Baby Bag

მშობელს თავისი შეცდომის აღიარება უნდა შეეძლოს

მშობელს თავისი შეცდომის აღიარება უნდა შეეძლოს
ჩვილი ბავშვები არასდროს ცრუობენ, თუმცა საუბრის დაწყებასთან ერთად ბავშვი ტყუილის თქმასაც ​სწავლობს. პატარები სიცრუის თქმის გამო ყოველთვის არ უნდა გააკრიტიკოთ, რადგან განვითარების საწყის ეტაპზე ტყუილის თქმა ბავშვის კოგნიტური უნარების დახვეწაზე მიგვანიშნებს. მშობლების მხრიდან აქტიური ჩარევა და ბავშვის სწორად აღზრდა მას ცუდისა და კარგის გარჩევას ასწავლის. თუ გსურთ ბავშვი გულახდილი იყოს და ტყუილის თქმას გადაეჩვიოს, დაეხმარეთ მას სწორად ჩასწვდეს სიცრუისა და სიმართლის არსს, იცოდეს თითოეული მათგანის დადებითი და უარყოფითი მხარეები.

ბავშვის სწორად აღზრდა მარტივი არ არის. თქვენი შვილი რომ გულახდილობას მიაჩვიოთ, შესაძლოა, ამისთვის წლები დაგჭირდეთ. ვაღიაროთ, რომ სიმართლის თქმა მარტივი არასდროსაა. სრულფასოვანი გულწრფელობა სოციალურად მიუღებელიც კია და ასეთად ყოფნა არც თქვენს შვილს არგებს რამეს. კომპლექსური სწავლებითა და მოთმინებით ბავშვს აუცილებლად ასწავლით, თუ როდის არის აუცილებელი სიმართლის თქმა და როდის არ უნდა ისაუბროს ხმამაღლა თავის განცდებსა და ფიქრებზე.

კარგისა და ცუდის გარჩევას ბავშვი 5-6 წლის ასაკში სწავლობს. როდესაც სკოლაში მიდის, მან სიმართლისა და სიცრუის შესახებ ბევრი რამ უნდა იცოდეს. შედარებით პატარა ასაკში ბავშვებმა იციან, რომ არსებობს ცუდი და კარგი ქცევები. ისინი თავიანთ მშობლებს აკვირდებიან და დასკვნები მათი ქცევებიდან გამომდინარე გამოაქვთ.

მშობელი თავად უნდა იყოს გულწრფელი

სიცრუისა და სიმართლის გარჩევა ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე უნდა ასწავლოთ, თუმცა ეცადეთ ამ დროს მათ თავად არ უთხრათ ბევრი სიცრუე. თუ მამა სახლშია, დედას კი ბავშვები სასეირნოდ ჰყავს წაყვანილი, სადაც ბავშვებთან ერთად მაღაზიების თვალიერებით ერთობა, შინ მისულმა თავის მეუღლეს არ უნდა უთხრას, რომ მას და ბავშვებს საცობების გამო შინ მოსვლა დააგვიანდათ. პატარები ყველაფერს ამჩნევენ და იმახსოვრებენ. თქვენი ქცევა მათთვის ყოველთვის სამაგალითოა.

მშობელს თავისი შეცდომის აღიარება უნდა შეეძლოს

მშობელმა თავისი შეცდომა ყოველთვის უნდა აღიაროს. თუ ბავშვებთან ერთად პიკნიკზე მიდიხართ და მათი საყვარელი ტკბილეული სახლში დაგრჩებათ, გულახდილად უთხარით, რომ შეცდომა დაუშვით და მოუბოდიშეთ კიდეც. ამაში ცუდი არაფერია. ბავშვი თქვენს ქმედებებს აუცილებლად გაიმეორებს.

მშობელი ბავშვისთვის ავტორიტეტი უნდა იყოს და არა ავტორიტარი

გულახდილი ბავშვის აღზრდას დიდი მოთმინება სჭირდება. ბავშვი ზრდასთან ერთად მშობლების წინაშე გულწრფელობას კარგავს, რადგან ხშირ შემთხვევაში სასჯელი აშინებს. არ აქვს მნიშვნელობა რა პრინციპებით ზრდით ბავშვს, თუ ის თქვენს მითითებას გადაუხვევს, მიეცით საშუალება თავისი ქცევის მიზეზებზე გულახდილად დაგელაპარაკოთ. თუ მას ამის უფლებას არ მისცემთ, მომავალში ყველაფერს დაგიმალავთ. მოუსმინეთ თქვენს შვილს. ესაუბრეთ იმ უმთავრეს პრინციპებზე, რომლის მიხედვითაც მას ზრდით. აუცილებლად შეაქეთ გულახდილობის გამო.

ასწავლეთ ბავშვს წიგნებისა და ფილმების დახმარებით

ბავშვებთან ერთად ხშირად იკითხეთ, ფილმებს უყურეთ და შემდეგ ნანახსა და წაკითხულზე გულახდილად ისაუბრეთ. აუხსენით თქვენს შვილს, რატომ მოგწონთ ან არ მოგწონთ ესა თუ ის პერსონაჟი. მატყუარა პერსონაჟების ქცევები გააანალიზეთ, ასწავლეთ თქვენს შვილს, თუ რატომ იქცევა ესა თუ ის გმირი არასწორად.

მშობელმა უნდა იცოდეს, რომ გულწრფელობას ბავშვი ერთ დღეში ვერ ისწავლის

მცირეწლოვან ბავშვებს მარტივი სიმბოლოებით და ფრაზებით უნდა ასწავლოთ, მაგრამ თინეიჯერები კომპლექსური ქცევებისა და აბსტრაქტული კონცეფციების ანალიზს ეჩვევიან. თინეიჯერებს ბევრად რთული ცხოვრება აქვთ, ვიდრე მცირეწლოვან პატარებს. ისინი სკოლაში ძალიან ბევრ დაბრკოლებას ხვდებიან, იცნობენ ახალ ადამიანებს, წვეულებებზე დადიან. მშობელმა თავის შვილს უნდა ასწავლოს, თუ რატომ არის გულწრფელობა ძლიერი სოციალური იარაღი და რატომ არ უნდა ცრუობდეს ადამიანი, რომელსაც სოციუმში ნორმალურად ცხოვრება სურს. არსებობენ ბავშვები, რომლებიც კონფრონტაციას ყოველთვის გაურბიან. დარწმუნდით, რომ თქვენი შვილიც დაპირისპირების ან უთანხმოების შიშით ტყუილში ცხოვრებას არ ეჩვევა. ბავშვს აუცილებლად უნდა ესაუბროთ. მისთვის სწორი რჩევებისა და რეკომენდაციების მიცემა რომ შეძლოთ, მის ცხოვრებას კარგად უნდა იცნობდეთ.

ავტორი: ია ნაროუშვილი

შეიძლება დაინტერესდეთ

რატომ სტკივათ ბავშვებს ძვლები? - ბავშვთა ორთოპედ-ტრავმატოლოგ ნინო ჭოლოკავას რეკომენდაციები

რატომ სტკივათ ბავშვებს ძვლები? - ბავშვთა ორთოპედ-ტრავმატოლოგ ნინო ჭოლოკავას რეკომენდაციები

ბავშვთა ორთოპედ-ტრავმატოლოგმა ნინო ჭოლოკავამ ბავშვებში ძვლების ტკივილის ერთ-ერთ ხშირ გამომწვევ მიზეზზე ისაუბრა:

„როდესაც ბავშვები იზრდებიან, ძვალი იზრდება უფრო ჩქარა, ვიდრე კუნთები და მყესები, რომელიც მასზე არის მიმაგრებული. რაღაც მომენტში დგება დისბალანსი, როდესაც ძვალი დიდია, კუნთები შედარებით დაჭიმული. ის თავისი მიმაგრების ადგილებზე ქაჩავს და იწვევს გარკვეული სახის ტკივილებს. კარგი არის ის, რომ ეს არ არის პათოლოგია, მას არ სჭირდება სპეციფიური მკურნალობა.“

„ცუდია ზუსტად ის, რომ მას არ აქვს სპეციფიკური მკურნალობა. კიდევ ერთი, როდესაც ბავშვი მოდის, როგორც უნდა ვიყო დარწმუნებული, რომ მას აქვს ზრდის ტკივილი, მე უნდა გამოვრიცხო ყველა შესაძლო ვარიანტი, ყველა შესაძლო პათოლოგია. თუ იქ ყველაფერი წესრიგშია, მერე ვეუბნები მშობლებს: „თქვენს შვილს ზრდის ტკივილი აქვს.“ ცოტა მეტი სპორტი, ცოტა მეტი აქტივობა, ცოტა მეტი მოთმინება და ეს ყველაფერი გაივლის,“- აღნიშნულ საკითხზე საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად