შეტევითი ხველის შესახებ პედიატრი, თსსუ-ის პროფესორი ნანუკა ყავლაშვილი საუბრობს. მისი თქმით, ამ დროს მედიკამენტები მაინცდამაინც ეფექტური არ არის:
,,შეტევითი ხველა ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელია, ეს არა მხოლოდ მშობლების, ექიმების პრობლემაცაა. მშობელი მოგვმართავს, ვცდილობთ დავეხმაროთ, მაგრამ მედიკამენტები მაინცდამაინც ეფექტური არ არის. გააჩნია, როგორია ხველა - მშრალი, სველი რა სიხშირით და როდის ახველებს (ღამე, დღე). აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, ხშირად იციან მშობლებმა ტელეფონით მედიკამენტის დანიშვნას ითხოვენ, პრაქტიკულად წარმოუდგენელია ამისი თქმა, იმიტომ რომ აუცილებლად უნდა გავსინჯოთ ბავშვი, ხველასთან ერთად რა სიმპტომები აქვს, ფილტვებს მოვუსმინოთ და მხოლოდ ამის შემდეგ დაინიშნოს წამალი.''
პედიატრი ხველის სიროფების შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მშობელი უნდა მოერიდოს მას ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე:
,,ამერიკის პედიატრიის აკადემია გვეუბნება, რომ მოვერიდოთ ხველის სიროფების გამოყენებას ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე, რადგან ამან შეიძლება გააუარესოს ხველა. თვითნებურად არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაალევინონ მშობლებმა ბავშვებს წამლები.''
პედიატრ ნანუკა ყავლაშვილის თქმით, სანამ ექიმთან მიიყვანთ ბავშვს, შეგიძლიათ სახლში თბილი სითხეები მიაწოდოთ, ასევე გამოიყენოთ ინჰალაციის აპარატი, ეფექტურია თაფლიც:
,,ის რაც სახლში შეიძლება გავაკეთოთ, ეს არის თბილი სითხეების მიწოდება, თაფლიანი წყალი, რომელსაც მტკიცებითი მედიცინის კუთხით თუ შევხედავთ აქვს მტკიცებულება, ის გარკვეულწილად შველის ხველას და ამსუბუქებს პაციენტის მდგომარეობას. ასევე კარგია ინჰალაცია ფიზიოლოგიური ხსნარით. ინჰალაციის აპარატი ბევრს აქვს უკვე სახლში და მისი გამოყენება პაციენტის გასინჯვის გარეშეც შეიძლება. მას შემდეგ, რაც პაციენტს ვნახავთ, ამის მიხედვით შეიძლება, როგორც საინჰალაციო მედიკამენტი ჩაერთოს და ზოგიერთ შემთხვევაში ან ამოსახველებელი ან პირიქით ხველის დამთრგუნველი საშუალება მიიღოს ბავშვმა. მესმის, რომ ძალიან ძნელია, როცა შეტევითი ხველაა და მას პრაქტიკულად მაინცდამაინც არაფერი განსაკუთრებულად არ შველის, თუმცა ეს არის დროის საკითხი და რა თქმა უნდა, მილევად რეჟიმში ეს ხველაც გაივლის,'' - აღნიშნულის შესახებ პედიატრმა, თსსუ-ის პროფესორმა ნანუკა ყავლაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
„დასჯა არის ძალიან კარგი ქცევითი ქმედება, მაგრამ ეს არ ნიშნავს არც ჩხუბს, არც ყურის აწევას, არც მოწიწკვნას,“ - ნეიროფსიქოლო თამარ გაგოშიძე
ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ მშობლებში ბრაზის მართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ბავშვზე ძალადობით მის ფსიქიკას ვამახინჯებთ:
„ჩვენ ვამახინჯებთ ბავშვის ფსიქიკას, არამხოლოდ როდესაც ვუტყამთ ბავშვს, არამედ როდესაც ვლანძღავთ და ვამცირებთ. საქართველოში დემოკრატიულობანას თამაშის გამო სიტყვა „დასჯის“ ეშინიათ, მათ შორის მასწავლებლებსაც. დასჯა არის ძალიან კარგი ქცევითი ქმედება, მაგრამ ეს არ ნიშნავს არც ჩხუბს, არც ყურის აწევას, არც მოწიწკვნას, არც ბავშვის ჭანჭყარს. განსაკუთრებით პატარა ბავშვების ჭანჭყარი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. შეიძლება უბრალოდ ფიზიკური ტრავმა მიაყენო ბავშვს.“
თამარ გაგოშიძის თქმით, ძალადობრივ მიდგომას ბავშვთან შედეგი არ აქვს:
„ყველა ეს ქმედება: ჭანჭყარი, ჩქმეტა, ყურის აწევა, ამახინჯებს ბავშვს, შედეგზე ვერ გაყავხარ. ბავშვი იღებს შენს მოდელს, მშობელს ყოველთვის ვეუბნები: ახლა შენ ერევი და ძალადობ, მერე ის მოგერევა და არ დაიწუწუნო. ეს ხდება ყოველთვის, 100%-ით ასეა.“
„ჩვენ ძალიან უნდა დავფიქრდეთ, როდესაც ვერ ვმართავთ ჩვენს სიბრაზეს და ემოციებს. ეს არავის არ მოსწონს საბოლოო ჯამში. რომ იცოდეთ, მოძალადე ყველაზე უბედური ადამიანია თვითონ. რამდენჯერ უთქვამთ მშობლებს, რომ მერე საშინელი სინანულის განცდა აქვთ. თავმოყვარეობა არ გაძლევს საშუალებას, რომ შენს შვილს ბოდიში მოუხადო. უნდა მოუხადო!“- აღნიშნულ საკითხზე თამარ გაგოშიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.