაგულოდ უნდა დაალაგოს. მსგავსი მიდგომით ბავშვს არჩევანის გაკეთებას გაუადვილებთ, ამასთან ოთახში არსებულ ქაოსთან გამომშვიდობებასაც მარტივად შეძლებთ.

ბავშვს სათამაშოები მონაცვლეობით მიაწოდეთ

ყოველდღიურად ერთი და იმავე სათამაშოებით თამაში ბავშვისთვის ძალიან დამღლელია. ბავშვმა რომ არ მოიწყინოს, ეცადეთ სათამაშოები მონაცვლეობით მიაწოდოთ. თუ ყველაფერს სწორად დაგეგმავთ, პატარას დაინტერესება არ გაგიჭირდებათ. ბავშვს ყოველდღიურად სათამაშოების სხვადასხვა კომბინაცია უნდა შესთავაზოთ. ის დაინახავს, რომ არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანია. ამასთან სათამაშოების კომბინაცია ყოველ მეორე დღეს იცვლება. ბავშვი მსგავსი ცვლილებით აუცილებლად აღფრთოვანდება და თამაშის პროცესში აღარ მოიწყენს. თუ ღელავთ, რომ სათამაშოების რეგულარული ცვლილება თქვენს ბავშვს დაამწუხრებს, რადგან მას საყვარელი თოჯინა მოენატრება, შეგიძლიათ მისი ფავორიტი სათამაშო ოთახში ხელუხლებლად დატოვოთ, რათა პატარა სტრესისგან მაქსიმალურად დაცული იყოს. თუ ბავშვი ბედნიერია და თქვენ მიერ შეთავაზებული კომბინაციებით აშკარად იხიბლება, მისი დასტრესვა საჭირო ნამდვილად არ არის. მთავარია, ბავშვმა თამაშით მაქსიმალური სიამოვნება მიიღოს.

ბავშვი წიგნებით დააინტერესეთ

რაში გჭირდებათ საბავშვო წიგნების კოლექციები, თუ თქვენს შვილს მისი წაკითხვის საშუალებას არასდროს აძლევთ?! წიგნის თაროებთან მისვლა და საინტერესო საკითხავის მოხელთება ბავშვისგან სერიოზულ ძალისხმევას მოითხოვს. წიგნებით სავსე კარადა პატარას ძალიან აბნევს. ის ვერ ხვდება, რომელ მათგანს მიანიჭოს უპირატესობა და წარმოდგენა არ აქვს, რა წაიკითხოს.
ტრადიციული წიგნების კარადები დროებით დაივიწყეთ და წიგნები ბავშვისთვის ხელმისაწვდომ ადგილას დაალაგეთ. შეგიძლიათ სათავსოდ პატარა ღია თაროები შეარჩიოთ, რომელზეც მხოლოდ რამდენიმე წიგნი ეტევა, რათა ბავშვმა მათი ყდებისა და სათაურების გარჩევა მარტივად შეძლოს. თარო ისეთ სიმაღლეზე უნდა იყოს, რომ თქვენს შვილს წიგნის ჩამოსაღებად ზედმეტი წინაღობის გადალახვა არ სჭირდებოდეს. შეგიძლიათ ბავშვი კვირაში ერთხელ ბიბლიოთეკაში წაიყვანოთ, სადაც მისთვის საყვარელი და საინტერესო წიგნის შერჩევას დამოუკიდებლად შეძლებს.

არ იყიდოთ ბევრი სათამაშო

ბავშვის სათამაშო სივრცის მოწესრიგება თუ გსურთ, პირველ რიგში, თოჯინების უკონტროლოდ ყიდვაზე უნდა თქვათ უარი. ეცადეთ, ბავშვებს დაბადების დღეზე საჩუქრად თოჯინები არ მიართვათ. დღესასწაულებზეც მეტისმეტად ხელგაშლილი ნუ იქნებით. თუ გსურთ, რომ ბავშვს სათამაშო სივრცე მოუწესრიგოთ, ბრძნულად და რაციონალურად იმოქმედეთ. თქვენს შვილს უყიდეთ მხოლოდ ის, რაც სჭირდება, რაც მოსწონს, რისი წაკითხვაც სურს. არასაჭირო ნივთებისგან გათავისუფლება მარტივად რომ შეძლოთ, დღესასწაულებზე სასურველი საჩუქრების სპეციალური სია შეადგინეთ. ოჯახის წევრებთან ერთად ჩამოწერეთ ყველა საოცნებო ნივთი, რომლის ქონასაც ისურვებდით. შეგიძლიათ, მეგობრებსაც გაანდოთ, თუ რა სახის საჩუქრების მიღება გსურთ თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის. თქვენს ახლობლებს ნამდვილად ესიამოვნებათ თქვენთვის ისეთი საჩუქრის გაკეთება, რომელიც ბედნიერებას მოგანიჭებთ. თქვენ კი სახლის არასაჭირო ნივთებით გადავსებისგან დაიზღვევთ თავს.

საჩუქრების სიის შედგენა საინტერესო ალტერნატივების აღმოჩენაშიც დაგეხმარებათ. თუ ქალაქში საყვარელი სანაყინე ან გასართობი ცენტრი გაქვთ, შეგიძლიათ მეგობრებს უთხრათ, რომ სადღესასწაულო საჩუქრად სპეციალური სასაჩუქრე ბარათების მიღება გირჩევნიათ. ამგვარად სახლის ზედმეტი ნივთებით გადატვირთვისგანაც დაიზღვევთ თავს, საყვარელ საჩუქარსაც მიიღებთ და თქვენი გულწრფელი მადლობით მეგობრებსაც გაახარებთ.

გააკეთეთ სწორი არჩევანი

სათამაშო ბავშვის განვითარების ხელშემწყობ იარაღად უნდა მიიჩნიოთ და მას გასართობი ცენტრის ფუნქცია არ უნდა შეუთავსოთ. პლასტმასის უხარისხო სათამაშოების შეძენის ნაცვლად, უპირატესობა ისეთ პროდუქტს მიანიჭეთ, რომელიც ბავშვს წარმოსახვის, გუნდური თამაშისა და კრეატიული აზროვნების უნარებს განუვითარებს.


ასაწყობი კუბები და სათამაშო აგურები ბავშვის გონებრივ განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. ბავშვი ისეთი თამაშებით უნდა იყოს გატაცებული, რომელიც მას გუნდური მუშაობისა და კონკურენციის უნარებს განუვითარებს. თოჯინების სახლები და ტანსაცმელები ბავშვებს როლური თამაშის შესაძლებლობას აძლევს. მსგავსი სათამაშოების დახმარებით პატარებს ემოციური და სოციალური უნარები უვითარდებათ. თუ სახლში თავისუფალი ადგილი გაქვთ, ბავშვისთვის ერთი დიდი სათამაშო უნდა შეიძინოთ, რომელიც პატარას წარმოსახვითი თამაშებისთვის საჭირო სივრცეს შეუქმნის. სათამაშო სამზარეულო, რომელიც შესაბამისი აქსესუარებითაც არის აღჭურვილი, თქვენს შვილს რამდენიმე საათის მანძილზე არ მოაწყენს. 

მომზადებულია verywellfamily.com-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა 

შეიძლება დაინტერესდეთ

მშობლის მშვიდი ხმით საუბარი ბავშვსაც ამშვიდებს, ყვირილის დროს კი ემოცია მთავარ სათქმელს აუცილებლად გადაფარავს

მშობლის მშვიდი ხმით საუბარი ბავშვსაც ამშვიდებს, ყვირილის დროს კი ემოცია მთავარ სათქმელს აუცილებლად გადაფარავს

ბევრი ადამიანი დარწმუნებით აცხადებს, რომ როდესაც მშობელი გახდება შვილს არასდროს დაუყვირებს. როდესაც ბავშვი იბადება და იზრდება, ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც მშობლები ელიან. ორი წლის ასაკიდან ბავშვი ცდილობს დამოუკიდებლად იმოქმედოს, ხშირად ჯიუტობს, მშობლების მოთხოვნებს გამუდმებით უარით პასუხობს, რაც ზრდასრულ ადამიანებში საკმაოდ სერიოზულ ემოციურ ძვრებს იწვევს.

