შეტევითი ხველის შესახებ პედიატრი, თსსუ-ის პროფესორი ნანუკა ყავლაშვილი საუბრობს. მისი თქმით, ამ დროს მედიკამენტები მაინცდამაინც ეფექტური არ არის:
,,შეტევითი ხველა ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელია, ეს არა მხოლოდ მშობლების, ექიმების პრობლემაცაა. მშობელი მოგვმართავს, ვცდილობთ დავეხმაროთ, მაგრამ მედიკამენტები მაინცდამაინც ეფექტური არ არის. გააჩნია, როგორია ხველა - მშრალი, სველი რა სიხშირით და როდის ახველებს (ღამე, დღე). აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, ხშირად იციან მშობლებმა ტელეფონით მედიკამენტის დანიშვნას ითხოვენ, პრაქტიკულად წარმოუდგენელია ამისი თქმა, იმიტომ რომ აუცილებლად უნდა გავსინჯოთ ბავშვი, ხველასთან ერთად რა სიმპტომები აქვს, ფილტვებს მოვუსმინოთ და მხოლოდ ამის შემდეგ დაინიშნოს წამალი.''
პედიატრი ხველის სიროფების შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მშობელი უნდა მოერიდოს მას ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე:
,,ამერიკის პედიატრიის აკადემია გვეუბნება, რომ მოვერიდოთ ხველის სიროფების გამოყენებას ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე, რადგან ამან შეიძლება გააუარესოს ხველა. თვითნებურად არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაალევინონ მშობლებმა ბავშვებს წამლები.''
პედიატრ ნანუკა ყავლაშვილის თქმით, სანამ ექიმთან მიიყვანთ ბავშვს, შეგიძლიათ სახლში თბილი სითხეები მიაწოდოთ, ასევე გამოიყენოთ ინჰალაციის აპარატი, ეფექტურია თაფლიც:
,,ის რაც სახლში შეიძლება გავაკეთოთ, ეს არის თბილი სითხეების მიწოდება, თაფლიანი წყალი, რომელსაც მტკიცებითი მედიცინის კუთხით თუ შევხედავთ აქვს მტკიცებულება, ის გარკვეულწილად შველის ხველას და ამსუბუქებს პაციენტის მდგომარეობას. ასევე კარგია ინჰალაცია ფიზიოლოგიური ხსნარით. ინჰალაციის აპარატი ბევრს აქვს უკვე სახლში და მისი გამოყენება პაციენტის გასინჯვის გარეშეც შეიძლება. მას შემდეგ, რაც პაციენტს ვნახავთ, ამის მიხედვით შეიძლება, როგორც საინჰალაციო მედიკამენტი ჩაერთოს და ზოგიერთ შემთხვევაში ან ამოსახველებელი ან პირიქით ხველის დამთრგუნველი საშუალება მიიღოს ბავშვმა. მესმის, რომ ძალიან ძნელია, როცა შეტევითი ხველაა და მას პრაქტიკულად მაინცდამაინც არაფერი განსაკუთრებულად არ შველის, თუმცა ეს არის დროის საკითხი და რა თქმა უნდა, მილევად რეჟიმში ეს ხველაც გაივლის,'' - აღნიშნულის შესახებ პედიატრმა, თსსუ-ის პროფესორმა ნანუკა ყავლაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
„ჩემს შვილებს თავიდანვე ვაჩვევ იმას, როგორ უნდა მოეპყრონ ქალბატონებს და იყვნენ ჯენტლმენები,“- ანუკი არეშიძე ბავშვის აღზრდის შესახებ
დიზაინერმა ანუკი არეშიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ შვილებთან ურთიერთობისა და მათი აღზრდისას გამოყენებული მიდგომების შესახებ ისაუბრა:
„ყველაზე დიდი სირთულე, რომელიც დედობას ახლავს თან არის პასუხისმგებლობა. რთულია ოთხი ბიჭის, გოგოს გაზრდა, აღზრდა, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ბავშვებს მაინც ქალები ვზრდით და დიდ დროს ვატარებთ შვილებთან. ჩემს შვილებს თავიდანვე ვაჩვევ იმას, როგორ უნდა მოეპყრონ ქალბატონებს, რომ უნდა იყვნენ ჯენტლმენები, რომ ქალზე ძალადობა არ შეიძლება, არც ფსიქოლოგიური, მით უმეტეს, არც ფიზიკური, რომ ვინც ამას აკეთებს, ისინი სუსტები არიან.“
ანუკი არეშიძის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები კარგ ადამიანებად აღიზარდონ:
„მინდა, რომ პირველ რიგში, კარგი ადამიანები იყვნენ. განათლების კუთხითაც ბავშვებს მარტო კვირა დღე აქვთ თავისუფალი. წრეებზე დადიან, ენებს სწავლობენ, მათემატიკას. ძალიან დატვირთულები არიან. ამ პასუხისმგებლობას ვგრძნობ არამარტო ბავშვების, არამედ საზოგადოების წინაშეც.“
„ბავშვის აღზრდაზე ბევრი წიგნი მაქვს წაკითხული. მაინც მივდივართ იქამდე, რომ ყველაზე დიდი, რაც დედას შეუძლია, რომ ბავშვს აჩუქოს, არის სიყვარული. თუ ბავშვი არის სიყვარულით აღზრდილი და მაქსიმალურად შეგიძლია დღეში თუნდაც ორი საათი ხარისხიანად დახარჯო შენს შვილებთან, აუცილებლად სამომავლოდ ძალიან კარგად დაგხვდება წინ. ვფიქრობ, რომ ჩემი შვილების თაობას აკლია სიყვარული. ამ ტელეფონებმა, სოციალურმა ქსელებმა დახურა მათი სივრცე. ეზოს გარემო აღარ არის. გვყავს ძალიან ბევრი ძაღლი. ასე ბავშვები ზრუნვას სწავლობენ. ისიც იციან, რომ ჭიანჭველას მოკვლაც არ შეიძლება. ზოგადად არაფრის მოკვლა და განადგურება არ შეიძლება,“ - აღნიშნა ანუკი არეშიძე.