შეტევითი ხველის შესახებ პედიატრი, თსსუ-ის პროფესორი ნანუკა ყავლაშვილი საუბრობს. მისი თქმით, ამ დროს მედიკამენტები მაინცდამაინც ეფექტური არ არის:
,,შეტევითი ხველა ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელია, ეს არა მხოლოდ მშობლების, ექიმების პრობლემაცაა. მშობელი მოგვმართავს, ვცდილობთ დავეხმაროთ, მაგრამ მედიკამენტები მაინცდამაინც ეფექტური არ არის. გააჩნია, როგორია ხველა - მშრალი, სველი რა სიხშირით და როდის ახველებს (ღამე, დღე). აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, ხშირად იციან მშობლებმა ტელეფონით მედიკამენტის დანიშვნას ითხოვენ, პრაქტიკულად წარმოუდგენელია ამისი თქმა, იმიტომ რომ აუცილებლად უნდა გავსინჯოთ ბავშვი, ხველასთან ერთად რა სიმპტომები აქვს, ფილტვებს მოვუსმინოთ და მხოლოდ ამის შემდეგ დაინიშნოს წამალი.''
პედიატრი ხველის სიროფების შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მშობელი უნდა მოერიდოს მას ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე:
,,ამერიკის პედიატრიის აკადემია გვეუბნება, რომ მოვერიდოთ ხველის სიროფების გამოყენებას ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე, რადგან ამან შეიძლება გააუარესოს ხველა. თვითნებურად არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაალევინონ მშობლებმა ბავშვებს წამლები.''
პედიატრ ნანუკა ყავლაშვილის თქმით, სანამ ექიმთან მიიყვანთ ბავშვს, შეგიძლიათ სახლში თბილი სითხეები მიაწოდოთ, ასევე გამოიყენოთ ინჰალაციის აპარატი, ეფექტურია თაფლიც:
,,ის რაც სახლში შეიძლება გავაკეთოთ, ეს არის თბილი სითხეების მიწოდება, თაფლიანი წყალი, რომელსაც მტკიცებითი მედიცინის კუთხით თუ შევხედავთ აქვს მტკიცებულება, ის გარკვეულწილად შველის ხველას და ამსუბუქებს პაციენტის მდგომარეობას. ასევე კარგია ინჰალაცია ფიზიოლოგიური ხსნარით. ინჰალაციის აპარატი ბევრს აქვს უკვე სახლში და მისი გამოყენება პაციენტის გასინჯვის გარეშეც შეიძლება. მას შემდეგ, რაც პაციენტს ვნახავთ, ამის მიხედვით შეიძლება, როგორც საინჰალაციო მედიკამენტი ჩაერთოს და ზოგიერთ შემთხვევაში ან ამოსახველებელი ან პირიქით ხველის დამთრგუნველი საშუალება მიიღოს ბავშვმა. მესმის, რომ ძალიან ძნელია, როცა შეტევითი ხველაა და მას პრაქტიკულად მაინცდამაინც არაფერი განსაკუთრებულად არ შველის, თუმცა ეს არის დროის საკითხი და რა თქმა უნდა, მილევად რეჟიმში ეს ხველაც გაივლის,'' - აღნიშნულის შესახებ პედიატრმა, თსსუ-ის პროფესორმა ნანუკა ყავლაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
„არავითარი ჩანთა არ უნდა გაუჩხრიკო ბავშვს და შვილს უნდა ენდობოდე,“ - ზურა მხეიძე
ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ მოზარდებში ქუჩური სამყაროსადმი ინტერესის ზრდის პრობლემაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ აღნიშნული პრობლემატიკა მარადიულია:
„ეს არის მუდმივი პრობლემა. შეგიძლიათ ნახოთ ფილმი „კლასი,“ ევროპის ქვეყანა არ არის ის?! ეს თემები მუდმივად არსებობს. შეცდომა იყო, რომ დაახლოებით 15 წლის წინ სკოლას წაართვეს აღზრდის ფუნქცია. იყო მარტო ცოდნის მიცემის მომენტები. თქვენ ახლა ახსენეთ ქუჩური გარჩევები, მეც ვიყავი მერვე-მეცხრე კლასში. იმ ქუჩური და არა ქურდული წესების მიხედვით დანის ტარება არ შეიძლებოდა. დღეს ყველაფრის წაღება შეიძლება. ის წესი რომ მოიშალა, რასაც თითქოს ვებრძვით, არაფრით არ ჩანაცვლდა. თუ არაფრით არ ჩანაცვლდა, მაშინ ყველაფერი ნებადართულია.“
ზურა მხეიძის თქმით, ოჯახის გარდა ყველა ინსტიტუტი მოშლილია:
„ერთადერთი ოჯახი დარჩა. თქვენ თუ ვინმე ახალგაზრდას შეხვდებით, რომელიც მეტ-ნაკლებად კარგია, სავარაუდოდ ეს არის ოჯახის დამსახურება. სხვა ინსტიტუტები მორღვეულია თავიდან ბოლომდე. ერთ-ერთი მომენტი, რომელიც ჩვენ გვახასიათებს, არის გადაჭარბებული ზრუნვა. სანამ ბავშვი გარდატეხის ასაკს მიადგება, მანამდე მისთვის მნიშვნელოვანია მასწავლებლის შეფასება, გარდატეხის ასაკში მას ეს აღარ აინტერესებს, აინტერესებს თავისი სტატუსი. ის იწყებს ბრძოლას იმის დასამტკიცებლად, რომ დამოუკიდებელი პიროვნებაა. თუ ჩვენ ისე გავზრდით, რომ მას ჩვენთან ამის მტკიცება არ დასჭირდება, პრობლემა აღარ იქნება. ზრუნვასთან ერთად ბავშვს უნდა მისცე აღიარება, რომ ის პერსონაა.“
ზურა მხეიძემ აღნიშნა, რომ ადამიანი ბავშვობის ასაკიდანვე უნდა იყოს პასუხისმგებელი თავის ქცევებზე:
„ბავშვობის ასაკიდანვე ადამიანი თავის ქცევებზე უნდა იყოს პასუხისმგებელი. ბავშვი ნელ-ნელა უნდა მივაჩვიოთ გადაწყვეტილებების მიღებას. არავითარი ჩანთა არ უნდა გაუჩხრიკო ბავშვს და შვილს უნდა ენდობოდე. მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ჩხრეკის, მიყურადების, თვალთვალის. აღზრდის პროცესში ნდობა უნდა გასცე და მოიპოვო კიდეც მშობელმა. მშობელი არ არის მარტო დირექტივების მიმცემი. რაც აკრძალულია, ბავშვს ყოველთვის იმის ინტერესი აქვს. ბავშვი ინტერესიანია. სათამაშოს რომ მისცემ, შეიძლება დაშალოს, რომ ნახოს რა დევს შიგნით. როდესაც რაღაცის დამალვას ვიწყებ, ის იწყებს იქითკენ სვლას.“
„ბავშვთან ურთიერთობა არ არის მარტო ის, რომ მოიკითხო, რა ხდება სკოლაში. მნიშვნელოვანი როლი აქვთ ხოლმე მამებს ურთიერთობაში. სერიოზული დეფიციტი აქვთ ურთიერთობის. ეს ურთიერთობა არ ნიშნავს, რომ ვკითხო, რა ხდება სკოლაში ან წავიყვანო ჩემს მეგობართან, რომელსაც იმავე ასაკის შვილი ჰყავს. მე და ის ჩემი მეგობარი ვერთობით, ესენი თავისთვის არიან. ეს არ არის ურთიერთობის პროცესი. მთლიანი სპექტრი სჭირდება ურთიერთობის ბავშვს,“- აღნიშნულ საკითხებზე ზურა მხეიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის გადაცემაში „დილა უქმეებზე“ ისაუბრა.