Baby Bag

რა არის დასწავლის უნარის დარღვევა და რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

რა არის დასწავლის უნარის დარღვევა და რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
რა არის დასწავლის უნარის დარღვევა და რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? - ამ თემაზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა ნეიროფსიქოლოგი თათია მჭედლიშვილი.
- რა არის დასწავლის უნარის დარღვევა?
- დასწავლის უნარის დარღვევა ზოგადი სახელწოდებაა და ვლინდება ბაზისური აკადემიური საგნების წერის, კითხვისა და მათემატიკური უნარების ათვისების სირთულეში, რაც გამოწვეულია ინფორმაციის გადამუშავების სპეციფიკურობით. სხვადასხვა სტატისტიკის მიხედვით, მოსწავლეთა 5-15%-ს დასწავლის უნარის დარღვევა აქვს.
დისლექსია, იგივე კითხვის უნარის სპეციფიკური დარღვევა, ყველაზე ხშირად დიაგნოსტირებადი ფორმაა. სირთულეები შეიძლება ვლინდებოდეს სიტყვის სწორად ამოკითხვაში, კითხვის ტემპსა და წაკითხულის გააზრებაში. უფრო კონკრეტულად, ბავშვი კითხვის დროს შეიძლება უშვებდეს შეცდომებს ასოების ან სიტყვის ამოკითხვაში, ვერ აერთიანებდეს მარცვლებს, კითხულობდეს ნელა ან ძალიან სწრაფად და მიხვედრით. წერის უნარის სპეციფიკური დარღვევის დროს სირთულეები შეიძლება ვლინდებოდეს მართლწერაში, გრამატიკასა და პუნქტუაციაში, ასევე, წერილობითი ფორმით აზრის ჩამოყალიბებასა და ნაწერის ორგანიზებაში. უფრო კონკრეტულად, ბავშვი შეიძლება ამატებდეს, ტოვებდეს, ანაცვლებდეს სიტყვაში ასოებს. ჰქონდეს ფურცელზე სივრცის დაცვის და ასოების მოხაზვის სირთულე. უშვებდეს ბევრ გრამატიკულ და პუნქტუაციურ შეცდომას, წინადადებების წყობა იყოს გაუმართავი, ნაწერში ნათლად არ იკითხებოდეს აზრი. მათემატიკური უნარების სპეციფიკური დარღვევის დროს სირთულეები შეიძლება ვლინდებოდეს რიცხვების მნიშვნელობის წვდომაში, არითმეტიკული ფაქტების დამახსოვრებაში, ანგარიშსა და მათემატიკური ცნებების საშუალებით მსჯელობაში. უფრო კონკრეტულად, ჰქონდეს რიცხვების და მათი ურთიერთმიმართებების გაგების სირთულე, ამოცანის ამოხსნისას ურევდეს მოქმედებების შესრულების თანმიმდევრობას.
- რა შეიძლება იყოს დასწავლის უნარის დარღვევის მიზეზი?
დასწავლის უნარის დარღვევა ნეიროგანვითარების დარღვევაა და საფუძვლად ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირების სპეციფიკური დეფიციტი უდევს. ამის გამომწვევი შეიძლება იყოს სხვადასხავა გენეტიკური, სამედიცინო და გარემო ფაქტორები.
- რა არის დასწავლის უნარის დარღვევის ნიშნები?
- სწავლის სირთულეები, როგორც წესი, შესამჩნევი დაწყებით კლასებში ხდება, როდესაც მოსწავლეს მოეთხოვება აითვისოს ბაზისური აკადემიური უნარები. თუმცა, შესაძლოა თავიდანვე არ იყოს გამოხატული აკადემიური სირთულეები და თავი იჩინოს მოგვიანებით. დასწავლის უნარის დარღვევის მახასიათებლების გამოვლენა ასაკის მიხედვით განსხვავებულია. სკოლამდელ ასაკში ბავშვი არ გამოხატავს ინტერესს ისეთი თამაშების მიმართ, რომლებიც მოითხოვს სიტყვების გამეორებას, არ აქვს ასაკის შესაბამისი ლექსიკური მარაგი, არ გამოთქვამს სიტყვებს სწორად, მაშინ როდესაც ეს ასაკობრივად უკვე მოეთხოვება, აქვს ფერების, ფორმების, საგნების დასახელების დამახსოვრების სირთულე, აქვს მითითების გაგების და შესრულების სირთულე. დაწყებით კლასებში აქვს ასოების დამახსოვრების და ამოკითხვის სირთულე, რის გამოც შეიძლება კითხვისას სიტყვაში ტოვებდეს, ანაცვლებდეს ასოებს, კითხულობდეს ნელა და ხარჯავდეს დიდ ძალისხმევას ან კითხულობდეს სწრაფად და მიხვედრით და შესაბამისად, უშვებდეს ბევრ შეცდომას. საუბრისას ჰქონდეს აზრის ჩამოყალიბების სირთულე, ჰქონდეს ასაკის შეუსაბამო, მწირი ლექსიკური მარაგი, ფაქტების დამახსოვრების, წერის, საათის ცნობის და დროის ორგანიზების სირთულე, თანატოლებთან შედარებით დიდ ძალისხმევას ხარჯავდეს სწავლის პროცესში და მიუხედავად ამისა, არ ჰქონდეს კარგი აკადემიური მოსწრება.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დასწავლის უნარის დარღვევის დროს ინტელექტის მაჩვენებელი ძირითადად ნორმის ფარგლებშია, ამიტომ ხშირად აღნიშნული სპეციფიკური სირთულეების იდენტიფიცირება რთულდება.
- როდის უნდა მიმართონ სპეციალისტს?
- თუ ბავშვს აქვს აღნიშნული სირთულეები და სწავლების სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენების მიუხედავად სწავლაში არ შეიმჩნევა მნიშვნელოვანი პროგრესი, მიმართეთ კლინიკურ ნეიროფსიქოლოგს ან კლინიკურ ფსიქოლოგს. შეფასების პროცესში ასევე შეიძლება ჩაერთოს განათლების ფსიქოლოგი, ენისა და მეტყველების თერაპევტი და ოკუპაციური თერაპევტი.
- შესაძლებელია თუ არა სპეციალისტის დროული ჩარევის შედეგად ეს პრობლემა სრულიად მოგვარდეს?
- დასწავლის უნარის დარღვევა ქრონიკული მდგომარეობაა, თუმცა ადრეული შეფასების და ინტერვენციის შედეგად, ადამიანები აღწევენ მნიშვნელოვან წარმატებას. სწავლება ეფუძნება უშუალოდ სუსტი უნარების გავარჯიშებას და ძლიერი მხარეების გამოყენებით სწავლებას. 
ესაუბრა მარიამ ჩოქური

