Baby Bag

მშობლის ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში მნიშვნელოვანია ბავშვის სწავლის სწორად წარმართვისთვის - 10 რჩევა მშობლებს

მშობლის ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში მნიშვნელოვანია ბავშვის სწავლის სწორად წარმართვისთვის - 10 რჩევა მშობლებს

როგორც წესი, მშობლებს ყოველთვის სურთ, უზრუნველყონ შვილების წარმატებული კარიერა. ისინი შვილების ბედნიერი მომვლის სანაცვლოდ, ყველანაირი კომპრომისისთვის მზად არიან. სკოლა კი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ აქ იქმნება ბავშვის მომავალი და ვლინდება მშობლის მხარდაჭერა.

1. კითხვა მნიშვნელოვანია

კითხვა ძალიან სასარგებლო აქტივობაა, თუნდაც იმიტომ, რომ ბავშვს სიტყვების მარაგის გამდიდრებასა და ახალი იდეების ჩამოყალიბებაში ეხმარება. ის ბავშვები, რომლებიც ხშირად ხედავენ მშობლებს წიგნით ხელში, მეტი სიამოვნებით კითხულობენ და კითხვას დამღლელ, მოსაწყენ საქმიანობად არ თვლიან. მშობლების ეს მოქმედება ბავშვებს ოსტატურად „უბიძგებთ“ კითხვისკენ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა თავად შეარჩიონ წიგნები (ძირითადად, მათ ყურადღებას ლამაზი დიზაინი იქცევს ხოლმე), ასეთ დროსაც მშობლები ანგარიშს უნდა უწევდნენ მათ არჩევანს.

2. მშობლები ყურადღებას უნდა უთმობდნენ ბავშვის ნებისმიერ საჭიროებას

ყველა ადამიანი უნიკალურია და ის ამ „ორიგინალურობას“ ბავშვობიდანვე ამჟღავნებს. კონკრეტული სწავლების სტილი ყოველთვის არ ესადაგება კონკრეტულ მოსწავლეს. იმან, რაც კარგად „მუშაობს“ ერთ ბავშვზე, შესაძლოა, უარყოფითი გავლენა მოახდინოს მეორეზე. ამიტომ საჭიროა მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა. მაგალითად, როდესაც ბავშვი უყურადღებო და გონებაგაფანტულია, მასთან საჭიროა განსხვავებული მიდგომა არა მარტო მშობლის, არამედ მეგობრებისა და მასწავლებლის მხრიდან.

3. მშობლებმა უნდა გამოავლინონ ინტერესი ბავშვის აკადემიური მოსწრების მიმართ

კვლევებით დასტურდება, რომ წარმატებული მოსწავლეების მშობლები ყოველთვის იჩენენ ყურადღებას შვილის ნიშნების მიმართ. ასევე, ისინი ინტერესდებიან თუ როგორ ჩაიარა პროექტმა ან გამოცდამ. როდესაც მშობლები ავლენენ უყურადღებობას შვილის განათლების მიმართ, ეს ბავშვში ქმნის შთაბეჭდილებას, რომ დაბალი ქულა სრულებით „ნორმალურია“, რადგან ამით არ ინტერესდებიან.
თუმცა, რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია მეორე უკიდურესობაც - ხშირად მშობლები ზედმეტად იჭრებიან ბავშვის პირად სივრცეში, რაც ყოვლად დაუშვებელია.

4. მშობლებმა არ უნდა გამოტოვონ შეხვედრები მასწავლებლებთან

სამწუხაროდ, ხშირად მშობლები თავს იკავებენ შვილის მასწავლებლებთან ვიზიტისგან. ეს ნამდვილად არ არის ნორმალური, რადგან მასწავლებლისა და მშობლის ურთიერთობა მნიშვნელოვანია ბავშვის სწავლის სწორად წარმართვისთვის. პირველ რიგში, ამ გზით მშობელი ინფორმირებულია ბავშვის ქცევის შესახებ. გარდა ამისა, მისთვის გასაგებია თუ რომელი საგანი უჭირს ბავშვს ყველაზე მეტად, რა პრობლემები აქვს და ა.შ. ასე რომ, აუცილებლად იკონტაქტეთ მასწავლებლებთან და გახსოვდეთ, რომ ეს თქვენი შვილისთვის სასიკეთოა.

5. აუცილებლად დაეხმარეთ შვილს გამოცდისთვის ან ტესტისთვის მომზადებაში

არსებობს ძალიან ბევრი გზა, რომლითაც დახმარებას შეძლებთ. პირველ რიგში, უნდა იზრუნოთ, რომ ბავშვმა მოასწროს სრულყოფილად გამოძინება, რათა გამოცდაზე ბოლომდე გამოავლინოს შესაძლებლობები. ასევე საკვები თამაშობს ძალიან დიდ როლს. უნდა დარწმუნდეთ, რომ ბავშვი ჯანსაღ, ვიტამინებით და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით სავსე საუზმეს იღებს, რადგან სწორედ ეს ნივთიერებები ეხმარება მას კონცენტირებასა და მობილიზებაში.

6. მნიშვნელოვანია, რომ საშინაო დავალების შესრულებაშიც დაეხმაროთ

კვლევებით დასტურდება, რომ ბავშვები, რომლებიც საშინაო დავალებას დიდ დროს უთმობენ, მაღალი ნიშნებით გამოირჩევიან. უნდა გაითვალისწინოთ, რომ პირდაპირ პასუხების გაცემა არ არის მართებული, რადგან ასე ვერ დაეხმარებით მას. თქვენ უბრალოდ უნდა დაეხმაროთ პატარ-პატარა გამოთვლებში, ხოლო პასუხი თავად უნდა იპოვოს. რაც მთავარია, ბავშვი უნდა გრძნობდეს თქვენს მხარდაჭერას.

7. აუცილებლად წინასწარ გამოყავით დრო, რომელსაც ბავშვთან ერთად მეცადინეობას დაუთმობთ

წინასწარ გამოყოფილი, განსაზღვრული დრო ხელს უწყობს ბავშვის ფსიქოლოგურ მომზადებას, რის შემდეგაც იგი მზადაა მეცადინეობისთვის. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად ამცირებს სტრესის დონეს, რადგან ბავშვს არ მოუწევს ლოდინი სანამ სახლში დაბრუნდებით. ასევე კარგი იქნება თუ ყოველი მეცადინეობის წინ დაუსახავთ გარკვეულ მიზნებს და მათ მიღწევაში დაეხმარებით.

8. ჩაერთეთ სკოლის ღონისძიებებში

კვლევები გვიჩვენებს, რომ იმ მშობლების შვილებს, რომლებიც ერთვებიან ღონისძიებებში, ბევრად მაღალი ნიშნები აქვთ. გარდა ამისა, ეს არის მარტივი ჟესტი, რომლითაც გამოხატავთ თანადგომას და ინტერესს. ეს საქმიანობა უნდა იყოს მოხალისეობრივი და მას სიამოვნებით უნდა აკეთებდეთ. უნდა იგრძნობოდეს, რომ გულწრფელად ხართ დაინტერესებული სკოლის ღონისძიებებით.

9. გაიგეთ ყველაფერი შვილის სკოლის შესახებ

ძალიან ბევრ სკოლას ერთნაირი სწავლების მეთოდი და სტილი აქვს. თუმცა არსებობენ არაორდინალური სკოლები, რომლებშიც განსხვავებული ქცევის ტაქტიკა აქვთ შემუშავებული. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, ზედმიწევნით იცნობდეთ იმ სკოლის სისტემას, სადაც თქვენი შვილი სწავლობს. ამისთვის კი შეგიძლიათ დაეკონტაქტოთ სხვა მშობლებს, მასწავლებებს და ა. შ.

10. აუცილებლად გამოხატეთ უკმაყოფილება

სამწუხაროდ, არსებობს ფაქტები, რომლებთანაც თვალის გასწორება საკმაოდ რთულია. ასეთია ბულინგი ან პირდაპირი დაპირისპირება , რაც ხშირია სკოლებში, განსაკუთრებით გარდატეხის ასაკში მყოფი ბავშვებში. უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენი სიტყვა ბევრს ნიშნავს. ის მნიშვნელოვანია, როგორც სკოლის კოლექტივისთვის, ისე თქვენი შვილისთვის, რადგან ბავშვი ამ მხარდაჭერით მხნევდება, ხოლო სკოლის პერსონალი მეტ ყურადღებას იჩენს, რაც ავტომატურად ამცირებს ბულინგისა და სხვა უსიამოვნებების ფაქტებს.

მომზადებულია ​moms.com-ის მიხედვით

ავტორი: მარიამ კვეტენაძე