შეტევითი ხველის შესახებ პედიატრი, თსსუ-ის პროფესორი ნანუკა ყავლაშვილი საუბრობს. მისი თქმით, ამ დროს მედიკამენტები მაინცდამაინც ეფექტური არ არის:
,,შეტევითი ხველა ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელია, ეს არა მხოლოდ მშობლების, ექიმების პრობლემაცაა. მშობელი მოგვმართავს, ვცდილობთ დავეხმაროთ, მაგრამ მედიკამენტები მაინცდამაინც ეფექტური არ არის. გააჩნია, როგორია ხველა - მშრალი, სველი რა სიხშირით და როდის ახველებს (ღამე, დღე). აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, ხშირად იციან მშობლებმა ტელეფონით მედიკამენტის დანიშვნას ითხოვენ, პრაქტიკულად წარმოუდგენელია ამისი თქმა, იმიტომ რომ აუცილებლად უნდა გავსინჯოთ ბავშვი, ხველასთან ერთად რა სიმპტომები აქვს, ფილტვებს მოვუსმინოთ და მხოლოდ ამის შემდეგ დაინიშნოს წამალი.''
პედიატრი ხველის სიროფების შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მშობელი უნდა მოერიდოს მას ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე:
,,ამერიკის პედიატრიის აკადემია გვეუბნება, რომ მოვერიდოთ ხველის სიროფების გამოყენებას ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე, რადგან ამან შეიძლება გააუარესოს ხველა. თვითნებურად არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაალევინონ მშობლებმა ბავშვებს წამლები.''
პედიატრ ნანუკა ყავლაშვილის თქმით, სანამ ექიმთან მიიყვანთ ბავშვს, შეგიძლიათ სახლში თბილი სითხეები მიაწოდოთ, ასევე გამოიყენოთ ინჰალაციის აპარატი, ეფექტურია თაფლიც:
,,ის რაც სახლში შეიძლება გავაკეთოთ, ეს არის თბილი სითხეების მიწოდება, თაფლიანი წყალი, რომელსაც მტკიცებითი მედიცინის კუთხით თუ შევხედავთ აქვს მტკიცებულება, ის გარკვეულწილად შველის ხველას და ამსუბუქებს პაციენტის მდგომარეობას. ასევე კარგია ინჰალაცია ფიზიოლოგიური ხსნარით. ინჰალაციის აპარატი ბევრს აქვს უკვე სახლში და მისი გამოყენება პაციენტის გასინჯვის გარეშეც შეიძლება. მას შემდეგ, რაც პაციენტს ვნახავთ, ამის მიხედვით შეიძლება, როგორც საინჰალაციო მედიკამენტი ჩაერთოს და ზოგიერთ შემთხვევაში ან ამოსახველებელი ან პირიქით ხველის დამთრგუნველი საშუალება მიიღოს ბავშვმა. მესმის, რომ ძალიან ძნელია, როცა შეტევითი ხველაა და მას პრაქტიკულად მაინცდამაინც არაფერი განსაკუთრებულად არ შველის, თუმცა ეს არის დროის საკითხი და რა თქმა უნდა, მილევად რეჟიმში ეს ხველაც გაივლის,'' - აღნიშნულის შესახებ პედიატრმა, თსსუ-ის პროფესორმა ნანუკა ყავლაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
„მნიშვნელოვანია, რომ პირველი ორი წლის განმავლობაში ბავშვი იყოს დედის და ოჯახის წევრების გარემოცვაში,“ - თამარ ედიბერიძე
ბავშვთა ნევროლოგი თამარ ედიბერიძე საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ადრეულ წლებში ბავშვის დედასთან სიახლოვის მნიშვნელობის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ბავშვი და დედა ერთ ენაზე საუბრობენ, რაც პატარას სიმშვიდის შენარჩუნებაში ეხმარება:
