Baby Bag

რა ასაკიდან შეიძლება ვიფიქროთ, რომ ბავშვს მეტყველების განვითარების პრობლემა აქვს და რა შეგვიძლია გავაკეთოთ, სანამ სპეციალისტს მივმართავთ?

რა ასაკიდან შეიძლება ვიფიქროთ, რომ ბავშვს მეტყველების განვითარების პრობლემა აქვს და რა შეგვიძლია გავაკეთოთ, სანამ სპეციალისტს მივმართავთ?
რა ასაკიდან შეიძლება ვიფიქროთ, რომ ბავშვს მეტყველების განვითარების პრობლემა აქვს და რა შეგვიძლია გავაკეთოთ, სანამ სპეციალისტს მივმართავთ? - ამ საკითხებზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა ლოგოპედი ეკატერინე კვიტაიშვილი.
- რა ასაკიდან შეიძლება ვიფიქროთ, რომ ბავშვს მეტყველების განვითარების პრობლემა აქვს?
- მეტყველების განვითარება ხდება ეტაპების მიხედვით. დაბადების მომენტიდან ბავშვს უჩნდება სახმო რეაქციები - ყვირილი და ტირილი. 2-3 თვის ასაკში ჩნდება სახმო რეაქცია - ღუღუნი. 4-5 თვისას ეწყება ტიტინის პერიოდი, 8 თვის ასაკისთვის ტიტინის დროს მარცვლები ბა-ბა, მა-მა და ა.შ. ამ პერიოდისთვის უნდა ჰქონდეს რეაგირება ფრაზებსა და სიტყვებზე. პირველ სიტყვებს იწყებენ 11-12 თვის ასაკში, 3 წლის ასაკში უკვე უნდა ამბობდეს ლექსებს, ზღაპრებს. თუ ამ ასაკში მეტყველების შეფერხება აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც უშლის ხელს მეტყველებაში და გასარკვევია ამის მიზეზი.

​- რა შეიძლება იყოს მეტყველების განვითარების შეფერხების მიზეზი?
- მეტყველება გარემოსთან დაკავშირებისთვის ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა. მეტყველების შეფერხების მიზეზი შეიძლება იყოს მეტყველების მოთხოვნის ნაკლებობა, გენეტიკური მიდრეკილება, სმენის დარღვევა, მძიმე სომატური დაავადებები, ორენოვანი საუბარი. ასევე, მეტყველების განვითარების შეფერხების მიზეზი არის ზრდასრული ადამიანის არასწორი ტაქტიკა, გაჯეტებზე მიჯაჭულობა.
- სანამ სპეციალისტს მივმართავთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ? რა ხერხებით შევძლებთ ბავშვს დავეხმაროთ ამეტყველებაში?
- ჩემი რჩევა იქნება მშობლებისთვის, რომ მეტი დრო დაუთმონ თავიანთ შვილებს. რაც შეიძლება ხშირად უკითხონ ლექსები, ზღაპრები, ყურადღება მიაქციონ ბავშვის ჩართულობას აქტივობებში, თანატოლებთან კონტაქტს. სიარულის დროს აჩვენონ ბავშვს, როგორ უბერავს ქარი, როგორ კნავის კნუტი და ა.შ.
ბავშვი ლაპარაკსაც მიბაძვით სწავლობს, ამიტომ ჩვენი მეტყველება გასაგები უნდა იყოს მისთვის, თითოეული ბგერა მკაფიოდ, გარკვევით უნდა წარმოვთქვათ, გამოვიყენოთ სიტყვები, რომელთა მნიშვნელობაც ბავშვისთვის გასაგებია. ამასთან, აუცილებელია პატარასთან ჩვენს მეტყველებით ურთიერთობას ემოციებიც ახლდეს. ნუ დავივიწყებთ ღიმილის მნიშვნელობას, თვალებით კავშირს. ისიც გავითვალისწინოთ, რომ მეტყველების დაუფლების პროცესში ბავშვისთვის აუცილებელია მოლაპარაკე ადამიანის ყურება, მისი ტუჩების მოძრაობაზე დაკვირვება, რაც მოწმობს, რომ ბავშვს არა მხოლოდ ესმის, არამედ „ხედავს“ კიდეც საჭირო სიტყვას. პატარას უნდა ჰქონდეს დაკვირვების საშუალება იმის აღსაქმელად, როგორ წარმოითქმება ესა თუ ის ბგერა ან სიტყვა. თამაშის საშუალებით ბავშვებს უმუშავდებათ ისეთი უნარები, რომლებიც აუცილებელია ენის განვითარებისთვის. მაგალითად, მოსმენა, დაკვირვება, მიბაძვა, სიმბოლოების გაგება, ცნებების ფორმირება და სოციალური უნარ-ჩვევები, როგორებიცაა: მონაცვლეობა და თანამშრომლობა. ბავშვები ძალიან ეფექტიანად სწავლობენ თამაშით, პრაქტიკულ აქტივობებში ჩართვით და გამოცდილებით.
- რა დროს არის აუცილებელი ლოგოპედის ჩარევა?
- მცირე ასაკიდანვე მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ბავშვის მეტყველების განვითარების იმ ეტაპებს, რაც ზემოთ ჩამოვთვალე. მეტყველების განვითარების შეფერხება შეიძლება უარყოფითად აისახოს ბავშვის ფსიქოლოგიურ განვითარებაზე. თუ 1 წლის ასაკში მეტყველების განვითარების დარღვევას ფსიქოლოგიური ხასიათი აქვს, არ ასრულებს მითითებებს, არ რეაგირებს საკუთარ სახელზე, არ აქვს მზერითი კონტაქტი, მისი მეტყველება ღმუილს წააგავს, თუ 2-3 წლის ბავშვი საუბრობს გაურკვეველ, საკუთარ ენაზე, თუ არის არაკონტაქტური. ასევე, თუ აქვს პრობლემა მიმართული მეტყველების გაგებასთან, აუცილებლად მიმართონ სპეციალისტს. სამწუხაროდ, ძალიან ხშირია ნაწილობრივი და სრული უმეტყველობა, აუტისტური სპექტრის აშლილობები, ამიტომ ყველა მშობელს ვურჩევ, რომ დროულად მოახდინონ რეაგირება და დროულად მიიყვანონ სპეციალისტთან თავიანთი შვილები.
ესაუბრა მარიამ ჩოქური

შეიძინე საბავშვო პროდუქტების ნაკრები ექსკლუზიურ ფასად ბმულზე 👉 https://www.facebook.com/babybag.momsedu.ge