შეტევითი ხველის შესახებ პედიატრი, თსსუ-ის პროფესორი ნანუკა ყავლაშვილი საუბრობს. მისი თქმით, ამ დროს მედიკამენტები მაინცდამაინც ეფექტური არ არის:
,,შეტევითი ხველა ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელია, ეს არა მხოლოდ მშობლების, ექიმების პრობლემაცაა. მშობელი მოგვმართავს, ვცდილობთ დავეხმაროთ, მაგრამ მედიკამენტები მაინცდამაინც ეფექტური არ არის. გააჩნია, როგორია ხველა - მშრალი, სველი რა სიხშირით და როდის ახველებს (ღამე, დღე). აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, ხშირად იციან მშობლებმა ტელეფონით მედიკამენტის დანიშვნას ითხოვენ, პრაქტიკულად წარმოუდგენელია ამისი თქმა, იმიტომ რომ აუცილებლად უნდა გავსინჯოთ ბავშვი, ხველასთან ერთად რა სიმპტომები აქვს, ფილტვებს მოვუსმინოთ და მხოლოდ ამის შემდეგ დაინიშნოს წამალი.''
პედიატრი ხველის სიროფების შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მშობელი უნდა მოერიდოს მას ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე:
,,ამერიკის პედიატრიის აკადემია გვეუბნება, რომ მოვერიდოთ ხველის სიროფების გამოყენებას ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე, რადგან ამან შეიძლება გააუარესოს ხველა. თვითნებურად არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაალევინონ მშობლებმა ბავშვებს წამლები.''
პედიატრ ნანუკა ყავლაშვილის თქმით, სანამ ექიმთან მიიყვანთ ბავშვს, შეგიძლიათ სახლში თბილი სითხეები მიაწოდოთ, ასევე გამოიყენოთ ინჰალაციის აპარატი, ეფექტურია თაფლიც:
,,ის რაც სახლში შეიძლება გავაკეთოთ, ეს არის თბილი სითხეების მიწოდება, თაფლიანი წყალი, რომელსაც მტკიცებითი მედიცინის კუთხით თუ შევხედავთ აქვს მტკიცებულება, ის გარკვეულწილად შველის ხველას და ამსუბუქებს პაციენტის მდგომარეობას. ასევე კარგია ინჰალაცია ფიზიოლოგიური ხსნარით. ინჰალაციის აპარატი ბევრს აქვს უკვე სახლში და მისი გამოყენება პაციენტის გასინჯვის გარეშეც შეიძლება. მას შემდეგ, რაც პაციენტს ვნახავთ, ამის მიხედვით შეიძლება, როგორც საინჰალაციო მედიკამენტი ჩაერთოს და ზოგიერთ შემთხვევაში ან ამოსახველებელი ან პირიქით ხველის დამთრგუნველი საშუალება მიიღოს ბავშვმა. მესმის, რომ ძალიან ძნელია, როცა შეტევითი ხველაა და მას პრაქტიკულად მაინცდამაინც არაფერი განსაკუთრებულად არ შველის, თუმცა ეს არის დროის საკითხი და რა თქმა უნდა, მილევად რეჟიმში ეს ხველაც გაივლის,'' - აღნიშნულის შესახებ პედიატრმა, თსსუ-ის პროფესორმა ნანუკა ყავლაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
რას იწვევს ჩვენს ორგანიზმში ტრანსცხიმების ჭარბი მოხმარება?
დღეს სამშაბათიადა მედიაპორტალი MomsEdu.geტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას თემაზე - რას ნიშნავს ტრანსცხიმები და მავნებელია თუ არა ჩვენი ორგანიზმისთვის?
ალბათ, თითოეულ თქვენგანს ბევრი გსმენიათ ტრანსცხიმების შესახებ. ის ცნობილია, როგორც არაჯანსაღი ცხიმი, მაგრამ შესაძლებელია არ იცოდეთ თუ რატომ არის მავნებელი ორგანიზმისთვის. ამიტომ დღევანდელი რუბრიკა დავუთმოთ ტრანსცხიმების გაცნობას. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ტრანსცხიმების გამოყენება შემცირდა, რადგან ამ კუთხით ინფორმირებულობა გაიზარდა და მარეგულირებელმა ორგანოებმა შეზღუდეს მათი გამოყენება, ისინი კვლავ საზოგადოების ჯანმრთელობის პრობლემას წარმოადგენს.
ტრანსცხიმები ან ტრანსცხიმოვანი მჟავები უჯერი ცხიმის ფორმაა. ისინი გვხვდება როგორც ბუნებრივი, ისე ხელოვნური ფორმებით. ბუნებრივი ტრანსცხიმები გვხვდება ხორცსა და რძეში. ისინი ბუნებრივად წარმოიქმნება, როდესაც ცხოველების კუჭში არსებული ბაქტერიები ინელებენ ბალახს, რომელსაც ცხოველი საკვებად იყენებს, თუმცა საკვებ რაციონში ხორცისა და რძის პროდუქტების არსებობამ არ უნდა შეგვაშფოთოს, რადგან ზომიერი ოდენობით ბუნებრივი ტრანსცხიმების მიღება არ არის საგანგაშო.
რაც შეეხება ხელოვნურ ტრანსცხიმებს, სხვაგვარად ცნობილია, როგორც სამრეწველო ტრანსცხიმები - საშიშია ჯანმრთელობისთვის. ეს ცხიმები წარმოიქმნება, როდესაც მცენარეული ზეთები ქიმიური ზემოქმედებით იცვლება და ოთახის ტემპერატურაზე რჩება მყარი, რაც მათი შენახვის ხანგრძლივობას ზრდის. სწორედ ამ სახეობის ცხიმია მავნე ორგანიზმისთვის.
ტრანსცხიმით მდიდარია მარგარინი. ტრანსცხიმების შემცველობა ყველაზე მაღალია ე.წ. სწრაფი კვების პროდუქტებში.
რას იწვევს ჩვენს ორგანიზმში ტრანსცხიმების ჭარბი მოხმარება? ორგანიზმში იზრდება ე.წ „ცუდი“ ქოლესტერინის დონე, რაც, თავის მხრივ, ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს, იზრდება თრომბების წარმოქმნის საშიშროება, აქვს უარყოფითი გავლენა წონაზე, ზრდის შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკს, იზრდება სიმსივნეების განვითარების რისკიც და სხვა.
მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, საკვებ რაციონში მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ხელოვნური ტრანსცხიმების გამოყენება. ყურადღებით წაიკითხეთ პროდუქტების შემცველობა და ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით. გისურვებთ ჯანმრთელობას!