Baby Bag

არაფერი მინდა გარდა იმისა, რომ კარგად გახდეს...

არაფერი მინდა გარდა იმისა, რომ კარგად გახდეს...

ნუკი კოშკელიშვილის შვილს, სავარაუდოდ, ენტეროვირუსი აქვს. როგორც ნუკი ამბობს, ენტეროვირუსი ბავშვს ზღვაზე, ბათუმში ყოფნის დროს დაემართა. აღნიშნულთან დაკავშირებით ნუკი პოსტს ინტაგრამის გვერდზე აქვეყნებს:

„ბავშვი რომ ავად არის ამაზე ძნელი არის რამე? ახლა ვირუსი აქვს და სულ სიცხეები. სავარუდოდ, ენტეროვირუსი (ზღვაზე ბათუმში რომ არ დაგემართოს, ჩათვალე სეზონი ჩაგივარდა). ხოდა არაფერი მიხარია, არაფერი მინდა გარდა იმისა, რომ კარგად გახდეს. სულ სხვა თვალით შევხედე დედაჩემს, წარმოვიდგინე რამდენი უნერვიულია, მე რომ პატარა ვიყავი. თან 90-იანებში მე თქვენ გეტყვით წამლები იყო ბევრი.... ერთხელ ძალიან მაღალი სიცხე გქონდაო და გამოიძახა სასწრაფო. სასწრაფოს ეტყობა სიცხის დამგდები არ ჰქონდა და კვერცხის ცილა ასპირინთან ერთად ფეხის გულებში შემიზილეს. დედაჩემმა ეგეთი სისწრაფით სიცხე მას მერე არაფერს დაუგდიაო. მოკლედ ჯანმრთელობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ახლობლებს,“ - აღნიშნავს ნუკი. 


შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ზაფხულია და ცხელა, საკვებით არ დავტვირთოთ ბავშვი,“ - პედიატრი ყარამან ფაღავა

„თუ ზაფხულია და ცხელა, საკვებით არ დავტვირთოთ ბავშვი,“ - პედიატრი ყარამან ფაღავა

პედიატრმა ყარამან ფაღავამ ზაფხულის პერიოდში ბავშვის კვების თავისებურებების შესახებ ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ზაფხულს კუჭ-ნაწლავის დაავადებების გახშირება ახასიათებს:

„დალოცვილ ქვეყანაში ვცხოვრობთ. შესანიშნავი სეზონი გვაქვს ყველა, მაგრამ ყველა სეზონს პატარა ჩრდილიც აქვს. ეს გახლავთ გარკვეული დაავადებების შედარებითი გახშირება. ზაფხული კუჭ-ნაწლავის დაავადებების გახშირების სეზონია. ზოგჯერ მეკითხებიან: ​საჭიროა თუ არა რაიმე განსაკუთრებული დიეტა ზაფხულში? განსაკუთრებული დიეტა არ არის საჭირო, მაგრამ თავისი ნიუანსები არის.“

​ყარამან ფაღავამ მშობლებს ურჩია საკვების ვადები ზედმიწევნით კარგად დაიცვან, რადგან ზაფხულში პროდუქტები სწრაფად ფუჭდება:

„პირველ რიგში, უნდა მივირთვათ ვადა დაცული საკვები. არ შეიძლება, რომ იყიდი პროდუქტს და მაცივარში გაქვს დიდხანს. მერე დაგავიწყდება. ამ სიცხეში ფერმენტაციის პროცესი, დაბინძურება, ყველაფერი უფრო სწრაფად მიმდინარეობს, დაინფიცირების სიხშირე მეტია. მაღაზიაში რომ ვყიდულობთ საკვებს, იმას აწერია ხმარების ვადა. არ გადავცდეთ ამ ვადას. ეს ვადები ტყუილად არ წერია.“

„მნიშვნელოვანია რაოდენობა, თუ რამდენი უნდა მივცეთ ბავშვს საკვები. აქ უკვე მთავარი სეზონი კი არ არის, მთავარია, რა პირობებში ვიმყოფებით. თუ ზაფხულია, მაგრამ ცივა, ბავშვმა ჩვეულებრივად უნდა ჭამოს. თუ ზაფხულია და ცხელა, ბავშვი შესაბამისად ვერც შეჭამს. არც არის ამის შესაძლებლობა, რომ შეჭამოს იმავე რაოდენობით, რაც იყო შედარებით გრილ პერიოდში. საკვებით არ დავტვირთოთ ბავშვი. თუ შედარებით გრილა, ბავშვი გარეთ არის, თამაშობს, ფიზიკური აქტივობა მეტია, შესაბამისად კალორაჟი უნდა გავზარდოთ. პედიატრიაში გამოიყენება ვეტერინარული მიდგომა. შევხედოთ, თუ ბავშვი არ არის ძალიან ჯიუტი და ჯანმრთელია, ​ის თვითონვე გამოზომავს, რა ესაჭიროება და არ ესაჭიროება,“ - აღნიშნულ საკითხებზე ყარამან ფაღავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად