რა შედეგს იწვევს მამის პასიური ჩართულობა ბავშვის აღზრდის პროცესში და რამდენად დიდი როლი აქვს მას? - ამ თემაზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ფსიქოლოგი მაია მაჭავარიანი.
- ბავშვის აღზრდის პროცესში, ძირითადად დედები არიან ხოლმე ჩართულები. რამდენად მნიშვნელოვანია მამის როლი?
- მამის როლი ბავშვის აღზრდის პროცესში ნამდვილად მნიშვნელოვანია. ბავშვს სჭირდება გვერდით, როგორც დედა, ისე მამა. მისთვის აუცილებელია მამა იყოს დაინტერესებული, მხარს უჭერდეს, უყვარდეს, უგებდეს და აფასებდეს. ამ მხრივ, მამის მიერ შეტანილი წვლილი განსხვავდება იმისგან, რასაც დედა აძლევს შვილებს და მხოლოდ დედასთან ურთიერთობა ამას ვერ ჩაანაცვლებს. დღეისათვის მამების როლი ბავშვების აღზრდის პროცესში შეცვლილია. ამ მხრივ შეინიშნება დადებითი ტენდენცია - მამების მეტი ჩართულობა ბავშვთან დაკავშირებულ სხვადასხვა პროცესში. მამის მონაწილეობა აღზრდაში აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერით და დისციპლინის უზრუნველყოფით. ეს ტენდენცია იკვეთება იმ მომენტებშიც, რომ დღეს უფრო ხშირად ნახავთ მამას, რომელიც მიჰყვება შვილს ექიმთან კონსულტაციაზე, მშობელთა კრებაზე ან უბრალოდ თავისუფალ დროს ატარებს ბავშვთან. ეს გარკვეულწილად დაკავშირებულია შეცვლილ სოციალურ და ეკონომიკურ რეალობასთან - მამებს დღეს მეტად აქვთ საშუალება, ჩაერთონ ბავშვებზე ზრუნვის პროცესში, ხოლო დედებს მეტად აქვთ საშუალება, რეალიზდნენ პროფესიაში და შექმნან ეკონომიკური დოვლათი.
- ცალ-ცალკე რომ ვისაუბროთ მამის როლზე გოგონების და ბიჭების შემთხვევაში.
- ორივე სქესის ბავშვისთვის მამის მონაწილეობა აღზრდის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთი მამების შვილები უკეთესად ვითარდებიან, აქვთ ჯანსაღი სოციალური ურთიერთობები და ზრდასრულ ასაკშიც მეტად წარმატებულები არიან. მეცნიერები ამას „მამის ეფექტს“ უწოდებენ. „მამის ეფექტი“ არის ერთგვარი ქოლგა, რომლის ქვეშ მოიაზრება ყველა ის სარგებელი, რაც მოსდევს ბავშვის ცხოვრებაში მამის არსებობას და მონაწილეობას. საინტერესოა, რომ ბევრი კვლევის მონაცემებით, მოზარდობის ასაკამდე მამის ეფექტი ბიჭების და გოგონების აღზრდაში დიდად არ არის განსხვავებული. მოზარდობის პერიოდში კი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის გოგონების თვითშეფასების, იდენტობის და საწინააღმდეგო სქესთან ჯანსაღი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში. მოზარდი ბიჭების შემთხვევაში, მამა არის როლური მოდელი, ასევე ზეგავლენას ახდენს იმაზე, თუ რამდენად აქტიური იქნება მოზარდი სოციალურ ურთიერთობებში. მოზარდობის პერიოდში აღზრდაში ჩართული მამების შვილები ნაკლებად არიან მიდრეკილი განახორციელონ სარისკო და სოციალურად მიუღებელი ქცევა, ან მიიღონ ნაადრევი სექსუალური გამოცდილება.
- რა სახის პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს მამის პასიურობამ აღზრდის პროცესში?
