Baby Bag

რა არის დასწავლის უნარის დარღვევა და რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

რა არის დასწავლის უნარის დარღვევა და რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
რა არის დასწავლის უნარის დარღვევა და რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? - ამ თემაზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა ნეიროფსიქოლოგი თათია მჭედლიშვილი.
- რა არის დასწავლის უნარის დარღვევა?
- დასწავლის უნარის დარღვევა ზოგადი სახელწოდებაა და ვლინდება ბაზისური აკადემიური საგნების წერის, კითხვისა და მათემატიკური უნარების ათვისების სირთულეში, რაც გამოწვეულია ინფორმაციის გადამუშავების სპეციფიკურობით. სხვადასხვა სტატისტიკის მიხედვით, მოსწავლეთა 5-15%-ს დასწავლის უნარის დარღვევა აქვს.
დისლექსია, იგივე კითხვის უნარის სპეციფიკური დარღვევა, ყველაზე ხშირად დიაგნოსტირებადი ფორმაა. სირთულეები შეიძლება ვლინდებოდეს სიტყვის სწორად ამოკითხვაში, კითხვის ტემპსა და წაკითხულის გააზრებაში. უფრო კონკრეტულად, ბავშვი კითხვის დროს შეიძლება უშვებდეს შეცდომებს ასოების ან სიტყვის ამოკითხვაში, ვერ აერთიანებდეს მარცვლებს, კითხულობდეს ნელა ან ძალიან სწრაფად და მიხვედრით. წერის უნარის სპეციფიკური დარღვევის დროს სირთულეები შეიძლება ვლინდებოდეს მართლწერაში, გრამატიკასა და პუნქტუაციაში, ასევე, წერილობითი ფორმით აზრის ჩამოყალიბებასა და ნაწერის ორგანიზებაში. უფრო კონკრეტულად, ბავშვი შეიძლება ამატებდეს, ტოვებდეს, ანაცვლებდეს სიტყვაში ასოებს. ჰქონდეს ფურცელზე სივრცის დაცვის და ასოების მოხაზვის სირთულე. უშვებდეს ბევრ გრამატიკულ და პუნქტუაციურ შეცდომას, წინადადებების წყობა იყოს გაუმართავი, ნაწერში ნათლად არ იკითხებოდეს აზრი. მათემატიკური უნარების სპეციფიკური დარღვევის დროს სირთულეები შეიძლება ვლინდებოდეს რიცხვების მნიშვნელობის წვდომაში, არითმეტიკული ფაქტების დამახსოვრებაში, ანგარიშსა და მათემატიკური ცნებების საშუალებით მსჯელობაში. უფრო კონკრეტულად, ჰქონდეს რიცხვების და მათი ურთიერთმიმართებების გაგების სირთულე, ამოცანის ამოხსნისას ურევდეს მოქმედებების შესრულების თანმიმდევრობას.
- რა შეიძლება იყოს დასწავლის უნარის დარღვევის მიზეზი?
დასწავლის უნარის დარღვევა ნეიროგანვითარების დარღვევაა და საფუძვლად ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირების სპეციფიკური დეფიციტი უდევს. ამის გამომწვევი შეიძლება იყოს სხვადასხავა გენეტიკური, სამედიცინო და გარემო ფაქტორები.
- რა არის დასწავლის უნარის დარღვევის ნიშნები?
- სწავლის სირთულეები, როგორც წესი, შესამჩნევი დაწყებით კლასებში ხდება, როდესაც მოსწავლეს მოეთხოვება აითვისოს ბაზისური აკადემიური უნარები. თუმცა, შესაძლოა თავიდანვე არ იყოს გამოხატული აკადემიური სირთულეები და თავი იჩინოს მოგვიანებით. დასწავლის უნარის დარღვევის მახასიათებლების გამოვლენა ასაკის მიხედვით განსხვავებულია. სკოლამდელ ასაკში ბავშვი არ გამოხატავს ინტერესს ისეთი თამაშების მიმართ, რომლებიც მოითხოვს სიტყვების გამეორებას, არ აქვს ასაკის შესაბამისი ლექსიკური მარაგი, არ გამოთქვამს სიტყვებს სწორად, მაშინ როდესაც ეს ასაკობრივად უკვე მოეთხოვება, აქვს ფერების, ფორმების, საგნების დასახელების დამახსოვრების სირთულე, აქვს მითითების გაგების და შესრულების სირთულე. დაწყებით კლასებში აქვს ასოების დამახსოვრების და ამოკითხვის სირთულე, რის გამოც შეიძლება კითხვისას სიტყვაში ტოვებდეს, ანაცვლებდეს ასოებს, კითხულობდეს ნელა და ხარჯავდეს დიდ ძალისხმევას ან კითხულობდეს სწრაფად და მიხვედრით და შესაბამისად, უშვებდეს ბევრ შეცდომას. საუბრისას ჰქონდეს აზრის ჩამოყალიბების სირთულე, ჰქონდეს ასაკის შეუსაბამო, მწირი ლექსიკური მარაგი, ფაქტების დამახსოვრების, წერის, საათის ცნობის და დროის ორგანიზების სირთულე, თანატოლებთან შედარებით დიდ ძალისხმევას ხარჯავდეს სწავლის პროცესში და მიუხედავად ამისა, არ ჰქონდეს კარგი აკადემიური მოსწრება.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დასწავლის უნარის დარღვევის დროს ინტელექტის მაჩვენებელი ძირითადად ნორმის ფარგლებშია, ამიტომ ხშირად აღნიშნული სპეციფიკური სირთულეების იდენტიფიცირება რთულდება.
- როდის უნდა მიმართონ სპეციალისტს?
- თუ ბავშვს აქვს აღნიშნული სირთულეები და სწავლების სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენების მიუხედავად სწავლაში არ შეიმჩნევა მნიშვნელოვანი პროგრესი, მიმართეთ კლინიკურ ნეიროფსიქოლოგს ან კლინიკურ ფსიქოლოგს. შეფასების პროცესში ასევე შეიძლება ჩაერთოს განათლების ფსიქოლოგი, ენისა და მეტყველების თერაპევტი და ოკუპაციური თერაპევტი.
- შესაძლებელია თუ არა სპეციალისტის დროული ჩარევის შედეგად ეს პრობლემა სრულიად მოგვარდეს?
- დასწავლის უნარის დარღვევა ქრონიკული მდგომარეობაა, თუმცა ადრეული შეფასების და ინტერვენციის შედეგად, ადამიანები აღწევენ მნიშვნელოვან წარმატებას. სწავლება ეფუძნება უშუალოდ სუსტი უნარების გავარჯიშებას და ძლიერი მხარეების გამოყენებით სწავლებას. 
ესაუბრა მარიამ ჩოქური

