Baby Bag

საჯდომზე ხელის მსუბუქად წამორტყმა ბავშვის მიმართ სასტიკი მოპყრობისა და ძალადობის ექვივალენტი ნამდვილად არ არის

საჯდომზე ხელის მსუბუქად წამორტყმა ბავშვის მიმართ სასტიკი მოპყრობისა და ძალადობის ექვივალენტი ნამდვილად არ არის
ბავშვის ფიზიკური დასჯის მსუბუქ ფორმებს შორის ყველაზე გავრცელებული საჯდომზე ხელის წამორტყმაა, რომლებსაც მშობლები ბავშვის დასჯის მიზნით არცთუ იშვიათად მიმართავენ. დედები, რომლებიც ბავშვის აღზრდის თანამედროვე მეთოდებს რეგულარულად ეცნობიან და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბევრს კითხულობენ, საბოლოოდ დისციპლინის წესებს მაინც თავად ირჩევენ და ისინი ამ არჩევანში თავისუფლები არიან. მშობლებს შორის საჯდომზე ხელის მსუბუქად წამორტყმასთან დაკავშირებით მუდმივი აზრთა სხვადასხვაობაა და აღნიშნულ საკითხზე შეხედულებათა პოლარიზაცია აშკარად შეინიშნება.

მშობლები, რომელთა უმთავრეს მიზანს ზრდილობიანი და თავაზიანი შვილების აღზრდა წარმოადგენს, აღზრდის უხეში მეთოდების გამოყენებას მაქსიმალურად ერიდებიან. ისინი ნებისმიერი სახის ფიზიკურ დასჯას კატეგორიულად უარყოფენ, ცდილობენ ბავშვებს ემოციების კონტროლი ასწავლონ და სხვებისადმი ლმობიერი ქცევის უნარები განუვითარონ. როგორც წესი, მსგავსი ტიპის მშობლებს დისციპლინა აღზრდისა და სწავლების მეთოდად მიაჩნიათ და არა იძულების იარაღად. ისინი თვლიან, რომ საჯდომზე ხელის წამორტყმა ბავშვებისთვის კარგი მაგალითი არ იქნება და ამტკიცებენ, რომ ამ გზით ბავშვს ვერ მიახვედრებ, თუ როგორ იცხოვროს ან რა ღირებულებები უნდა ჰქონდეს, როდესაც დამოუკიდებლად ცხოვრებას დაიწყებს.
მართალია, პოზიტიური აღზრდა ბავშვის ფსიქიკაზე ძალიან დადებითად აისახება, მაგრამ ეს უფლებას არ გვაძლევს ის მშობლები გავაკრიტიკოთ, რომლებსაც ბავშვთან მიდგომის თავისებური მეთოდები აქვთ (ცხადია, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამომრიცხავი). მშობლებს საკუთარი შვილებისთვის ყოველთვის საუკეთესო სურთ. ისინი მათ განვითარებაზე მაქსიმალურად ზრუნავენ. ზოგიერთი დედა ბავშვის აღზრდისას საკმაოდ მკაცრ დისციპლინას მიმართავს, რაც შვილის მომავალზე ზრუნვითა და მეტისმეტი მღელვარებითაა გამოწვეული. ისინი ცდილობენ ბავშვები ზრდასრული ასაკისთვის სათანადოდ მოამზადონ და გააძლიერონ, რის გამოც, ხშირად სიმკაცრის გამოჩენა უხდებათ. ამის გამო მათი გაკრიტიკება დაუშვებელია.
საჯდომზე ხელის მსუბუქად წამორტყმა ბავშვის მიმართ სასტიკი მოპყრობისა და ძალადობის ექვივალენტი ნამდვილად არ არის. მშობლები, რომლებიც შვილებს ხმამაღლა უყვირიან, მათ ფსიქიკას ბევრად მეტ ზიანს აყენებენ, ვიდრე ის დედები, რომლებიც ბავშვისთვის საჯდომზე ხელის მსუბუქი წამორტყმით შემოიფარგლებიან.
მშობლები, რომლებიც საჯდომზე ხელის წამორტყმას დისციპლინის ნაწილად მიიჩნევენ, დასჯის აღნიშნულ მეთოდს ზედმეტი ყვირილისა და ალიაქოთის გარეშე მიმართავენ. ისინი აღნიშნული ქცევის განხორციელებისას საკუთარ ემოციებს სრულად აკონტროლებენ. როგორც წესი, დასჯის ამ მსუბუქ ფორმას შვილებთან დიდაქტიკური საუბრები და თბილი ჩახუტება მოსდევს თან, რაც ბავშვის ფსიქიკას ნამდვილად არ დააზიანებს. მთავარია, მშობელმა ბავშვს საჯდომზე ხელის წამორტყმისას უხეშად არ მიმართოს, არ დაუყვიროს და არც ძალა გამოიყენოს. თუ საჯდომზე ხელის წამორტყმისას მშობელი ბრაზობს, ყვირის და ბავშვს თავს ესხმის, ცხადია, ის მის ფსიქიკაზე უკიდურესად უარყოფითად ზემოქმედებს. მსგავსი ქცევა კი მიუღებელია.
დედები, რომლებიც იგებენ, რომ რომელიმე ბავშვის მშობელი საჯდომზე წამორტყმას დისციპლინის ნაწილად მიიჩნევს, დაუყოვნებლივ იწყებენ კრიტიკულ მსჯელობას და აღნიშნული მშობლის მიმართ ნეგატიური განწყობა უყალიბდებათ, რაც არასწორია, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საჯდომზე წამორტყმა, შესაძლოა, მსუბუქი და მისაღები ფორმითაც განხორციელდეს, რაც ბავშვის ფსიქიკას ტრავმას არ მიაყენებს. უმჯობესია, მშობლებისადმი მეტი ნდობით განვეწყოთ და ვირწმუნოთ, რომ მათ საკუთარი შვილებისთვის მხოლოდ ყველაფერი საუკეთესო უნდათ.
მომზადებულია ​moms.co​m​-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა