Baby Bag

„ემოცია, რომელსაც მთელი 1 წელი ველოდით“ - სამი შვილის დედამ სიმსივნე დაამარცხა

„ემოცია, რომელსაც მთელი 1 წელი ველოდით“ - სამი შვილის დედამ სიმსივნე დაამარცხა

სამი შვილის დედა თამთა ჭელიძე, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა,  მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვინც მის გამოჯანმრთელებაში საკუთარი წვლილი შეიტანა. 

გთავაზობთ თამთას მიერ სოციალურ გამოქვეყნებულ ვიდეოსა და პოსტს:

„ემოცია, რომელსაც მთელი 1 წელი ველოდით 🙏

ჩემო მეგობრებო და ახლობლებო მინდა ყველას დიდი მადლობა გითხრათ გვერდში დგომისა და გამხნევებისთვის. მე მძიმე ერთი წლის მერე შევძელი და გავიმარჯვე ამ ბოროტ დაავადებასთან და მადლობა ყველას ვინც მიიღო მონაწილეობა და შემაძლებინა ეს ყველაფერი❣️
დავასრულეთ კვლევები.

ყელის მიდამო სუფთაა, მუცლის არეში არის კერები, რომლებიც საჭიროებს მუდმივ დაკვირვებას, თუმცა ეს არაა ამ ეტაპზე საშიში ❣️

ამჟამად ვარ სტაბილურად ჯანმრთელი. ეს ბოლო სიტყვა ვერ დავიჯერე, როცა ექიმი ხელს მართმევდა გავამეორებინე 🙏

მადლობა ღმერთს საქართველოში გამარჯვებულებს გვაბრუნებს🙏❣️

ამ ძალიან ძლიერი ადამინის Ilia Khubulava გარეშე მე ვერაფერს გავაკეთებდი ❤️ მადლობა იმისთვის რომ მთელი ერთი წელი გამიძლო ( ისედაც მთელი ცხოვრებაა მიძლებს 😘) გვერდში მედგა , არც ერთი წამით არ დაღლილა ჩემს დასანახად და არც ერთი წამით არ მაცდიდა დანებებას ❤️ ზუსტად იცოდა რა როდის უნდა ეთქვა და გაეკეთებინა❣️ მარტო მან და ჩემმა ოჯახმა იცის რა გადავიტანე ამ ბრძოლაში და მათი გვერდში დგომით მქონდა ძალა გამეღიმა და მეცხოვრა ჩვეული რიტმით ❤️

მადლობა ჩემს ოჯახის წევრებს, რომლებმაც გმირულად გაუძლეს ამ რთულ დღეებს❣️

არ მჯერა რომ ჩემს სამ შვილს ჩავეხუტები და ვეტყვი რომ ყველაფერი დამთავრდა, რომ დედა ასე დიდი ხნით არასდროს წავა. მათე ხუბულავა მაფიცებდა მართლა ასეა თუ მე მიმალავო ❤️

ყველას მინდა მადლობა გითხრათ ვინც ჩემს გვერდით იყავით❣️

ეს კი სავადმყოფოდან გამოსვლის კადრებია აქ ხალხი გაოგნებული გვიყურებდა მე ვტიროდი და ილო იცინოდა. სიცილ-ტირილა გვჭირდა❤️
მადლობა ყველას ❤️“

შეიძლება დაინტერესდეთ

„მგზავრობის დროს ბავშვის ცუდად გახდომას მძაფრი სუნი, არასწორი კვება და ელექტრო მოწყობილობების გამოყენება იწვევს,“ - პედიატრი ნინო თოთაძე

პედიატრი ნინო თოთაძე გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ მგზავრობის დროს ბავშვის ცუდად გახდომის პრობლემის შესახებ საუბრობს:

„მგზავრობასთან დაკავშირებით ბავშვებს გარკვეული თავისებურებები ახასიათებთ. მშობლებისთვის ნამდვილად დისკომფორტია, როდესაც ბავშვებისთვის პრობლემურია მგზავრობის პროცესი, ამასთან ეს არ არის ერთჯერადი და ყოველი მგზავრობის დროს მეორდება. ამას ბრჭყალებში შეგვიძლია ვუწოდოთ „მგზავრობის ავადმყოფობა.“ აღნიშნული პრობლემა სამედიცინო თვალსაზრისით ახსნადია. პირველ რიგში, ვისაუბროთ სიმპტომებზე. მნიშვნელობა არ აქვს მგზავრობა ხდება ავტომობილით, თვითმფრინავით თუ ზღვაზე გემით. ზოგადი სიმპტომატიკა არის ის, რომ ბავშვს მგზავრობის პერიოდში ეწყება სისუსტე, ძილიანობა, გარკვეული დისკომფორტი, ფერმკრთალდება, აქვს გულისრევა და ფიქსირდება ღებინებინების ეპიზოდი. ამ შემთხვევაში ეს დისკომფორტი იხსნება, თუმცა გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ კვლავ ბრუნდება.“

ნინო თოთაძის თქმით, აღნიშნული პრობლემა გენეტიკურია:

„პრობლემა,შესაძლოა, არსებობდეს გენეტიკური ფაქტორიდან გამომდინარე. ბოლომდე ახსნილი არ არის, რატომ ხდება ზოგიერთი ბავშვი ცუდად მგზავრობის დროს, უმრავლესობა კი - არა. მეცნიერება გვეუბნება, რომ თუ ერთ მშობელს მაინც ჰქონდა მსგავსი პრობლემა ბავშვობაში, 50 %-იანი ალბათობით შვილსაც ექნება. მშობლები ხშირად შფოთავენ და აინტერესებთ, რატომ ხდება ბავშვი ცუდად მგზავრობის დროს. პრობლემა წლებთან ერთად ქრება, შესაძლოა, გარკვეული სიმპტომატიკა დარჩეს. ძირითადი სიმპტომები 2-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ვლინდება. ბავშვებისთვის უკვე აღქმადია მოგზაურობა და ეს სიმტპომატიკაც ვლინდება, თუ პრობლემა ბავშვისთვის დამახასიათებელია. როდესაც ბავშვი მგზავრობს, სიგნალი მიდის ტვინში როგორც მხედველობიდან, სმენიდან, ასევე საყრდენ-მამოძრავებელი სისტემიდან. ამ შემთხვევაში არის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემიდან და მხედველობიდან აღქმული პროცესების დისბალანსი. მაგ. ბავშვი ზის უკანა სავარძელში, ის უყურებს ფანჯრიდან მოძრავ ავტომობილებს, მისი თვალი მოძრაობას აღიქვამს, მაგრამ საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა ამას ვერ გრძნობს. ეს არაბალანსირებული შეგრძნებები იწვევს დისონანსს ტვინში და ბავშვი გრძნობს დისკომფორტს.“

ნინო თოთაძე მშობლებს პრობლემასთან გამკლავების გზებს სთავაზობს:

„ერთ-ერთი რეკომენდაცია არის ის, რომ ბავშვი იჯდეს წინ და ჰორიზონტს ხედავდეს. თუმცა მცირეწლოვანი ბავშვების წინა სავარძელზე დასმა რეკომენდებული არ არის. თუ მოზარდს ვასეირნებთ ნავით, უმჯობესია, თუ მას შუაში დავსვამთ და ჰორიზონს დავანახებთ. ავტომობილით როდესაც ვმგზავრობთ, ბავშვს ყურადღება ფანჯრისკენ არ უნდა გადავატანინოთ, უმჯობესია მან წინ იყუროს.“

„მგზავრობის დროს ბავშვის ცუდად გახდომას რამდენიმე მაპროვოცირებელი მიზეზი აქვს, ერთ-ერთია ელექტრო მოწყობილობის გამოყენება, ფილმის ყურება, მძაფრი სუნი, მაგ. სუნამოს სურნელი, თამბაქოს სუნი, ასევე კვება. როდესაც ბავშვს ვაჭმევთ ცხიმიან საკვებს მგზავრობის წინ, ვტვირთავთ მის ორგანიზმს. მგზავრობისას კვება უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ წყლით და კრეკერით. ეს ბავშვისთვის მსუბუქი კვებაა. ყურადღება ბავშვა უნდა გადაიტანოს არა ელექტრო მოწყობილობებზე, არამედ ადამიანებზე, რომლებთან ერთადაც მგზავრობს. შესაძლოა, სიმპტომები მგზავრობის დასრულებიდან რამდენიმე საათის მანძილზე გაგრძელდეს, რაც არ არის საშიში, რადგან მგზავრობის პრობლემასთან არის დაკავშირებული. ასაკის მატებასთან ერთად პრობლემა იკლებს, თუმცა თუ სიმპტომები რჩება, ბაზარზე არსებობს მედიკამენტები, რომლებიც მის დაძლევაში გვეხმარება. მთავარია, რომ ბავშვს მედიკამენტი პედიატრთან შეთანხმებით მისცეთ,“ - აღნიშნავს ნინო თოთაძე. 

წაიკითხეთ სრულად