შეიძლება დაინტერესდეთ

​რატომ არის მნიშვნელოვანი დამოუკიდებლად თამაში ბავშვის განვითარებისთვის?

რატომ არის მნიშვნელოვანი დამოუკიდებლად თამაში ბავშვის განვითარებისთვის? - ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ნეიროფსიქოლოგი თათია მჭედლიშვილი.

- რატომ არის მნიშვნელოვანი თამაში ბავშვის განვითარებისთვის?

- თამაში ბავშვის განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია. თამაშით ის საკუთარ თავს და გარე სამყაროს შეიმეცნებს. კერძოდ, თამაში ბავშვს ეხმარება ჩამოუყალიბდეს ნდობა ადამიანების და გარესამყაროს მიმართ, იგრძნოს თავი ბედნიერად, განუვითარდეს სოციალური უნარები, ენა და კომუნიკაცია, შემეცნებითი და მოტორული უნარები, ისწავლოს ემოციების რეგულაცია, ზრუნვა.

თამაშის კატეგორიზება ხდება ასაკის და თამაშის ფორმის მიხედვით. მაგალითად, გამოიყოფა 0-2 წლამდე ე.წ. მარტო თამაშის ეტაპი - ამ დროს ბავშვი ძალიან ბევრს ამოძრავებს ხელებს, ფეხებს და ამგვარად ცდილობს შეისწავლოს საკუთარი სხეულის შესაძლებლობები. იღებს ახალ სენსორული გამოცდილებას. 2 წლიდან იწყება ე.წ. პარალელური თამაშის ეტაპი, რა დროსაც ბავშვები თამაშობენ ერთნაირ თამაშს გვერდიგვერდ, მაგრამ ერთმანეთთან ინტერაქცია ნაკლებია. 4 წლიდან იწყება თანამშრომლობითი თამაში - ამ დროს ბავშვები ერთად მოქმედებენ, ინაწილებენ აქტივობებს, როლებს. თამაშის ფორმის მიხედვით გამოიყოფაარასტრუქტურირებული და სტრუქტურირებული თამაში, თამაში შიდა და გარე სივრცეში,მარტო და გუნდური თამაში. სტრუქტურირებული თამაში უფრო მეტად ორგანიზებულია და მას ხშირად ხელმძღვანელობს ზრდასრული. არასტრუქტურირებული ე.წ. თავისუფალი თამაშის დროს ძირითადად ბავშვი წარმართავს პროცესს.

- რატომ არის მნიშვნელოვანი დამოუკიდებლად თამაში ბავშვის განვითარებისთვის?