- მამის პასიური პოზიცია შეიძლება გამოიხატებოდეს იმაში, რომ ბავშვებზე ზრუნვის მთელი პასუხისმგებლობა გადაჰქონდეს დედაზე (მათ შორის, ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება). ასეთ შემთხვევაში, მამა ნაკლებად იზიარებს პასუხისმგებლობას აღზრდის პროცესზე და არ რეაგირებს ბავშვის ქცევაზე, არ აძლევს ადეკვატურ უკუკავშირს, შესაძლოა, ყველაფრის ნებას რთავდეს ბავშვებს, ან უბრალოდ არ რეაგირებდეს არც კარგ და არც ცუდ ქცევაზე. ასევე შესაძლოა, მამა იყოს დისტანციური, ემოციურად მიუწვდომელი, ასეთ შემთხვევაში ბავშვს უჭირს მამის დამოკიდებულების ინტერპრეტაცია - მოეწონა ეს საქციელი თუ ეწყინა? ორივე შემთხვევაში, ბავშვის საჭიროებები (ფიზიკური, ემოციური, სოციალური) არ არის მიღებული და დაკმაყოფილებული. შესაბამისად, ის სარგებელი, რასაც ბავშვი მიიღებდა აღზრდის პროცესში აქტიურად ჩართული მამის შემთხვევაში, მათ შორის, უსაფრთხოების განცდა (მამა დიდი და ძლიერია, ზრუნავს დედაზე და მასზე), ჯანსაღი ემოციური მიჯაჭვულობა და წარმატებულობის განცდა (როდესაც მამა ამაყია შვილის მიღწევებით და გამოხატავს ამას), განსხვავებული აზრი რეალობის სხვა კუთხით დანახვა, ვიდრე დედა ხედავს, და ბევრი სხვა სარგებელი იკარგება.
- რა დადებითი შედეგები შეიძლება ჰქონდეს ორივე მშობლის თანაბარ ჩართულობას და როგორ შეიძლება შევცვალოთ გავრცელებული წარმოდგენა, რომ შვილების აღზრდა დიდწილად დედების მოვალეობაა?
- ნებისმიერი მამაკაცისთვის, გახდეს მამა ძალიან დიდი მოვლენაა. რეალურად არავინ იცის, როგორი მამა იქნება მანამ, სანამ ამ რეალობაში არ აღმოჩნდება. ყოველი ახალი რეალობა კი ადამიანისთვის სტრესია. სამწუხაროდ, მამის როლის მორგებას ბევრად ნაკლები ყურადღება ეთმობა, ვიდრე დედობას. ამ ახალი როლისთვის მას ფიზიკური მომზადებაც სჭირდება და ემოციურიც (უძილო ღამეები, ზოგჯერ ჩვილის ხშირი ტირილი, რადგან ამ ეტაპზე ბავშვისთვის კომუნიკაციის ერთადერთი საშუალებაა). ორსულობის და მშობიარობის პროცესებში ხშირად მომავალი მამები ნაკლებად მონაწილეობენ და ასე ერთი ხელის მოსმით აღმოჩნდებიან ახალ რეალობაში, როდესაც მთელი ყურადღება გადადის ახალშობილზე და მის მოთხოვნილებებზე. ამდენად, პირველი ნაბიჯი, რაც უნდა გადაიდგას მამების ჩართულობის მიმართულებით ესაა მათი მონაწილეობა ორსულობის მონიტორინგის პროცედურებში, მშობიარობის დროს მხარდაჭერა შეუფასებელი გამოცდილებაა, როგორც ორივე პარტნიორისთვის, ისე ჩვილისთვის. ასევე მნიშვნელოვანია მამების გამოცდილება საკუთარ მშობლებთან, რადგან აღზრდის პროცესში ხშირად ვიყენებთ იმ მიდგომებს და მეთოდებს, რასაც ჩვენი მშობლების იყენებდნენ ჩვენთან. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ამ მიდგომების გაუმჯობესება არ შეგვიძლია. მეორე, რაც უნდა გაკეთდეს მამების ჩართულობის წასახალისებლად, „ვაცალოთ“ ზრუნვა ჩვილზე, მივცეთ საშუალება, მიიღოს მონაწილეობა ჩვილის დაბანის, დაძინების პროცესებში, კრიტიკისა და ზედმეტი კომენტარების გარეშე. ყოველ შემდგომ ეტაპზე ყოველთვის არის ზრუნვისა და თამაშის აქტივობები, რომლებშიც შესაძლებელია მამების აქტიური ჩართვა. პირველი 2-3 წლის ასაკში ბავშვისთვის მნიშვნელოვანია სამყაროს შეცნობა, ამ პროცესში მამამ შეიძლება მიიღოს აქტიური მონაწილობა, როგორც მეგზურმა და მხარდამჭერმა ამ აღმოჩენებში, არ შეზღუდოს ბავშვის ცნობისმოყვარეობა, არამედ დააზღვიოს და უზრუნველყოს უსაფრთხოება. სკოლამდელ ასაკში, მამა კარგი როლური მოდელია ბავშვისთვის სხვადსახვა ყოფითი წინააღმდეგობის გადალახვაში. აქ მნიშვნელოვანია ბავშის მოტივირება იყოს მეტად დამოუკიდებელი და დარწმუნებული საკუთარ ძალებში (რაც მნიშვნელოვანწილად ეფუძნება მამის მხარდაჭერას). სასკოლო ასაკის და შემდგომ ეტაპებზე, მამა ხდება სოციალური და მორალური ღირებულებების მოდელი. მესამე მნიშვნელოვანი მომენტია თავად მშობლების ურთიერთობა, რამდენად ჯანსაღი ემოციური კლიმატია სახლში, რამდენად შეუძლიათ მშობლებს ყოფითი პრობლემების ერთობლივი ეფექტური გადაწყვეტა, რა დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთის შეცდომების ან მიღწევების მიმართ, რამდენად აქვთ ერთმანეთის იმედი და მხარდაჭერა გადამწყვეტ მომენტებში.
,,ყველაფრის იუმორში გადატანა მეგობრულ ურთიერთობას შესაძლოა აძლიერებდეს, მაგრამ ქორწინებაში არამომგებიანია''
სიცილისა და დაცინვის თემაზე ფსიქოლოგმა გაგა ნიჟარაძემ პირველი არხის გადაცემაში ,,დღის კოდი'' ისაუბრა.
,,სიცილის წარმომავლობაზე დიდი კამათი იყო, ბევრ ადამიანს „უმტვრევია“ თავი. ითვლებოდა რომ სიცილსა და იუმორზე მონოპოლია ადამიანს აქვს, მაგრამ ამ ბოლო დროს აღმოაჩინეს, რომ მთლად ასე არ არის. უმაღლეს მაიმუნებში - შიმპანზეს, ორანგუტანგს, გორილას აქვთ იუმორის მსგავსი რამ, იცინიან ღიტინის დროს, სპეციფიკურ გამომეტყველებას ღებულობენ უწმაწურ ქმედებებზე, რომელსაც თვითონვე აკეთებენ და უხარიათ. რა თქმა უნდა, მას შემდეგ იუმორმა ფორმირება განიცადა და ბევრი მოსაზრება არსებობს თუ რატომ განვითარდა. პირველი, ეს არის სტრესის მოსახსნელი საშუალება და მეორე, ფლირტი. იუმორის მქონე ადამიანები, განსაკუთრებით მამაკაცები, წარმატებით სარგებლობენ საწინააღმდეგო სქესთან.''
გაგა ნიჟარაძის თქმით, ითვლება, რომ ადამიანს იუმორი უჩნდება პირველი წლის ბოლოდან. როდესაც ერთი წლის ბიჭი ან გოგო ხედავს, რომ დედამისი მის საწოვარიან ბოთლს იღებს და ვითომ სვამს, ამაზე ეღიმება. ესე იგი, ის ხედავს შეუსაბამობას, შეუსაბამობა კი აუცილებელი ნიშანია იუმორისა. ერთი ფრანგი ფსიქოლოგი აღწერს შესანიშნავ ამბავს. ზაფხულის დილაა, ის ზის თავის ოთახში და შემოდის მისი პატარა შვილიშვილი, სამი წლის გოგო. მიდის და ეუბნება- „ბაბუ, საღამომშვიდობისა“ (ამ დროს დილაა) და ამაზე ბავშვი იცინის. ეს არის დიდი ნაბიჯი ადამიანის განვითარებაში, როდესაც ის ხვდება, რომ შეუძლია გადატრიალების შექმნა სამყაროში, თავისი სიტყვით. ანუ, შეუძლია თქვას დილით - საღამომშვიდობის და ამით არ დაინგრევა ქვეყანა.
,,როდესაც ადამიანი ცუდ მდგომარეობაშია და ამ დროს, იუმორს არ კარგავს, ეს მის თავისუფლებაზე მეტყველებს. ცნობილ პოეტს, ფრანცუა ვიიონს ჩამოხრჩობა მიუსაჯეს და მან სიკვდილის წინ დაწერა - „რას იწონის ჩემი ტანი, ხვალ ჩემი კისერი გაიგებს“- ამას რომ დაწერ სიკვდილის წინ დიდი შინაგანი თავისუფლების მატარებელი უნდა იყო.''
