შეტევითი ხველის შესახებ პედიატრი, თსსუ-ის პროფესორი ნანუკა ყავლაშვილი საუბრობს. მისი თქმით, ამ დროს მედიკამენტები მაინცდამაინც ეფექტური არ არის:
,,შეტევითი ხველა ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელია, ეს არა მხოლოდ მშობლების, ექიმების პრობლემაცაა. მშობელი მოგვმართავს, ვცდილობთ დავეხმაროთ, მაგრამ მედიკამენტები მაინცდამაინც ეფექტური არ არის. გააჩნია, როგორია ხველა - მშრალი, სველი რა სიხშირით და როდის ახველებს (ღამე, დღე). აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, ხშირად იციან მშობლებმა ტელეფონით მედიკამენტის დანიშვნას ითხოვენ, პრაქტიკულად წარმოუდგენელია ამისი თქმა, იმიტომ რომ აუცილებლად უნდა გავსინჯოთ ბავშვი, ხველასთან ერთად რა სიმპტომები აქვს, ფილტვებს მოვუსმინოთ და მხოლოდ ამის შემდეგ დაინიშნოს წამალი.''
პედიატრი ხველის სიროფების შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მშობელი უნდა მოერიდოს მას ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე:
,,ამერიკის პედიატრიის აკადემია გვეუბნება, რომ მოვერიდოთ ხველის სიროფების გამოყენებას ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე, რადგან ამან შეიძლება გააუარესოს ხველა. თვითნებურად არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაალევინონ მშობლებმა ბავშვებს წამლები.''
პედიატრ ნანუკა ყავლაშვილის თქმით, სანამ ექიმთან მიიყვანთ ბავშვს, შეგიძლიათ სახლში თბილი სითხეები მიაწოდოთ, ასევე გამოიყენოთ ინჰალაციის აპარატი, ეფექტურია თაფლიც:
,,ის რაც სახლში შეიძლება გავაკეთოთ, ეს არის თბილი სითხეების მიწოდება, თაფლიანი წყალი, რომელსაც მტკიცებითი მედიცინის კუთხით თუ შევხედავთ აქვს მტკიცებულება, ის გარკვეულწილად შველის ხველას და ამსუბუქებს პაციენტის მდგომარეობას. ასევე კარგია ინჰალაცია ფიზიოლოგიური ხსნარით. ინჰალაციის აპარატი ბევრს აქვს უკვე სახლში და მისი გამოყენება პაციენტის გასინჯვის გარეშეც შეიძლება. მას შემდეგ, რაც პაციენტს ვნახავთ, ამის მიხედვით შეიძლება, როგორც საინჰალაციო მედიკამენტი ჩაერთოს და ზოგიერთ შემთხვევაში ან ამოსახველებელი ან პირიქით ხველის დამთრგუნველი საშუალება მიიღოს ბავშვმა. მესმის, რომ ძალიან ძნელია, როცა შეტევითი ხველაა და მას პრაქტიკულად მაინცდამაინც არაფერი განსაკუთრებულად არ შველის, თუმცა ეს არის დროის საკითხი და რა თქმა უნდა, მილევად რეჟიმში ეს ხველაც გაივლის,'' - აღნიშნულის შესახებ პედიატრმა, თსსუ-ის პროფესორმა ნანუკა ყავლაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
„არის შემთხვევები, როდესაც ვირუსიან ბავშვებს წამლებს ატანენ მშობლები ბაღებში,“- პედიატრი თემურ მიქელაძე
პედიატრმა თემურ მიქელაძემ საქართველოში ვირუსული ინფექციების მატარებელი ბავშვების ბაღებში გაშვების საზიანო პრაქტიკაზე ისაუბრა:
„არის შემთხვევები, როდესაც ვირუსიან ბავშვებს წამლებს ატანენ მშობლები ბაღებში. მათ დეკრეტული შვებულებები საკმაოდ მოკლე აქვთ. ეს არის ჩვენი კომერციული აგრესია მშობლებზეც. ამ მშობლებმაც ერთის მხრივ რა ჰქნან?! მშობლებს ვურჩევ, რომ ნებისმიერი ვირუსული ინფექციის პერიოდში ბავშვი მინიმუმ ერთი კვირა, ათი დღე იყოს სახლში.“
თემურ მიქელაძის თქმით, ვირუსული ინფექციების თავიდან ასაცილებლად პირადი ჰიგიენური ნორმების დაცვა აუცილებელია:
„იმისთვის, რომ ვირუსული ინფექციები თავიდან ავიცილოთ, აუცილებელია პირადი ჰიგიენური ნორმების დაცვა. ხელების ხშირად დაბანა, ხველის ან ცემინების დროს არა ხელისგულის, არამედ იდაყვის აფარება. ხელისგული არის ყველაზე ხშირი დამაინფიცირებელი საშუალება ბავშვების. საჭიროა დიდი რაოდენობით სითხეების მიღება, ბალანსირებული, ვიტამინებით მდიდარი საკვების მიღება, ხილით დატვირთვა. დახურული სივრცეების განიავება დღეში 3-4-ჯერ მაინც.“
„განიავების დროს ბავშვი იქ არ უნდა იმყოფებოდეს. უნდა გავიდნენ. ე.წ. ორპირი უნდა გაკეთდეს დაახლოებით 2-3 წუთი და მერე ისევ შემოვიდნენ. ამას არ ახორციელებენ, როგორც წესი და როგორც კი დაიწყება სწავლა სკოლამდელ დაწესებულებებში, ვრცელდება ვირუსები,“ - აღნიშნულ საკითხზე თემურ მიქელაძემ საპატრიარქოს ტელევიზიის ეთერში ისაუბრა.