შეტევითი ხველის შესახებ პედიატრი, თსსუ-ის პროფესორი ნანუკა ყავლაშვილი საუბრობს. მისი თქმით, ამ დროს მედიკამენტები მაინცდამაინც ეფექტური არ არის:
,,შეტევითი ხველა ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელია, ეს არა მხოლოდ მშობლების, ექიმების პრობლემაცაა. მშობელი მოგვმართავს, ვცდილობთ დავეხმაროთ, მაგრამ მედიკამენტები მაინცდამაინც ეფექტური არ არის. გააჩნია, როგორია ხველა - მშრალი, სველი რა სიხშირით და როდის ახველებს (ღამე, დღე). აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, ხშირად იციან მშობლებმა ტელეფონით მედიკამენტის დანიშვნას ითხოვენ, პრაქტიკულად წარმოუდგენელია ამისი თქმა, იმიტომ რომ აუცილებლად უნდა გავსინჯოთ ბავშვი, ხველასთან ერთად რა სიმპტომები აქვს, ფილტვებს მოვუსმინოთ და მხოლოდ ამის შემდეგ დაინიშნოს წამალი.''
პედიატრი ხველის სიროფების შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მშობელი უნდა მოერიდოს მას ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე:
,,ამერიკის პედიატრიის აკადემია გვეუბნება, რომ მოვერიდოთ ხველის სიროფების გამოყენებას ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე, რადგან ამან შეიძლება გააუარესოს ხველა. თვითნებურად არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაალევინონ მშობლებმა ბავშვებს წამლები.''
პედიატრ ნანუკა ყავლაშვილის თქმით, სანამ ექიმთან მიიყვანთ ბავშვს, შეგიძლიათ სახლში თბილი სითხეები მიაწოდოთ, ასევე გამოიყენოთ ინჰალაციის აპარატი, ეფექტურია თაფლიც:
,,ის რაც სახლში შეიძლება გავაკეთოთ, ეს არის თბილი სითხეების მიწოდება, თაფლიანი წყალი, რომელსაც მტკიცებითი მედიცინის კუთხით თუ შევხედავთ აქვს მტკიცებულება, ის გარკვეულწილად შველის ხველას და ამსუბუქებს პაციენტის მდგომარეობას. ასევე კარგია ინჰალაცია ფიზიოლოგიური ხსნარით. ინჰალაციის აპარატი ბევრს აქვს უკვე სახლში და მისი გამოყენება პაციენტის გასინჯვის გარეშეც შეიძლება. მას შემდეგ, რაც პაციენტს ვნახავთ, ამის მიხედვით შეიძლება, როგორც საინჰალაციო მედიკამენტი ჩაერთოს და ზოგიერთ შემთხვევაში ან ამოსახველებელი ან პირიქით ხველის დამთრგუნველი საშუალება მიიღოს ბავშვმა. მესმის, რომ ძალიან ძნელია, როცა შეტევითი ხველაა და მას პრაქტიკულად მაინცდამაინც არაფერი განსაკუთრებულად არ შველის, თუმცა ეს არის დროის საკითხი და რა თქმა უნდა, მილევად რეჟიმში ეს ხველაც გაივლის,'' - აღნიშნულის შესახებ პედიატრმა, თსსუ-ის პროფესორმა ნანუკა ყავლაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
„ნივთიერებების პირველადი მოხმარების ადრეული ასაკი ქმნის რისკს, რომ ადამიანი ხდება დამოკიდებული“
როგორ უნდა განვიხილოთ მოზარდებთან ნივთიერებების მოხმარებასთან დაკავშირებული საკითხები და რაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტები - ამის შესახებ გადაცემაში „იმედის დღე“ ფსიქიატრმა, ქეთევან სილაგაძემ და ნარკოლოგმა, თათა ასათიანმა ისაუბრეს.
„მოზარდობის ასაკში, რა თქმა უნდა, იწყება გარკვეული ექსპერიმენტები, მათ შორის, სხვადასხვა ნივთიერებასთან მიმართებით, რას შესაძლოა, გახდეს წინამორბედი ამა თუ იმ ფიზიკური დარღვევის წარმოშობის. გულწრფელად რომ გითხრათ, პირდაპირი კავშირი, რომ მარიხუანას მოხმარება გამოიწვევს ან ფსიქოზურ რომელიმე დაავადებას ან სხვა ტიპის ფსიქიკურ აშლილობას, ასე არ არის, თუმცა, დღეს კვლევები საუბრობს იმას, რომ არის ძალიან მაღალი კომორბიდობა, ანუ ორივე აშლილობის თანაარსებობა. რა თქმა უნდა, ეპიზოდური მომხარება არ ნიშნავს მოხმარების დაავადების არსებობას, ცხადია, პირველადი მოხმარების ადრეული ასაკი ქმნის რისკს, რომ ადამიანი ხდება დამოკიდებული“, - აცხადებს ქეთევან სილაგაძე.
თათა ასათიანი საუბრობს, რაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტები შვილებთან კომუნიკაციისას, როდესაც ნივთიერებების მოხმარებასთან დაკავშირებულ თემებს ვეხებით.
„დამოკიდებულება, მისი ელემენტები მაინც ყალიბდება მოზარდობის ასაკში, თუმცა, ამის წინააღმდეგ ზრუნვა უნდა დაიწყოს ბევრად ადრე - როდესაც ადამიანი ქმნის ოჯახს. ძალიან მნიშვნელოვანია, ვის ვუკავშირებთ ბედს, ვისთან უნდა გავატაროთ მთელი ცხოვრება, რამდენად სიყვარულით იქმნება ოჯახი, მუცლადყოფნის პერიოდში ეს ბავშვი რამდენად სასურველია... ეს იმიტომ, რომ ბავშვს აუცილებლად გადაეცემა დედის და მამის ემოციები. როდესაც ოჯახი კომფორტული და პატივისცემაზე დამყარებულია, ამ შემთხვევაში ბავშვებთან კომუნიკაცია უნდა დავიწყოთ ძალიან მცირე ასაკიდან. ათ წლამდე მიღებულ ინფორმაციას ბევრად მეტი ღირებულება აქვს, ვიდრე - მოზარდობის პერიოდში. ბავშვს უნდა ვასწავლოთ, როგორ შეიძლება ცხოვრებისგან სიამოვნების მიღება. აკრძალვის ტონით საუბარი შედეგს ვერ გამოიღებს. უნდა ავუხსნათ, როგორ იყვნენ ბედნიერები, როგორ ფოკუსირდნენ პოზიტივზე, უნდა შევასწავლოთ პატარ-პატარა საქმეები და გავუჩინოთ პასუხისმგებლობელი. მას უნდა შეეძლოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება. გარდა ამისა, ძალიან მნიშნელოვანია პირადი მაგალითების მიცემა, განსაკუთრებით - ათ წლამდე ასაკის ბავშვისთვის მშობელი ყოველთვის ავტორიტეტია და ცდილობს მისი საქციელის გამეორებას და ასევე მნიშვნელოვანია - წახალისება. როდესაც ბავშვი კარგად იქცევა, ის უნდა წავახალისოთ. რათა მოხდეს მისი ქმედების განმტკიცება და მას გაუჩნდეს მომავალში ამის განმეეორების სურვილი“, - აღნიშნავს ნარკოლოგი.