Baby Bag

5 წლამდე ასაკის ბავშვი დღის განმავლობაში 1 საათზე მეტს არ უნდა ატარებდეს ეკრანთან - პედიატრი ნანუკა ყავლაშვილი

პედიატრმა ნანუკა ყავლაშვილმა ბავშვებში ეკრანდამოკიდებულების პრობლემაზე ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა:

„ეკრანი, რა თქმა უნდა, ქმნის პრობლემას. ეკრანთან ურთიერთობა ზღუდავს ბავშვის საშუალებას, რომ გარესამყაროსთან ჰქონდეს ურთიერთობა. მას არ აქვს ადამიანებთან ურთიერთობა. ის არის თავის ვირტუალურ სამყაროში ჩაკეტილი. შეიძლება ის ზღაპარს უყურებდეს, საუბარიც ესმოდეს, თუმცა ეს მის განვითარებას ძალიან აფერხებს. ეკრანდამოკიდებულება დღევანდელ დღეს სერიოზული პრობლემაა. როდესაც დიდ დროს ატარებენ ბავშვები ეკრანთან, მათი ქცევა და მათი განვითარება საკმაოდ ჩამორჩენილია. ამ ბავშვებს აქვთ აუტისტის მსგავსი კლინიკური გამოვლინებები.

რა თქმა უნდა, ეკრანი არ განაპირობებს აუტიზმის განვითარებას. უბრალოდ ის იწვევს მეტყველების შეფერხებას, ქცევის შეფერხებას, ურთიერთობის უნარები არ აქვს ბავშვს და ის ისე იქცევა, ისე რეაგირებს გარესამყაროზე, როგორც ეს ხდება აუტიზმის დროს. ძალიან ხშირად ეს ხდება რთული განსასხვავებელი, არის ეს მხოლოდ ეკრანდამოკიდებულება, თუ ამის მიღმა კიდევ სხვა პრობლემა არის.

ამერიკის პედიატრთა აკადემიამ გამოსცა რეკომენდაცია, რომ ორ წლამდე ბავშვებში უმჯობესია, თუ საერთოდ ეკრანთან არ ექნებათ არანაირი შეხება. ორი წლის შემდეგ დრო უნდა იყოს აუცილებლად ლიმიტირებული. სანამ ბავშვი წავა სკოლაში, 5 წლის ჩათვლით, ის ერთ საათზე მეტს არ უნდა ატარებდეს ეკრანთან. ეს ერთი საათიც არ უნდა იყოს გადაბმულად ერთი საათი. უნდა გავუყოთ 15-15 წუთად,“- მოცემულ საკითხზე ნანუკა ყავლაშვილმა „ტელეკომპანია პირველის“ გადაცემაში „შუადღე Live” ისაუბრა.

წყარო:​ „შუადღე Live” 

შეიძლება დაინტერესდეთ

„დედაშვილობის ქრისტიანულ მოდელში მასწავლებელი შვილია და ის შენ არ გეკუთვნის,“ - ნათია ფანჯიკიძე

„დედაშვილობის ქრისტიანულ მოდელში მასწავლებელი შვილია და ის შენ არ გეკუთვნის,“ - ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ მშობლების მხრიდან ბავშვის წარმატების ხელშეწყობისთვის საჭირო მიდგომების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მშობელმა შვილს არ უნდა მოახვიოს თავს თავისი აუხდენელი ოცნებები:

„რატომ არის ქრისტიანული რელიგია ასეთი პროგრესული, რატომ არის ინდივიდის რელიგია? ამ მოდელში დედაშვილობის მასწავლებელი შვილია და ის შენ არ გეკუთვნის. თქვენ მთავარი პრობლემა წამოჭერით. მშობლის აუსრულებელი ოცნება ძალიან ხშირად ბავშვს ძვირად უჯდება. პატარა ბავშვს მშობელი ღმერთად წარმოუდგენია. მას ყოველთვის უნდა, რომ მშობლის მოსაწონი იყოს. გარდატეხის ასაკში ბავშვი გაებრძოლება მშობელს და დამოუკიდებლობის მოპოვებას ცდილობს, მაგრამ ​ბორკილები, რომელიც ადრეულ ბავშვობაში დაადეს, მთელი ცხოვრება მიჰყვება.“

​ნათია ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ შვილებს ბორკილები არ უნდა დავადოთ და მათ თავისუფლება მივანიჭოთ:

„ბორკილები შეიძლება იყოს ელემენტარული. რაც მე მინდა, ის უნდა ჭამო, მაგრამ ცუდ ბიჭებს და ცუდ გოგოებს არ დაუჯერო. როგორ შეიძლება, რომ ადამიანი თან მორჩილი იყოს და თან არა?! ხასიათის ჩამოყალიბების პროცესშიც შეცდომებია. რაც შეეხება წარმატებული მოდელის მოლოდინებს, თუ შვილს დავუსახავთ უპირობოდ რაღაც მაღალ სტანდარტს, რასაკვირველია, მას წარუმატებლის სინდრომი განუვითარდება ყოველი შეცდომის გავლისას.“

​თუ ბავშვს საერთოდ გულგრილად ვექცევით და მის მიმართ არანაირი მოლოდინი არ გვაქვს, არ ავღნიშნავთ მის უნარებს, რომელშიც ის ძლიერია და კარგია, მაშინ გამოვა, რომ მას ყოველთვის ექნება ფოკუსში მოქცეული ის, რაც არ შეუძლია. ის ერთი-ორი თვისება, რომელიც ჩვენ გვაქვს, სრულიად საკმარისია წარმატებისთვის,“ - აღნიშნულ საკითხებზე ნათია ფანჯიკიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად