Baby Bag

„ბავშვმა ლექსი უნდა ისწავლოს. მუშა მეხსიერებას რომ ვარჯიში სჭირდება, ამაზე კამათი არ უნდა იყოს“

„ბავშვმა ლექსი უნდა ისწავლოს. მუშა მეხსიერებას რომ ვარჯიში სჭირდება, ამაზე კამათი არ უნდა იყოს“

ლექსის ზეპირად სწავლასა და მუშა მეხსიერების ვარჯიშზე საქართველოს პირველი არხის გადაცემაში ,,პირადი ექიმი - მარი მალაზონია'' ბავშვთა ნევროლოგმა სოფო ბახტაძემ ისაუბრა. 

„ბავშვმა ლექსი უნდა ისწავლოს. ის, რომ მას სხვა ტიპის მეხსიერება უფრო მეტად აქვს განვითარებული, მაგალითად, ვიზუალური - ეს სხვა თემაა. მუშა მეხსიერებას ვარჯიში სჭირდება და ამაზე საუბარი არ უნდა იყოს.

ე.წ საზეპირო რა მოცულობის უნდა იყოს? - ეს უნდა იყოს შუშანიკის წამებიდან აღებული ჰაგიოგრაფიული, მძიმე ლიტერატურული ენით დაწერილი მთელი გვერდი თუ აკაკი წერეთლის ლირიკული, არაჩვეულებრივი ლექსის მხოლოდ ნაწილი, თუ რომელიმე პოემა?! - ეს უკვე ბავშვის ინტელექტის კოეფიციენტზეა დამოკიდებული, ანუ რა მოცულობის მასალას დაიზეპირებს, ეს მისი ინტელექტის მიხედვით განისაზღვრება. თუმცა, ვიმეორებ, მუშა მეხსიერებას ვარჯიში სჭირდება და ეს დისკურსიას არ საჭიროებს,'' - აღნიშნა სოფო ბახტაძემ. 

წყარო: ​,,პირადი ექიმი - მარი მალაზონია''

შეიძლება დაინტერესდეთ

უნდა ჩაერიოს თუ არა მშობელი ბავშვების კონფლიქტში?

უნდა ჩაერიოს თუ არა მშობელი ბავშვების კონფლიქტში?

ბავშვებს ერთმანეთთან კონფლიქტი ხშირად მოსდით. უფროსების მსგავსად ისინიც ეუხეშებიან ერთმანეთს, უსიამოვნო რეპლიკებსაც ისვრიან და ზოგჯერ ფიზიკურადაც ძალადობენ სხვებზე. პატარები ხშირად ვერ ხვდებიან, როგორ უნდა გადაჭრან კონფლიქტი. ალბათ, შეგიმჩნევიათ, რომ როდესაც მეგობარი თქვენს შვილს ხელს ურტყამს, ის თქვენ გიყურებთ. მან არ იცის, როგორ უპასუხოს აგრესიას და მშობლის მითითებას ელოდება.

ზოგიერთი ბავშვი ემოციებს ღიად გამოხატავს, ბრაზობს და მოწინააღმდეგეს თავს ესხმის, ზოგიერთი კი ბრაზს გულში ინახავს. უფროსებიც ასე იქცევიან, როდესაც კონფლიქტი აქვთ, თუმცა ბავშვებისგან განსხვავებით მათი ენობრივი უნარები უკვე სრულფასოვნად არის განვითარებული.

უნდა ჩაერიოს თუ არა მშობელი ბავშვების კონფლიქტში?

მშობელი ბავშვების კონფლიქტში ყოველთვის არ უნდა ერეოდეს. ზოგჯერ ბავშვი კონფლიქტს ვერ უმკლავდება, შესაძლოა, ის დაჩაგრონ კიდეც. მსგავს შემთხვევაში ბავშვების ჩხუბში აუცილებლად უნდა ჩაერიოთ და თქვენი შვილი ზეწოლისგან დაიცვათ. თუ ბავშვს დაჩაგრავენ, მას ბრაზი დაუგროვდება, რაც სამომავლოდ, შესაძლოა, აგრესიისა და ძალადობის გამომწვევ მიზეზად იქცეს.

როდესაც მშობელი ბავშვების კონფლიქტში ერევა, მან ყურადღება საკუთარ თავზე არ უნდა გადაიტანოს. კონფლიქტის მონაწილე მხარეებს ყველაფერი კარგად უნდა აუხსნას, რათა ბავშვები საკუთარ შეცდომებს მიხვდნენ. ზოგჯერ მშობელმა ბავშვებისგან თავი შორს უნდა დაიჭიროს და მათ კონფლიქტის მოგვარების შესაძლებლობა უნდა მისცეს.

ბავშვებმა არ უნდა ჩათვალონ, რომ მათი კონფლიქტები ყოველთვის თქვენ უნდა გადაჭრათ. მშობელმა მოსამართლის ან დამსჯელის როლი არ უნდა მოირგოს. ბავშვებს კონფლიქტის საკუთარი რესურსით მოგვარება უნდა აცალოთ, თუ ამის შესაძლებლობა გექნებათ.

კონფლიქტი ბავშვისთვის სასარგებლოც კია. მისი დახმარებით ის კომუნიკაციას, აზროვნებას, პრობლემის მოგვარებას და კომპრომისზე წასვლას სწავლობს. თუ ბავშვების კონფლიქტში ერთვებით, აუცილებლად შეინარჩუნეთ სიმშვიდე. ბავშვმა უნდა დაინახოს, რომ აგრესიისა და უხეშობის დაძლევა სავსებით შესაძლებელია მაშინაც კი, როდესაც ადამიანი მშვიდად არის. ისინი თქვენ აუცილებლად მოგბაძავენ და სამომავლოდ ისევე მოიქცევიან, როგორც თქვენ იქცევით.

არასდროს დაიწყოთ იმის გარკვევა, თუ ვინ დაიწყო ჩხუბი. ბავშვები უნდა მიხვდნენ, რომ თქვენ ნეიტრალურ პოზიციას იკავებთ. ამგვარად ისინი მიხვდებიან, რომ დამნაშავისა და უდანაშაულოს გამოკვეთა არ არის მათი მთავარი მიზანი. კონფლიქტში თუ ჩაერევით, ჯერ ერთ ბავშვს მოუსმინეთ, შემდეგ მეორეს. საბოლოდ მათ ერთმანეთთან საუბრის შესაძლებლობა მიეცით და თითოეულ მათგანს საკუთარი განცდების გამოხატვაში დაეხმარეთ. მსაჯულის როლი არაფერში გამოგადგებათ, თქვენ კონფლიქტში მხოლოდ მედიატორი უნდა იყოთ.

კონფლიქტი სერიოზულ სახეს თუ იღებს, ბავშვები ერთმანეთისგან განაცალკევეთ და თითოეულ მათგანს ცალ-ცალკე გაესაუბრეთ. განსჯისგან, ამ შემთხვევაშიც, თავი შეიკავეთ. შესაძლოა, კონფლიქტის მოსაგვარებლად საათები დაგჭირდეთ, მაგრამ უხეშ ჩარევას მაინც მოერიდეთ. ბავშვებს ემოციებისგან დაცლასა და საკუთარ გრძნობებზე საუბარში დაეხმარეთ.

არ მისცეთ ბავშვებს საუბრის გარეშე შერიგების უფლება. მათ კონფლიქტზე ღიად და გულახდილად უნდა ისაუბრონ. როდესაც ყველაფერი გაირკვევა, მათ ნება დართეთ კვლავ ერთად ითამაშონ.

გახსოვდეთ, ყველა ბავშვი ჩხუბობს, ზოგიერთი მათგანი კონფლიქტს დამოუკიდებლად უმკლავდება, მაგრამ ზოგჯერ მშობლის ჩარევა აუცილებელია. როდესაც გრძნობთ, რომ ბავშვების ჩხუბში ჩართვა გიწევთ, სიფრთხილე გამოიჩინეთ და აუცილებლად დაიკავეთ ნეიტრალური პოზიცია.

მომზადებულია ​sg.theasianparent.com -ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა 

წაიკითხეთ სრულად