უახლესმა კვლევებმა აჩვენა, რომ მშობიარობისშემდგომი დეპრესიის განვითარებაზე ბავშვის სქესიც ახდენს გავლენას. კვლევებში 296 ახალნამშობიარები ბრიტანელმა ქალბატონი მონაწილეობდა. კვლევის შედეგებით დადგინდა, რომ ბიჭების დედებს მშობიარობისშემდგომი დეპრესიის განვითარების რისკი საკმაოდ მაღალი აქვთ და აღნიშნული მაჩვენებლით ისინი გოგონების დედებს 71-79 პროცენტით აღემატებიან, რაც კოლოსალური რიცხვია. კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ რთული მშობიარობის შემთხვევაში, დეპრესიის განვითარების რისკი 174 პროცენტით იზრდება.
კვლევები ახალბედა დედების ფსიქიკური მდგომარეობის შესწავლას ისახავდა მიზნად და მათ ფსიქიკაზე მოქმედ ისეთ ფაქტორებს აქცევდა ყურადღებას, როგორებიცაა დაბადებული ბავშვის სქესი და მშობიარობის მიმდინარეობის თავისებურებები. კვლევის დროს გათვალისწინებული იყო ის სხვა ძირითადი რისკ-ფაქტორებიც, რომლებიც მშობიარობისშემდგომი დეპრესიის განვითარებაზე ახდენს გავლენას.
მკვლევრების დასკვა ბევრს, შესაძლოა, არარეალურადაც მოეჩვენოს, მაგრამ მეცნიერების მტკიცებით, მამრობითი სქესის შვილის გაჩენა და მშობიარობით გამოწვეული უსიამოვნებები, ქალის ორგანიზმში მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევს. ბიჭების დედები უფრო აღგზნებულები და გაღიზიანებულები არიან, რაც დეპრესიის განვითარების რისკებს ზრდის.
კვლევის ორგანიზატორები მედიკოსებსა და მშობიარეთა ოჯახის წევრებს მშობიარობისშემდგომი დეპრესიის სათანადოდ შეფასებას და მისი მიზეზების სიღრმისეულ გაანალიზებას ურჩევენ. მეცნიერების აზრით, ექიმებს ორსული და მელოგინე დედების დახმარება გაცილებით გაუმარტივდებათ, თუ სწორ მიდგომებს შეიმუშავებენ. კვლევებით ასევე დასტურდება, რომ ახალბედა დედის მხარდაჭერა ყველაზე უკეთ მაინც ოჯახის წევრებს შეუძლიათ.