მშობლებმა კარგად იციან, რომ დაძაბული ვითარების დროს სიმშვიდის შენარჩუნება საუკეთესო გადაწყვეტილებაა, მაგრამ ქვისგან ნაკეთი თუ არ ხართ, ბავშვების რთულ ქცევასთან გამკლავება ყვირილის გარეშე ძალიან გაგიჭირდებათ. როდესაც მშობლები კონტროლს კარგავენ და ყვირიან, ისინი ფრუსტრაციას განიცდიან, ბრაზით და რისხვით არიან მოცულები.

ყვირილი გარკვეულ ვითარებაში აუცილებელიც კია, მაგალითად, როდესაც ბავშვი რაღაც სახიფათოს ჩადენას აპირებს და მისი შეჩერება გინდათ. არ არსებობს მშობელი, რომელსაც შვილისთვის არასდროს დაუყვირია. ეს აუცილებლად მოხდება. რატომ არის აუცილებელი სიმშვიდის შენარჩუნება?

  • ყვირილი თქვენს სათქმელს ბავშვამდე ვერ მიგატანინებთ

ყვირილის დროს ემოცია თქვენს სათქმელს ყოველთვის გადაფარავს. ბავშვი ვერ გაიგებს, რის თქმას ცდილობთ, მაგრამ მისი აგრესიული განწყობა უფრო მოიმატებს.

  • ბავშვისთვის ყველაფერი ნაცნობი და მობეზრებულია

მშობელი თუ გამუდმებით ყვირის, ბავშვი ამას ეჩვევა. მას მშობლის ყვირილზე რეაქცია აღარ აქვს და მას აიგნორებს. ხშირად მშვიდი ტონით ნათქვამი სიტყვები მისთვის ბევრად გასაგებია, ვიდრე ყვირილი.

  • ყვირილი ბავშვის თვითშეფასებას აქვეითებს

ბავშვებს, რომლებსაც მშობლები ხშირად უყვირიან დაბალი თვითშეფასება აქვთ. მათ სკოლაში სწავლა უჭირთ და საკუთარ თავზე ცუდი წარმოდგენა აქვთ. შესაძლოა, ბავშვი განსაკუთრებით აგრესიული იყოს სხვების მიმართ. ის ფიქრობს, რომ დედა და მამა მას გამუდმებით აკრიტიკებენ. ბავშვები, რომლებსაც ხშირად უყვირიან, ფიქრობენ, რომ მშობლებს არ უყვართ.

  • ბავშვები პოზიტიურ გამოცდილებას ვერ იძენენ

ყვირილი მშობლებსა და შვილებს შორის პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას უშლის ხელს. პატარები ნეგატიურ ემოციებს გულში ინახავენ და ისტრესებიან. მათ დეპრესია და შფოთვითი აშლილობაც ხშირად აწუხებთ.

  • მშობლები თავს ცუდად გრძნობენ

ყვირილისა და ჩხუბის შემდეგ მშობლებიც ცუდად არიან. ისინი თავს დამნაშავედ და დემორალიზებულად გრძნობენ. უფროსები, რომლებიც ბრაზს ნეგატიურად გამოხატავენ, ჯანმრთელობის პრობლემებით იტანჯებიან.

ბავშვის მიუღებელ ქცევაზე მშვიდად თუ რეაგირებთ, მას უფრო მეტს ასწავლით და საკუთარ შეცდომებს დაანახებთ.

  • სამოდელო ქცევა ძალიან მნიშვნელოვანია

მშობელმა ბავშვს ემოციებისა და ქცევის კონტროლის იდეალური მაგალითი უნდა მისცეს. თუ ის აკონტროლებს საკუთარ თავს და არ ყვირის, ბავშვი ნეგატიური ქცევის კონტროლს თავადაც სწავლობს.

  • ბავშვები თავს უსაფრთხოდ გრძნობენ

ბავშვები თავს უსაფრთხოდ გრძნობენ, როდესაც მათ მკაცრი, მაგრამ კეთილი მშობლები ზრდიან. მშობელი ოჯახის უფროსი უნდა იყოს, რომელიც ყოველთვის თანმიმდევრული, ავტორიტეტული და ამავე დროს მოსიყვარულეა.

მშობლებმა ბავშვს ქცევისა და ემოციების მართვა რომ ასწავლონ, რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია უნდა გაითვალისწინონ:

  • გამოავლინეთ ძირითადი პრობლემა

პირველ რიგში, გაარკვიეთ, რა არის პრობლემა, რომლის გამოც შვილებთან კონფლიქტი ხშირად გაქვთ. თუ ბავშვებს დილით სკოლაში ხშირად აგვიანდებათ, ეცადეთ მათი ტანსაცმელი ღამით გაამზადოთ, ჩანთები ერთად ჩაალაგოთ და ყველამ იმაზე ადრე გაიღვიძოთ, ვიდრე იღვიძებთ.

  • იყავით თანმიმდევრული

მცირეწლოვან ბავშვებთან თანმიმდევრულობა და სიმტკიცე აუცილებელია. მათთვის სპეციალური რუტინა შეიმუშავეთ, გქონდეთ წახალისების თქვენეული მეთოდები და დადგენილ წესებს არასდროს გადაუხვიოთ.

  • დაადგინეთ ბავშვის გაღიზიანების ნამდვილი მიზეზი

ბავშვი, შესაძლოა, შიმშილის, ძილის ნაკლებობის ან ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემის გამო ჭირვეულობდეს. ნუ გაუბრაზდებით მას იმაზე, რაც, შესაძლოა, თქვენი უყურადღებობით იყოს გამოწვეული.

  • დროის მენეჯმენტი ძალიან მნიშვნელოვანია

მშობელმა მკაცრად უნდა განსაზღვროს, თუ როდის რა უნდა გააკეთოს. ბავშვებთან ყოფნისას პარალელურად რამდენიმე საქმის კეთება მათ ქცევაზე ნეგატიურად აისახება. გადასახადების დაანგარიშება მაშინ, როდესაც ბავშვები თქვენთან ერთად სხედან და სკოლის პროექტზე მუშაობენ, სწორი გადაწყვეტილება არ არის.

  • საკუთარ თავზე კონტროლს თუ კარგავთ, შეისვენეთ

ბავშვები რთულ ქცევას თუ ავლენენ და გრძნობთ, როგორ უმატებთ ხმას, გირჩევთ, ღრმად ჩაისუნთქოთ, რამდენიმე წამით ცალკე გახვიდეთ და დამშვიდდეთ. ეს ქცევისა და ემოციების კონტროლში ძალიან დაგეხმარებათ.

  • ბავშვის ნეგატიურ ქცევას ადეკვატურად უნდა უპასუხოთ

ბავშვი საჭმელს იატაკზე თუ მოისვრის და ღიზიანდებით, მას ნუ დაუყვირებთ. თქვენს შვილს მშვიდად უთხარით, რომ იატაკი მოასუფთავოს, ამასთან აუხსენით, რომ მან სახლში ქაოსი შექმნა.

  • ემოციური გადაწვისას დახმარება ითხოვეთ

ძალიან მძიმე დღეებში, როდესაც ემოციებს ვეღარ აკონტროლებთ, მეგობრებს ან ნათესავებს დახმარება სთხოვეთ. თუ გრძნობთ, რომ ყველაფერს დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებით, დახმარების თხოვნა სავსებით ნორმალურია.

  • ბავშვს ემოციების გამოხატვა ასწავლეთ

ბავშვი რომ დამშვიდდება, მას აუხსენით, რომ თავს შეურაცხყოფილად და დათრგუნულად გრძნობთ, რადგან მისმა ქცევამ გული გატკინათ. ამგვარად ის საკუთარი ემოციების გამოხატვასაც ისწავლის. თუ ბავშვს აუხსნით, რომ ყვირილი არასწორი ქცევა იყო, მაგრამ ძალიან ცუდად გრძნობდით თავს და თავი ვერ შეიკავეთ, ის ყველაფერს უკეთ გაიგებს. აუცილებლად უთხარით ბავშვს, რომ ყვირილის მიუხედავად, ის მაინც ძალიან გიყვართ და მისი ქცევა თქვენს გრძნობებს არ ცვლის.

მომზადებულია ​childmind.org - ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად