შეტევითი ხველის შესახებ პედიატრი, თსსუ-ის პროფესორი ნანუკა ყავლაშვილი საუბრობს. მისი თქმით, ამ დროს მედიკამენტები მაინცდამაინც ეფექტური არ არის:
,,შეტევითი ხველა ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელია, ეს არა მხოლოდ მშობლების, ექიმების პრობლემაცაა. მშობელი მოგვმართავს, ვცდილობთ დავეხმაროთ, მაგრამ მედიკამენტები მაინცდამაინც ეფექტური არ არის. გააჩნია, როგორია ხველა - მშრალი, სველი რა სიხშირით და როდის ახველებს (ღამე, დღე). აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, ხშირად იციან მშობლებმა ტელეფონით მედიკამენტის დანიშვნას ითხოვენ, პრაქტიკულად წარმოუდგენელია ამისი თქმა, იმიტომ რომ აუცილებლად უნდა გავსინჯოთ ბავშვი, ხველასთან ერთად რა სიმპტომები აქვს, ფილტვებს მოვუსმინოთ და მხოლოდ ამის შემდეგ დაინიშნოს წამალი.''
პედიატრი ხველის სიროფების შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მშობელი უნდა მოერიდოს მას ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე:
,,ამერიკის პედიატრიის აკადემია გვეუბნება, რომ მოვერიდოთ ხველის სიროფების გამოყენებას ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე, რადგან ამან შეიძლება გააუარესოს ხველა. თვითნებურად არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაალევინონ მშობლებმა ბავშვებს წამლები.''
პედიატრ ნანუკა ყავლაშვილის თქმით, სანამ ექიმთან მიიყვანთ ბავშვს, შეგიძლიათ სახლში თბილი სითხეები მიაწოდოთ, ასევე გამოიყენოთ ინჰალაციის აპარატი, ეფექტურია თაფლიც:
,,ის რაც სახლში შეიძლება გავაკეთოთ, ეს არის თბილი სითხეების მიწოდება, თაფლიანი წყალი, რომელსაც მტკიცებითი მედიცინის კუთხით თუ შევხედავთ აქვს მტკიცებულება, ის გარკვეულწილად შველის ხველას და ამსუბუქებს პაციენტის მდგომარეობას. ასევე კარგია ინჰალაცია ფიზიოლოგიური ხსნარით. ინჰალაციის აპარატი ბევრს აქვს უკვე სახლში და მისი გამოყენება პაციენტის გასინჯვის გარეშეც შეიძლება. მას შემდეგ, რაც პაციენტს ვნახავთ, ამის მიხედვით შეიძლება, როგორც საინჰალაციო მედიკამენტი ჩაერთოს და ზოგიერთ შემთხვევაში ან ამოსახველებელი ან პირიქით ხველის დამთრგუნველი საშუალება მიიღოს ბავშვმა. მესმის, რომ ძალიან ძნელია, როცა შეტევითი ხველაა და მას პრაქტიკულად მაინცდამაინც არაფერი განსაკუთრებულად არ შველის, თუმცა ეს არის დროის საკითხი და რა თქმა უნდა, მილევად რეჟიმში ეს ხველაც გაივლის,'' - აღნიშნულის შესახებ პედიატრმა, თსსუ-ის პროფესორმა ნანუკა ყავლაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
კითხვის უნარის დაქვეითება არის გენეტიკური და გადადის მამაკაცის ხაზით - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე
ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ბავშვებში კითხვის პრობლემების გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა და გენეტიკის მნიშვნელოვან როლს გაუსვა ხაზი:
„ეს არის ნეირობიოლოგიური მდგომარეობა. არის თუ არა ეს მემკვიდრეობითი? ლიტერატურაში ყველაზე დიდი მოცულობა არის კითხვის კვლევების. ტერმინს „დისლექსია“ დღეს უკვე ნაკლებად ხმარობენ. ეს იგივეა, რაც კითხვის უნარის დაქვეითება. ყველაზე ბევრი კვლევა არის დისლექსიაზე, რომ ეს არის გენეტიკური და გადადის მამაკაცის ხაზით. ვერ/არ აზუსტებენ, რომელი გენები აკონტროლებენ ამას. ხშირად ისტორია არის, რომ მამაკაცის ხაზით ან ერთ, ან მეორე მხარეს აქვთ ხოლმე კითხვისა და წერის პრობლემები, მათემატიკის ნაკლებად.“
„რა იწვევს ამ ნეირობიოლოგიურ მდგომარეობას? მხოლოდ ერთი ფაქტორი არასდროს არ არის ხოლმე გადამწყვეტი. მნიშვნელოვანია მუცლად ყოფნისას თავის ტვინის პრენატალური განვითარების თავისებურებები. ნაყოფის ცენტრალური ნერვული სისტემა პირველი სამი თვის განმავლობაში ყალიბდება და გადის ხუთ ეტაპს. როდესაც ნეირონების დიდი ნაწილი არ კვდება და ბევრი ნეირონი რჩება, ეს ცუდია. როდესაც ბევრი ნეირონი კვდება და ცოტა რჩება, ესეც ცუდია. ნეირონების მიგრაცია - აქ არის ჩვენი უბედურება. ნეირონები გამრავლების შემდეგ შეიძლება მოხდეს ისე, რომ შუბლის ნეირონს აერიოს გზა და წავიდეს კეფაში, საფეთქლის ნეირონს აერიოს გზა და წავიდეს შუბლში. წარმოიდგინეთ, რა ხდება ასეთი ადამიანის ტვინში. ტვინი არ არის დაზიანებული. ნეირონული ქსოვილი დაზიანებული არ არის. ტვინის ფუნქციები დროზე არ ყალიბდება, რაც იწვევს დასწავლის პრობლემებს. მეორე მიზეზი არის თავის ტვინის ფუნქციური ასიმეტრია. ტვინის ორ ჰემისფეროს თავისი ფუნქციები აქვს. ორივე ტვინი მონაწილეობს ნებისმიერ ჩვენს ქცევაში. კითხვის ათვისებას ორივე ჰემისფერო სჭირდება. კითხვა მარჯვენა ჰემისფეროთი იწყება. ასოები უნდა გაარჩიო. ცუდი მკითხველისთვის შემდეგ მარცხენა ჰემისფეროზე გადასვლა არ ხდება, ის რჩება ამ სტრატეგიაზე. “ - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.