Baby Bag

რა არის ექსპრესიული მეტყველების დარღვევა და როგორ ამოვიცნოთ ის ბავშვებში?

რა არის ექსპრესიული მეტყველების დარღვევა და როგორ ამოვიცნოთ ის ბავშვებში?

რა არის ექსპრესიული მეტყველების დარღვევა და როგორ ამოვიცნოთ ის ბავშვებში? - ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ლოგოპედი ეკატერინე კვიტაიშვილი.

- ზოგადად, რა არის ექსპრესიული მეტყველება?

- მეტყველების ექსპრესიულობა არის უნარი ნათლად, დამაჯერებლად და ამავე დროს, რაც შეიძლება მოკლედ, გამოხატოს საკუთარი აზრები და გრძნობები, ინტონაციის დაუფლების უნარი, სიტყვების არჩევა, წინადადებების აგება, ფაქტების შერჩევა, მაგალითები.

- როგორ ამოვიცნოთ რომ ბავშვს ექსპრესიული მეტყველების დარღვევა აქვს? (რა ახასიათებს?)

- ექსპრესიული მეტყველების დარღვევა არის მეტყველების განვითარების სპეციფიკური დარღვევის ერთ-ერთი ფორმა, რომლის დროსაც ბავშვის სასაუბრო მეტყველების გამოყენების უნარი მინიმალურ დონეზე დაბალია, რაც გამოიხატება მეტყველების ზოგადი განუვითარებლობით, არსებობს ლექსიკის სიღარიბე, სიტყვიერი განზოგადების დაბალი დონე, მეტყველების დეტალური განცხადების სირთულეები, აგრამატიზმები (სიტყვიერი დაბოლოებების გამოყენებაში შეცდომები, სიტყვების ფორმირების დარღვევა), წინადადებების, ზმნების გამოყენების სირთულეები. დამახასიათებელია არავერბალური მინიშნებების, ჟესტების ადეკვატური გამოყენება, კომუნიკაციის სურვილი.

მიუხედავად იმისა, რომ ნორმალური მეტყველების განვითარება ძალზე ინდივიდუალურია, ორი წლის ასაკში ცალკეული სიტყვების, მასთან დაკავშირებული მეტყველების წარმონაქმნების, ან სამი წლისთვის 2-3 სიტყვისგან შემდგარი მარტივი ფრაზების არარსებობა უნდა ჩაითვალოს დაყოვნების ნიშნად.

ექსპრესიული მეტყველების დარღვევის მიმანიშნებელი შეიძლება იყოს შემდეგი ნიშნები:

ბავშვს 2 წლამდე არ აქვს მეტყველება სიტყვების სახით და 3 წლისთვის მარტივი ფრაზები, მცირე ლექსიკით შემოიფარგლება, სირთულეები სინონიმების არჩევისას, თხრობა, წინადადების არასწორი სტრუქტურა, მეტყველებაში შეცდომები, სიტყვების შემოკლებული გამოთქმები, წინადადებების, ნაცვალსახელების არასწორი გამოყენება, არსებითი სახელების უარყოფის შეუძლებლობა.

- როგორ ხდება ექსპრესიული მეტყველების განვითარება და რა უნარებია ამისთვის საჭირო?

- განსაზღვრეთ რა ტემპით უნდა წაიკითხოთ ლექსი (საშუალო, სწრაფი, ნელი). ასევე, მონაცვლეობით თქვით წინადადება თხრობითი ინტონაციით, თქვით სიხარულით, სიამოვნებით, გაკვირვებით, ეჭვით. მონაცვლეობით მეტყველება ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვისა და დედის ცხოვრებაში, ის საშუალებას აძლევს ადამიანებს გამოხატონ თავიანთი სურვილები და საჭიროებები, აზრები და იდეები, დაიცვან თავიანთი თვალსაზრისი, განავითარონ ენის გამოყენება წერილობით და წარმატებულად იურთიერთონ სხვებთან. ბავშვებისა და მშობლების შემთხვევაში კი – ერთმანეთის გაგება და სტრესული სიტუაციების თავიდან აცილება. როდესაც ენა კარგად არის განვითარებული (ბავშვს აქვს საკმაოდ ფართო ლექსიკა, კომპეტენტურად გამოხატავს თავის აზრებს, იცის როგორ აღწეროს შეგრძნებები, მოქმედებები, მოვლენები, მკაფიოდ პასუხობს კითხვებს), ეს მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მის ცხოვრებას და უხსნის დიდ შესაძლებლობებს სხვადასხვა წრეში კომუნიკაციისთვის. 

