შეტევითი ხველის შესახებ პედიატრი, თსსუ-ის პროფესორი ნანუკა ყავლაშვილი საუბრობს. მისი თქმით, ამ დროს მედიკამენტები მაინცდამაინც ეფექტური არ არის:
,,შეტევითი ხველა ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელია, ეს არა მხოლოდ მშობლების, ექიმების პრობლემაცაა. მშობელი მოგვმართავს, ვცდილობთ დავეხმაროთ, მაგრამ მედიკამენტები მაინცდამაინც ეფექტური არ არის. გააჩნია, როგორია ხველა - მშრალი, სველი რა სიხშირით და როდის ახველებს (ღამე, დღე). აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, ხშირად იციან მშობლებმა ტელეფონით მედიკამენტის დანიშვნას ითხოვენ, პრაქტიკულად წარმოუდგენელია ამისი თქმა, იმიტომ რომ აუცილებლად უნდა გავსინჯოთ ბავშვი, ხველასთან ერთად რა სიმპტომები აქვს, ფილტვებს მოვუსმინოთ და მხოლოდ ამის შემდეგ დაინიშნოს წამალი.''
პედიატრი ხველის სიროფების შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მშობელი უნდა მოერიდოს მას ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე:
,,ამერიკის პედიატრიის აკადემია გვეუბნება, რომ მოვერიდოთ ხველის სიროფების გამოყენებას ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე, რადგან ამან შეიძლება გააუარესოს ხველა. თვითნებურად არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაალევინონ მშობლებმა ბავშვებს წამლები.''
პედიატრ ნანუკა ყავლაშვილის თქმით, სანამ ექიმთან მიიყვანთ ბავშვს, შეგიძლიათ სახლში თბილი სითხეები მიაწოდოთ, ასევე გამოიყენოთ ინჰალაციის აპარატი, ეფექტურია თაფლიც:
,,ის რაც სახლში შეიძლება გავაკეთოთ, ეს არის თბილი სითხეების მიწოდება, თაფლიანი წყალი, რომელსაც მტკიცებითი მედიცინის კუთხით თუ შევხედავთ აქვს მტკიცებულება, ის გარკვეულწილად შველის ხველას და ამსუბუქებს პაციენტის მდგომარეობას. ასევე კარგია ინჰალაცია ფიზიოლოგიური ხსნარით. ინჰალაციის აპარატი ბევრს აქვს უკვე სახლში და მისი გამოყენება პაციენტის გასინჯვის გარეშეც შეიძლება. მას შემდეგ, რაც პაციენტს ვნახავთ, ამის მიხედვით შეიძლება, როგორც საინჰალაციო მედიკამენტი ჩაერთოს და ზოგიერთ შემთხვევაში ან ამოსახველებელი ან პირიქით ხველის დამთრგუნველი საშუალება მიიღოს ბავშვმა. მესმის, რომ ძალიან ძნელია, როცა შეტევითი ხველაა და მას პრაქტიკულად მაინცდამაინც არაფერი განსაკუთრებულად არ შველის, თუმცა ეს არის დროის საკითხი და რა თქმა უნდა, მილევად რეჟიმში ეს ხველაც გაივლის,'' - აღნიშნულის შესახებ პედიატრმა, თსსუ-ის პროფესორმა ნანუკა ყავლაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
პედიატრი თემურ მიქელაძე „იმედის დღეში“ ბავშვებზე ეკრანდამოკიდებულებისა და აგრესიული ონლაინ თამაშების ნეგატიურ ზეგავლენის შესახებ საუბრობს. ის აღნიშნავს, რომ მსგავსი თამაშები მოზარდებისთვის გაცილებით საშიშია, ვიდრე ონლაინ სწავლება:
„ონლაინ სწავლება და ონლაინ გაკვეთილები არასდროს ისეთ მავნე ზეგავლენას არ მოახდენს ბავშვზე, როგორც მის მიღმა აგრესიაზე გადაწყობილი თამაშები. სპეციფიურმა, ხმაურიანმა თამაშებმა შეიძლება გამოიწვიოს ფსიქიატრიული დარღვევები. ბავშვები კარჩაკეტილები ხდებიან, აწუხებთ უძილობა, თავის ტკივილი, ღებინების შეგრძნება, მუცლის ტკივილი, ზოგადი სისუსტე. ეს სწორედ მავნე ზემოქმედებისგან გამოწვეული პრობლემაა.“
„ღამის საათებში, განსაკუთრებით ჩაბნელებულ ოთახებში, როდესაც ბავშვი არის გაჯეტებზე დამოკიდებული, ეკრანზე დამოკიდებული, გამოსხივებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს მელატონინის სინთეზის დაქვეითება. აქედან გამომდინარე დილით ბავშვი შეიძლება იყოს გამოუძინებელი, წამოვიდეს დასწავლის პრობლემები. ონლაინ გაკვეთილებზე ან სკოლაში წასვლისას ბავშვი შეიძლება იყოს გონებაგაფანტული. სწორედ ამიტომ, მთავარია მშობლის ჩართულობა. თუ იქნება მშობლის ჩართულობა, ბავშვს მაქსიმალურად თავიდან ავაცილებთ ამ ზოგად პრობლემებს,“ - აცხადებს თემურ მიქელაძე.
ბავშვების ეკრანდამოკიდებულების საკითხზე საუბრობს ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ დირექტორი მეგი კავთუაშვილიც, რომელიც აცხადებს, რომ მშობლებს ინტერნეტის დადებითი მხარეების დანახვა უძნელდებათ:
„სოციალურმა აქტივობებმა, საგანმანათლებლო აქტივობებმა პანდემიის პირობებში ეკრანზე გადაინაცვლა. ჩვენი შვილები გახდნენ უფრო მეტად ეკრანდამოკიდებულები. ამან გაზარდა კონფლიქტები მშობლებსა და შვილებს შორის. მშობლების დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ ინტერნეტი არის არა სიკეთე და შესაძლებლობები, არამედ პირიქით, ის თაობას აფუჭებს, ღუპავს და ა.შ. ზოგიერთი ადამიანი წერდა, რომ სჯობს ინტერნეტი გრაფიკით მოგვეწოდებოდეს, სჯობს, რომ საერთოდ არ არსებობდეს. მშობლებს აინტერესებდათ, როდის შეწყდება ინტერნეტით ბავშვების კვება და ა.შ.“
„ჩვენ ვცხოვრობთ ციფრულ ეპოქაში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინტერნეტი ცუდია, მაგრამ ეს მშობლებისთვის დამარცხებაა. გამორიცხულია, რომ მშობელი ამ პროცესს დაუპირისპირდეს. ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ კი არ ვებრძოლოთ იმას, რაც ჩვენთვის კარგია, არამედ ტექნოლოგიები ჩავაყენოთ ჩვენს სამსახურში,“ - აცხადებს მეგი კავთუაშვილი.