შეტევითი ხველის შესახებ პედიატრი, თსსუ-ის პროფესორი ნანუკა ყავლაშვილი საუბრობს. მისი თქმით, ამ დროს მედიკამენტები მაინცდამაინც ეფექტური არ არის:
,,შეტევითი ხველა ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელია, ეს არა მხოლოდ მშობლების, ექიმების პრობლემაცაა. მშობელი მოგვმართავს, ვცდილობთ დავეხმაროთ, მაგრამ მედიკამენტები მაინცდამაინც ეფექტური არ არის. გააჩნია, როგორია ხველა - მშრალი, სველი რა სიხშირით და როდის ახველებს (ღამე, დღე). აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, ხშირად იციან მშობლებმა ტელეფონით მედიკამენტის დანიშვნას ითხოვენ, პრაქტიკულად წარმოუდგენელია ამისი თქმა, იმიტომ რომ აუცილებლად უნდა გავსინჯოთ ბავშვი, ხველასთან ერთად რა სიმპტომები აქვს, ფილტვებს მოვუსმინოთ და მხოლოდ ამის შემდეგ დაინიშნოს წამალი.''
პედიატრი ხველის სიროფების შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მშობელი უნდა მოერიდოს მას ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე:
,,ამერიკის პედიატრიის აკადემია გვეუბნება, რომ მოვერიდოთ ხველის სიროფების გამოყენებას ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე, რადგან ამან შეიძლება გააუარესოს ხველა. თვითნებურად არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაალევინონ მშობლებმა ბავშვებს წამლები.''
პედიატრ ნანუკა ყავლაშვილის თქმით, სანამ ექიმთან მიიყვანთ ბავშვს, შეგიძლიათ სახლში თბილი სითხეები მიაწოდოთ, ასევე გამოიყენოთ ინჰალაციის აპარატი, ეფექტურია თაფლიც:
,,ის რაც სახლში შეიძლება გავაკეთოთ, ეს არის თბილი სითხეების მიწოდება, თაფლიანი წყალი, რომელსაც მტკიცებითი მედიცინის კუთხით თუ შევხედავთ აქვს მტკიცებულება, ის გარკვეულწილად შველის ხველას და ამსუბუქებს პაციენტის მდგომარეობას. ასევე კარგია ინჰალაცია ფიზიოლოგიური ხსნარით. ინჰალაციის აპარატი ბევრს აქვს უკვე სახლში და მისი გამოყენება პაციენტის გასინჯვის გარეშეც შეიძლება. მას შემდეგ, რაც პაციენტს ვნახავთ, ამის მიხედვით შეიძლება, როგორც საინჰალაციო მედიკამენტი ჩაერთოს და ზოგიერთ შემთხვევაში ან ამოსახველებელი ან პირიქით ხველის დამთრგუნველი საშუალება მიიღოს ბავშვმა. მესმის, რომ ძალიან ძნელია, როცა შეტევითი ხველაა და მას პრაქტიკულად მაინცდამაინც არაფერი განსაკუთრებულად არ შველის, თუმცა ეს არის დროის საკითხი და რა თქმა უნდა, მილევად რეჟიმში ეს ხველაც გაივლის,'' - აღნიშნულის შესახებ პედიატრმა, თსსუ-ის პროფესორმა ნანუკა ყავლაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
ბოლო ხანებში ვრცელდება ინფორმაცია ბავშვებში კორონავირუსთან ასოცირებულ რაღაც მისტიკურ გართულებაზე, რაც შიშსა და პანიკას იწვევს მშობლებში
რა არის კავასაკის სინდრომი, რომელზეც ბოლო ხანებში ვრცელდება ინფორმაცია, როგორც კორონავირუსთან ასოცირებულ რაღაც მისტიკურ გართულებაზე, რაც შიშს და პანიკას იწვევს მშობლებში, - ამ თემაზე ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ბოლო პერიოდში კავასაკის დაავადებას ხშირად ახსენებენ, როგორც ბავშვთა ასაკში კორონავირუსული ინფექციის საშიშ გართულებას. რეალურად, შემთხვევების რაოდენობამ პანდემიის ეპოქაში მოიმატა, თუმცა თავისთავად ეს დაავადება ახალი არ არის. კავასაკის სინდრომი არის მწვავე, ცხელებით მიმდინარე დაავადება, რომელიც ყველაზე ხშირად 5 წლამდე ასაკის ბავშვებში გვხვდება. ახასიათებს ასევე ლიმფური კვანძების გადიდება, „ჟოლოსებრი“ ენა, გამონაყარი და ა.შ. დაავადების დროს ხდება სისხლძარღვების და გულის დაზიანება, უმეტეს შემთხვევაში, განკურნებით მთავრდება, თუმცა შეიძლება მძიმე გართულებებიც ახლდეს თან. ეს არის გულის შეძენილი დაავადების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი ბავშვებში განვითარებად ქვეყნებში. გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა ხშირად ინფექციურ დაავადებებთან არის ასოცირებული. ამიტომ, როდესაც რომელიმე ინფექციური დაავადების მაღალი გავრცელებაა, შეიძლება დაფიქსირდეს კავასაკის დაავადების შემთხვევების მატება, მათ შორის, ამჟამად, კორონავირუსის პანდემიის დროს. ამჟამად აშშ-ში დაფიქსირდა კავასაკის დაავადების 85 შემთხვევა, მათ შორის 73 ნიუ-იორკში, 3 ბავშვი გარდაიცვალა. უმრავლესობას ჰქონდა დადებითი ახალი კორონავირუსის PCR ან ანტისხეულები.
ბერგამოში (იტალია, ლომბარდია), რომელიც, ფაქტობრივად, COVID-19 ეპიცენტრი იყო, ერთ-ერთ მთავარ ბავშვთა კლინიკაში დაფიქსირდა კავასაკის სინდრომის 10 შემთხვევა 2 თვის განმავლობაში (18 თებერვალი-20 აპრილი). მათგან 8-ს ჰქონდა კორონავირუსის ანტისხეულები. ტაივანში 2014 წელს ჩატარებული კველევით, რომელმაც შეაჯამა კავასაკის დაავადების მქონე 226 ბავშვის ცხვირ-ხახის ნაცხის PCR შედეგები, გამოვლინდა, რომ 27%-ში იყო რინოვირუსი, 16%-ში ენტეროვირუსი, 16.8%-ში ადენოვირუსი და 7.1%-ში კორონავირუსი (რა თქმა უნდა, არ იგულისხმება ახალი კორონავირუსი). კავასაკის დაავადების შემთხვევები აღწერილი იყო ბავშვებში H1N1 პანდემიის დროსაც.