შეტევითი ხველის შესახებ პედიატრი, თსსუ-ის პროფესორი ნანუკა ყავლაშვილი საუბრობს. მისი თქმით, ამ დროს მედიკამენტები მაინცდამაინც ეფექტური არ არის:
,,შეტევითი ხველა ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელია, ეს არა მხოლოდ მშობლების, ექიმების პრობლემაცაა. მშობელი მოგვმართავს, ვცდილობთ დავეხმაროთ, მაგრამ მედიკამენტები მაინცდამაინც ეფექტური არ არის. გააჩნია, როგორია ხველა - მშრალი, სველი რა სიხშირით და როდის ახველებს (ღამე, დღე). აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, ხშირად იციან მშობლებმა ტელეფონით მედიკამენტის დანიშვნას ითხოვენ, პრაქტიკულად წარმოუდგენელია ამისი თქმა, იმიტომ რომ აუცილებლად უნდა გავსინჯოთ ბავშვი, ხველასთან ერთად რა სიმპტომები აქვს, ფილტვებს მოვუსმინოთ და მხოლოდ ამის შემდეგ დაინიშნოს წამალი.''
პედიატრი ხველის სიროფების შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მშობელი უნდა მოერიდოს მას ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე:
,,ამერიკის პედიატრიის აკადემია გვეუბნება, რომ მოვერიდოთ ხველის სიროფების გამოყენებას ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე, რადგან ამან შეიძლება გააუარესოს ხველა. თვითნებურად არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაალევინონ მშობლებმა ბავშვებს წამლები.''
პედიატრ ნანუკა ყავლაშვილის თქმით, სანამ ექიმთან მიიყვანთ ბავშვს, შეგიძლიათ სახლში თბილი სითხეები მიაწოდოთ, ასევე გამოიყენოთ ინჰალაციის აპარატი, ეფექტურია თაფლიც:
,,ის რაც სახლში შეიძლება გავაკეთოთ, ეს არის თბილი სითხეების მიწოდება, თაფლიანი წყალი, რომელსაც მტკიცებითი მედიცინის კუთხით თუ შევხედავთ აქვს მტკიცებულება, ის გარკვეულწილად შველის ხველას და ამსუბუქებს პაციენტის მდგომარეობას. ასევე კარგია ინჰალაცია ფიზიოლოგიური ხსნარით. ინჰალაციის აპარატი ბევრს აქვს უკვე სახლში და მისი გამოყენება პაციენტის გასინჯვის გარეშეც შეიძლება. მას შემდეგ, რაც პაციენტს ვნახავთ, ამის მიხედვით შეიძლება, როგორც საინჰალაციო მედიკამენტი ჩაერთოს და ზოგიერთ შემთხვევაში ან ამოსახველებელი ან პირიქით ხველის დამთრგუნველი საშუალება მიიღოს ბავშვმა. მესმის, რომ ძალიან ძნელია, როცა შეტევითი ხველაა და მას პრაქტიკულად მაინცდამაინც არაფერი განსაკუთრებულად არ შველის, თუმცა ეს არის დროის საკითხი და რა თქმა უნდა, მილევად რეჟიმში ეს ხველაც გაივლის,'' - აღნიშნულის შესახებ პედიატრმა, თსსუ-ის პროფესორმა ნანუკა ყავლაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
„არაფერს არ ვჭამ და მაინც ვსუქდები," - პრობლემის მიზეზებზე ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა საუბრობს
ენდოკრინოლოგმა ლაშა უჩავამ წონაში მატების ყველაზე ხშირ გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა კვების რაციონის მნიშვნელობას:
„არსებობენ ადამიანები, რომლებიც კონსულტაციაზე მოდიან და ამბობენ: „არაფერს არ ვჭამ და მაინც ვსუქდები.“ გადამწყვეტი მნიშვნელობ აქვს, რას ვჭამთ. შესაძლებელია, მაგიდა მთლიანად შევავსოთ სხვადასხვა საკვები პროდუქტით, ადამიანმა მიიღოს მთლიანი სუფრა და მას არ შეექმნას არანაირი წონის პრობლემა, მაგრამ მუჭში ჩავიყაროთ გარკვეული პროდუქტი და მოვიმატოთ.“
ლაშა უჩავას თქმით, წონის მატებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის გენეტიკასაც:
„სიმსუქნეში დიდი მნიშვნელობა აქვს გენეტიკას. დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე ფიზიკურ აქტივობას, რაც ვიღებთ და რას გავცემთ. არიან ადამიანები, რომლებმაც, შესაძლოა, დღის განმავლობაში მიიღონ 1000-1200 კილოკალორია, რომელზეც წესით და რიგით წონის მატება არ უნდა იყოს, მაგრამ მათ საერთოდ არ აქვთ გახარჯული კალორაჟი. ასეთი ადამიანები 1000 კილოკალორიაზეც მოიმატებენ.“
„ეს არის კვების კულტურა, როდესაც ჩვენ გარკვეული რეჟიმით მივირთმევთ. საკვები, როგორც ხორცის გასატარებელ მანქანაში, ასე უცებ არ გადამუშავდება ჩვენს ორგანიზმში. მას სჭირდება გარკვეული ნივთიერებები, დრო. ამ ნივთიერებების გამომუშავებასაც გარკვეული რესურსი აქვს ჩვენს ორგანიზმში. თუ ჩვენ ამ ნივთიერებებს კუმულირება არ ვადროვეთ და დავღალეთ ჩვენი ორგანიზმი, მიღებული საკვები ადეკვატურად ვერ გადამუშავდება. ამის ფონზე ირღვევა ნივთიერებათა ცვლა,“ - აღნიშნულ საკითხზე ლაშა უჩავამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ჩვენი ოჯახი“ ისაუბრა.