Baby Bag

5 წლამდე ასაკის ბავშვი დღის განმავლობაში 1 საათზე მეტს არ უნდა ატარებდეს ეკრანთან - პედიატრი ნანუკა ყავლაშვილი

პედიატრმა ნანუკა ყავლაშვილმა ბავშვებში ეკრანდამოკიდებულების პრობლემაზე ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა:

„ეკრანი, რა თქმა უნდა, ქმნის პრობლემას. ეკრანთან ურთიერთობა ზღუდავს ბავშვის საშუალებას, რომ გარესამყაროსთან ჰქონდეს ურთიერთობა. მას არ აქვს ადამიანებთან ურთიერთობა. ის არის თავის ვირტუალურ სამყაროში ჩაკეტილი. შეიძლება ის ზღაპარს უყურებდეს, საუბარიც ესმოდეს, თუმცა ეს მის განვითარებას ძალიან აფერხებს. ეკრანდამოკიდებულება დღევანდელ დღეს სერიოზული პრობლემაა. როდესაც დიდ დროს ატარებენ ბავშვები ეკრანთან, მათი ქცევა და მათი განვითარება საკმაოდ ჩამორჩენილია. ამ ბავშვებს აქვთ აუტისტის მსგავსი კლინიკური გამოვლინებები.

რა თქმა უნდა, ეკრანი არ განაპირობებს აუტიზმის განვითარებას. უბრალოდ ის იწვევს მეტყველების შეფერხებას, ქცევის შეფერხებას, ურთიერთობის უნარები არ აქვს ბავშვს და ის ისე იქცევა, ისე რეაგირებს გარესამყაროზე, როგორც ეს ხდება აუტიზმის დროს. ძალიან ხშირად ეს ხდება რთული განსასხვავებელი, არის ეს მხოლოდ ეკრანდამოკიდებულება, თუ ამის მიღმა კიდევ სხვა პრობლემა არის.

ამერიკის პედიატრთა აკადემიამ გამოსცა რეკომენდაცია, რომ ორ წლამდე ბავშვებში უმჯობესია, თუ საერთოდ ეკრანთან არ ექნებათ არანაირი შეხება. ორი წლის შემდეგ დრო უნდა იყოს აუცილებლად ლიმიტირებული. სანამ ბავშვი წავა სკოლაში, 5 წლის ჩათვლით, ის ერთ საათზე მეტს არ უნდა ატარებდეს ეკრანთან. ეს ერთი საათიც არ უნდა იყოს გადაბმულად ერთი საათი. უნდა გავუყოთ 15-15 წუთად,“- მოცემულ საკითხზე ნანუკა ყავლაშვილმა „ტელეკომპანია პირველის“ გადაცემაში „შუადღე Live” ისაუბრა.

წყარო:​ „შუადღე Live” 

შეიძლება დაინტერესდეთ

„წელს ზამთარი გვექნება უფრო მსუბუქი, ვიდრე გვქონდა შარშან,“ - ალექსანდრე გოგინავას დამაიმედებელი პროგნოზი

„წელს ზამთარი გვექნება უფრო მსუბუქი, ვიდრე გვქონდა შარშან,“ - ალექსანდრე გოგინავას დამაიმედებელი პროგნოზი

ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ იმედი გამოთქვა, რომ წელს ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით უფრო მსუბუქი ზამთარი გველის, ვიდრე შარშან გვქონდა:

​ჩემი აზრით, ზამთარი გვექნება უფრო მსუბუქი, ვიდრე გვქონდა შარშან. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი არის ვაქცინირებული, ნაწილმა უკვე გადაიტანა კორონავირუსული ინფექცია. აქ არის კიდევ ერთი კითხვის ნიშანი. შემოდგომაზე და ზამთარში აქტიურდებიან სხვა რესპირატორული ვირუსები, მათ შორის, გრიპის ვირუსი. თუ როგორი ზამთარი გვექნება ეპიდემიოლოგიური კუთხით, დაკავშირებულია გრიპის ვირუსთანაც.“

ალექსანდრე გოგინავას თქმით, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანია გრიპის ვაქცინის გაკეთებაც:

„იმედია, არ მოხდება გრიპის ეპიდსიტუაციის გაუარესება და არ მოხდება თანდართვა ამ ორი აგრესიული რესპირატორული ვირუსის. ამისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციაში ჩავერთოთ. მოგეხსენებათ, რომ ​არსებობს გრიპის საწინააღმდეგო საკმაოდ ეფექტიანი ვაქცინა. განსაკუთრები იმ ადამიანებს, რომლებიც რისკ-ჯგუფებს წარმოადგენენ, მოვუწოდებთ და ვთხოვ, რომ ჩაიტარონ ვაქცინაცია, დაიცვან რეკომენდაციები.“

„სამწუხაროდ, არსებობს განცდა, რომ პანდემია არასდროს დასრულდება. ნებისმიერ პანდემიას და ეპიდემიას აქვს დასასრული. ასე იქნება კოვიდ-19-ის შემთხვევაშიც. იმ ქვეყნებში, სადაც არის ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებელი, არის ბევრად ნაკლები რეგულაცია. ზოგიერთ ქვეყანაში თითქმის ყველა რეგულაცია მოხსნილია. რაც მთავარია, არის დაბალი სიკვდილიანობა და ​ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი ბევრად შემცირებულია. თეორიულად შეიძლება მაინც დაგვემართოს კორონავირუსი, მაგრამ 90 %-ში ვაქცინაციის შემთხვევაში ვირუსს გადავიტანთ მსუბუქად,“ - აღნიშნულ საკითხებზე ალექსანდრე გოგინავამ Euronews Georgia-ს ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ Euronews Georgia

წაიკითხეთ სრულად