შეტევითი ხველის შესახებ პედიატრი, თსსუ-ის პროფესორი ნანუკა ყავლაშვილი საუბრობს. მისი თქმით, ამ დროს მედიკამენტები მაინცდამაინც ეფექტური არ არის:
,,შეტევითი ხველა ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელია, ეს არა მხოლოდ მშობლების, ექიმების პრობლემაცაა. მშობელი მოგვმართავს, ვცდილობთ დავეხმაროთ, მაგრამ მედიკამენტები მაინცდამაინც ეფექტური არ არის. გააჩნია, როგორია ხველა - მშრალი, სველი რა სიხშირით და როდის ახველებს (ღამე, დღე). აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, ხშირად იციან მშობლებმა ტელეფონით მედიკამენტის დანიშვნას ითხოვენ, პრაქტიკულად წარმოუდგენელია ამისი თქმა, იმიტომ რომ აუცილებლად უნდა გავსინჯოთ ბავშვი, ხველასთან ერთად რა სიმპტომები აქვს, ფილტვებს მოვუსმინოთ და მხოლოდ ამის შემდეგ დაინიშნოს წამალი.''
პედიატრი ხველის სიროფების შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მშობელი უნდა მოერიდოს მას ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე:
,,ამერიკის პედიატრიის აკადემია გვეუბნება, რომ მოვერიდოთ ხველის სიროფების გამოყენებას ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე, რადგან ამან შეიძლება გააუარესოს ხველა. თვითნებურად არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაალევინონ მშობლებმა ბავშვებს წამლები.''
პედიატრ ნანუკა ყავლაშვილის თქმით, სანამ ექიმთან მიიყვანთ ბავშვს, შეგიძლიათ სახლში თბილი სითხეები მიაწოდოთ, ასევე გამოიყენოთ ინჰალაციის აპარატი, ეფექტურია თაფლიც:
,,ის რაც სახლში შეიძლება გავაკეთოთ, ეს არის თბილი სითხეების მიწოდება, თაფლიანი წყალი, რომელსაც მტკიცებითი მედიცინის კუთხით თუ შევხედავთ აქვს მტკიცებულება, ის გარკვეულწილად შველის ხველას და ამსუბუქებს პაციენტის მდგომარეობას. ასევე კარგია ინჰალაცია ფიზიოლოგიური ხსნარით. ინჰალაციის აპარატი ბევრს აქვს უკვე სახლში და მისი გამოყენება პაციენტის გასინჯვის გარეშეც შეიძლება. მას შემდეგ, რაც პაციენტს ვნახავთ, ამის მიხედვით შეიძლება, როგორც საინჰალაციო მედიკამენტი ჩაერთოს და ზოგიერთ შემთხვევაში ან ამოსახველებელი ან პირიქით ხველის დამთრგუნველი საშუალება მიიღოს ბავშვმა. მესმის, რომ ძალიან ძნელია, როცა შეტევითი ხველაა და მას პრაქტიკულად მაინცდამაინც არაფერი განსაკუთრებულად არ შველის, თუმცა ეს არის დროის საკითხი და რა თქმა უნდა, მილევად რეჟიმში ეს ხველაც გაივლის,'' - აღნიშნულის შესახებ პედიატრმა, თსსუ-ის პროფესორმა ნანუკა ყავლაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
„ის, რაც საქართველოში დატრიალდა ნოემბერსა და დეკემბერში, ასეთი ძლიერი ტალღა წესით აღარ უნდა იყოს,“ - მაია ბუწაშვილი
ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა მოსახლეობაში ვაქცინაციისადმი მზაობის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ვაქცინასთან დაკავშირებით შეთქმულების თეორიები აქტიურად ვრცელდება:
„ალბათ, მოსახლეობის ნახევარი აპირებს ვაქცინის გაკეთებას. არ დაგვავიწყდეს ის ნაწილიც, რომელმაც უკვე გადაიტანა კოვიდი. ეს ადამიანები პირველი რიგის ასაცრელთა კონტიგენტში არ მოხვდებიან და არც არის ამის აუცილებლობა. ადამიანებს სულ ეჩვენებათ, რომ რაღაცას უმალავენ. ბევრი შეთქმულების თეორია ტრიალებს. თუ ზუსტად ავუხსნით, რა ვიცით, რა არ ვიცით, სასწორი რომელ მხარეს იხრება. ზოგიერთი ჯგუფისთვის ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. ესეთი აქცენტები ძალიან მკაფიოდ, გამჭვირვალედ უნდა გაკეთდეს, რომ ადამიანებმა შეძლონ თავიანთი არჩევანის სწორად გაკეთება.“
მაია ბუწაშვილის თქმით, კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევები ძალიან იშვიათია:
„კორონავირუსზე ილუზია, რომ სრულად მყარ იმუნიტეტს იძლევა არ გვაქვს. 7-8 თვე არის კვლევების ვადები, რა ხანგრძლივობით არსებობს ინფორმაცია. უკვე ერთ წელზე მეტი გავიდა. ფაქტი ის არის, რომ რეინფექციები ძალიან ხშირი მაინც არ არის. მხოლოდ იმიტომ, რომ ხელახლა იყო სიმპტომები და ტესტიც ხელახლა დადებითია, ეს არ ნიშნავს რეინფიცირებას. ნამდვილად დადასტურებული რეინფიცირების მხოლოდ რამდენიმე ათეული შემთხვევაა დადასტურებული. რაც ჯერ ვიცით, შეიძლება იყოს უფრო მსუბუქი და უფრო მძიმე შემთხვევებიც.“
მაია ბუწაშვილმა აღნიშნა, რომ ის, რაც საქართველოში ნოემბერ-დეკემბერში მოხდა, სავარაუდოდ, არ განმეორდება:
„სავარაუდოდ ეს პანდემია ყველაზე გრძელი იქნება. იმის საფუძველი, რომ დასასრული ძალიან სწრაფად გამოცხადდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, არ ჩანს. ჯერჯერობით პროგნოზირებაც კი არ შეგვიძლია, რომ დარჩა მაგალითად, თვეები,“ - აღნიშნულ საკითხებზე მაია ბუწაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.