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ ვმართოთ ბრაზი, როდესაც ბავშვის ქცევა არ მოგვწონს? - თამარ გაგოშიძის რჩევები მშობლებს

როგორ ვმართოთ ბრაზი, როდესაც ბავშვის ქცევა არ მოგვწონს? - თამარ გაგოშიძის რჩევები მშობლებს

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ მშობლებს ბრაზის მართვასთან დაკავშირებით საინტერესო რჩევები მისცა და ბავშვთან ურთიერთობის სხვადასხვა სტრატეგია შესთავაზა:

„ჩვეულებრივი სიტუაცია ავიღოთ: პატარა ბავშვი წუწაობს და თქვენ ნერვები გეშლებათ. რეცეპტი არ არსებობს. დაისმის კითხვა: რა ასაკის არის ბავშვი, რომელიც წუწაობს? სხვადასხვა ასაკში სრულიად განსხვავებული სტრატეგიები დაგვჭირდება. პირველი რეკომენდაცია არის, რომ გადადიხარ საქმეზე. შენს ემოციას აფიქსირებ.​ შენ რომ გაბრაზდი, ეს არ გიშველის, იმიტომ, რომ მიზანს უნდა მიაღწიო. როდესაც საუბარია ორი წლის ბავშვზე, ბევრი ფილოსოფია ორი წლის ბავშვს არ სჭირდება. მიდიხარ, შეგიძლია გადაატანინო ყურადღება, უთხრა: „ნახე ახლა მე შენ რა გაჩვენო?!“ ყველანაირი სტრატეგია მისაღებია იმისთვის, რომ არ მოხდეს ესკალაცია და მისი ემოციები იყოს დაცული. იმასაც ემოცია აქვს. შენ რომ გაქვს ემოციები, იმას აქვს ემოცია, თუ აქვს, მაგრამ იმას არ შეუძლია ჯერ ბალანსირება. ვინ უნდა დაეხმაროს? შენ! შენ თვითონ თუ დასახმარებელი ხარ, იმას ვერ დაეხმარები. თუ ეს არის ორი წლის ბავშვი, მივდივართ ნჯღრევის და გავეშებული სახის გარეშე.“

თამარ გაგოშიძის თქმით, ოთხი წლის ბავშვს კარგად ესმის ჩვენი მითითებები და შეუძლია ქცევის რეგულაცია:

„თუ ეს არის ოთხი წლის ბავშვი,​ მას უკვე ესმის ძალიან კარგად მითითებები, ქცევის რეგულაციაც შეუძლია. ჩვენ ვეუბნებით, რა უნდა გააკეთოს. კი არ ვეუბნებით: „რამდენჯერ უნდა გითხრა, წუწაობით გაცივდები!“ ტყუილად ვლაპარაკობთ. ვეუბნებით, რაც გვინდა, რომ მივიღოთ. აქაც შეიძლება დავაფასოთ მისი გარჯა. პოზიტიურად რაღაცას დავპირდეთ. თუ ეს არის ექვსი წლის ბავშვი, შეიძლება ამას გამოსაწვევად აკეთებს. თქვენ გჭირდებათ დააკვირდეთ სიტუაციას. არავისთან არ აკეთებს ამას, არც ბებიასთან, არც ძიძასთან, თქვენ რომ სახლში ხართ, მაშინ აკეთებს. რატომ? მიქცევა უნდა ყურადღების. თქვენს ჯინაზე აკეთებს არა იმიტომ, რომ თქვენი ჯინი სჭირს, ასე მაინც მიიქცევს ყურადღებას, რადგან სხვანაირად შეიძლება ვერ მიიქციოს ყურადღება. ბავშვისთვის სულ ერთია ნეგატიურად მიიქცევს თქვენს ყურადღებას, თუ პოზიტიურად. ასეა ბავშვი მოწყობილი მშობლებთან მიმართებაში. ამ შემთხვევაში, მიხვალთ ონკანთან და ეტყვით ბავშვს: „გინდა აქ ვიწუწაოთ ერთად? არაუშავს ხუთი წუთით თუ დაიწუწება ონკანი და აბაზანა, მეც მინდა შენთან ერთად წუწაობა.“ მთავარია, გავიგოთ, ბავშვის ქცევა რას ემსახურება.“

„არის სიტუაციები, როდესაც გარდატეხის ასაკის ბავშვი გეუბნება: „კლუბში უნდა წავიდე.“ შენ არ უშვებ და სწორიც ხარ, რომ არ უშვებ. ​რას ვაკეთებთ ამ დროს? ჩვენ ვეუბნებით: „მოდი, ვიმსჯელოთ, რა არის ამის პლუსი და მინუსი? ვიმსჯელოთ ამაზე და რაღაც გადაწყვეტილებამდე მიხვალ თვითონ. შენ ასწავლი, რომ გონიერებაში გადაიტანოს ეს და იაზროვნოს. მანამდე შენს თავს უთხარი: „თუ შეიძლება, თავი დაიმშვიდე, იმიტომ, რომ შენი მუქარა, წივილ-კივილი და ჩხუბი არაფერს მოგიტანს.“ შენ უნდა ეძებო გამოსავალი, მაგრამ მარტომ არა. უნდა ითანამშრომლო შენს შვილთან და ასწავლო მას თანამშრომლობა, აი ეს არის მთავარი ემოციურ რეგულაციაში,“ - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო: ​„მშობლები განათლებისთვის“

წაიკითხეთ სრულად