Baby Bag

რამდენად მიზანშეწონილია მშობლის უხეში ჩარევა ბავშვის გარემოცვის შერჩევისას?

რამდენად მიზანშეწონილია მშობლის უხეში ჩარევა ბავშვის გარემოცვის შერჩევისას?

ხშირად მშობლებს ბავშვების გარემოცვა არ მოსწონთ, ჰგონიათ რომ ცუდ ზეგავლენას ახდენენ მათ შვილებზე. რამდენად მიზანშეწონილია მშობლის უხეში ჩარევა ამ კუთხით? - ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი მარიამ შოვნაძე ესაუბრა.

- ხშირად მშობლებს ბავშვების გარემოცვა არ მოსწონთ, ჰგონიათ რომ ცუდ ზეგავლენას ახდენენ მათ შვილებზე. რამდენად მიზანშეწონილია მშობლის უხეში ჩარევა ამ კუთხით?

- მეგობრობა ბავშვების ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც აქტუალური 3 წლიდან და ხშირ შემთხვევაში, უფრო ადრეც ხდება. ბავშვის ურთიერთობა თანატოლებთან პირდაპირ გავლენას ახდენს მის კეთილდღეობაზე, ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე და რა თქმა უნდა, შესაძლებლობას აძლევს მიიღოს სოციალური გამოცდილება, ისწავლოს, განავითაროს და გამოიყენოს სოციალური უნარები, რის შედეგადაც შესაძლოა, ჩამოაყალიბოს სხვებთან გრძელვადიანი და ჯანსაღი ურთიერთობები. 

ძალიან მნიშვნელოვანია, მშობლები აცნობიერებდნენ ბავშვების ცხოვრებაში მეგობრობის მნიშვნელობას და ხელს უწყობდნენ შვილებს დაამყარონ თანატოლებთან ურთიერთობა, მიიღონ სოციალური გამოცდილებები. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მშობელი ღელავს, რომ მეგობარი მის შვილზე ნეგატიურ გავლენას ახდენს და უკრძალავს ურთიერთობას. როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში აკრძალვის შედეგად ბავშვი მაინც აგრძელებს მეგობრობას თანატოლთან, მაგრამ უკვე მშობლისგან დამალულად. მოვლენების ასეთი განვითარება, რა თქმა უნდა, აისახება, როგორც ბავშვის და მშობლის ურთიერთობაზე, ამავდროულად ბავშვის და მისი მეგობრის ურთიერთობაზე. თუნდაც მომავალში, სირთულე რომ აღმოაჩინოს მეგობრულ ურთიერთობაში, მას გაუჭირდება მშობელს მიმართოს და მასთან გააზიაროს საკუთარი გამოცდილება.ასე რომ, კითხვაზე რამდენად მიზანშეწონილია მშობლის მხრიდან უხეში ჩარევა ასევე კითხვით მინდა გიპასუხოთ, რამდენად ვუწყობთ აკრძალვით ხელს ბავშვმა მიიღოს საკუთარი, პირადი სოციალური გამოცდილება?! ყოფილა შემთხვევები, როდესაც მასწავლებელი უკრძალავს ორ კლასელს მეგობრობას, ეს დაუშვებელია განსაკუთრებით სკოლაში, რადგან ეს არ არის პრობლემის მოგვარების კონსტრუქციული გზა და ამავდროულად ბავშვებისთვის შესაძლოა ჩაგვრის მაპროვოცირებელი გახდეს.

- არის თუ არა ეს ბავშვის პირადი სივრცის დარღვევა?

- რა არის პირადი სივრცე და პირადი საზღვრები. პირადი საზღვრები ეს არის როგორც საკუთარი საჭიროებების გაგება და პატივისცემა, ამავდროულად გარშემომყოფი ადამიანების საჭიროებების გაგება და პატივისცემა. პირადი საზღვრები გულისხმობს იმ წესებსა და საზღვრებს, რომელთა მიხედვითაც განისაზღვრება, თუ როგორ ვიქცევით სხვა ადამიანებთან და როგორ იქცევიან ისინი ჩვენთან. ჯანსაღი პირადი საზღვრები საშუალებას აძლევს ბავშვს ისწავლოს თუ როგორ აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებზე, ამავდროულად ეხმარება თავი აარიდოს ისეთ სიტუაციებს, სადაც უსამართლოდ ან არასათანადოდ აიძულებენ, უბიძგებენ პასუხისმგებლობის აღებას სხვა ადამიანების ემოციებსა და ქმედებებზე. კარგად განვითარებული საზღვრების არსებობა ხელს უწყობს ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებას და ამავდროულად ეხმარება ბავშვს დროულად ამოიცნოს და თავი აარიდოს მანიპულირებას, გარეშემომყოფი ადამიანების მხრიდან არასათანადო მოპყრობას. თუ მივცემთ ბავშვს პირადი გამოცდილების მიღებისა და პასუხისმგებლობის აღების შესაძლებლობას, ეს ხელს შეუწყობს სოციალური უნარების განვითარებას და მომავალში ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

- თუ მშობელი დარწმუნებულია, რომ ესა თუ ის გარემოცვა მის შვილს ზიანს აყენებს, როგორ უნდა მიაწოდოს სწორად ინფორმაცია?

- დიახ, არის შემთხვევები, განსაკუთრებით მოზარდობის პერიოდში, როდესაც მოზარდი არის იმ გარემოცვაში, სადაც რისკისშემცველ ქცევას ავლენენ. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ და გავიგოთ რა არის ამის წინაპირობა, იქნებ მას ურთიერთობების ფორმირება ან შენარჩუნება უჭირს?! მნიშვნელოვანია, მშობელს და შვილს შორის შედგეს დიალოგი და არა მონოლოგი. პირველ რიგში, უნდა წავახალისოთ მშობელს და შვილს შორის ღიაობა, სანდოობა. დიალოგის პროცესში ხელი უნდა შევუწყოთ დააკვირდეს საკუთარ ურთიერთობებს, შეაფასოს როგორ გრძნობს თავს, ყოფილა თუ არა შემთხვევა, როდესაც საფრთხე შეექმნა მას ან მის თანატოლს, რა არის ამ ურთიერთობების ძლიერი და სუსტი მხარეები, როგორ წარმოუდგენია მომავალში ეს ურთიერთობები და ა.შ. ასევე მშობელს, შეუძლია გაუზიაროს საკუთარი გამოცდილებები, როგორც ჯანსაღი, ასევე არაჯანსაღი ურთიერობების მაგალითები და რაც მთავარია, თუ მოზარდმა საუბარი დაიწყო, აუცილებლად მოუსმინეთ და არ შეაწყვეტინოთ.

- რა სახით ჩარევა ახდენს ბავშვზე უარყოფით ზეგავლენას? შესაძლოა თუ არამშობლისა და შვილის ურთიერთობაზე ნეგატიურად იმოქმედოს?

- არასასურველია მშობლის მხრიდან მონოლოგი, ლექციის წაკითხვა, აკრძალვა, სხვა თანატოლის დაკნინება, გაუფასურება. როგორც აღვნიშნე, აკრძალვა ბავშვს, მოზარდს უბიძგებს მალულად გააგრძელოს ურთიერთობა. ეს ნიშნავს, რომ მთელი ყურადღების ფოკუსს მიმართავს ურთიერთობის დამალავაზე და არა პრობლემაზე, რომელიც შესაძლოა მეგობართან ურთიერთობაში მართლაც არსებობდეს. გარდა ამისა, ამ გზით იკარგება კონტაქტი მშობელს და შვილს შორის, ღიაობა და სანდოობა. უმჯობესია, ყოველთვის წავახალისოთ დიალოგი,მოვუსმინოთ ბოლომდე, არ შევაწყვეტინოთ შეფასებებით, განვიცადოთ ბავშვის ემოციები და ბოლოს მივცეთ საშუალება იმსჯელოს, შეაფასოს საკუთარი ქცევა თუ გამოცდილება.

ესაუბრა მარიამ ჩოქური 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ის სათამაშო, რომელშიც არის სამკუთხედში მოთავსებული ეს რიცხვები, ბავშვისთვის განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს,“ - ტოქსიკოლოგი ეკა ქურდაძე

„ის სათამაშო, რომელშიც არის სამკუთხედში მოთავსებული ეს რიცხვები, ბავშვისთვის განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს,“ - ტოქსიკოლოგი ეკა ქურდაძე

ტოქსიკოლოგმა ეკა ქურდაძემ პლასტმასის შემცველობაში შემავალი საშიში ნივთიერების ფტალატის შესახებ ისაუბრა და მშობლებს აუხსნა, როგორი ტიპის პლასტმასის სათამაშოებს მიანიჭონ უპირატესობა:

„ფტალატი არის პლასტმასის შემცველობაში მისი ფორმის გაუმჯობესების მიზნით, სირბილისა და მოქნილობისთვის. სამწუხაროა, რომ ბავშვებისთვის განკუთვნილ საცურაო აუზებშიც კი მისი შემცველობა საკმაოდ მაღალია. პლასტმასს სპეციალური ნიშნულები აქვს, რომელი ექვემდებარება განსაკუთრებულ რისკს და რომელია შედარებით უსაფრთხო. სპეციალური სამკუთხედებია, რომელშიც არის ნიშნულები. 2, 4 და 5 უსაფრთხოა, 3, 6, 7 განსაკუთრებით ტოქსიკურია. პროდუქტი რომელშიც 1 წერია, უსაფრთხოდ ითვლება, თუ მას არ გავაცხელებთ, ხანგრძლივად არ გამოვიყენებთ. სათამაშო, რომელსაც ხანგრძლივად იყენებთ, აუცილებლად უნდა გასუფთავდეს. ბაქტერიების მიმღებლობა მას საკმაოდ მაღალი აქვს. ეს განსაკუთრებით ეხება 1 ნიშნულის მქონე პლასტმასს. ხანგრძლივად არ უნდა გამოვიყენოთ ასეთი პლასტმასი და ის არ ექვემდებარება მეორად გადამუშავებას.“

„2,4, 5 ნიშნულის მქონე პლასტმასი უსაფრთხოა. ის სათამაშო, რომელშიც არის ეს ნიშანი, სამკუთხედში მოთავსებული ეს რიცხვები, 3, 6, 7, არ არის სასურველი ჩვენთვის და განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს. უფრო პრობლემას წარმოადგენს ჩვენთვის ხანგრძლივი გამოყენების ნივთები, როდესაც ისერება და იკაწრება. მსგავსი პლასტმასი საშიშია ჩვენი ორგანიზმისთვის. განსაკუთრებით მოქმედებს ენდოკრინულ სისტემაზე. სამწუხაროდ, ფტალატი გადის კანცეროგენებშიც,“- აღნიშნულ საკითხზე ეკა ქურდაძემ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

წაიკითხეთ სრულად