როგორც ფსიქოლოგი აღნიშნავს, იუმორის გრძნობა არის ინდივიდუალური. სად გადის ზღვარი არ ვიცი, ვიღაცას აქვს, ვიღაცას არა. აი მაგალითად, მე წამიკითხავს ნაწარმოები, რომელიც თურმე იუმორისტულად არის დაწერილი, მაგრამ ვერ მივხვდი, გერმანული იუმორია ასეთი. ასევე, ეთნიკური იუმორიც თავისებურია, ის რაც ერთ ადგილას სასაცილოა, მეორეგან სრულიად შეუსაბამოა.
,,ხშირად, იუმორი არის თავდაცვის საშუალება. აი, ახლა მე რომ ჩამოვვარდე ამ სკამიდან, შევეცდები გავიცინო, რადგან ამ მარცხის გადაფარვას იუმორით შევძლებ. მაგალითად, საშუალო ასაკის მასწავლებელი, რომელიც მარტოა სახლში და დაჯდომის დროს ჩაუტყდა სკამი, არაფერს იტყვის, შეიძლება ქმარი მოიხსენიოს, რატომ არ იყიდა სკამიო და ა.შ. ის არ ეცდება იუმორი შემოიტანოს მოქმედებაში. ასევე იქნება პირველ კლასელებთან, რადგან ამ ბავშვების წინ ეს მარცხი მის თვითშფასებას ზიანს არ მიაყენებს, მაგრამ თუ იგივე მოხდა თანამშრომლების თანდასწრებით, მაშინვე დაიწყებს სიცილს,'' - დასძინა გაგა ნიჟარაძემ.
რამდენად შეიძლება დაცინვა იყოს მსუბუქი?
,,თუ რომის პაპს დასცინებ - ერთია და თუ შენს მეგობარს - მეორე. ყველაფრის იუმორში გადატანა მეგობრულ ურთიერთობას შესაძლოა აძლიერებდეს, მაგრამ ქორწინებაში არამომგებიანია. თუ პრობლემა იუმორში გადაჰყავს ქმარს, ცოლი ამას ვერ გაუგებს. ასე რომ, იუმორს თავისი ადგილი აქვს.
ასევე, არსებობს შავი იუმორი, როდესაც ვიცინით ისეთ რამეზე, რაზეც არ უნდა ვიცინოდეთ. შავი იუმორის განსაზღვრებაა ასეთი, რომ ის ჰგავს ფეხებს, ზოგს აქვს, ზოგს არა. ცნობილია, რომ შავკანიანები, შავკანიანების შესახებ ანეგდოტებზე არანაკლებად იცინიან, ვიდრე თეთრკანიანები. ეს იმის მაჩვენებელია რომ ორ ერს შორის გარკვეული დაძაბულობა არსებობს, მაგრამ სერიოზული არა. აი, ოსური ანეგდოტები იმ დღეს მოისპო, როდესაც ცხელ ფაზაში გადავიდა ქართულ-ოსური ურთიერთობები.
ბატონი ზიგმუნდ ფროიდი ამბობდა, რომ ანეგდოტის სამი ძირითადი თემა არსებობს: სექსი, ტუალეტი და პოლიტიკა. დიდი ხანია აღარ გამიგია პოლიტიკაზე ანეგდოტები (როგორც ორთქლის გამოშვების საშუალება), რაც შეიძლება იმის ნიშანი იყოს რომ არ ვართ ისე ცუდად, რომ ეს დაგვჭირდეს. ადამიანს, რომელსაც თვითონ უფლებები დათრგუნული აქვს და არ არის კარგად, ყველაზე ძლევამოსილი ფიგურა გამოჰყავს ისე, როგორც იდიოტი.''
,,ინტერნეტის დიდი ჭია არ ვარ და კარგად არ ვიცნობ ამ სამყაროს, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ როდესაც პასუხისმგებლობა მოხსნილია (ანონიმურობიდან გამომდინარე), ადამიანი აკეთებს უფრო უარყოფითს, ვიდრე მაშინ როდესაც ეშინია რომ გამოიჭერენ.''