Baby Bag

როგორ მივაჩვიოთ ბავშვი მარტო დაძინებას?

როგორ მივაჩვიოთ ბავშვი მარტო დაძინებას?
შფოთვის, დაუცველობის შეგრძნების და შიშის განცდის გამო ბავშვებს მარტო დაძინება ხშირად ძალიან უძნელდებათ, რის გამოც ისინი მშობლებთან ძილს არჩევენ და საკუთარ საძინებელში დარჩენა ​არ სურთ. თუ თქვენს შვილსაც მსგავსი პრობლემა აწუხებს, ყურადღებით გაეცანით ჩვენს სტატიას. ჩვენ მიერ შემოთავაზებული სპეციალური სტრატეგიების გამოყენებით ბავშვს შფოთვისა და შიშის დაძლევაში დაეხმარებით.

ღამით ბავშვის ოთახში სიჩუმე და სიმშვიდე უნდა სუფევდეს

ბავშვის საძინებელი კომპიუტერის, ტელევიზორის, სმარტფონების და ელექტრონული მოწყობილობებისგან უნდა გაათავისუფლოთ. პატარას ოთახში ძილისთვის ხელსაყრელი და კომფორტული ატმოსფერო უნდა შექმნათ. კომპიუტერის, ტელევიზორის ან სმარტფონის გამოსხივება ბავშვს ჩაძინებაში ხელს შეუშლის. თქვენს შვილს ღამით ოთახს მხოლოდ ნათურის სუსტი შუქი უნდა უნათებდეს, ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს სიბნელეში დაძინება აშინებს.

ბავშვი ძილის წინ ჩასატარებელ ჰიგიენურ პროცედურებს უნდა მიაჩვიოთ

თბილი აბაზანის მიღება, ღამის პერანგის ჩაცმა, კბილების გახეხვა და ძილის წინ ზღაპრების კითხვა ყოველდღიურ რუტინად უნდა აქციოთ. ჰიგიენური პროცედურების რეგულარულად ჩატარება ბავშვს ძილისადმი უფრო დადებითად განაწყობს, ამასთან ის თავს მეტად დაცულად და უსაფრთხოდაც იგრძნობს. აღნიშნული რუტინა ბავშვს შფოთვის დაძლევაში ეხმარება. პატარები, რომლებიც ძილის წინ ჰიგიენურ პროცედურებს რეგულარულად იტარებენ, ჩაძინებას მარტივად ახერხებენ.

ბავშვის ოთახში დიდხანს ნუ დარჩებით

ბავშვის საძინებელი იქამდე უნდა დატოვოთ, ვიდრე მას ჩაეძინება. პატარა თქვენზე დამოკიდებული არ უნდა იყოს. მან დაძინება თქვენს გარეშე უნდა შეძლოს. თუ ბავშვი მარტო დარჩენაზე უარს აცხადებს, მის საწოლზე ნუ ჩამოჯდებით, ნუ ეცდებით პატარას გართობას. ეცადეთ ბავშვის საწოლისგან მოშორებით დადგეთ. ყოველდღიურად თქვენსა და ბავშვს შორის არსებული მანძილი ნელ-ნელა უნდა გაზარდოთ, რათა პატარა დამოუკიდებლად ჩაძინებას მიეჩვიოს.

ბავშვი ოთახში თავს დაცულად უნდა გრძნობდეს

მარტო დარჩენილი პატარა საძინებელში თავს უსაფრთხოდ უნდა გრძნობდეს. „საშინელმა მონსტრებმა“ და „მოჩვენებებმა“ მისი დაშინება რომ ვერ შეძლონ, ბავშვს საწოლში საყვარელი სათამაშო ჩაუწვინეთ, რათა თავი მარტოდ არ იგრძნოს.

იყავით თანმიმდევრული და პრინციპული

თუ თქვენი შვილი შუაღამით საძინებელში შემოდის და თქვენს საწოლში დაწოლას ითხოვს, ის თავის ოთახში უნდა დააბრუნოთ. გზად ბავშვის გართობას ნუ შეეცდებით. დაამშვიდეთ პატარა და თავის საწოლში ჩააწვინეთ. აუცილებელია, რომ მის თხოვნას ყოველთვის ამგვარი ქცევით უპასუხოთ. თუ ბავშვს ერთხელ მაინც მისცემთ ნებას, რომ თქვენს საწოლში დარჩეს, ის თავის ოთახში დაბრუნებას აღარ მოისურვებს.

ბავშვი კარგი ქცევისთვის ხშირად დაასაჩუქრეთ


თუ პატარა ღამით ტირის და არ იძინებს, მის ამგვარ ქცევას ყურადღება არ მიაქციოთ. თუ ის მარტო დაძინებაზე უარს არ ამბობს და თავის საძინებელში რჩება, მეორე დღეს საყვარელი ტკბილეულით დაასაჩუქრეთ. ბავშვი გააცნობიერებს, რომ მის სიმამაცეს მშობლების მხრიდან სათანადო ჯილდო და აღიარება მოყვება. 

ავტორი: ია ნაროუშვილი

შეიძლება დაინტერესდეთ

„მორიელი ერთ-ერთი ყველაზე უფრო მკაცრი, ზოგჯერ დაუნდობელი მშობელია... მას სახლში პატარა ყაზარმა აქვს,“ - ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი

„მორიელი ერთ-ერთი ყველაზე უფრო მკაცრი, ზოგჯერ დაუნდობელი მშობელია... მას სახლში პატარა ყაზარმა აქვს,“ - ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით მშობლების აღზრის პრინციპებზე საუბრობს და თითოეული ნიშნის მშობლისთვის დამახასიათებელ ძირითად თვისებებს უსვამს ხაზს:

ვერძი

ვერძი საკმაოდ მკაცრია შვილების მიმართ. ის ითხოვს დამოუკიდებლობას. დამოუკიდებლად ზრდის შვილებს.დიდხანს ითმენს, შეუძლია მთელი დღე ითმინოს, მაგრამ თუ საჭიროა ასწავლის უშიშარ, მებრძოლ სულისკვეთებას. ასწავლის, რომ ბოლომე არ დაიხიოს უკან, მიზანსწრაფული იყოს. როგორც მშობელს აქვს ერთი სერიოზული პრობლემა: ფეთქებადსაშიშია. შვილებს ხშირად ეშინიათ ვერძი მშობლების.

კურო

კურო სხვა ფსიქოტიპს მიეკუთვნება, რადგან მიწის ნიშანია და გაწონასწორებულია. მთავარია ბავშვმა ძალიან დიდხანს არ უქნიოს წითელი გამაღიზიანებელი ქსოვილი. დიდხანს ითმენს, შეუძლია მთელი დღე ითმინოს, მაგრამ თუ კურო წონასწორობიდან გამოვიდა, ბავშვი ამას მთელი ცხოვრება დაიმახსოვრებს. კურო ბავშვს ასწავლის პრაგმატულ აზროვნებას, ფულისადმი ყაირათიან მიდგომას.

ტყუპები

ტყუპების შვილი ინფორმირებულია, ინტელექტუალურად მეტად განვითარებული და განსწავლულია. როგორც მშობელი, ვერ ვიტყვი, რომ ეს ნიშანი განსაკუთრებული ყურადღებით გამოირჩევა. მისი ბავშვი დამოუკიდებლობას იმის გამო ეჩვევა, რომ ტყუპებს ისე არ სცალიათ შვილებისთვის.

კირჩხიბი

კირჩხიბი მოწოდებით დედაა. მას ხშირად ასე ახასიათებენ. ის ყველაზე ყურადღებიანი მშობელია. მისთვის შვილი ყველასა და ყველაფერზე ღირებულია.

ლომი

ლომები გიჟდებიან ბავშვებზე, შეიძლება ლომი გადაყვეს კიდეც ბავშვებს და შვილებს. მას ძალიან უყვარს შვილი, ბევრს ეფერება, დიდ ყურადღებას აქცევს. ერთადერთი, რაც უშლის ხელს, ცოტა ზარმაცები არიან, როგორც მშობლები. უნდა, რომ მისი შვილი დაწყებული გარეგნობიდან, ტანსაცმლით დამთავრებული, იყოს აშკარად გამორჩეული.

ქალწული

ქალწულისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები წესრიგსა და რეჟიმში ცხოვრებას მიაჩვიოს.

სასწორი

სასწორი ქალწულთან შედარებით ლოიალური მშობელია. მისი პრიორიტეტი უფრო მეტად ბავშვების შემოქმედებითი განვითარებაა.

მორიელი

მორიელი ერთ-ერთი ყველაზე უფრო მკაცრი მშობელია, ზოგჯერ დაუნდობელიც კი. არის საშინლად მომთხოვნი. ბავშვები როგორც კი გაიღვიძებენ, მომენტალურად უწევთ ხელ-პირის დაბანა, ბავშვებმა ზუსტად იმ დროს უნდა გაიღვიძონ, როდესაც ის უბრძანებს. საკვები როდის უნდა მიიღონ და რა რის მერე, ყველაფერი განსაზღვრულია. მოდი ვთქვათ, ეს პატარა ყაზარმაა.

მშვილდოსანი

მშვილდოსანი მოსიყვარულე, მეგობრული, მაგრამ არათანმიმდევრული მშობელია.

თხის რქა

თხის რქა მშვილდოსნისგან განსხვავებით, ბევრად მოწესრიგებული მშობელია.

მერწყული

თავისი შვილის მიმართ მერწყული განსაკუთრებით თბილია. ოჯახში მას მენტორისა და ჭკუის დამრიგებლის ფუნქცია ნაკლებად აქვს. მერწყული, როგორც ტყუპები ჰაერის ნიშანია. ის ბავშვს თავისუფლად ცხოვრებას აჩვევს. მისი პრინციპია: „მე ასე გირჩევ, მაგრამ შენ როგორც გინდა.“ მერწყული შვილებს ასწავლის ცოდნის დაბევებას, კონტაქტურობას და არასტანდარტულ ცხოვრებას.

თევზები

თევზები არასტანდარტული ცხოვრების მომხრე არ არის. მას ყველა დღე მკაფიოდ აქვს განსაზღვრული. თევზებს ბავშვები ძალიან უყვართ. თევზებს შეუძლია თვითონ გახდეს ბავშვი. ეს ნიშანი ერთ-ერთი საუკეთესო ბავშვის ფსიქოლოგია. რაღაც პერიოდში შეიძლება ბავშვივით გარდაიქმნას.

წყარო:​ პირველი არხი

წაიკითხეთ სრულად