„მას შემდეგ, რაც ბავშვი დაიბადება, პირველი ერთი-ორი წლის მანძილზე, ის ძალიან არის მიჯაჭვული ოჯახის წევრების ემოციებზე, განსაკუთრებით დედაზე. ბავშვი უპირობოდ იღებს ყველა იმ ემოციას, რომელსაც განიცდიან დედა და მისი ოჯახის წევრები. ამიტომ ესეც არ უნდა დაგვავიწყდეს არასდროს, რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ბავშვი იყოს ამ დროს დედის და ოჯახის წევრების გარემოცვაში. არ იყოს მისთვის უცხო ადამიანის, თუნდაც მოსიყვარულე და კეთილსინდისიერი ძიძის იმედად, იმიტომ, რომ დედასთან მას უკვე გაკვალული გზა აქვს, უკვე ერთ ენაზე ლაპარაკობენ ისინი. ძიძამ, მეზობელმა, კეთილმოსურნე ადამიანმა ჯერ კიდევ უნდა ისწავლოს ეს ენა. ამასობაში დრო იკარგება.“
თამარ ედიბერიძის თქმით, სამი წლის ასაკიდან ბავშვებს აჯანყების ეტაპი ეწყებათ:
„ამას არ სჭირდება დიდი მტკიცება, რატომ მშვიდდება ბავშვი უფრო ადვილად დედასთან, ოჯახის წევრთან და არა უცხო ადამიანთან. როგორც კი ორ წელს გადავაბიჯებთ და სამ წელს მივუახლოვდებით, აქ იწყება აჯანყების პერიოდი, როდესაც ბავშვი მოსინჯავს ძალებს, თვითონ გააკეთოს დასკვნები. ის უპირობოდ არ ემორჩილება ჩვენს ემოციებს, თვითონ ხდება აქტიური მკვლევარი. ამისთვის გარშემომყოფები უნდა ვიყოთ მზად, რომ დოზირებულად და სწორად მივაწოდოთ გამოწვევები, რომ ემოციურად არ გადაიწვას ბავშვი ან მეტისმეტად ერთფეროვანი არ იყოს მისი გარემო.“
თამარ ედიბერიძე აღნიშნავს, რომ მშობლებს ხშირად ეშლებათ, თუ რა არის ბავშვისთვის კარგი ან საუკეთესო:
„ეს ძალიან კრიტიკული პერიოდია ხოლმე მოზრდილებისთვისაც და ბავშვისთვისაც. ჩვენ ყველაფერი საუკეთესო გვემეტება ბავშვისთვის, თუმცა ეს საუკეთესო რაში მდგომარეობს, ამაში ხშირად ვუშვებთ შეცდომებს. ზოგჯერ დოზირებულად უარყოფითი ემოციაც უნდა მივცეთ ბავშვს. არსებობს ასაკის შესაბამისი უარყოფითი ემოციები. ბავშვმა უნდა გამოსცადოს ის, რომ რაღაც უნდა, მაგრამ არ შეიძლება. პატარ-პატარა იმედგაცრუებების მომენტიც უნდა ჰქონდეს. ამ ემოციებთან შეგუებას ადრეული ასაკიდანვე ვეჩვევით.“
„მშობლები ხშირად ამბობენ: „არ მინდა ვანერვიულო, არ მინდა გული ვატკინო, არ მინდა ვატირო.“ პირველ რიგში, ჩვენი ამოცანა არის ის, რომ ბავშვი მეტისმეტი ცდუნების წინაშე არ დადგეს. ის მაქსიმალურად დადებითი, კარგი, სასიამოვნო ემოციებით უნდა დავტივრთოთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამით არასასურველი ქცევა განვამტკიცოთ. ორი-სამი წლის შემდეგ ბავშვი უკვე არც გვეკითხება, რა შეიძლება და რა - არა. ბავშვი შეიძლება რაღაცას ელოდა და ეს ასე არ მოხდა, მას იმედი გაუცრუვდა. ამ იმედგაცრუების გადალახვისას დედა გვერდითაა, ეს არ ნიშნავს, რომ მთელი სამყარო მის წინააღმდეგაა. იმედგაცრუების გადალახვაზე მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია პირველი წლების განმავლობაში,“ - აცხადებს თამარ ედიბერიძე.