მარიამ ჩოქური

„ჩვენ მოგვეთხოვება ბავშვისთვის მეტყველებით გამდიდრებული გარემოს შექმნა,“- ნეიროფსიქოლოგი თ...
​ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ მშობლებს ურჩია, რომ ბავშვის ენობრივი უნარების განვითარებისთვის მას ცოცხალი სამეტყველო გარემო შეუქმნან:„ჩვენ უნდა ველაპარაკოთ ჩვენს ბავშვებს. ძალიან ბევრი კვლევა ამბობს...
„მეტყველების დაწყების ვადების კრიტერიუმები ძალიან შეიცვალა,“ - ბავშვთა ნევროლოგი ბაკურ კოტ...
​ბავშვთა ნევროლოგმა ბაკურ კოტეტიშვილმა დაინტერესებული მშობლის კითხვას უპასუხა. მშობელი ღელავდა, რადგან მისი ოთხი წლის შვილი მხოლოდ ცალკეულ სიტყვებს იმეორებდა სტერეოტიპულად, თუმცა წინადადებებს არ წარმო...
„შეიძლება ორი წლის ასაკში ამით თავი დავიმშვიდოთ, რომ მამამ გვიან დაიწყო მეტყველება და მოდი...
​ფსიქიატრმა ტატა ბაზღაძემ ბავშვებში მეტყველების დაგვიანების პრობლემის შესახებ ისაუბრა და ის ძირითადი ნიშნები დაასახელა, რომლის დროსაც მშობელმა აუცილებლად უნდა მიმართოს სპეციალისტს:„ზოგიერთი მშობელი ორ...
რა ასაკიდან შეიძლება ვიფიქროთ, რომ ბავშვს მეტყველების განვითარების პრობლემა აქვს და რა შეგ...
რა ასაკიდან შეიძლება ვიფიქროთ, რომ ბავშვს მეტყველების განვითარების პრობლემა აქვს და რა შეგვიძლია გავაკეთოთ, სანამ სპეციალისტს მივმართავთ? - ამ საკითხებზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა ლოგოპედი ეკატერინე...

შეიძლება დაინტერესდეთ

არასდროს აიძულოთ ბავშვი ბოდიში მოიხადოს, თუ გსურთ, რომ საკუთარი შეცდომის აღიარება ისწავლოს

არასდროს აიძულოთ ბავშვი ბოდიში მოიხადოს, თუ გსურთ, რომ საკუთარი შეცდომის აღიარება ისწავლოს

მშობლები შვილებისგან ბოდიშის მოხდას ხშირად მოითხოვენ, როდესაც პატარები სხვების ნივთებს დაუკითხავად იღებენ, მეგობრებს ხელს ურტყამენ ან უფროსების მითითებებს არ ითვალისწინებენ. როდესაც ბავშვი ბოდიშს იხდის, მშობლები მას თითქმის არასდროს განუმარტავენ, თუ რატომ ითხოვა მან პატიება, რა დაუშავა სხვებს და რისთვის გაიკიცხა უფროსების მიერ. გაცნობიერებული მიზეზისა და მიზნის გარეშე ბოდიშის მოხდა პატარების ქცევაზე გავლენას ვერ ახდენს. ისინი ზრდასრულ ასაკშიც განაგრძობენ ფორმალურ მობოდიშებას, როდესაც რაღაცას არასწორად აკეთებენ, თუმცა მათი სინანული გულწრფელი არ არის და ისინი არც საკუთარი ქცევის გაცნობიერებას ან შეცვლას ცდილობენ.

ბავშვი, რომელსაც მშობლები ნეგატიური ქცევის გამო ბოდიშის მოხდას ხშირად აიძულებენ, მომავალში ყოველთვის ეცდება, რომ დანაშაულის მონანიებისას პასუხისმგებლობა სხვებზე გადაიტანოს. თუ ის სამსახურში საქმეს თავს კარგად ვერ გაართმევს, იტყვის: „მაპატიეთ, ჩემი გუნდი ცუდად მუშაობდა.“ როდესაც ასეთი ადამიანი რაიმეს გაწყენინებთ, გეტყვით: „მაპატიე, არ ვიცოდი, თუ შეწუხდებოდი.“ ის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არასდროს აიღებს.

ნამდვილი მონანიება საკუთარი ქცევის ნეგატიური შედეგების გაცნობიერებას გულისხმობს, არ აქვს მნიშვნელობა ბოდიშს ზრდასრული ადამიანი იხდის, თუ ბავშვი. საკუთარ ქმედებაზე პასუხისმგებლობის აღება ადამიანებს ძალიან უჭირთ. შეცდომის აღიარება მარტივი საქმე ნამდვილად არ არის. ბავშვებს დანაშაულის აღიარება განსაკუთრებით უჭირთ. ისინი გრძნობენ, რომ კარგი ადამიანები არიან, ამავე დროს აღმოაჩენენ, რომ ცუდი საქციელი ჩაიდინეს, რაც მათ გაურკვეველ შეგრძნებებს უჩენს. პატარები ვერ ხვდებიან, როგორ შეიძლება კარგმა ბავშვმა ცუდი საქციელი ჩაიდინოს. სწორედ ამიტომ, ისინი გონებაში თავის გამართლებას იწყებენ. ბავშვები ნეგატიურ ქცევას ორი მიზეზით ამართლებენ: ადამიანი, ვისაც ცუდად მოექცნენ, ამას იმსახურებდა ან მათი საქციელი არც ისე ცუდი იყო, როგორც ამას უფროსები ამბობდნენ.

ბავშვი შეცდომის აღიარებამდე ფრთხილად უნდა მივიყვანოთ. მშობლებმა პატარების შეცდომებზე სწორად რეაგირება უნდა ისწავლონ, რათა ბავშვს ბოდიშის მოხდის აღარ რცხვენოდეს. იმისთვის, რომ ბავშვს გულწრფელი მობოდიშება ასწავლოთ, პირველ რიგში, მას უნდა დაანახოთ, რომ თქვენ უკან დახევა შეგიძლიათ. წარმოიდგინეთ, რომ თქვენმა შვილმა მეგობარს სათამაშო წაართვა და სახლში გამოიქცა. თქვენ მის ქცევაზე მაშინვე არ უნდა გაცხარდეთ. ბავშვის საქციელს აუცილებლად ექნება გამართლება. ის ჯერ კიდევ ემოციებშია, როდესაც სახლში სხვისი სათამაშოთი ბრუნდება. ბავშვს დამშვიდება და დაწყნარება აცალეთ. მისი საქციელის ნეგატიურ ასპექტებზე მხოლოდ ამის შემდეგ გაესაუბრეთ. საჭირო არ არის, რომ ბავშვს დაუყვიროთ და ბოდიშის მოხდა მოსთხოვოთ. ბავშვი აუცილებლად მოგისმენთ, თუ მას მშვიდად აუხსნით, რომ ნივთის წართმევით ადამიანებს გულს ვტკენთ და ეს მოსაწონი საქციელი არ არის. ბავშვები ვერ გვისმენენ, როდესაც მათ ხმამაღლა ვუყვირით ან გაბრაზებით ვესაუბრებით. ისინი მშობლების რჩევებს მხოლოდ მაშინ ითვალისწინებენ, როდესაც საუბარი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

ბავშვს ემოციების გააზრებაში უნდა დაეხმაროთ. თქვენი შვილი მიახვედრეთ, თუ რატომ მოიქცა ის ნეგატიურად, რამ გამოიწვია მისი ამგვარი ქმედება. აუცილებლად ჰკითხეთ ბავშვს, რას გრძნობდა, როდესაც მეგობრის სათამაშოს იღებდა. შესაძლოა, ბავშვი მეგობრის სათამაშოზე ეჭვიანობდა ან გადაღლილი იყო და არ იცოდა, რას აკათებდა. თქვენს შვილს აუხსენით, რომ მას, როგორც ყველა სხვა ადამიანს აქვს გარკვეული ემოციები და ეს სავსებით მისაღებია, თუმცა ემოციების გამოხატვის ყველა ფორმა გამართლებული არ არის. თუ ბავშვს გრძნობების სიტყვებით გამოხატვას არ ასწავლით, შესაძლოა, ის საკუთარ განცდებში დაიკარგოს.

ბავშვი საკუთარ ემოციებში რომ გაერკვევა, მას სხვების განცდებისა და გრძნობების შესახებ ესაუბრეთ. თქვენს შვილს აუხსენით, რომ სხვებსაც ისეთივე ემოციები აქვთ, როგორც მას. აუცილებლად ჰკითხეთ ბავშვს, რას მოიმოქმედებდა ყველაფრის თავიდან გაკეთება რომ შეძლებოდა. შეგიძლიათ ბავშვს დაახატინოთ ან დააწერინოთ მისი განცდებისა და ემოციების შესახებ. როდესაც პატარა საკუთარ შეცდომას მიხვდება, ის ბოდიშის მოხდისთვის მზად არის.

გულწრფელი ბოდიში საკუთარი საქციელის დეტალურ გაანალიზებას, სხვისი განცდების სწორად გაგებას და ქცევის შეცვლის სურვილს გულისხმობს. ბავშვმა ბოდიში სამი სიტყვით არ უნდა წარმოთქვას. როდესაც ის მეგობარს სათამაშოს წართმევის გამო მოუბოდიშებს, შემდეგი სიტყვები უნდა გამოიყენოს: „ბოდიში, რომ სათამაშო წაგართვი. ვიცი, ამ ქცევით გული გატკინე. ეს სათამაშო შენია და არა ჩემი. მომავალში შენი სათამაშოს აღების ნაცვლად სხვა რამით გავერთობი.“

ბავშვი, რომელიც გულწრფელ მობოდიშებას სწავლობს, უფროსებისგან ზეწოლას აღარ საჭიროებს. ის საკუთარ შეცდომებს თავას აცნობიერებს და არც ბოდიშის მოხდა უძნელდება. დანაშაულის გამოსწორების მიზნით, ბავშვი, შესაძლოა, მეგობარს ჩაეხუტოს, მას საჩუქრად ნახატი დაუხატოს და ა.შ. ჩვენ ყოველთვის სხვების ქმედებებიდან გამომდინარე ვსწავლობთ, საუბარი ნაკლებად ეფექტიანია. თუ ბავშვი დანაშაულს არასდროს აღიარებს, დაეხმარეთ მას, რომ მეგობრის გრძნობებში გაერკვეს. უთხარით ბავშვს, რომ ჰკითხოს თავის მეგობარს, თუ როგორ გრძნობს თავს. ბავშვმა მოვლენების განსხვავებული პერსპექტივიდან დანახვა უნდა ისწავლოს.

ბავშვს უნდა აუხსნათ, რომ მიუხედავად გულწრფელი სინანულისა, მას, შეიძლება, არ აპატიონ კიდეც ჩადენილი დანაშაული. თქვენმა შვილმა უნდა იცოდეს, რომ ბოდიში საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღებისთვის სჭირდება და არა იმისთვის, რომ სხვების პატიება დაიმსახუროს. როდესაც ბავშვი ადრეული ასაკიდანვე სწავლობს გულწრფელ მობოდიშებას, ის საკუთარ ქცევებს და მათ შედეგებს ყოველთვის წინასწარ აანალიზებს და ცხოვრებაში შეცდომებს იშვიათად უშვებს. ზრდასრული ადამიანების უდიდესი ნაწილი არასწორი აღზრდის გამო მობოდიშებას და საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღებას ყოველთვის თავს არიდებს. თქვენს შვილს ასწავლეთ, რომ დანაშაულის აღიარებაში ცუდი არაფერია. რაც უფრო გულახდილი იქნება ადამიანი საკუთარ თავთან და სხვებთან, მით ნაკლებად დაუშვებს ცხოვრებისეულ შეცდომებს.

მომზადებულია​ todaysparent.com-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად