შეტევითი ხველის შესახებ პედიატრი, თსსუ-ის პროფესორი ნანუკა ყავლაშვილი საუბრობს. მისი თქმით, ამ დროს მედიკამენტები მაინცდამაინც ეფექტური არ არის:
,,შეტევითი ხველა ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელია, ეს არა მხოლოდ მშობლების, ექიმების პრობლემაცაა. მშობელი მოგვმართავს, ვცდილობთ დავეხმაროთ, მაგრამ მედიკამენტები მაინცდამაინც ეფექტური არ არის. გააჩნია, როგორია ხველა - მშრალი, სველი რა სიხშირით და როდის ახველებს (ღამე, დღე). აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, ხშირად იციან მშობლებმა ტელეფონით მედიკამენტის დანიშვნას ითხოვენ, პრაქტიკულად წარმოუდგენელია ამისი თქმა, იმიტომ რომ აუცილებლად უნდა გავსინჯოთ ბავშვი, ხველასთან ერთად რა სიმპტომები აქვს, ფილტვებს მოვუსმინოთ და მხოლოდ ამის შემდეგ დაინიშნოს წამალი.''
პედიატრი ხველის სიროფების შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მშობელი უნდა მოერიდოს მას ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე:
,,ამერიკის პედიატრიის აკადემია გვეუბნება, რომ მოვერიდოთ ხველის სიროფების გამოყენებას ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე, რადგან ამან შეიძლება გააუარესოს ხველა. თვითნებურად არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაალევინონ მშობლებმა ბავშვებს წამლები.''
პედიატრ ნანუკა ყავლაშვილის თქმით, სანამ ექიმთან მიიყვანთ ბავშვს, შეგიძლიათ სახლში თბილი სითხეები მიაწოდოთ, ასევე გამოიყენოთ ინჰალაციის აპარატი, ეფექტურია თაფლიც:
,,ის რაც სახლში შეიძლება გავაკეთოთ, ეს არის თბილი სითხეების მიწოდება, თაფლიანი წყალი, რომელსაც მტკიცებითი მედიცინის კუთხით თუ შევხედავთ აქვს მტკიცებულება, ის გარკვეულწილად შველის ხველას და ამსუბუქებს პაციენტის მდგომარეობას. ასევე კარგია ინჰალაცია ფიზიოლოგიური ხსნარით. ინჰალაციის აპარატი ბევრს აქვს უკვე სახლში და მისი გამოყენება პაციენტის გასინჯვის გარეშეც შეიძლება. მას შემდეგ, რაც პაციენტს ვნახავთ, ამის მიხედვით შეიძლება, როგორც საინჰალაციო მედიკამენტი ჩაერთოს და ზოგიერთ შემთხვევაში ან ამოსახველებელი ან პირიქით ხველის დამთრგუნველი საშუალება მიიღოს ბავშვმა. მესმის, რომ ძალიან ძნელია, როცა შეტევითი ხველაა და მას პრაქტიკულად მაინცდამაინც არაფერი განსაკუთრებულად არ შველის, თუმცა ეს არის დროის საკითხი და რა თქმა უნდა, მილევად რეჟიმში ეს ხველაც გაივლის,'' - აღნიშნულის შესახებ პედიატრმა, თსსუ-ის პროფესორმა ნანუკა ყავლაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
„ეს ვაქცინა ძალიან სუფთა ვაქცინაა. ერთადერთი საეჭვო ელემენტი, რომელიც მასში შედის არის პოლისორბატი,“- ალერგოლოგ-იმუნოლოგი დავით თელია
ალერგოლოგ-იმუნოლოგმა დავით თელიამ კოვიდ-19-ის ვაქცინებში შემავალი ალერგენების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ამ კუთხით აღნიშნული ვაქცინები ძალიან სუფთაა:
„ეს ვაქცინა ძალიან სუფთა ვაქცინაა ამ თვალსაზრისით. ერთადერთი საეჭვო ელემენტი, რომელიც მასში შედის არის პოლისორბატი. პოლიეთილენ გლიკოლი შედის ფაიზერისა და მოდერნას ვაქცინაში, ხოლო პოლისორბატი - ასტრაზენეკაში. პოლისორბატია ერთადერთი კომპონენტი, რომელიც გამოიხატება ალერგიულობით.“
დავით თელიამ ის პროდუქტები დაასახელა, რომლის შემადგენლობაში პოლისორბატიც შედის:
„პოლისორბატი შედის კოსმეტიკურ საშუალებებში. სხვათა შორის, კბილის პასტებშიც შედის. საცხებ საშუალებებშიც შედის, შედის ემულსიებში, სტეროიდულ ემულსიებში, რომელსაც ჩვენ ძალიან ხშირად ვიყენებთ. თუ ადამიანს უხდება ასეთი ვაქცინის ან პრეპარატის მიღება, რომელშიც შედის ეს დანამატები, ადამიანი სენსიბილიზებულია ამის მიმართ და ის მომენტალურად იწყებს რეაგირებას,“ - აღნიშნულ საკითხზე დავით თელიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.