Baby Bag

მეოცნებე დედები წარმატებულ შვილებს ზრდიან, რომელთაც საკუთარი მიზნებისთვის თავდაუზოგავი ბრძოლა შეუძლიათ

მეოცნებე დედები წარმატებულ შვილებს ზრდიან, რომელთაც საკუთარი მიზნებისთვის თავდაუზოგავი ბრძოლა შეუძლიათ

ცხოვრებისეულ სირთულეებთან გამკლავებაში ადამიანებს ყველაზე მეტად ყოველდღიური აქტივობების წინასწარი დაგეგმვა ეხმარებათ. წარმატებული ადამიანები ხშირად აწარმოებენ პირად დღიურებს, რომელთა დახმარებით მომავალი კვირის გრაფიკს ადგენენ და დროის სწორად გადანაწილებასაც ახერხებენ. შესაძლოა, ყველაფრის წინასწარ დაგეგმვა და დღიურების წერა ზოგიერთ ადამიანს მოსაწყენ საქმიანობადაც ეჩვენებოდეს, მაგრამ აღნიშნული აქტივობისგან მიღებული სარგებელი გაწეულ შრომად ნამდვილად ღირს.

ჩვენს სტატიაში დედებს სასარგებლო და საინტერესო რჩევებს ვთავაზობთ, რომელთა დახმარებით ისინი თავიანთი დღიურის ეფექტურად წარმოებას შეძლებენ და ყოველდღიურ სირთულეებს მარტივად გაუმკლავდებიან.

  • მიიღეთ დახმარება

საბედნიეროდ, ჩვენ ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც დახმარების თხოვნა და მიღება ნორმალურ მოვლენად ითვლება. თუ თქვენ ექსცენტრიკული, არაორგანიზებული და დაბნეული დედა ხართ, ამის გამო თავს დამნაშავედ ნუ იგრძნობთ. ყველა ადამიანი ერთნაირად მოწესრიგებული და წინდახედული ვერ იქნება. ინტერნეტში უხვად შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია დედის დღიურის ეფექტიანად წარმოებასთან დაკავშირებით, წაიკითხოთ გამოცდილი ადამიანების რჩევები. თუ ეს არ დაგაკმაყოფილებთ, დახმარებისთვის ახლობლებს, მეგობრებსა და მშობლებს მიმართეთ. ისინი საკუთარ გამოცდილებას გაგიზიარებენ და პირადი სურვილების დაკმაყოფილების, ოჯახის კეთილდღეობაზე ზრუნვისა და მშობლის მოვალეობების სრულფასოვნად შესრულებისთვის დროის ბალანსირებულად და ეფექტიანად გამოყენებას გასწავლიან.

  • წინასწარ გამოკვეთეთ პრიორიტეტები

დღიურის წერისას მხოლოდ ისეთი აქტივობები გამოკვეთეთ, რომელიც თქვენთვის და თქვენი შვილისთვის პრიორიტეტულია. გახსოვდეთ, რომ დრო ძალიან ძვირფასია და ის მხოლოდ ისეთ საქმიანობებზე უნდა დახარჯოთ, რომლებიც თქვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია. თქვენი დღიური თქვენს ღირებულებებსა და პრიორიტეტებს უნდა ასახავდეს. თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია შვილთან დროის უდიდესი ნაწილის გატარება, ეს თქვენს დღიურში უნდა აისახოს. როდესაც დღიურს აწარმოებთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ ბავშვის სურვილები და ღირებულებები, დაფიქრდით, რა არის მისთვის პრიორიტეტული და ეცადეთ თქვენი ყოველდღიური აქტივობები ბავშვის ინტერესებს მაქსიმალურად მოარგოთ.

  • დაისახეთ ყოველკვირეული მიზნები

რა გეგმები გაქვთ კვირის განმავლობაში ან რის გაკეთებას გეგმავს თქვენი შვილი ახლო მომავალში? ამ კითხვაზე პასუხი თქვენს დღიურში უნდა ჩაწეროთ. ყოველი კვირის ბოლოს კი საკუთარი საქმიანობა თავად უნდა შეაფასოთ. დააკვირდით, რამდენად ეფექტიანად ანაწილებთ დროს და რამდენად ახერხებთ დასახული მიზნების შესრულებას. წინასწარ გაწერეთ, რა დრო უნდა დაუთმოთ თქვენი მიზნების მიღწევას. მაგ. თუ თქვენ და თქვენს შვილს გაქვთ ოცნება, რომ სცენაზე ერთად იმღეროთ, განსაზღვრეთ რა გზით უნდა მიაღწიოთ დასახულ მიზანს და რა დრო დაგჭირდებათ მის მისაღწევად.

  • მომდევნო კვირის აქტივობების დასაგეგმად დრო აუცილებლად გამონახეთ

კვირა საღამოს, როდესაც ბავშვები დაიძინებენ, შეგიძლიათ დღიურის წერას შეუდგეთ და მომდევნო კვირის გეგმები წინასწარ ჩამოწეროთ. გამოკვეთეთ თქვენი პრიორიტეტები და მიზნები. ეცადეთ, დღიურის წარმოების პროცესში მარტო იყოთ, რათა მშვიდ გარემოში ფიქრისა და ანალიზის საშუალება გქონდეთ. აუცილებლად შეაფასეთ გასული კვირა, დააკვირდით რა სახის შეცდომებს უშვებთ და რა მიღწევები გაქვთ. იოცნებეთ და მიზნების დასახვის ნუ შეგეშინდებათ. მეოცნებე დედები, რომლებიც თავიანთი სურვილების ასრულებისთვის დროსა და ძალისხმევას არ იშურებენ, წარმატებულ შვილებს ზრდიან, რომელთაც საკუთარი მიზნებისთვის თავდაუზოგავი ბრძოლა შეუძლიათ.

  • რეფლექსიისთვის დრო ყოველდღიურად გამონახეთ

დღე ისე უნდა დაიწყოთ და დაასრულოთ, როგორც ამას ნამდვილი ჩემპიონები აკეთებენ. ადექით ადრე და დილიდანვე დაიწყეთ ფიქრი, თუ რის გაკეთება გსურთ დღეს და რას მოელით ამ დღისგან. მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას და კეთილგონივრული გადაწყვეტილებები მიიღეთ. საღამოს დღის ყველა აქტივობა შეაფასეთ და დღიურში ჩაწერეთ, რა გააკეთეთ სწორად და რა შეცდომებს უშვებთ. ყოველდღიური რეფლექსია უფრო მოწესრიგებულ და მიზანდასახულ მშობლად ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ.

  • ისწავლეთ გამოწვევებთან გამკლავება

ყოველკვირეული აქტივობები ისე უნდა გაწეროთ, რომ სერიოზულ გამოწვევებთან გამკლავება გაგიმარტივდეთ. თუ სამსახურში სერიოზულ პროექტზე მუშაობთ და მისი დასრულებისთვის ძალიან ცოტა დრო გრჩებათ, ბუნებრივია, მთელი საღამო ბავშვთან ერთად ნახატების გაფერადებას არ უნდა დაუთმოთ. თქვენი საოჯახო და სამსახურეობრივი მოვალეობები ისე უნდა შეითავსოთ, რომ მათ შორის იდეალური ბალანსის დაცვა შეძლოთ. ყოველ დილით წინასწარ განსაზღვრეთ დღის 5 მთავარი გამოწვევა, რომელსაც აუცილებლად უნდა გაუმკლავდეთ. ყოველდღიური აქტივობები ისე გაწერეთ, რომ თქვენი პრიორიტეტებისა და მიზნების განხორციელება მშვიდად შეძლოთ.

  • იზრუნეთ საკუთარ თავზე


​რომი ერთ დღეში არ აშენებულა! ბავშვზე ზრუნვა, ახალი სახლის მოწყობა, გარდერობის განახლება, სოციალური აქტივობები და ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლება თქვენგან დიდ დროს და თანმიმდევრულობას მოითხოვს. ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ, მშვიდად და აუღელვებლად უნდა გააკეთოთ. თუ თქვენ ყოველკვირეულად ხატვისთვის დროის დათმობა გქონდათ განზრახული, მაგრამ ერთ კვირაში მონა ლიზა ვერ დახატეთ, ნუ აღელდებით. ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის.

  • ისეთი დღიური შეიძინეთ, როგორიც თქვენნაირ არაჩვეულებრივ დედას შეეფერება

ლამაზი, ეფექტური და სასიამოვნო ყდის მქონე დღიური დადებით განწყობას შეგიქმნით და წერის მეტ სტიმულს მოგცემთ. ეცადეთ, ისეთი დღიური შეიძინოთ, რომელსაც ინსპირაციული გამონათქვამები ამშვენებს და მოტივაციის გაზრდაში გეხმარებათ. თუ ძაღლები გიყვართ, ისეთი დღიური შეიძინეთ, რომელსაც თქვენი საყვარელი ცხოველის გამოსახულება ამშვენებს. თქვენი პერსონალური დღიური თქვენს ხასიათს უნდა ასახავდეს.

  • ბავშვთან კომუნიკაციას დიდი დრო დაუთმეთ

რამდენად არის თქვენი შვილი კმაყოფილი ყოველდღიური აქტივობებით, რა არის მისთვის მთავარი და იზიარებს თუ არა ის თქვენს ხედვებს? აღნიშნულ საკითხებზე ბავშვს ყოველდღიურად უნდა გაესაუბროთ. მისი შეხედულებების მოსმენა ყოველდღიური გეგმების გაწერაში დაგეხმარებათ და მოტივაციასაც შეგძენთ, რადგან დარწმუნებული იქნებით, რომ ყველაფერი, რასაც აკეთებთ, არამხოლოდ თქვენ გხიბლავთ და მოგწონთ, არამედ ოჯახის დანარჩენ წევრებსაც.

  • შეიმუშავეთ წლიური და თვიური გეგმები

ყოველდღიური და ყოველკვირეული გეგმების გაწერა ძალიან კარგია, მაგრამ თვიური და წლიური გეგმების შემუშავება თქვენი ფასეულობებისა და პრიორიტეტების უკეთ გააზრებაში დაგეხმარებათ. ყოველი თვის და წლის ბოლოს საკუთარი მიღწევები შეაფასეთ. დააკვირდით, როგორ ვითარდება თქვენი შვილი და რამდენად ეფექტიანად უმკლავდებით იმ გამოწვევებს, რომელიც თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში გხვდებათ. მსგავსი ანალიზი მომდევნო წლის გეგმების შემუშავებაში ძალიან დაგეხმარებათ. 

მომზადებულია ​moms.com-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვებს აფრთხობთ საკვებში ერთბაშად ბევრი კომპონენტი და არეული გემო,“ - ბავშვთა ნევროლოგი თამარ ედიბერიძე

„ბავშვებს აფრთხობთ საკვებში ერთბაშად ბევრი კომპონენტი და არეული გემო,“ - ბავშვთა ნევროლოგი თამარ ედიბერიძე

ბავშვთა ნევროლოგმა თამარ ედიბერიძემ იმ შეცდომების შესახებ ისაუბრა, რომელსაც მშობლები ბავშვების კვების დროს ხშირად უშვებენ. მან აღნიშნა, რომ ბავშვის ოჯახის წევრებისგან განცალკევებით კვება ხშირად მას საკვებისადმი ნეგატიურად განაწყობს:

„ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ ბავშვისთვის საჭმელი კეთდება ცალკე. ბავშვი კვების დროს გამოცალკევებულია. ჯერ ბავშვს უნდა ვაჭამო და მერე უცებ მე უნდა შევჭამო. თუ ბავშვი ხედავს, რომ თქვენც მიირთმევთ იმ საკვებს, რომელსაც მას სთავაზობთ, ის უფრო განწყობილია, რომ ეს კარგია, სასარგებლოა და საჭიროა. ის წაბაძვით მაინც მიიღებს ამ საკვებს. კარგია, თუ ბავშვს ვასადილებთ ჩვენთან ერთად. ​რაც შეეხება ხილს და წახემსებებს, ამას შეიძლება ნაწილობრივ თამაშის სახე მივცეთ. კვებებს შორის ვითომ პიკნიკი მოვაწყოთ სადმე თოჯინების და ოჯახის წევრების მონაწილეობით.“

თამარ ედიბერიძემ მშობლებს ურჩია ბავშვებს კვების რეჟიმი მაქსიმალურად მოუწესრიგონ:

„მაქსიმალურად რეგულარული ჭამის რეჟიმი უნდა გვქონდეს. ერთსა და იმავე დროს ვაჭამოთ ბავშვს. ​ბავშვებს აფრთხობთ საკვებში ერთბაშად ბევრი კომპონენტი და არეული გემო. ვიღაცას შეიძლება ჭრელი სალათი მოეწონოს, მაგრამ ვიღაც ამით დაფრთხეს. მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ ერთკომპონენტიანი, ორკომპონენტიანი კერძებით დავიწყოთ და თანდათან შევამატოთ სხვადასხვა გემო.“

„ჩვენ გვაქვს ხოლმე მეორე შეცდომა. თუ ბავშვს არასასურველ საკვებს პირდაპირ მისცემთ მთლიან თეფშს, ბავშვი გადაირევა. მან იცის, რომ ერთ ლუკმას ძლივს ყლაპავს და იქ არის ასი ლუკმა. შეიძინეთ ახალი ჭურჭელი, ერთი კოვზი დათუნიას ვაჭამოთ, ერთი ბავშვს. დაიწყეთ ძალიან ცოტა ულუფებით. ეშმაკურად შეიძლება თითო-თითო კოვზის მიმატება. ​ამას უნდა მოთმინება, გაძლება და პრინციპულობა. ნერვიულობას და ტირილს ამ დროს სჯობს, რომ რაღაც სტიმული მივცეთ ბავშვებს. არა ის, რომ პანიკა ავტეხოთ და შევქმნათ პრობლემა, რომ უჭმელია, წახალისების პრინციპი შეიძლება შევქმნათ. ყველა ლუკმა შეიძლება იყოს თითო ვარსკვლავი, როდესაც ვარკვლავების რაღაც რაოდენობა დაგროვდება, მივდივართ ზოოპარკში. სამი წლის ასაკიდან ეს უკვე შეიძლება,“ - აღნიშნულ საკითხებზე თამარ ედიბერიძემ ტელეკომპანია GDS-ის გადაცემაში „შუადღე GDS-ზე“ ისაუბრა.

წყარო: ​„შუადღე GDS-ზე“

წაიკითხეთ სრულად