Baby Bag

არაფერი მინდა გარდა იმისა, რომ კარგად გახდეს...

არაფერი მინდა გარდა იმისა, რომ კარგად გახდეს...

ნუკი კოშკელიშვილის შვილს, სავარაუდოდ, ენტეროვირუსი აქვს. როგორც ნუკი ამბობს, ენტეროვირუსი ბავშვს ზღვაზე, ბათუმში ყოფნის დროს დაემართა. აღნიშნულთან დაკავშირებით ნუკი პოსტს ინტაგრამის გვერდზე აქვეყნებს:

„ბავშვი რომ ავად არის ამაზე ძნელი არის რამე? ახლა ვირუსი აქვს და სულ სიცხეები. სავარუდოდ, ენტეროვირუსი (ზღვაზე ბათუმში რომ არ დაგემართოს, ჩათვალე სეზონი ჩაგივარდა). ხოდა არაფერი მიხარია, არაფერი მინდა გარდა იმისა, რომ კარგად გახდეს. სულ სხვა თვალით შევხედე დედაჩემს, წარმოვიდგინე რამდენი უნერვიულია, მე რომ პატარა ვიყავი. თან 90-იანებში მე თქვენ გეტყვით წამლები იყო ბევრი.... ერთხელ ძალიან მაღალი სიცხე გქონდაო და გამოიძახა სასწრაფო. სასწრაფოს ეტყობა სიცხის დამგდები არ ჰქონდა და კვერცხის ცილა ასპირინთან ერთად ფეხის გულებში შემიზილეს. დედაჩემმა ეგეთი სისწრაფით სიცხე მას მერე არაფერს დაუგდიაო. მოკლედ ჯანმრთელობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ახლობლებს,“ - აღნიშნავს ნუკი. 


შეიძლება დაინტერესდეთ

„თურმე, დედები რამდენს აკეთებენ, რამდენს უძლებენ, რამდენად არიან გაჭრილები...“

„თურმე, დედები რამდენს აკეთებენ, რამდენს უძლებენ, რამდენად არიან გაჭრილები...“

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი დედების ამაგთან დაკავშირებით საუბრობს და მათ გმირებს უწოდებს. გთავაზობთ ფოტოგრაფის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„ორი დღე ბავშვი მარტო მყავდა. მამიკო, მამიკო, ჭუპა-ჭუპა მინდა, მამიკო, მშია, მამიკო გარეთ მინდა, მამიკო ბატუტზე მინდა და კიდევ რამდენი რამ უნდოდა. 

​​
მეორე ოთახში რომ გავედი და იატაკზე უამრავი სათამაშო დამხვდა მიმოფანტული, გული გამისკდა, ამას რა აალაგებს-მეთქი.

ქვაბიდან საჭმელი ისე გადმოვიდა, ვერ გავიგე, ასე მალე როგორ გაცხელდა. ჭუპა-ჭუპას დროს მე უფრო დავსველდი, ვიდრე ანიტა. ბავშს რომ ვათამაშებდი, გადმომივარდა და ლოყა დაარტყა. ვიდრე ატირებულ ანიტას სახეს დავათვალიერებდი, ჩემი დამემართა. გადავრჩით.

გარეთ რომ გავდიოდით, მამიკო, ხელში ამიყვანეო, მეუბნებოდა. ამ სიმძიმეს ავიყვანდი და მერე წელი მწყდებოდა. 

შვება რომ მეგრძნო, ვეუბნებოდი, ანიტა, აბა, გაიქეცი და მე დაგიჭერ-მეთქი. 50 მეტრს გაირბენდა და მერე ისევ ხელში აყვანას მთხოვდა. ჩემი ნომერი დიდად არ ჭრიდა.

ღამით და დილით ტელეფონს ხელს არ უშვებდა, რომ საბავშვო ვიდეოები ენახა.

ჩამთვლემდა თუ არა, მაღვიძებდა, მამიკო, საწოვარა მინდა, წყალი მინდა და ასე შემდეგ. სხეულის ყველა ნაწილი დაძაბული მქონდა, რომ რაფაზე არ ამძვრალიყო, შტეფსელში თითი არ შეეყო, ძილში გადასაფარებელი თავზე არ წამოეხურა და გაგუდულიყო, საწოლიდან ან რომელიმე გასართობიდან არ გადმოვარდნილიყო.

თურმე, დედები რამდენს აკეთებენ, რამდენს უძლებენ, რამდენად არიან გაჭრილები, ბავშვის აღზრდაში როგორ სჭირდებათ გვერდით დგომა.

და როცა მამაც ჩართულია ბავშვის აღზრდაში, შვილს ის ისევე უყვარდება და ეძვირფასება, როგორც დედა. 

დედები არიან გმირები."

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი

წაიკითხეთ სრულად