- ზოგადად, როგორც სტრუქტურირებული, ასევე არასტრუქტურირებული, ანუ დამოუკიდებელი თამაში მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისთვის, რადგან სხვადასხვა ტიპის თამაშის გამოცდილება განსხვავებული უნარების განვითარებას უწყობს ხელს. რომ ვისაუბროთ კონკრეტულად დამოუკიდებლად თამაშის მნიშვნელობაზე, ამ დროს, ბავშვებს შემოქმედებითი უნარი მეტად უვითარდებათ. ამ პროცესში ისინი კრეატიულ გადაწყვეტილებებს იღებენ, უჩნდებათ ინტერესი, ემატებათ მოტივაცია, ვითარდება ბავშვის მოთმინება და გამძლეობა, რაც ხელს უწყობს რომ უფრო კომფორტულად ითამაშონ მარტო და ამცირებს თანატოლების ზეგავლენას. ეს ეხმარება მათ იპოვონ საკუთარი გზა.

- როგორ შეუძლიათ მშობლებს წაახალისონ დამოუკიდებლად თამაში?

- პირველ რიგში, დარწმუნდით, რომ თქვენს შვილს აქვს უსაფრთხო ადგილი სათამაშოდ. დამოუკიდებლად თამაშისას ბავშვებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა გამოიკვლიონ გარემო და ეს დიდწილად საკუთარი ძალებით გააკეთონ, რათა განივითარონ თავდაჯერებულობა და დამოუკიდებლობა. თუმცა, მნიშვნელოვანია რომ ბავშვს ჰქონდეს უსაფრთხო გარემო. ამიტომ, უნდა „გავასუფთავოთ“ სათამაშო ადგილები პოტენციური საფრთხისგან და მთელი თამაშის განმავლობაში ვაკონტროლეთ პროცესი, რათა დავრწმუნდეთ, რომ თქვენი პატარა უსაფრთხოდ თამაშობს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადრეულ ასაკში.

მნიშვნელოვანია გამოიკვლიოთ ბავშვის ინტერესები და მისცეთ შესაბამისი სათამაშოები. მაგალითად, თუ სახლის აწყობა უნდა ლეგოებით, დარწმუნდით რომ ოთახში ხელმისაწვდომია ლეგოები და სხვა საჭირო სათამაშოები. პერიოდულად შეგიძლიათ მისცეთ მითითებები, დაეხმაროთ თუ სირთულის წინაშე დადგება, შეაქოთ და მოტივაცია აუმაღლოთ. მიეცით ბავშვს საშუალება საკუთარი წესებით ითამაშოს და იყოს ლიდერი.

- რა გავაკეთოთ როდესაც ბავშვს არ უყვარს თამაში?

- არის შემთხვევები, როდესაც ბავშვები არ ერთვებიან მრავალფეროვან თამაშებში, ზოგჯერ ეს უბრალოდ ნაკლები მოტივაციითაა გამოწვეული, ზოგჯერ კი ეს შეიძლება განვითარების შეფერხების მაჩვენებელიც კი იყოს. განსაკუთრებით საყურდღებოა, როდესაც ბავშვი არ გადადის თამაშის ერთი ეტაპიდან მეორეზე ანუ, მაგალითად, როდესაც უკვე მოეთხოვება, როლური/ფუნქციური თამაში სხვა ბავშვებთან ერთად, მაგრამ ყოველთვის ირჩევს მარტო თამაშს, აქვს ძალიან შეზღუდული ინტერესები, არ იყენებს სათამაშოს ფუნქციას შესაბამისად. რა თქმა უნდა, მხოლოდ ამ ნიშნებით არ ხდება დარღვევის შეფასება, თუმცა საყურადღებოა და საჭიროა სპეციალისტთან კონსულტაცია. ამ ყველაფერში დიდი წვლილი მიუძღვის გაჯეტებს, ეკარენზე დამოკიდებულასაც. ასეთ დროს ეცადეთ დააკვირდეთ ბავშვს და განმავითარებელი თამაშები მის ინტერესებს მოარგოთ. დაიწყეთ თამაში მცირე დროით და ნელ-ნელა გაზარდეთ დრო, მიჰყევით ბავშვის ტემპს.

გახსოვდეთ, რომ თამაშმა არ უნდა დაკარგოს გართობის ფუნქცია და არ უნდა გახდეს ბავშვისთვის მომაბეზრებელი ან სტრესის მომტანი. ამისათვის კი მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ბავშვის ინტერესები და შესაძლებლობები. არასწორად შერჩეულ სათამაშოს ან თამაშს შესაძლოა თან ახლდეს იმედგაცრუება, გაღიზიანება ან თამაშის თავიდან არიდების მცდელობა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შერჩეული თამაში იყოს ბავშვის ასაკის და განვითარების შესაბამისი.

ესაუბრა მარიამ ჩოქური

წაიკითხეთ სრულად